ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ევდოფსია

ევდოფსია

წამია ნეტარებიდან უბედურებამდე.                                                                            უბედურებიდან ნეტარებამდე ცოტა უფრო დიდი დროა, თუმცა ფასდაუდებელია ის ნეტარება რომელიც კვლავ მოვა...

 

 „თექვსმეტი წლის ვიყავი როცა ჩემს გონებაში, სხეულში თუ არც კი ვიცი როგორ ავხსნა ალბათ მთელ ჩემს არსებაში და არ არსებაშიც ვიღაც ახალი გამოჩნდა. ეს იმდენად უჩვეულო შეგრძნება იყო თავიდან ვიფიქრე ალბათ უბრალოდ მეჩვენება და არაფერიც არ ხდება ჩემს შიგნით ის უბრალოდ ჩემი წარმოსახვის ნაწილია და სხვა არაფერი მეთქი, შევწყვიტე მასზე ფიქრი და მარტივად მივუხურე კარი...’’

                                                                                       9 თებერვალი, წერილები საკუთარ თავს 1

 ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა. ხის ქოხს სახურავზე წვიმა შხაპა-შხუპით ეცემოდა, წამიერად ხის ნახევრად ჩამსხვრეული მინიდან რომელსაც ძველი ცელოფნის პარკები ჰქონდა მიკრული ელვის შუქი შემოაღწევდა და ქოხის ერთ კედელზე მიკრულ ფარდაგს გაანათებდა, წუთიც არ დააყოვნებდა და ქუხილი მთელს სახლს აზანზარებდა. ევდოკია ბუხრის ძირას დაფენილ ხალიჩაზე იჯდა და ცოტათი დრო მოლეული დღიურის კითხვას იწყებდა. პირველი წერილის კითხვას მორჩა თუ არა თავში მაშინვე ის დღე ამოუტივტივდა, როცა პირველი სიტყვების ჩაწერა დაიწყო ამ დღიურში. მაშინ იმდენად განადგურებული იყო მამის დაკარგვით ახლოს არავის იკარებდა. პირველად სწორედ მაშინ გამოჩნდა მასში ვიღაც ახალი პიროვნება, რომლისთვისაც მაშინ ყურადღებაც კი არ მიუქცევია ისე მიუხურა კარი, საწოლში თავზე საბან გადაფარებულმა ცრემლების გაშრობამდე იტირა და ბოლოს ისე რომ არც კი გაუგია როდის, ჩაეძინა...

   „დილის ათი საათი იქნებოდა როცა შიმშილის გრძნობამ გამაღვიძა, დიდ ხანს ვიხსენე თუმცა მაინც უშედეგოდ, არც კი მახსოვდა ბოლოს როდის ვჭამე. სამზარეულოში გავედი, ღონემიხდილ დედაჩემს საუზმე დაეტოვებინა და სადღაც წასულიყო, თეფშზე რამდენიმე ცალი ყიყლიყო დავიდევი, ჩაიც დავისხი და ჩემს ოთახში შევბრუნდი. დავნაყრდი თუ არა მაშინვე ფიქრს მივეცი, არც კი დაუყოვნებია ისე შემოაღო კარი კვლავ იმ „ახალმა“. არ ვიცი როგორ  გამაგებინა, მაგრამ ერთადერთი რაც უნდოდა იყო ის რომ დაეწერა, დაეწერა რამე. მეც მივუშვი თავის ნებას, დაწეროს რაც უნდა, არა მგონია ამით რამე დაშავდეს“...

