ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

წუთით კოსმოსში

წუთით კოსმოსში


„აქ, მთვარის ქვეშ, ყველაფერი

მოკვდავია“, - ბორხესი.

თავი I

 

ოთახის კარი იმდენად იყო გაღებული, რამდენადაც ბავშვების ხმის გაგება იქნებოდა შესაძლებელი. ათი მცირეწლოვანი ერთმანეთის მიყოლებით ცდილობდა საკუთარ თავზე საუბარს. ტუტტო-ტუდოს აღმზრდელები თვლიდნენ, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი იყო, რაც ბავშვს ბაღის ასაკიდანვე უნდა შეესწავლა. მშობლები ოდნავ შეღებულ კართან იდგნენ და შვილის რიგს მოუთმენლად ელოდნენ. მილოსტიც ერთ-ერთი მათგანი იყო. პირველი აღსაზრდელი, რომელმაც საკუთარი თავის წარდგენა მოურიდებლად დაიწყო, სწორედ მისი ქალიშვილი ლალუნა იყო.

-მე ლალუნა...

-ძვირფასო, ჯერ მოგვესალმე, - შეაწყვეტინა აღმზრდელმა.

-გამარჯობათ!

-კარგია, ოღონდ გამარჯობათ არასწორია, გამარჯობა უნდა ვთქვათ.

-გამარჯობა, - პედაგოგმა თავი დაუქნია და გოგონამაც განაგრძო, - მე ლალუნა დერმონდი ვარ. მე სამი წლის ვარ.

-კარგი, ახლა ის თქვი ყველაზე მეტად რა ან ვინ გიყვარს?

-გამარჯობა, მე ლალუნა დერმონდი ვარ. მე სამი წლის ვარ და ყველაზე მეტად მამიკო მიყვარს, - ამ სიტყვებზე აღმზრდელსაც და კარს უკან მდგომ მილოსტსაც გაეღიმათ.

-მშვენიერია, ახლა დავამატოთ - რისი კეთება გიყვარს ყველაზე მეტად და რისი კეთება არ გიყვარს.

-მე ძალიან მიყვარს მთვარის ყურება და არ მიყვარს პატარა ოთახები და რძე.

-შესანიშნავია! ახლა ისიც მითხარი რომ გაიზრდები ვინ უნდა იყო პროფესიით?

-მთვარეზე მოგზაური უნდა გამოვიდე! - წარმოთქვა აღტაცებით.

-ხოდა დიდი გოგო რომ იქნები, შენს თავს ასე წარადგენ - გამარჯობა, მე ლალუნა დერმონდი ვარ და მე მთვარეზე ვმოგზაურობ. ხომ ასე იქნება?

-დიახ, მასწავლებელო! - აღმზრდელი გოგონას მიუახლოვდა და ყურში ჩასჩურჩულა:

-ყოველთვის ყველას უთხარი, რომ ოცნებებს აიხდენ! - ლალუნას გაეღიმა და ორივე ლოყაზე ფოსო გამოესახა.

-კარგი, ახლა სხვებზე გადავიდეთ. ბავშვებო, როგორც ლალუნამ მოგვიყვა თავის თავზე, ყველა ასე უნდა მოიქცეთ. ჰალეი, მოდი შემდეგი შენ იყავი.

-გამარჯობა, მე ჰალეი ვარ, გვარად ტუნგუსკი. 5 წლის ვარ. მეც ძალიან მიყვარს მთვარე , - ბიჭმა ლალუნას გახედა, - მეც უნდა ვიმოგზაურო მთვარეზე. მაგრამ იქამდე ბევრი უნდა ვიფრინო.

ჰალეის არ ჰყავდა ის, ვინც კარს მიღმა გაიღიმებდა.

-მასწავლებელო, მე ხომ ყველაზე დიდი თვალები მაქვს? - იკითხა მოულოდნელად ლალუნამ.

-შენ ძალიან დიდი და ლამაზი თვალები გაქვს! მაგრამ ახლა სხვებს ვაცადოთ საუბარი, კარგი?

-კარგი, მასწავლებელო.

ბავშვები ერთმანეთის მიყოლებით ამბობდნენ სახელებსა და გვარებს. კითხვაზე - ვინ/რა გიყვარს ყველაზე მეტად, ზოგს ოჯახის წევრი, ზოგს კი საყვარელი სათამაშო ახსენდებოდა.

