ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ლურჯი მთვარის დემონები

ლურჯი მთვარის დემონები


მე:

    ოჰ! დავრდომილვარ, შინაგანად ვკვდები მემგონი, სულის საკვებად ვეღარ ვპოულობ ვერცერთ მარგალიტს. წიგნებიც თითქოს შემომელია, ვკვდები და ვდნები. ამ ბოლო წამს კი მეგობარი ჩემს გვერდით არღარა არის. ვხვდები, ჩვენ ორნი თეთრმა სამოსმა მეტად გაგვყარა. მე წიგნის კითხვა სულიერად მამშვიდებს ძლიერ, მაგრამ არ ძალმიძს, რომ ვიკითხო მე მის გარეშე. ის ხომ ჩემი მეორე თვალებია. ოჰ, ჩემო მეგობარო, როგორ აჰყოლილხარ ამ ხალხის სიავეს, როგორ გძიძგნიან და შენც ღიმილით შენს მკლავებს აჭმევ. მე შემომხედე, გამიგონე, ძმობილო ჩემო. მე შენ მჭირდები და გულით გთხოვ ნუ მომკლავ ასე. არ შემიძლია, გიყურო ასეთს... სისხლიანს, ბეჩავს... მეც დამამსგავსე ალმასს გაყინულს, ადვილად მსხვრევად. უძლიერესიც კი გატყდება თუკი გაყინავ და გთხოვ, ძმობილო, შენს გონებას ნუ შთანთქავ ბნელად! ნუ შეამცივნებ! ნუ გაყინავ და ნუ დაამსხვრევ შენივე ხელით! ჩემი ღაღადი ვედრება - ესე კი ნუ გგონია კაპრიზობა ანდაც სიშურე. დაიღუპები, დამიჯერე, მე გამომყევი. მე კი გიჩვენებ შავი ღრუბლით შემოსილ ტყეებს...

 

შავი ღრუბელი

     ცავ, მოღრუბლულო; ღრუბელო, შავო... გთხოვ, გევედრები, ნუ ანთხევ ბოღმას. წვიმის წვეთებად რომ გვევლინება შენი ამბორის მწარე კვნესა მაინც რატომ გვსჯი? რატომ წვიმს? მიწაც კი კვნესის. ამონასუნთქი ჰაერის ბოლო კვდება, ქრება და იფანტება, ვით იფანტება ღრუბელიც შავი, სიკვდილის წამებს ვითვლიდი მარად, ვგლეჯდი, ვფლეთავდი მის ამბორს კვლავაც. გულის სიღრმიდან ვერ ვიშორებდი, შეხორცებული სულ თან დამქონდა, ვედრება-არა! ტკივილი ჩემი სულს მიმწარებდა, ძვლებს მინაცრებდა. ვგრძნობდი თითებით მას ვეხებოდი სუდარას ნაზად, ცივია, შავი, უკუნი ბნელი, მის სიავეს კი ვერ ფანტავს სხივი. არავის ძალუძს, მას წინ აღუდგეს, რადგან შვილებად გვაკურთხა მარად და მე გიამბობთ ამაბავს თუ ზღაპარს, მითს თუ ლეგენდას გიამბობთ ახლა:

    გაზაფხული იყო, მაისის ბოლო და ვთვრებოდი ვარდთა სურნელით. მათი ეს სუნი ჩემში აღძრავდა კვლავ სიყმაწვილის სულისკვეთებას. ზოგჯერ მინდა, ვარდს ვგავდე. ჩემი დანახვა არც იქნებოდა საჭირო, სურნელებითვე მოვხიბლავდი ყოველ სულიერს. თანაც ვერავინ გაბედავდა ჩემი სილამაზის შეხებას, ეკალ-ბარდებში გახვეული ვიჯდებოდი მარად.