                                                                                                                     

                                                                          10 თებერვალი. წერილები საკუთარ თავს 2

 

 წვიმის წვეთები კვლავ გამალებით ცეკვავდნენ სახლის სახურავზე. ბუხარში მოხტუნავე ცეცხლის ალი კინოს ფირივით იშლება და ევდოკიას ყოველი წერილის წაკითხვისას მოგონებათა მთელ რიგ სცენას უშლის თვალწინ. როცა პირველად მისცა უფლება იმ ვიღაც „ახალს“ საკუთარი სურვილი დაეკმაყოფილებინა, კარგად ახსოვდა თვითონაც როგორი დიდი თავისუფლება მოიპოვა იმ მომენტში. თითქოსდა სულის მთელი ნადები და ნაღველი ამოიღო და ფურცელზე გადაიტანა, ეს კი ისეთი შვების მომტანი იყო... ასე ეგონა მთელი მისი წუხილი ერთმა ფურცელმა დაიტია, თვითონ კი შვებით ამოისუნთქა და ბუმბულივით გამსუბუქებული ტკბილ ძილს მიეცა.

 ადამიანებს ერთი საზიზღარი ჩვევა გვაქვს, მუდმივად გვავიწყდება რომ ყოველი მოპოვებული თავისუფლება ოდესღაც ჩვენივე დილეგად იქცევა სადაც გამოკეტვა მოგვიწევს. თავისუფლება, რომელსაც ტკბილი დღეების შხამად გადაქცევაც ძალუძს, თავისუფლება რომელიც ტყვედ ჩავარდნას გვიქადის.

 გამოღვიძებულმა ახლაღა შენიშნა რომ დედა მის სასთუმალთან ჩამომჯდარიყო და შვილის გრძელ წაბლისფერ თმას ღრმა ფიქრებში ჩაძირული ნაზად, ხელის ფრთხილი მოძრაობით ეალერსებოდა.

-დედა, ნამძინარევი ხმით დაუძახა და თან თვალები მოიფშვნიტა

                                                         *****************************

     მაინც როგორი საოცარი ძალა აქვს ფიქრს, ყველაზე უფრო სწრაფი და ძლევამოსილია, წამიც არ სჭირდება ისე გადაგისვრის წარსულში, ერთადერთია რასაც არც დრო და არც სივრცე არ ანაღვლებს და შეუძლია წარსულის მოგონებიდან, მომავლის ნატვრაში ისე გადაგისროლოს გონსაც კი ვერ მოასწრო მოსვლა. მთელი მისი სიდიადეც ხომ მის მრავალ გვაროვნებაშია , თუ ერთნი შვებას პოულობენ ფიქრში, მეორენი შეიძლება გაგიჟდნენ კიდეც მისი მყოფობით

                                                            ****************************

 -დედა, ისევ ფრთხილი ხმით დაუძახა, იქნება და როგორ ტკბილ ფიქრსაა ჩაბღაუჭებული და არ უნდოდა უცებ გამოეღვიძებინა რეალობაში

- ევდოკია, ფიქრიდან გამორკვეულმა კვლავ ნაზად ჩამოუსვა თმაზე ხელი, შვილის სახე მაჯებში მოიქცია და შუბლზე აკოცა

-დილით როცა გავიღვიძე უკვე წასული იყავი

-წასვლისას გაკოცე, დამშვიდობებაც მინდოდა მაგრამ ისე გეძინა გასაღვიძებლად ვერ გაგიმეტე, თან გუშინდელის მერე არ მინდოდა კიდევ უფრო გამეღიზიანებინე. ვიცი რომ შენთვის რთულია, ბევრი რამის გადატანა გიწევს ამ ერთი ციდას თუმცა ხომ იცი რომ სულ შენს გვერდით ვიქნები და მარტოს არასდროს დაგტოვებ

-მაპატიე, შენ არაფერ შუაში ხარ, თავს კალთაში უდებს და ხელისგულს დედის მაჯას ჰკიდებს, შეიძლება სადმე გავისეირნოთ?

-სერიოზულად?

-თუ არ გინდა არც ეგაა პრობლემა

-არა, არა უბრალოდ გამიკვირდა და ძალიან გამიხარდა, უკვე რამდენი ხანია სახლიდან გასვლა არც კი გიხსენებია

-  პასტა?