თავის წარდგენა ლალუნას, ისევე როგორც ყველას სხვას, ცხოვრებაში კიდევ ბევრჯერ მოუწია. და თუ ეს არ იყო ოფიციალური წარდგენა, მის სიტყვებში მხოლოდ ასაკი იცვლებოდა ხოლმე. ის იყო ლალუნა დერმონდი, რომელსაც უყვარდა მთვარე და მამა და ვერ იტანდა პატარა სივრცეებსა და რძეს.

ოთახიდან გამოსულ ლალუნას მამა დიდი სიყვარულით დახვდა. ჰალეის კი ნაკლები სითბოთი, თუმცა მაინც, ბიძა შეეგება. ზოგს - ბებო, ზოგს - დედა, ზოგსაც უბრალოდ ძიძა ხვდებოდა. ლალუნა მუდამ მამას გამოჰყავდა ბაღიდან. ეს უკვე ოჯახის ერთგვარი ტრადიცია და რუტინა იყო.

პატარა, მუდამ მომღიმარ გოგონას მშობლებზე მეტად არავინ და არაფერი უყვარდა, თუმცა კიდევ უფრო განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა მამასთან. ამას ცალკეული მიზეზი არ ჰქონია. უბრალოდ მილოსტი იყო მისთვის მთელი სამყაროს ყოველი წერტილი.

 

ლალუნამ იმ ბაღში მხოლოდ ერთი თვე იარა, მაგრამ მოისმინა ფრაზა, რომელიც შემდგომში მუდამ აძლიერებდა: „ყოველთვის ყველას უთხარი, რომ ოცნებებს აიხდენ!“

ნელ-ნელა ავიწყდებოდა აღმზრდელის გარეგნობა, ჩაცმულობა, ხმა, სურნელიც კი, თუმცა არაფრით ავიწყდებოდა ეს ექვსი სიტყვა.

 

თავი II

 

ოდესმე გიფიქრიათ, რომ ბავშვობის ერთი მორიგი სიზმარი შესაძლოა ზღაპრულ რეალობად ქცეულიყო? ალბათ ამაზე ფიქრსაც მხოლოდ ოცნებებში ბედავდით.

რატომ გვეშინია ზრდასრულობაში ოცნების?

არცთუ ისე იშვიათად, ყველაფერი, კარგიც და ცუდიც, გაუგონარ, წარმოუდგენელ სამყაროში ხდება. იცხოვრო ისეთ ქვეყანაში, რომლის შესახებაც ცოტამ იცის, სასიამოვნოა. ტუტტო-ტუდო ის ქვეყანაა, რომლის მნახველიც ყოველთვის აღფრთოვანებული რჩება. აქ ყველა თავისებურია, ისევე, როგორც ყველგან. უბრალოდ ამ ქვეყანაში ხედავენ და აფასებენ ამ უჩვეულობას.

 

ის წელიწადი, რომლიდანაც ჩვენი ამბავი იწყება ბევრისათვის აღმოჩნდა ოცნებების ასრულების. ჰალეი ტუნგუსკი ერთ-ერთი მათგანია, ვინც თვლიდა, რომ ის წელი საოცნებო რეალობად ექცოედა. ბავშვობის მორიგ უდარდელ ღამეს დაესიზმრა, თუ როგორ ეშვებოდა პარაპლანით მიწაზე. მაშინ სულ არ იცოდა რა იყო პარაპლანი. მაგრამ ეს ამაღელვებელი წამები და საოცნებო გარემო გონებიდან არ ამოსდიოდა. მას მერე კი ეს სიზმარი უდიდეს ოცნებად ექცა, რომელზე ფიქრსაც არასდროს წყვეტდა.

ყოველი ქვეყნის თითოეულ კუთხეს აქვს რაღაც გამორჩეული, რაც მას ადრე თუ გვიან სასურველ ადგილად აქცევს. ჰალეის სამშობლოში, ანუ ტუტტო-ტუდოშიც, არაერთი მაღალმთიანი სოფელი მოიძებნებოდა, სადაც პარაპლანით ფრენა მშვენიერ და ამავდროულად ყოველდღიურ სანახაობას წარმოადგენდა. მის ოცნებებში წარმოდგენილი სამყარო კი სრულად შეესაბამებოდა იმ აწმყოს, რომელშიც მას პირველად უნდა ეცადა გაფრენა.

ჰალეი გაფრინდა.