    მიყვარს გაზაფხული, ხეების ლამაზ-ლამაზი ფორმები. საუკეთესო თეატრის მსახიობები არიან ხეები, უამრავ როლს ირგებენ. და მაინც როგორები არიან ისინი სინამდვილეში? მე გეტყვით. როგორც თითოეულ ჩვენგანს, ხესაც აქვს სული. მისი სული ფესვებია. თუ ამ ფესვებს შვხედავთ, ვიგრძნობთ ყველაფერს, რასაც ისინი განიცდიან. მაგალითად, უდაბნოს ხეებს დიდი ფესვები აქვთ, თითქოს შველას ითხოვენ. ხელს იშვერენ, რომ რამეს მოეჭიდონ, მთელი ძალით იგლიჯებიან. მათი ფესვების ტკაცუნის და მტვრევის ხმა არავის ადარდებს. იგრძენით... როგორ სტკივათ. ტოტების ღრჭიალით გვიამბობენ ტკივილს, მაგრამ გვესმის ჩვენ მათი? ალბათ იმიტომ არ გვესმის, რომ მათი მსგავსი სული არ გვაქვს. ეს ასეა, ყველას საკუთარი სულის ესმის და მისი, ვინც მათ სულთან არის ახლოს.

     ზოგი ხე სულაც არ უჩივის ბედს; წყლის პირას გაიზარდა, ფესვებიც არ სჭირდება ისე იღებს საზრდოს სხვის ხარჯზე. ასეთი ხეები განებივრებულები არიან მარტოობით და სიტკბოებით. ცდილობენ, შეინარჩუნონ სულიერება, რომელიც ასეთი მცირე აქვთ და რომელიც სხვის ხარჯზე ცხოვრობს.

     ნაძვები ერთგულები არიან, ჟამთა სიძუნწე მათ წიწვებს ვერაფერს აკლებს. ნაძვებს უყვართ ერთდ ცხოვრება. მარტოსული ის ცოდოა, მის სულს სჭირდება მსგავსი. ის მელანქორიულია, მელოდიური, მოზაიკური... ყველას უყვარს ნაძვი, რადგან მას თავისი პრინციპები აქვს- იგი არასდროს თამაშობს და მუდამ ისეთია როგორიც აღზარდეს დედა ნაძვებმა. მუდამ მწვანე, მაღალი და ლამაზია. მისი სულიც ძლიერად არის მოჭიდებული ნიადაგს. იცის დედამიწის ფასი და ერთგულად ეჭიდება მას.

    და აი საბედისწერო ჟამიც, ველურები გამოჩდნენ. არ ვიცი საინად მოდიან, მაგრამ თავიანთი საშინელი იარაღებით ყოველდღე მიყავთ ერთი ხე. მოდიან უცნაური, მბზინავი და მაგარი ნივთებით და უმოწყალოდ აცალკევებენ ხეების ხორცსა და სულს ერთურთისაგან. წლებია ვაკვირდები ამ შეუცნობელ არსებებს და მივხვდი, რომ ისინი მოდიან და ტანჯავენ მას, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება.

    მე წიფელი მიყვარს. გუშინ ღამით ისე ლამაზად ეძინა, მომინდა მასთან მისვლა და მწვანე ფოთლებზე შეხება, მაგრამ არ შემიძლია... ის მდინარის მეორე მხარეს ცხოვრობს. ყოველ დილით ვუყურებ მის მშვენიერებას. მასაც ვუყვარვარ, გუშინწინ ბეღურას უთხრა, რომ ჩემთვის გადმოეცა მისი სიტყვები. მეც გავუმხილე გულის წადილი. ბეღურები ჩვენი მეგობრები არიან, ისინი არასოდეს გვტოვებენ, არც ზამთარში და არც ზაფხულში.