-პასტა, გაუღიმა, ხელები შემოხვია და თავზე აკოცა 

 ქალაქის ხმაურში ერთ ქუჩას ჩაუხვიეს თბილ პალტო შემოხვეულებმა და ქუჩის კუთხეში მარჯვენა მხარეს ყველა სხვა კაფიდან თუ რესტორნიდან გამორჩეული ფერადი კაფეც გამოჩნდა, სანამ მარჯვნივ გადადგამდი ნაბიჯს და ორიოდე კიბით შიგნით შეხვიდოდი არ შეგეძლო უბრალოდ გზა გასაყარზე არ დამდგარიყავი და ფიქრს არ მისცემოდი, უკან თუ მოიხედავდი ქალაქის ხმაურს შეეჩეხებოდი, წინ გახედვისას კი ზღვის საოცარი სიმშვიდის სიახლოვე გხვდებოდა, ჯერ კიდევ იმ დროიდან შეიყვარეს ეს ადგილი როცა ევდოკიას მამაც ცოცხალი იყო და სამივე ერთად პატარა ევდოკიასთან ერთად ხელჩაკიდებული მიდიოდნენ, სიმშვიდისა და ამ ქვეყნიური, ყოველდღიური ქაოსის გასაყარზე აღმოჩენილ პატარა მყუდრო კაფეში.

 შესვლისთანავე დამხვდურებმა დედა-შვილის ნაცნობი სახის დანახვაზე გაიღიმეს და გულითადად მიესალმნენ მონატრებულ, ერთგულ სტუმრებს.

-ლილიანა ძვირფასო როგორ ხართ?! ჩემო საყვარელო ევდოკია როგორ მომენატრე, სტუმრებს სამზარეულოდან ახლად გამოსული კაფის მეპატრონე შეეგებათ, მოეხვია და მათი საყვარელი ადგილისკენ ანიშნა, მოდით დასხედითო

 ლილიანაც იქითკენ გაემართა რა დროსაც ევდოკიას ხელმა პალტოზე მოქაჩა და სთხოვა სხვაგან დავსხდეთო.

                                                           **************************

    ზოგჯერ ადგილები ისეთ ძვირფას მოგონებებს გვინახავენ არ გვინდა ახალმა , თუნდაც უკეთესმა მოგონებებმა ის ძველი ჩაანაცვლოს ან უარეს შემთხვევაში მიგვავიწყოს ის წამები, წუთები თუ საათები რაც ამ ადგილთან გვაკავშირებდა. ყოველთვის უმჯობესია, ახალი მოთხრობის წერა , ახალი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. ყველა ამბავი იმსახურებს ჰქონდეს მისთვის განკუთვნილი ადგილი, თუნდაც კაფის ერთ კუთხეში, პატარა მაგიდა თავისივე სამი სავარძლით...

                                                           ****************************

 ევდოკიამ ახალ ადგილად უფრო პატარა, ყველასგან და ყველაფრისგან გამოყოფილი მაგიდა შეარჩია. მაგიდა ფერადი საღებავებით სხვადასხვა ფიგურებით იყო მოხატული, შუაგულში პატარა გადაჭრილი ბოთლი დაედგათ ცისფრად შეღებილი და პატარ-პატარა მერცხლებ მოხატული, რომელშიც ხელოვნური გვირილები ჩაელაგებინათ. ყვავილებს თუ არ შეეხებოდი ვერც კი გაიგებდი რომ ბუნებრივი არ იყო, ისეთი თვალისმომჭრელი და ნაზი იყო... ადამიანებიც ხომ ასე არიან, თუმცა ამ ყვავილებისგან განსხვავებით არც თუ ისე რთული გასარჩევია მათი ბუნებრიობა. რაც არ უნდა კარგად შეინიღბოს კაცმა სახე, ღიმილი, ქცევები, მიმიკები, თვალებს მაინც ვერაფერს მოუხერხებს, თვალები ხომ ნამდვილი სარკეა სულისა, და მაინც...