და ნეტავ თქვენც გენახათ მისი კმაყოფილი სახე. ეს მართლაც საოცნებო რეალობა იყო. დაფრინავდა. თავს ზემოთ ჰქონდა ღრუბელთა მთელი არმია, ფეხთ ქვემოთ კი - მწვანე ზღაპრული ხალიჩა, რომელსაც მთები ქმნიდნენ. კიდევ კარგი სიმაღლის შიში არ ჰქონია, კიდევ კარგი პირველი ცდისთვის ზედმეტად მაღლა არც უცდია ფრენა. ჰალეი ბედნიერი იყო, ძალიან ბედნიერი. თუმცა ყველაფრის შეცვლა ხომ წამშია შესაძლებელი?! რაღაც ხდებოდა, მაგრამ რა? რაღაც უკონტროლო. ვეღარ იგებდა საით მიექანებოდა. აშკარა იყო, პარაპლანი უმართავი გახდა, ამის მიზეზი კი ძლიერი ქარი იყო. ვიღაცას ხომ უნდა ეზრუნა და ასეთ ამინდში პარაპლანით არ გაეშვა? რა უპასუხისმგებლობაა!

 მიწიერებისაკენ უმისამართოდ მიიწევდა. ვერავის და ვერაფერს ხედავდა. უსამართლობაა, როდესაც ასეთ ბედნიერ ადამიანს ბუნება ფრთებს აჭრის და მარტოს ტოვებს. ჰალეი ვეღარაფერს აცნობიერებდა. თითქოს ეს ყველაფრის დასასრული იყო. ჭრელი პარაპლანი სულაც აღარ იყო ლამაზი სანახავი. გეგონება რაღაცის ბოლო ახლოვდებოდა. იმ წამს კი ფიქრი იმაზე, რომ ყოველი დასასრული მომავლის დასაწყისია, ამაო იყო.

 

* * *

-კიდევ ბევრი უნდა ვიაროთ? - წუწუნით აღმოთქვა ლალუნამ.

-უკვე დაიღალეთ? აი იმ გორაკზე ვფიქრობდი კარვის გაშლას, - უკან მოიხედა ბანბემ და მიხვდა, რომ მეგობრები უკვე დაღლილიყვნენ, - კარგი, თუ გინდათ, აქვე გავჩერდეთ.

სიტყვის დასრულებაც არ დასცალდა ბანბეს, ისე უცებ გაშალეს მეგობრებმა პლედი და ნოტიო მიწაზე წამოწვნენ.

-როგორც იქნა! - სიხარულით შესძახა ვენმა.

 

* * *

მიწამდე ცოტაღა რჩებოდა. ეს წამი ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. წამის ყოველ მეასედს გრძნობდა ჰალეი. მაგრამ, ერთი წუთით? აქ ვინმეა? არა, ნამდვილად ვიღაც არის! ჰალეის თვალებში ქვემოთ მოსიარულესგან იმედი გაჩნდა. კიდევ ერთი წამის მეასედიც!

 

* * *

ბანბეც მიუწვა მეგობრებს და ცაში აიხედა. ეს კაცი ცაშია გამოკიდებული? არა მოძრაობს. მგონი ვარდება. ვარდება?

-მაღლა აიხედეთ!

ყველას მზერა ცამ მიიპყრო, უფრო სწორად ღრუბელს გამოკიდებულმა ბიჭმა. ლალუნა გაოცებული შეჰყურებდა საწყალ ბიჭს. წამიერი გაოცება ხმამაღალმა ვარდნამ გაფანტა.

 

* * *

ჰალეი ცდილობდა თავით არ დაცემულიყო. ეს წამი უკვე უსასრულოდ იწელებოდა. მიწაზე მწარე დანარცხების წამიც დადგა. საბედნიეროდ მასთან ახლოს ადგილობრივი მონადირე აღმოჩნდა, ანუ ის, ვინც ციდან ერთადერთ იმედად ესახებოდა. უფლისგან მოგზავნილი ეს ვინმე კაცთაგანი, კეთილი მოხუცი კაცი აღმოჩნდა. მაშინვე ახალგაზრდა ბიჭთან მიირბინა და მისი დახმარება სცადა. საბედნიეროდ, ისეთი არაფერი იყო, მხოლოდ მცირედი დაბეჟილობა. მოხუცებულმა პირველადი დახმარებაც გაუწია და დაზარალებული სახლშიც მიიპატიჟა.