   და კვლავ მზიანი დღე გათენდა როგორც მაისს სჩვევია, მაგრამ დღეს ველურებმა დაიგვიანეს. ოჰ! აი ისინიც გამოჩდნენ. ნეტავ, ვის აირჩევენ მსხვერპლად, დღეს ვისი ჯერია? გული გამიჩერდა, როდესაც დავინახე წიფელთან მისულნი. მათი მრისხანე ნივთები ისე ელვარებდნენ როგორც ვარსკვლავნი ღამის ცაზე. ერთი მოქნევა და წიფელმა დაიტკაცუნა, ტანში მღელვარება მომეძალა. სიმწრისგან ფოთლები ცრემლებად დასცვივდა... სულს კარგავს... კიდევ მოქნევა! და ტკაცუნი, შრიალი ფოთლების... გული წყვეტს ცემას... მესამე მოქნევა! და წიფელი ცას მოსწყდა, მიწაზე დაეცა ვით ცას მოწყვეტილი ვარსკვლავი. ტოტები ძვლებივით ტკაცატკუცით დაელეწა, დაიმსხვრა, უსულოდ დაეცა მიწას. მისვლა არ შემეძლო, ერთი უბრალო ჭადარი ვარ და ზემოდან დავყურებ სამყაროს. სიმწრისგან ცრემლად მომწყდა თვალთაგან ფოთოლნი მარგალიტებად მოელვარენი. ველურებმა ეს შეამჩნიეს და ჩემსკენაც წამოვიდნენ, სამი მოქნევა და მეც დავკარგე ადგილი ხეთა სამეფოში. მენატრება ჯერ არ მიტოვებული ვარდის სურნელი, ბეღურები, ციყვები, რბილი მიწა და ნაზი წიფელი,  ჩემი წიფელი. სანამ ბოლო ამოსუნთქვას მოვასწრებდი მათ ამწიეს, უცნაურ მოსიარულე ურჩხულზე დამდეს. ნეკნების სათითაოდ დამსხვრევას წააგავდა ეს ტკივილი, მაგრამ გული უფრო მტკიოდა, რომ წიფელი ჩემზე ადრე დაიტანჯა...

    სიმწრით ცრემლს ვღვრიდი, მაგრამ მოიცათ! ეს ხომ წიფელია?! სიმწრის ცრემლები ბედნიერების ცრემლებად მექცა როდესაც წიფელი ჩემს გვერდით დააწვინეს. მე მას შევპირდი, რომ მოვიდოდა დღე და ჩავეხუტებოდი. ახლა კი ბედნიერი ვარ, რომ სიკვდილის წინ მაინც...

    წვიმის წვეთებით, ალმასებით, ლალის ბროლებით დაიტირა ზეცამ ცოდვანი ჩვენი და დავინახე ორი ყლორტი მდინარის პირას. ჭადარი-წიფელს მიყრდნობოდა და იზრდებოდა. ჩვენ თუ ვერ შეძლებთ, შვილები ჩვენი შეძლებენ ამას და ყოველ ნატვრას აუხდენელს, ახდიან ფარდას. თუმც ჩვენგან მაინც იქნებიან უკეთს წყალთან; წყალთან მკვიდრნი კი სულიერებას კარგავენ სწრაფად.

    ჩვენი ვარამი, დარდი, წუხილი ვერ შეცვლის ამას, მაგრამ სულ უნდა გვიხაროდეს ყლორტების გაზრდა, რადგან ეს ჩვენი ძლიერება დარჩება მარად.

 

 

წმინდანები ზეცაში არიან

 

„სავსეა მათი ქვეყანა არაფრის მაქნისი ღმერთებით, მდაბლად თაყვანს სცემენ საკუთარ ნახელავს, საკუთარი თითებით შექმნილს...“ 

(ესაია წინასწარმეტყველი)

 

                                                           *     *     *

 

„ყელში ამომივიდა თქვენი ვერძები, მთლიანად დასაწვავ შესაწირველად რომ

მოგაქვთ.

არ მსიამოვნებს თქვენი მოზვრების, მამალი თოხლებისა და ვაცების სისხლი. რომ მოდიხართ ჩემი სახის სახილველად, ვინ დაგავალათ ჩემი ეზოს თელვა?

ნუღარ მოიტანთ მაგ უსარგებლო მარცვლეულს...“

(ესაია წინასწარმეტყველი)

 

 

მე:

    რას აკეთებ, უგუნურო, მკვლელო სულისავ?! აგერ თეთრი სამოსი ჯოჯოხეთურად რომ აგიზგიზდა, აინთო ღამით და შენც მაშინვე დანებდი, მყისვე ჩავარდი მასში, რომელ მეგობარს სურს, რომ გქონდეს სხეული სისხლიანი?! ის მკვლელია და შენც ცდუნებას აჰყევი მისას! როგორ დაუშვი ეს შეცდომა, მკვლელო თავისა! მე შემომხედე, მეგობარო, აქ გყავარ მუდამ. ნუ აჰყვები მაგ ცდუნებას, შეეშვი ყველას. შენი გონება დაიბინდა მაგ კვამლით, ჭვარტლით. შენ კი გგონია ერთგვარი სიამოვნება არის რამ მასში. ჯერ შენ კარგი ხარ, ახალგაზრდა სულის პატრონი. რა საჭიროა ეს გარყვნილება, მრუშობა ბევრი. წადი, სხვა ნახე უფრო კარგი, მშვიდი და თბილი. ოჰ! ზეცავ, ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ ორი სული. მე გეუბნები, მეგობარო, არ გაჩერდე, თორემ წაგიბილწავს ეს ცხოვრება ახალგაზრდა გონებას წამსვე. იკითხე ბევრი, ბევრი იკითხე და არასოდეს აღარ გაჩერდე!!!

 

არასდროს გაჩერდე

     ჩემს სიცოცხლეში ვცდილობ, ავისრულო ყველა ჩემი ჩანაფიქრი, მაგრამ მთავარი ფიქრები, რომელნიც გულის ყველაზე ბნელ კუნჭულში დამიმალავს რომ ვერავინ იპოვოს, ჯერ კიდევ თვის დროს ელის... ელის, რომ მოვა დრო  და ასრულდებიან ისინიც. ამ გრილ ღამეს ჩემი ოთახის ფანჯრიდან ვარსკვლავებს ვაკვირდებოდი. იცით რა დავინახე? უსასრულობა. უსასრულოა ვარსკვლავთა სამეფო და უსასრულოა ადამიანის ფიქრებიც. როგორი დიდი ძალა არის საჭირო, რათა გაუძლო ცხოვრებას. ზოგი ცხოვრების შესწავლას წიგნებით ცდილობს, ზოგსაც თავად ცხოვრება ასწავლის. მე კი მათ რიცხვში შევდივარ, ვინც ორივე ტვირთს ერთდ იღებს. წიგნებიდანაც ვცდილობ ვისწავლო და თავად ცხოვრებაც მწარე გამოცდილებებს მაძლევს. ეს დიდ კიბეს ჰგავს, სადაც ყოველთვის გიწევს ნაბიჯის გადადგმა და ზოგჯერ უსასრულოდ გეჩვენება. ზოგნი ცდილობენ შენს კიბიდან დაგორებას, ზოგნიც წინ გექაჩებიან. ხან დაღლილს, დაქანცულს უბრალოდ გინდა, გაჩერდე, მაგრამ დრო არ იცდის! სხეული კი იძულებით გექაჩება კიბის ბოლოსკენ, სადაც სიკვდილი გამეფებული ელის ჩვენს სულებს. ზოგმა სიყვარულით სცადა დრო გაეჩერებინა. ზოგს ძალაუფლებით უნდოდა საფეხურების ყიდვა, ზოგსაც კი რწმენით უნდოდა კიბის გახანგრძლივება და საფეხურების ჩაშენება, მაგრამ ვერავინ შეძლო ამ მდინარიდან ამოსვლა. ყველა ერთ დინებას მივყვებით . ზოგიერთს უფრო მეტი ქვა ეხეთქება მდინარეში, ზოგსაც მტკნარ ადგილას უწევს ცურვა. მღვრიე და ბინძური ადგილებიც სჩვევია მდინარეს. ადამიანების ნაწილი ცდილობს მდინარის რიტმიდან ამოსვლას და თევზივით ფართხალებს, სანამ ბოლო ჰაერის ნაკადი არ ამოაჭრის მისი ფილტვებიდან, სანამ სულს ფერფლად არ უქცევს შეუცნობელი.

    მეც მინდოდა მდინარიდან ამოსვლა, მაგრამ მივხვდი, რომ მხოლოდ სუსტებს ძალუძთ გაჩერება. ბებოსგან ერთი კარგი თხზულება ვისწავლე, რომელიც გვიქადის, რომ ბოლომდე უნდა ვიცუროთ.