ლილიანა კაფის მეპატრონესთან შეჰყოლოდა საუბარს, ათიოდ წუთი არ იქნებოდა გასული რომ მაგიდასთან გოგონა მოვიდა ხელში ორი ყუთი პასტა ჰქონდა

-ინებეთ, ორი ალფრედო ლორით. გემრიელად მიირთვით, გაუღიმა და უკან გაბრუნებული, კვლავ შემობრუნდა,- ჩვენც ძალიან მოგვენატრეთ, ისევ გაუღიმა და გზა განაგრძო

-გემრიელად მიირთვით, უნდა დაგტოვოთ სახლში ბავშვები მელოდებიან, ისეთი გაცელქებული არიან ბებიას აღარ უჯერებენ. ხო მართლა გოგონებო, თანამშრომლებს გასძახა, მათაც მაშინვე ყური უგდეს

-გისმენთ ნატალი

-ლილიანას და ევდოკიას დღეს მე ვუმასპინძლდები, რაც არ უნდა დასჭირდეთ მიართვით, აბა თქვენ იცით, წავედი ჩემო ძვირფასებო

-ნახვამდის ნატალი, ძალიან დიდი მადლობა ასეთი დახვედრისთვის, ძალიან გვიყვარხართ ყველანი. დაემშვიდობნენ ლილიანა და ევდოკიაც და ოხშივარ ადენილ პასტას მიუბრუნდნენ, ისეთი სუნი ჰქონდა ნერწყვი პირზე მოადგათ და წამიც აღარ                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            დაუყოვნებიათ გემრიელად შეექცნენ. სიტყვა არცერთს არ დაუძრავს წამოსვლამდე. წამოსვლისას გოგონებს მადლობა გადაუხადეს და გარეთ გამოვიდნენ.

-ახლა საით? ლილიანა ჩაფიქრებულ შვილს მიუბრუნდა

-სახლამდე ფეხით გავისეირნოთ, მერე თბილი პლედი შემოვიხვიოთ და ფილმს ვუყუროთ

-შესანიშნავი აზრია, ევდოკიას მხარზე ხელი შემოხვია და ნელი ნაბიჯით გაუყვნენ გზას

სიმშვიდიდან ქალაქის ქაოსურ მოძრაობამდე რამდენიმე ნაბიჯი აშორებდათ თურმე, ისე უცებ აღმოჩნდნენ ყოველდღიურ რუტინაში გონზე ვერც მოასწრეს მოსვლა, ერთადერთი რაც გააკეთეს, ერთდროულად მოიხედეს უკან და რამდენიმე ნაბიჯით უკან მოტოვებულ სიმშვიდეს ერთხელაც შეავლეს თვალი.

-        დე ჩაის დალევ?

-        რა თქმა უნდა, გამოსძახა საძინებელში გამოსაცვლელად შესულმა ლილიანამ

-        რომ გამოხვალ რამე ფილმიც შეარჩიე, კარგი?

-        მგონი უკვე ვიცი რასაც უნდა ვუყუროთ

სამზარეულოდან დაბრუნებულ   ევდოკიას, ლილიანა უკვე მომზადებული დაუხვდა ფილმის საყურებლად. დივანზე ერთი პლედი ევდოკიასთვის, ერთიც თავისთვის გაემზადებინა. ოთახში ლიმონიანი ჩაის საუცხოო სურნელი დატრიალდა. ზამთრის დღეებს ყველაზე მეტად ხომ ცხელი ჩაი, გარეთ თოვა და თბილ ოთახში საყვარელ ადამიანთან ერთად ფილმის ყურება უხდება.

-რას უნდა ვუყუროთ?! რამე გადაწყვიტე?!

-მოიცა ერთი წუთიც, ლილიანამ პლედი მხრებზე შემოახვია შვილს, თვითონაც ფეხები შემოიკეცა და ფილმიც დაიწყო

-ოჰოო ჩვენი საყვარელი კომედიაა, ემოცია და ღიმილი ვერ დამალა ევდოკიამ

ამდენი ხნის შემდეგ სახლში პირველად ისმოდა დედა-შვილის გულიანი სიცილის ხმა. სახლს ისე არაფერი აცოცხლებს როგორც გულწრფელი სიცილი, თითქოსდა ის მთელი გულწრფელობა, ხასიათი და ყველა ემოცია ირგვლივ ყველაფერს ედება.