მონადირის სახლი ახლოსვე იყო. თუმცა კი, სახლი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, პატარა ქოხი იყო, სადაც საოცარი სიმშვიდე სუფევდა. თანაც, სიჩუმე კი არა სიმშვიდე! თორემ სიჩუმე ყველა ცარიელ სახლშია. ისეთი სითბოს სუნი იყო, ისეთი სიყვარულის, რომ ჰალეიმ სახლში იგრძნო თავი. მოხუცებულმა ბუხარიც დაუნთო სტუმარს და მცირედი საკვებითაც გაუმასპინძლდა.

-ბევრი არაფერია, მაგრამ...

-აბა, რას ამბობთ? თქვენ ისედაც იმდენი გააკეთეთ ჩემთვის.

-არაფერია, შვილო, შენი ტოლი შვილი მყავს მეც. მალე მოვა ისიც და გაიცნობ. წამით მის ადგილას წარმოგიდგინე და ეგეც რომ არა, განა წაქცეულ კაცს არ უნდა დავხმარებოდი?

ჰალეიმ თავაზიანად გაუღიმა და შარვლის ჯიბეში ხელის ცეცებით ტელეფონს დაუწყო ძებნა.

-შენი ტელეფონი მე მაქვს, - კაცმა მწუხარე სახით დამტვრეული ტელეფონი პატრონს გაუწოდა, - მგონი აღარც ჩაირთვება.

-კარგით, ამაზე ნუ იდარდებთ. თქვენით რომ ვისარგებლო შეიძლება?

-სიამოვნებით, მაგრამ მე არ მაქვს. ჩემი შვილი რომ მოვა, ის დაგარეკინებს. მალე მოვა, - აშკარა იყო როგორ უყვარდა მოხუც მონადირეს ერთადერთი ბიჭი, რომელიც უკვე შუახნის ასაკში აჩუქა საყვარელმა ქალმა. გარდაცვლილი მეუღლის ამ ერთადერთ დანატოვარს კი საუკეთესოდ უფრთხილდებოდა.

ჰალეის სხვა გზა აღარც ჰქონდა. ახლადგაცნობილი მასპინძლის უცნობი შვილი ერთადერთი იმედი იყო. ამასობაში კი სხვადასხვა თაობის ორი წარმომადგენლის საუბარი ყველა საკითხს შეეხო. მოხუცის ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო ჰალეის სახელმა და გვარმა.

-შენი ან სახელი საიდან მოდის, ან გვარი? არასდროს გამიგია, - ინტერესით იკითხა მასპინძელმა და ბუხარს შეუკეთა, - აქაური ხარ?

-სიმართლე გითხრათ კარგად არც მე ვიცი. მშობლები ჩემი დაბადებიდან მალევე გარდაიცვალნენ. საშუალება არ მქონია, რომ მათთვის დამესვა ეს კითხვები. მხოლოდ ის ვიცი, რომ ჰალეი ერთ-ერთი კომეტის სახელია, ტუნგუსკი კი - მეტეორის.

-შენი მშობლები მგონი ასტრონომები იყვნენ, - სიცილით შეაწყვეტინა მოხუცმა.

-მგონი მართლა ასეა, - გაიღიმა ჰალეიმაც, - თუმცა მათზე დაზუსტებით არაფრის თქმა არ შემიძლია, თითქმის არაფერი ვიცი.

-ვინ გაგზარდა?- იკითხა მონადირემ და ბიჭის სევდიანი თვალების დანახვისთანავე ინანა, - მაპატიე, თუ გინდა ნუ მიპასუხებ.

-ბებიამ გამზარდა, მამის დედამ. კიდევ ბიძია მყავს. მშობლებზე არასდროს მესაუბრებიან. მხოლოდ ის ვიცი, რომ ორივე უცნაური იყო და „ერთმანეთისთვის შექმნილი“. ტუნგუსკი მგონი მამამ გადაწყვიტა, რომ მისი გვარი ყოფილიყო. კოსმოსი ორივეს მართლაც ძალიან უყვარდა. კიდევ ის ვიცი, რომ როგორც ბებო ამბობს, მეც მათნაირი ვარ.

-ანუ უცნაური?

-მათთნაირი უცნაური, - ჩაეცინა ჰალეის და ჩაი მოსვა.