    ღმერთო, რა ლამაზია დედამიწა, მჯერა სილამაზის. თვით სიკვდილსაც აქვს სილამაზე. და რა უფრო მთავარია სულიერი თუ ხორციელი სილამაზე? ვაი იმ ლამაზ ვაშლს, რომელსაც გული ულპება, უყროლდება და უობდება! ყველამ ჩვენს სულიერებაზე უნდა ვიზრუნოთ, რათა შიგნიდან არ დავლპეთ. ხორციელ იარებს მოვიშუშებთ, მაგრამ სულიერი არ ხორცდება. როგორ შეხორცდება ის, რასაც ხორცი არ აქვს.

    მებრალებიან მახინჯი სულის პატრონნი. არა იმით რომ მე მათზე მეტი ვარ რამით, არამედ იმიტომ, რომ არ ცდილობენ საკუთარი თავის დახსნას ამ ლპობისგან. ამასაც არ იკმარებენ და ერთი დამპალი ვაშლი, რომ კარგი ვაშლებით სავსე კალათში ჩავდოთ, ხელად ყველას მოულპობს გვერდებს. ყველას მოსდებს თავის სიბინძურეს, გოგირდის სუნს, აქოთებულს, ობს, დამპალი ხორცის, ლეშის სუნს და მატლების ლუკმად აქცევს ყველას, რომელიც მის სიახლოვეს იქნება.

    აქოთებულმა ადამიანმა როგორი ნიღაბიც არ უნდა გაიკეთოს მისი სულის სუნი ყველასთვის რეალური და ცხადი იქნება. ნიღაბი აღარ უშველის, როცა შიგნიდან დალპება, განადგურდება, დაბინძურდება, დაჩლუნგდება და სიცოცხლის დრო ამოეწურება.

    ეჰ, თითქოს დაბადებისას უნებლიედ მოვაწერეთ ხელი კონტრაქტს, რომლის თანახმადაც დროებით ვცხოვრობთ ამ უბადრუკ, არაფრის მაქნის სხეულში. აქ თავს უცხოდ ვგრძნობ, ეს არ არის ჩემი სახლი, მე ეს არ მსურდა. ჩემი სახლი აქედან ძალიან შორს არის. მე იმ მეხსიერება დაკარგულს ვგავარ, რომელსაც თავის რეალური სახელიც კი დავიწყებია და მაინც, ვინ ვარ მე? წლებია ამ კითხვის პასუხს ვეძებ, რა დანიშნულება მაქვს? რა როლს ვასრულებ დედამიწაზე, რა არის ჩემი მისია, რისთვის მოვევლინე ქვეყნიერებას? შეხედეთ, ყველაფერი ერთ დიდ მექანიზმს წააგავს,. თითქოს ყუთში ვართ ჩკეტილნი და ჩვენით „ღმერთები“ თამაშობენ.

 

 

მე:

     შენ, უვიცო, უპატრონო, ჩლუნგო სხეულო! შენ, კლოუნივით წარწყმენდილო, ზარმაცო ტვინო! ბრმაო სხეულო, აიხილე თვალები მალე! ნუთუ ვერ ხვდები, ყოველდღე კვდები და მარტო რჩები. მაგ ჯამბაზივით საბოლოოდ შეიღებები, ნიღაბს მოირგებ და სადმე უტყვად იხეტიალებ. ოჰოი! მაცდურო განგებავ ჩემო, მიუტევე ეს ბრიყვობა ჩემს ძმა-მეგობარს. მე ავიღებ მის დავრდომილ გულს და ჩავიხუტებ. გული კი მტკივა, ასე მიმაგდო და მიმატოვა. გულს სწორედ მას სტკენ, ვისაც ყველაზე მეტად უყვარხარ. ეგ გული შენი ჩემდა სახსოვრად მევე დამრჩება. შენი სხეული მიწა იყო და მიწად იქცევა...