ისე გავიდა დრო ვერც კი გაიგეს, ძილმორეულებმა ერთმანეთს მოეხვივნენ და თავთავიანთი ოთახებისკენ აიღეს გეზი. ხუთიოდ წუთი არ იქნებოდა გასული ლილიანა ევდოკიას ოთახში შევიდა, ღრმად ჩაძინებულ შვილს საბანი გაუსწორა, შუბლზე აკოცა და კარი გამოიხურა.

   კარის ხმა არც თუ ისე შესამჩნევად გასაგონი იყო თუმცა ევდოკიამ დამფრთხალმა გამოიღვიძა, ასე ეგონა ვიღაც ეძახდა. ირგვლივ მიმოიხედა, თუმცა გამაყრუებელი სიჩუმის და სიბნელის მეტი არაფერი დაუხვდა. გარეთ ისევ ბარდნიდა. ვიღაც ისევ ცდილობდა ევდოკიასთვის ხმის მიწვდენას.

-რა ჯანდაბაა?! თავი ვეღარ შეიკავა და ყურებზე ხელები ძლიერად მოიჭირა იქნება და ჩავახშო ეს საშინელი ხმაო

 მცდელობა იმდენად დიდი კრახით დასრულდა, რომ თავი ვერ შეიკავა საწოლიდან წამოვარდა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. იქვე სამეცადინო მაგიდაზე გადაშლილ რვეულს მოჰკრა თვალი და მისკენ წავიდა. მთელი დღის განმავლობაში პირველად გაახსენდა ის ვიღაც „ახალი“.

-ისევ შენ ხარ?! უკვე დამშვიდებული, მშვიდი ტონით დაეკითხა ცარიელ სივრცეს. ის ხმა მისთვის რომ რაღაცის თქმას ცდილობდა მაშინვე შეწყდა. დიდხანს განაგრძობდა საკუთარ თავთან საუბარს, ბოლოს ტელეფონს რომ დახედა უკვე რამდენიმე საათი გასულიყო და შუაღამეც შემოპარულიყო. ძილმორეულმა დღიური აიღო და საწოლზე ჩამოჯდა, რომ არ შესციებოდა ფეხები შემოიკეცა და საბანი გადაიფარა. ისე რომ წინა გვერდებისთვის არც კი შეუხედავს, ახალი გვერდი გადაშალა და წერა დაიწყო

„დღეს უკვე მეორედ და მთელი მისი არსებობის განმავლობაში ყველაზე დიდ ხანს იყო ჩემთან. არ ვიცი რა უჭირდა ასეთი, ვერ გავიგე მაგრამ ამჯერად რაც უნდოდა, გულიდან ნაღველის ჩამოშორება იყო. ვგრძნობდი რომ უნდოდა ეტირა, ხმაც მესმოდა როგორ ოხრავდა, მაგრამ მაინც ვერ ვხედავდი. იცით ყველაზე მეტად რამ გამაოცა?! თვითონ ტიროდა და სახეზე ხელები რომ ავიფარე ინსტიქტურად, მხოლოდ მაშინ შევნიშნე რომ ცრემლები ჩემი თვალებიდან მოდიოდა ნიაღვრად...“

                                                                                    11 თებერვალი. წერილები საკუთარ თავს 3

 წვიმას შეუმჩნევლად გადაეღო და ბუხარშიც ცეცხლი მინავლებული ძლივსღა ითქვამდა სულს. ფარდაგზე ჩამჯდარ ევდოკიას სიცივისგან გააჟრჟოლა. ბუხრის დანთებას აზრი აღარ ჰქონდა, ფეხზე წამოდგა და ძველ დრო მოლეულ საწოლში ჩაწვა. დღიური იქვე გვერდით ფეხ მორყეულ სკამზე გადადო და ღრმა ფიქრებიდან გამორკვეული, ისევ ბოლოს წაკითხული ჩანაწერის დღის მოგონებებში გადაეშვა.