 

* * *

კარავის შორი-ახლოს ანაზდად დაეცა ახალგაზრდა ბიჭი. მეგობრები მაშინვე მისკენ გაიქცნენ. შავგვრემანი, უფერო ბიჭი უგონოდ იწვა ცივ მიწაზე. ყველა პანიკამ მოიცვა, ერთადერთი, ვინც არ დაიბნა და სწრაფი დახმარება შეძლო ლალუნა იყო. ბიჭის გამოფხიზლებას ყოველი ღონით ცდილობდა. შავმა თვალებმა მალევე გამოანათა მწოლიარე სხეულიდან.

-ცოცხალია! - შვებით ამოისუნთქა არკადასიმ. ისიც იმ მეგობრებში ერია, რომლებიც სალაშქროდ ასე თამამად წამოვიდნენ თითქმის სრულიად უცხო ადგილას.

-კარგად ხართ?- დაინტერესდა ვენი.

შავთვალება ბიჭი კი თვალდაუხუჭავად უყურებდა ლალუნას. თითქოს სიზმრისეული ანგელოზი ცხადში ნახა.

-კკ..კარგად ვარ, - ძლივს მოვიდა გონს და წამოჯდომა სცადა.

-ფრთხილად, შეიძლება მოტეხილი გაქვს რამე...- გააფრთხილა ლალუნამ.

შავგვრემანი ბიჭი იღიმოდა. ლალუნამ მუხლთან სისხლდენა შენიშნა. მაშინვე კაშნე მოიხსნა, ჭრილობა შეათვალიერა, საშიში არაფერი იყო. ამიტომაც კაშნეთი გადაუხვია და წამოდგომაშიც დაეხმარა. ბიჭმა დაფუშულ პარაპლანს გახედა.

-ხშირად დავფრინავ ხოლმე და ასე არასდროს დამმართნია. მაგრამ ყველაფერი ხომ რაღაცისთვის ხდება, იქნებ საჭირო ადგილზე ჩამომაგდო განგებამ, - თუმცა ამას ამბობდა, მზერა მხოლოდ ლალუნასკენ ჰქონდა მიმართული. ისე კი მართლაც ხშირად დაფრინავდა, ისევე როგორც ალბათ ყველა ადგილობრივი. ბავშვობიდან მოყოლებული ყოველთვის ფრენა იყო მისი ერთ-ერთი უმთავრესი გასართობი. პარაპლანი, განსაკუთრებით დედის გარდაცვალების შემდეგ შეუყვარდა. ვინ იცის, იქნებ ამ გზით მასთან მიახლოვებასაც კი ცდილობდა. მისი სახელი ამი იყო, რაც ალბათ რომელიმე ენაზე მეგობარს ან რაღაც მსგავსს ნიშნავდა.

ახალგაზრდებმა სათითაოდ წარუდგინეს თავი, თუმცა ამის ყურადღება მხოლოდ ერთისკენ იყო მიმართული.

-ლალუნა? უცხო სახელია? არასდროს გამიგია.

-ამ ფრაზას მიჩვეული ვარ, - ჩვეული ღიმილით მიუგო გოგონამ. ლალუნასაც ბევრჯერ სდომებია შავგვრემნობა. იგი უბრალო იყო, ყველაფერში შუამავალი. არც შავგვრემანი იყო, არც ქერა და არც წითური. მისი ყოველი ნაკვთი დაუოკებელ ინტერესს აღძრავდა. არც სწორი ცხვირი ჰქონია, თუმცა ეს საჭიროც არ იყო. ლალუნას არ ჰქონია ზღვისფერი თვალები, თუმცა მაინც ანათებდა. ერთი შეხედვით არაფერი ჰქონდა ისეთი, რაც მისადმი თვალების უკონტროლო დატყვევებას გამოიწვევდა, თუმცა ყველა პირველივე შეხედვაზე ინტერესდებოდა მისით. ყველაზე მთავარი კი ღიმილი იყო, რომელიც დაგარწმუნებდა, რომ მსოფლიოში ყველაფერია შესაძლებელი.

-საოცარი ღიმილი გაქვს, - უნებლიედ წარმოთქვა ამიმ. წამიერმა სიჩუმემ ყველას უხერხულობა შეუქმნა. დუმილი ისევ ამიმ დაარღვია, - ახლოს სახლი მაქვს. პატარაა, მაგრამ ერთი ღამით ყველას დაგვიტევს.