 

მტვრადვე მიიქცევი

    ვიფიქრე, წერა დამეწყო, მაგრამ რა დავწერო? მარტინ იდენივით, ბობივით, დორეან გრეის მსგავსად თავს მოვიკლავ ალბათ საბოლოოდ! არ ვაპირებ ცხოვრებას თავი დავუხარო, მაგრამ წერა? ჰაჰ! რა აზრი აქვს წერას?! ჩემი გულის ტკივილი ფურცლებზე გადამაქვს, შემდეგ ვკითხულობ და უფრო მტკივა გული ამ აზრებამდე რომ მივედი.  ჩემმა ახლო მეგობარმა ასე მითხრა: „სამაგიეროდ შანსი გაქვს შენი ცხოვრება სხვებს გაუზიარო.“

- გავუზიარო? ვის? იმ გულცივ ხალხს ქვა რომ აქვთ გულის ნაცვლად? წაიკითხონ ჩემი აზრები და ყველას შევებრალო, ამიტომ ვწერო? როგორ მოიპოვებს აღიარებას ის, ვისაც თავის გრძნობები ვერ გამოუთქვამს ხმამაღლა იმ შიშის დამსახურებით, რომ ჩაქოლავენ ტალახით, ქვით, ხავსით... ხავს მოდებულს დაემსგავსა ჩემი გული. ჩემი პრობლემით დაღვრემილმა და დამძიმებულმა მეგობარმა მირჩია ბუნებას მივცემოდი, მთელი დღე ტყეში და ხეებში გამეტარებინა, მაგრამ რომელ ბუნებას მივეცე? ველურებმა რომ დაწვეს, დაჩეხეს?! გაანადგურეს, სული ამოაძრეს, ააოხრეს, გაატიელეს, გადაბუგეს, გული ამოგლიჯეს სულიანად... მის ხორცსაც არ ინდობენ, ძიძგნიან, ჩიჩქნიან, თხრიან, ძარცვავენ.

„მერედა შენ აგრძნობინე ბუნებას რომ გიყვარს“ - მითხრა მან. მაგრამ ბუნებას თუ ვუყვარვარ მე? ალბათ კი, რადგან ასე გულმოდგინედ ცდილობს წამიყვანოს თავისთან, რადგან „მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი.“ კი, ნამდვილად ვუყვარვარ და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ წამიყვანოს. კარგია თუ ვუყვარვარ, მეც მიყვარს. ალბათ საგიჟეთში აღმოვჩნდები საბოლოოდ ბეზდომნივით...

„რას ამბობ! შენზე ნორმალური არავინაა სხვა, კარგი რა! შენ ჩემი ყველაზე თბილი, ნამდვილი მეგობარი ხარ. გაივლის ტანჯვა და სინათლე მოვა. აი ერთად, რომ ვიქნებით დაგანახებ მაგ სინათლეს უკეთ“ - აღმოხდა მას.

 

                                                                        *   *   *

 წმინდანები ზეცაში არიან ანგელოზებად, იქ ყველა წმინდანია.

და იყო ზეცაში წმინდანი ეს ადვილია,

 მაგრამ აქ?! ამდენ უწმინდურობაში შენსავით წმინდა მეგობარი ჩემთვის უკვე სინათლეა.

 

მე:

    შენ! ბარაბასავით ურწმუნოვ, ავაზაკო, მკვლელო და მხეცო, წიგნის ფურცლების მგლეჯავო-მკვლელო! ბარაბა ბევრად მირჩევნია შანსავით უვიცს. ერთხელ მომხედე დამიგდე ყური, მეგობარო, ძმობილო ჩემო. შეეშვი სამოსს, ნუ ანადგურებ შენი ხელებით. შენი სხეულის სისხლშივე ხარ ამოსვრილი, ბარაბამაც კი შენზე მეტად იწამა ღმერთის. მე შენ მიყვარხარ, გაღმერთებ მეტად და გთხოვ, მოეგე გონს, მეგობარო. რატომ არ უსმენ მას, ვისაც ყველაზე კარგი სურს შენთვის?! მე მომისმინე და სინათლეც გამობრწყინდება...