  მთელი დღის მივიწყებული ის ვიღაც „სხვა“ სამეცადინო მაგიდაზე გადაშლილმა რვეულმა გაახსენა და მიახვედრა რომ იმ წამსაც სწორედ ის ცდილობდა მისი მორიგი სურვილის დაკმაყოფილებას. მაგიდას მიუახლოვდა და გადაშლილ რვეულს დააცქერდა, ბოლოს იქვე ჩამოჯდა და კითხვა დაიწყო. პატარა ჩანახატი იყო რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი კეთილი მოთხრობა იყო, სიყვარულით გაჟღენთილი სიტყვებით სავსე. კითხვა დაამთავრა თუ არა გონებაში ერთმა აზრმა გაუელვა, იქნება და ის ვიღაც „სხვა“ სულაც არ არსებობს და ეს ყველაფერი მე დავწერე?! გონება დაძაბა თუმცა ვერც წერის მომენტი გაიხსენა და ვერც იმას აჯერებდა თავს რომ ამ ყველაფრის დაწერას თვითონ შეძლებდა. ისევ მიუბრუნდა და ხელახლა გადაიკითხა, ახლა ცასა და მიწაზე უფრო მეტად დაშორდა აზრს, რომ შეიძლება ეს მოთხრობა მისი დაწერილი ყოფილიყო. იქნება და სულ სხვამ დაწერა, მე უბრალოდ ინტერნეტ სივრცეში წავიკითხე, მომეწონა და მომინდა მისი ფურცელზე გადმოტანა?! ხომ შეიძლება ამ მოსაზრების სრულიად ლოგიკურად მოაზრება?! მაშინვე ბალიშის ქვეშ ხელი ფრთხილად შეაცურა და ცოტა ხნის წინ დადებული ტელეფონი კვლავ ხელში აიღო. გამალებით ცდილობდა იმ ჩანახატისთვის მიეგნო, თუმცა უშედეგოდ. მსგავსი რამ ვერავისთან და მითუმეტეს ვერავის ავტორობით ვერ იპოვნა. ბოლოს დარწმუნდა რომ ეს ნამდვილად მისი ახლად შემოსტუმრებულის შემოქმედება იყო და გადაწყვიტა სხვებისთვისაც მიეცა საშუალება ამ სიკეთით სავსე ნაწარმოებს გასცნობოდნენ. ერთ-ერთ ინტერნეტ პლატფორმაზე სადაც აქამდე სხვების შემოქმედებას ადევნებდა თვალს, პირველად თვითონვე გადაწყვიტა რაღაც გაეზიარებინა სხვებისთვის. ბეჭდვას მორჩა თუ არა ავტორის ადგილას ბევრი ფიქრის შემდეგ ევდოკია მიუთითა, გამოაქვეყნა და ტელეფონს იმ წამსვე ბალიშის ქვეშ შეუძახა.

    გულზე დაწოლილმა უეცარმა ნაღველმა კვლავ გაახსენა სხვისი აქ ყოფნის ამბავი და მთელი დღის დაღლილმა, აღარაფრის თავი რომ არ ჰქონდა ისევ თავის ნებას მიუშვა ვიღაც „სხვა“, იმავე მიზეზით, არ ეგონა თუ ამით რამე დაშავდებოდა... იმდენად დიდი იყო მისი ტკივილი აშკარა იყო რომ მარტო ზიდვა უჭირდა. ევდოკიაც მის ერთადერთ ნუგეშისმცემელად და მეგობრად მოვლენილი გაფაციცებით უსმენდა ოთახში გამეფებულ მდუმარებას.