-არა, იყოს, აქვე კარავი გვაქვს, ცოტა მოშორებით მანქანაც. თანაც, ისედაც ერთი დღით ვართ, - განუმარტა არკადასიმ.

-რას ამბობ, - ნაწყენი ხმით მიუგო ამიმ, - ჩემს მაშველებს აქ ვერ დავტოვებ. დღეს ჩემი საპატიო სტუმრები იქნებით. სახლში მე და მამა ვცხოვრობთ, თუმცა თქვენც დაგიტევთ.

ბევრ საუბარს აზრი აღარ ჰქონდა. ამი უკან დახევას არ აპირებდა, გოგონებიც თანახმანი იყვნენ, ამიტომაც გზას ამის სახლისკენ გაუყვნენ.

ნელ-ნელა მზეს მთვარე ცვლიდა. ვარსკვლავებით მოჭდილ ცას თვალს ვერ აშორებდა ლალუნა. ამი გვერდზე ამოუდგა.

-აი ის ვარსკვლავი, ყველაზე მეტად რომ ანათებს ხომ ხედავ? - მიუგო ამიმ და ხელი მაღლა გაიშვირა, - წლების წინ ეგოისტურად „ამი“ დავარქვი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ სახელი უნდა შევუცვალოთ.

-და რა დავარქვათ? - გაეცინა ლალუნას.

-ამიზე კაშკაშა ვარსკვლავი ლალუნაა, ამიტომაც დღეიდან ეს ვარსკვლავი ლალუნა იყოს, - ორივეს გაეღიმა.

ამასობაში კი პატარა სახლი გამოჩნდა, უფრო ქოხი ითქმოდა. საშუალო ზომის ეზო, რომელსაც მარტივად ეტყობოდა, რომ სახლში მხოლოდ ორი კაცი ცხოვრობდა. სახლის ძველი კედლებიდან შუქი გამოდიოდა. სახლში შესულებს კი ბუხართან მჯდომი მოხუცი და ახალგაზრდა ბიჭი დახვდათ.

 

თავი III

 

ვერასდროს გავიგებთ რატომ ნერვიულობენ დედები ასე ძალიან, მაშინაც ვერ შევძლებთ, როცა თავად გავხდებით მშობლები. იმ იდეალურისკენ სწრაფვა, რომელიც ჩვენი მშობელია, მთელი ცხოვრება გაგვყვება. ჩვენ ვერ ვიდარდებთ ჩვენს შვილებზე ისე, როგორც ჩვენი მშობლები - ჩვენზე. შეიძლება მეტად, ანდა ნაკლებად, მაგრამ ისე? ვერასდროს. ამიტომაც, მათი გაგება ბავშვობიდანვე უნდა ვცადოთ და არ ველოდოთ საკუთარი შვილის გულში ჩაკვრის პირველ წამს.

 

უგზო, უდაბურ ტყეში წასული ბავშვების მშობლები ძალიან ღელავდნენ. ერთად შეკრებილნი თავის დამშვიდებას სხვადასხვაგვარად ცდილობდნენ.

-ისევ არ იღებს, - ხან ერთი ამოიოხრებდა, ხან მეორე.

-არა, ნამდვილად რაღაც დაემართათ.

თავის დამშვიდება ასეთ დროს მართლაც რთულია, თუმცა საოცარ სიმშვიდეს იჩენდა არკადასის დედა. ქალი, რომელსაც უკვე გამოვლილი ჰქონდა შვილის დაკარგვის ტკივილი. ეს სამი წლის წინ მოხდა, როდესაც თინეიჯერმა გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს მხოლოდ ოჯახის კი არა, ქვეყნის ტრაგედია იყო. ამ ამბავმა ყველა დააფიქრა, ყველას რაღაც ასწავლა. მათ რიგში კი პირველი არკადასის დედა იყო, რომელიც უკვე მხოლოდ ვაჟის დედა იქნებოდა. იმ დროს ბევრმა გიჟად, ბევრმაც იდეალურ, ძლიერ ქალად შერაცხა საკუთარ გონებაში. ამიტომ იყო ის ყველაზე ძლიერი და მშვიდი ახალგაზრდა დედებს შორის.

-კარგად იქნებიან, მალე დარეკავენ, - პერიოდულად იტყოდა და ისევ ფიქრების უსაზღვრო მორევში იძირებოდა.