 

სინათლის გამოჩენა

     დღეს თითქოს მარტოობა ვიგრძენი. უფალი ყოველთვის ჩემს გვერდით იდგა და დგას, დღეს კი მისი კვალი თითქოს სადღაც ნისლში მიმალულიყო. გარეთ გავისეირნე, ღამით ცა შავად გადაღებილიყო და მთელი ზეცა ვარსკვლავებს თეთრად მოუჩუქურთმებინათ, მთვარე კი დირიჟორად დამდგარა მათ შორის. ეს მარტო ყოფნის წუთები არასოდეს დამავიწყდება. გონება გამინათდა, დავინახე ის, რასაც სხვები ვერ ამჩნევდნენ. „რაც ერთხელ მომხდარა ის მეორედაც განმეორდება“ და დავინახე ის, ვისაც ყოველთვის ვერ ხედავენ. „უცხო თამაშში არასოდეს გააკეთო პირველი სვლა“ ამიტომაც ჩუმად ვუყურებდი, გაბრწყინებულ, თითქოს ხორცშესხმულ, ვარსკვლავს და მე „მასში მომხიბლა იმ სულიერებამ, რაც თავად მაკლდა.“ ამ დროს ვიგრძენი, რომ უფალი კვლავ ჩემს გვერდით იყო და მყარად მიმაგრებდა ზურგს, საძირკველს, ფესვებს...

    მე კი ამ დღის შემდეგ ვიპოვე სიმშვიდე, გაიარა ყოველგვარმა ტანჯვამ, ტკივილმა. მე ის ვიპოვე, რასაც ვეძებდი მთელი ცხოვრება. ის დიდებულება, გონიერება, სიწმინდე, თვალს მკვეთდა და მაინც, რაოდენ დიადია უფალი ამდენ ტკივილს რომ იტანს.

    და კვლავ ვაკვირდები ვარსკვლავებს. ალბათ როგორ დაგვცინიან და ვებრალებით ასეთ სამყაროში რომ ვცხოვრობთ. ყოველთვის ზემოდან დაგვყურებენ, უყურებენ ადამიანთა ქიქინს, ხარხარს, სიკვდილს, სიხარულს, სიცოცხლესა თუ სიყვარულს და წუხან ასეთნი რომ ვართ.

    „თუ ხალხს შენზე გაცინების უფლებას მისცემ, ბევრ მეგობარს შეიძენ.“ მე კი ვწყვეტ ამას, ახლაღა დავინახავ ვინაა ჩემს გვერდით და ვინ დამტოვებს უფსკრულის პირას.

 

„ მაშინ ვინმემ, რომ გითხრათ: აჰა აქ არის ქრისტე,

 ან: იქ არის, ერწმუნეთო.

ვინაიდან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებს და ნიშნებს, რათა რჩეულნიც შეაცდინონ, თუკი შეძლებენ „

(მათე )

 

„აჰა წინასწარ გითხარით თქვენ.

თუ გითხრან: აჰა, ის უდაბნოშიაო ნუ გამოხვალთ! აჰა, ის შიდა ოთხებშიაო, ნუ ერწმუნებით!

ვინაიდან, როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და თვით დასავლეთამდე

ანათებს, ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც.“

(მათე )

 

მე:

    შენ ყოველთვის ბევრს ნიშნავდი ჩემთვის, მეგობარო, და მიხარია თუ შენ უკვე შეგწევს ძალა, დაინახო ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ. მაგრამ გთხოვ, შემომხედე, მეც ვარსებობ შენთვის შექმნილი. რატომ არ გესმის, რომ მიყვარხარ მე მთელი გულით, მე შენ მჭირდები. მე ხომ შენთვის ვარ დაბადებული და ამ ბოლო დროს დამივიწყე, სულ მიმატოვე. ისევ დადიხარ ღამ-ღმობით ბნელი ქუჩებით, ისევ დაგდევენ ბნელი ქუჩით მოგონებები. ის მანიც მითხარ ეს სიავე შენ ვინ გასწავლა...

 

 

 

მათ ეს მე ვასწავლე

                    „ფრთხილად იყავით: თუ შენმა ძმამ შეგცოდოს, გაუწყერი მას.

თუ მოინანიოს, მიუტევე.

დღეში შვიდჯერ რომ შგცოდოს და შვიდჯერვე მოიქცეს და გითხრას ვინანიებო, მიუტევე.“

(ლუკა )

„ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო.“

(მათე )

 

 

 

 

მგრეველნი

     ფეხები მიმძიმს, მელნით სავსე კალამიც კი მძიმედ მეჩვენება. საკუთარ თავს ვკარგავ, არ ვიცი რატომ. იქნებ უბრალოდ თავს ვირწმუნებ, რომ არ ვიცი.