 საწოლზე ჩამომჯდარს ისე რომ მისი ნამდვილი სახე სრულად გადავიწყებოდა, უმიზეზოდ ხასიათ შეცვლილს თვალები ცრემლების ტბად ექცია, ძილმორეულმა დაძინება რომ გადაწყვიტა, თვალების მოსაფშვნეტად როცა მიიტანა ხელი ახლოს მხოლოდ მაშინღა მიხვდა რომ თვითონვე ტიროდა... თავიდან გაოცებულმა, დღიურში ჩანაწერი გააკეთა, მალევე დამშვიდდა, თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა და ფიქრებზე თავის დაღწევის მიზნით, მაშინვე თავი ბალიშზე დადო, საბანი გადაიფარა, თვალები დახუჭა და ორიოდ წამში ღრმა ძილს მიეცა.

 დრო მოლეულ საწოლში მძინარე ევდოკია ფიქრებს იმდენად შორს გაჰყოლოდა რომ ჩასძინებოდა. მინავლებულ ბუხარში ხის ჯირკზე დარჩენილი ნაკვერჩხალი ამაოდ ცდილობდა გაღვივებას. ამასობაში ხის ქოხის სახურავზე ისევ აცეკვებულიყვნენ წვიმის წვეთები.

  დილაადრიან სიცივე ატანილმა ევდოკიამ თვალი გაახილა თუ არა მაშინვე წამოდგა და ბუხარს მიაშურა. იქვე შეშისთვის გამზადებული საწყობი ყუთიდან რამდენიმე ღერი ფიჩხი და ხის მოზრდილი ჯირკი ამოიღო და ბუხარი დაანთო. ფიჩხებმა მაშინვე ტკაცატკუცი დაიწყო და ცეცხლიც აბრიალდა. ბუხარში საკიდზე ჩამოკიდებულ ჩაიდანში ახალი წყაროს წყალი ჩაასხა, თავსახური დააფარა და ისევ ჯერ კიდევ თბილ საწოლს მიუბრუნდა. ღამით გაწყვეტილმა ფიქრებმა გზა გაიკვლიეს და იქედან დაიწყეს სრბოლა სადაც გაწყდნენ.

 უცაბედად ჩაძინებულს, უცაბედადვე გამოეღვიძა ტელეფონის უწყვეტ შეტყობინებებზე. გაკვირვებულმა ბალიშის ქვეშ ხელი შეაცურა და ტელეფონი გამოიღო. ისე რომ თვალების მოფშვნეტა ძლივს მოასწრო ტელეფონს დახედა. გაოცებისგან საწოლზე წამოჯდა და გაკვირვებული დააცქერდა. ახლაღა გაახსენდა რომ გუშინ იმ ვიღაც „სხვის“ ჩანახატი სოციალურ ქსელში თავისი სახელით გამოაქვეყნა. უყურებდა ეკრანს და თვალებს არ უჯერებდა. ათასობით ადამიანის გამოხმაურება და კომენტარი, ყველას გაოცება და მოწონება . სახეზე ღიმილს ვერ მალავდა და ყველა კომენტარს უკლებლივ პასუხობდა. 

                                                       ***************************

 ჯერ კიდევ გუშინ სინდისი გონებას და გულს უღრღნიდა, დღეს კი დიდების გემო გაღებულს აღარაფერი აინტერესებდა. ზოგადადაც ხომ ასეა, ადამიანს დიდების ხილვისთანავე გველის კანივით შემოეცლება ხოლმე ადამიანური ფასეულობები. როდესაც ვინმეს განვადიდებთ, მას ამ უკანასკნელის წყალობით ხელიდან ხელში ასაფეთქებლად გამზადებულ ნაღმს ვაწვდით. ან კიდევ უარესი, თეთრ ოთახში ვკეტავთ სადაც გაბმულად ისმის ერთი და იგივე ხმა, უმრავლესობა ამ ოთახიდან საღ გონებაზე მყოფი ვერ აღწევს გარეთ, მხოლოდ და მხოლოდ ერთეულები შეიძლება აღმოჩნდნენ ისეთები რომლებიც საკუთარ ფსიქიკას გადაწონიან და გაძლებენ, თუმცა ეს ყველაზე უფრო იშვიათი და თითქმის შეუძლებელი შემთხვევაა.