იმ ღამით ქალაქში სიჩუმე იყო. განსაკუთრებული სიჩუმე კი ერთ-ერთი იტალიური ეზოს პატარა სახლში სუფევდა, სადაც ოთხი უიმედო დედა სიჩუმეს გაეერთიანებინა. მათი დუმილი საოცარი სანახავი იყო. ქალთა დუმილი. დუმდნენ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტი ჰქონდათ სათქმელი. ამ დუმილისთვის უნდა გესმინათ. ოხ, რამდენ შთანთქმულ სიტყვას მოისმენდით.

მზის სხივებს ჰორიზონტზე გამოჩენა ეთაკილებოდა. ამ დუმილის დარღვევა არავის ეიოლებოდა. ის ღამე ალბათ ყველაზე გრძელი იყო, ყველაზე გაწელილი და უსასრულო. ისხდნენ და ფიქრობდნენ საკუთარ სხეულის ნაწილზე, რომელიც არც კი იცოდნენ სად იყო. ეს ტკივილი ოთხ ადამიანს აერთიანებდა. ამ დუმილით კი ერთად ბევრს ამბობდნენ მარტოსულ ღამის არეულ ფიქრებში.

მაგრამ გათენდა! თავხედმა მზემ პირველი სხივებით გამოანათა. ტელეფონზე ზარი კი დუმილის პირველი დამრღვევი აღმოჩნდა. ეს ის წამი იყო, როდესაც უცხო ნომრის ზარიც იმედის მომცემი იყო. არკადასის დედა ტელეფონს დაწვდა, მშვიდად ჩაისუნთა და უპასუხა:

-გისმენთ.

წამიერი დუმილი.

გაეღიმა.

და შვებით აღმოთქმული ერთი სიტყვა:

-შვილო!

 

* * *

მგონი ხანდახან ზედმეტად ღლავენ დედები, თუმცა ეს გრძნობები უკონტროლოა. ვინ იცის როგორი მშობლები ვიქნებით თავად?!

ასეთ მომენტებში დედები მზად არიან შვილს ყველა ცოდვა თუ წყენა აპატიონ, ყველაფერი მიიღონ, ოღონდ კიდევ ერთხელ ჩაიკრან გულში. ხანდახან კი, როგორი ირონიულია, რომ მცირედ წყენაზე ტკენენ გულს ერთმანეთს. ისე კი, რეალურად მხოლოდ ემოციურ წუთებში თუ ვაანალიზებთ მსგავს ფაქტებს.

                                                                

თავი IV

 

-ვინურ? გამარჯობა, - დაბნეული მიესალმა ამი ბუხართან მჯდომ სტუმარს და მამას გახედა, - მამა, ნახე, სტუმრები მოგიყვანე, - კარში ოთხი მეგობარი გამოჩნდა. მოხუცს თბილად გაუღიმეს და გარემო შეათვალიერეს.

-მობრძანდით, - თბილად მიესალმა მოხუცებული ახლადმოსულებს და შვილს შეხვეულ მუხლზე დააკვირდა.

-ეგ რა მოგსვლია?

-არაფერია, დღეს პარაპლანმა მიმტყუნა.

-რამდენჯერ უნდა გითხრა მოეშვი ამ ცაში ფრენას, - განრისხდა აგაბო პაპა. ამი კი კვლავაც მშვიდად იღიმოდა.

-აბა რას ამბობ, ეგ რომ არა ამ ხალხს ვერ გავიცნობდი. ესინი დამეხმარნენ, გაიცანი, - ამიმ სათითაოდ გააცნო ახალგაზრდები. სახელის სილამაზითაც და გარეგნობითაც ყველას ყურადღება კვლავაც ლალუნასკენ იყო მიმართული.

-ღმერთმა დაგლოცოთ შვილო! მოდით, შემოდით, მანდ ნუ დგახართ.

ვენური ფეხზე წამოდგა.

-მე დაგტოვებთ. მამა მელოდება.

-ვენურ, ვეღარ მოგაქციეთ ყურადღება, მაპატიე, - გულწრფელად მოუბოდიშა ამიმ.

-რას ამბობ, სტუმრებს მიხედეთ! მშვიდობიან ღამეს გისურვებთ! - ბიჭმა სახლი დატოვა და მეზობლად, საკუთარი სახლისკენ გზა მთვარის შუქზე გაიკვლია.