   ვარსკვლავები, მთვარე, რა ლამაზად ბრჭყვიალებენ, ბზინავენ, თვალს მკვეთენ, ულამაზესები არიან. იცოდი ვარსკვლავებს რომ ფრენა შეეძლოთ? ხომ, ისინი დაფრინავენ უჰაერო სივრცეში, ეძიებიან თავის მსგავსს და როდესაც იპოვიან იმ „ერთს“, მას ერწყმიან. მდინარეებად, ჩანჩქერებად იღვრება მათი სიყვარული. ერთურთს აღარ სცილდებიან, მათ იციან ერთგულების ფასი.

-ხომ მათ ეს იციან!

    იცით რა მაოცებს ყველაზე მეტად?- თვისუფლება. რა არის ეს? რა აქვს  თავისუფლებას ისეთი, რომ მის გამო ამდენი იღუპება. არამარტო სულიერნი, არამედ უსულონიც კი თვისუფლებისაკენ მიისწრაფვიან...

-არიან კი „უსულონი“?

    ვფიქრობ, ყველაფრის დასასრული „დასაწყისში“ უნდა ვეძიოთ. ის რის გამოც სრულდება ყველაფერი ასე, ადამიანის თვალხარბობით დაიწყო და ამიტომაც ამით დასრულდება ყველაფერი.

-ნადგურდება და ინგრევა, ადამიანებს ნგრევა მოაქვთ!

    უკეთესად განვმარტავ ჩემს სათქმელს, რადგან, ვგონებ, ძალზე ჩავხლართე და გაუგებარი გავხადე ყოველივე. ალბათ იცით ევოლუციის ძალა, სწორედ ეს ხდება ადამიანშიც. მოქმედი გარემოებანი, უცხო კლიმატი, სხვა ადამიანები... მაგრამ სად არის თავად ადამიანის „მე?“(ლათ. ეგო). არავინ იბადება საკუთარი სულის გარეშე. მაშ რატომ ცდილობენ, ყველას სული ერთმანეთს დაემსგავსოს? სისულელეა, თვით გენეტიკის შეცვლაც შესაძლებელი გახდა ჩენს დროში და ნუთუ არ შეგვწევს ძალა აღვუდგეთ იმას, რაც არ მოგვწონს?! ღმერთო, ამ სამყაროში ბავშვებსაც აღარ აქვთ სული, „იმათ“ წაართვეს. ალბათ, იმ „გუდიანებმა“ მოპარეს, რომლითაც აშინებდნენ ხოლმე. უსულო ბავშვები უგულო ადამიანები ხდებიან, უგულო ადამიანები კი თავისზე სუსტს ართმევენ იმას, რაც დაკარგეს, ანუ- სულს. და ასე გრძელდება ყოველდღე, თვე, წელს, საუკუნეს. არა! არა! იმას კი ნუ იფიქრებთ, რომ ყველას აქვს სული დაკარგული. ზოგი ძლიერიც არის, მის სულს ვერ ტეხენ, ვერ აკნინებენ და როდესაც ის ადამიანი ხდება გული სტკივა, რომ სული აქვს, რადგან უსულოები მისი სულის სიმახინჯეები ხდებიან.

    ყველას თავისი სულიერი სიმახინჯე აქვს და ყველას უჭირს ეს, მაგრამ ეს არ შეიძლება! სულის სიმახინჯე ადამიანს მუცლიდან თან სდევს. ალბათ ამას უწოდებს ბიბლია ადამის ცოდვას, მაგრამ რომელ ცოდვაზეა საუბარი? ცოდვები არ არსებობენ, არსებობს მხოლოდ უფალი და სამოთხე, როგორ შეიძლება ჯოჯოხეთში აგზავნიდეს სიყვარულის ღმერთი შვილებს თავისას?!

 

მე:

     მეგობარო, ნუთუ ეს შენ ხარ? ისევ დაბრუნდი, კვლავ მოსულხარ ჭკუაზე შენსას. მეც ამას ვამბობ ადამიანი არის მკვლელობა, სიბინძურე და სისაძაგლე. ძლივს გაგიგია ჩემი ლოცვა ვედრება - ესე.