                                                   **************************************


-ევდოკიაა, ხვალ ორშაბათია. სკოლისთვის ფორმა კარადაშია, დილით ადრე მივდივარ, ოფისში საქმე დასასრულებელი დამრჩა, საუზმეს მაგიდაზე დაგიტოვებ, სადილიც მაცივარში იქნება, იცოდე ჭამე და ისე წადი, საღამო ხანს ჩვეულებისამებრ ორშაბათის რჩევა-დარიგება დაუტოვა შვილს

-დედა საღამოს შენ გამომივლი?! თუ თვითონ წამოვიდე

-გაკვეთილები დაგიმთავრდება თუ არა დამირეკე და გამოგივლი, თორემ ისე ცივა გაიყინები

-კარგი, მასე იყოს. სახეზე ღიმილი არ შორდებოდა ევდოკიას

-რამე მოხდა? რაღაც ძალიან გახარებული ჩანხარ, იკითხა და თან ჭურჭლის რეცხვას აგრძელებდა

-არაფერი, უბრალოდ კარგ ხასიათზე ვარ

-ძალიანაც კარგი, მიხარია

-ჩემს ოთახში წავალ, ცოტას წავიკითხავ და დავიძინებ. ღამე მშვიდობისა

-ღამე მშვიდობისა

  ოთახში შესულმა მაშინვე რვეულს მიაშურა. ვიღაც „სხვა“ ისევ მომდგარიყო კარს და ახალ შედევრს ქმნიდა. წერა დაასრულა თუ არა ისე რომ მისთვის თვალიც არ შეუვლია ხელმეორედ, მაშინვე დაბეჭდა და გამოაქვეყნა. რამდენიმე წამის შემდეგ ახალი ჩანახატიც აიტაცეს და ყოველ წამს ქება დიდების კომენტარები გაუჩერებლად მოდიოდა. გასაკვირი კი ის იყო რომ ევდოკია ვერ ამჩნევდა რამდენად მიეჩვია ვიღაც „სხვა“ მასთან შემოსახლებას.  იმდენად დიდ ნუგეშს პოულობდნენ ხალხი მის ჩანახატებში არ უნდოდა რომ მათთვის ეს მცირედი შვება თუ იმედი მოეკლო, ამიტომაც წერაზე გაშმაგებული ვიღაც სრულიად თავისუფლად, მის ნებაზე ჰყავდა მიშვებული.

 დღეები გადიოდა უკვე ცოტათი მოშინაურებულს ყოველდღიურად ახალ-ახალი მისწრაფებები და სურვილები უჩნდებოდა.

„დღეს მივხვდი რომ მეც მინდა ვიყო ამ ვიღაც „სხვის“ მსგავსი. ის ისეთი კარგია. მეც არასდროს მივუხურავ კარს ცხვირწინ. პირიქით როცა მოდის სულ თავის ნებაზეა მიშვებული და რასაც უნდა იმას აკეთებს. დღეს პირველად რვეულში რომ ჩავიხედე გამოღვიძების შემდეგ ჩემი ყურადღება ერთმა საოცარმა პორტრეტმა მიიპყრო. გოგონა იყო ნაზი, სიფრიფანა კაბით. სახე პატარა და კოხტა ჰქონდა, გამხდარი და არც ისე მაღალი იყო. თვალის უპეები ცოტათი ჩაცვენილი, თვალები ბრიალა და ღრმა, სიკეთით სავსე. პატარა და ამობურცული ტუჩები და ასეთივე პატარა ცხვირი. პატარა ოთახი იყო და ეს გოგონა იმ კუთხეში მარტო იდგა, მოშორებით კი ოთახის მეორე ბოლოში ადამიანების სილუეტები შავად მოჩანდა. პირველი რაც ვიფიქრე ის იყო რომ ეს გოგონა სწორედ ის „სხვა“ იყო, სწორედ ასეთი კეთილი და ნაზი წარმომედგინა. ძალიან ბედნიერი ვარ რომ დავმეგობრდით“.