 

* * *

-შვილო, თქვენ ხომ არ დაიკარგეთ?-დაინტერესდა ამის ასაკოვანი მამა, რომელიც ამ მხარეში აგერ უკვე ორმოცი წელია ცხოვრობს. ბევრი გზააბნეული სწორ გზაზე დაუყენებია, ბევრს დახმარებია, ბევრი შეუფარებია. ახლო-მახლო აგაბო ყველას უყვარდა. ვინურიც ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც გასაჭირს ყოველთვის როგორც თავად ამბობს, „ყველას მამას“, უზიარებდა.

-არა, ჩვენ სალაშქროდ წამოვედით, შემთხვევით ამის გადავეყარეთ და..

-და მე დავაძალე აქ წამოსვლა, - ბანბეს საუბარი ამიმ გააწყვეტინა, - კარავში ხომ არ დავტოვებდი?!

-კარგი გიქნია, შვილო, - საქციელი მოუწონა მამამ და ჩაის კეთება დაიწყო.

-ტელეფონი არ იჭერს? - იკითხა შეწუხებულმა ვენიმ.

-არა, არც აქ იჭერს და არც იქ, სადაც ერთმანეთი გავიცანით, კიდევ რამდენიმე მეტრი აქედან არსად არ იჭერს. რამე სასწრაფოა?

-არა უბრალოდ, მშობლებმა არ იდარდონ.

-გვიანია, არამგონია ამ დროს დარეკონ, - დაამშვიდა არკადასიმ მეგობარი, - დილით ჩვენ თვითონ დავურეკავთ.

-კარგი, ეგრე იყოს.

ის საღამო სასიამოვნო იყო ყველასთვის. ბევრი ისაუბრეს ახალგაზრდებმა, ერთმანეთი უკეთ გაიცნეს და ამის არასასიამოვნო შემთხვევას დადებითი მხარეც მოუძებნეს.

ბუხართან თბილი საუბრები, ამის მზერა ლალუნასკენ მიმართული და პლედი, იყო ყველაფერი ის, რაც იმ ღამეს ათბობდა.

გამთენიისას კი მზის სხივებიც მიეშველა სითბოს გაღვივებას.

 

* * *

სახლში მისულ ვენურს ბუხართან მჯდომი უცნობი დახვდა.

-გამარჯობათ? - ინტერესით მიესალმა სტუმარს. ჰალეი კი მაშინვე წამოდგა.

-გამარჯობა, ვენური ხომ?

-გიცნობთ?

-არა, არა, მე...

-შვილო, აქამდე სად იყავი? - ოთახში მონადირე შემოვიდა.

-აგაბო პაპასთან საუბრებს შემოვრჩი, - გაჩუმდა და ისევ ჰალეის მიაპყრო მზერა, - სტუმარი გვყავს?

-ხო შვილო, დღეს გორაკთან პარაპლანით ცუდად დაეცა.

-მართლა? ეს რა დღეა! დღეს ამისაც უმტყუნა პარაპლანმა. კიდევ კარგი, ვიღაც ახალგაზრდები დახმარებიან.

-რა დღეა ასეთი, მგონი ამინდის ბრალიცაა, ამ დროს ასეთი ქარები როდის იყო ხოლმე? - ამოიოხრა მოხუცებულმა, - შვილო, ჰალეი დღეს ჩვენი სტუმარია.

-ჩემს ოთახში დაიძინოს, მე დივანზე დავწვები.

-არა, რას ამბობ, - იუარა სტუმარმა.

-სტუმარს საუკეთესო ეკადრება, ამ სახლში კი საუკეთესო ჩემი საწოლია, - გაიღიმა ვენურიმ, - ხო მართლა, შენი სახელი გამიმეორე?

-ჰალეი.

-ჰალეი?

-ჰალეი ტუნგუსკი.

-ტუნგუსკი? დავიბენი, უცნაური სახელი და გვარი გაქვს.

-ასეა.

-საიდანაც მოვდივარ იქ ერთი გოგონა იყო, ლალუნა ერქვა. მხოლოდ მისი გაცნობა მოვასწარი და წამოვედი. როგორც ჩანს, დღეს ჩვენს მხარეში უცნაური ამბები ხდება.

-ლალუნა? ლამაზი სახელია, - გულში ჩაიცინა ჰალეიმ. ლალუნა, თითქოს მეცნობა საიდანღაც, ძალიან ლამაზი სახელია, ლალუნა...