ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

შიში

0 ხმა

ციცი ლომიძე

ბიოგრაფია

 

 

სახელი/გვარი: ციცინო ლომიძე

ასაკი: 22 წლის

მისამართი: აბუსერიძე ტბელის ქუჩა 60ა

დავიბადე 2001 წლის 16 დეკემბერს. ვარ აქტიური, მიზანდასახული, შრომისმოყვარე, საკუთარ თავსა და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის, გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე. ბაკალავრი დავამთავრე ამავე უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის პროგრამა. მიყვარს სოციალური ურთიერთობები, ადამიანების დაკვირვება და მოვლენების ანალიზი. ეს პროცესი და ჩემი პროფესია მუდმივად მეხმარება ფანტაზიის უნარის განვითარებაში. შედეგად, წერის მეშვეობით მნიშვნელოვანი ემოციები, ფიქრები და ნააზრევი გადმომაქვს ფურცელზე. ამასთანავე, ხატვის მეშვეობით მიყვარს ემოციების გამოხატვა. გარდა ამისა, მიყვარს ხელოვნება, მუსიკა, თეატრი და მხატვრობა. ბავშვობიდან სხვადასხვა მიმართულებით ვიდექი სცენაზე.

დიდი ნამუშევრები აქამდე არსად არ გამომიქვეყნებია, თუ არ ჩავთვლით სოციალურ მედიას. feedc.com-ზე მაქვს გამოქვეყნებული რამდენიმე ჩანახატი: (მანდილოსანი ხესთან დგას, ტირის..., 2023); (მხოლოდ სიტყვებით..., 2023); (თვალები, რომლებიც არ გავიწყდება..., 2023).

 

სინოპსისი

 

შიში

ციცი ლომიძე


თავი 1

შენთან... რამდენი სითბოა შენთან... რამდენი გულწრფელი ალერსი რამდენი სიმღერა.. შენთან... ამიტომ გიწოდებ მე მზეს ჩემთვის ნანთებს... ცხრათვალა მზეს დიადს, ამიტომ გიწოდებ მე ჩემს განთიადს...[1] - ისმოდა პიანინოსა და გიტარის საამო ხმები, ერთ-ერთი ძველი უბნის - სოლოლაკის, ერთ-ერთი ძველი სახლის, მეორე სართულის აივნიდან, რომელსაც ერთოდა მომაჯადოებელი და ამავე დროს ქაოსურ ხმათა სინთეზი. ულამაზესი იტალიური ეზოს მცხოვრებლებს ყოველდღე, ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე ან აუცილებლივ ყოველ პარასკევ, შაბათ-კვირას, ამგვარი ჟრიამულის მსმენელნი გახლდნენ. თუ სეზონის ყველაზე ცხელი, მხიარული და აქტიური სეზონი იდგა, ეზოს მსმენელები აპლოდისმენტებით აჯილდოებდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც ყოველდღე, ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე ან აუცილებლივ ყოველ პარასკევ, შაბათ-კვირას, იკრიბებოდნენ ერთ-ერთი ძველი უბნის - სოლოლაკის, ერთ-ერთი ძველი სახლის მეორე სართულზე და მღეროდნენ და უკრავდნენ...

ამ სახლის პატრონი ერთ-ერთი ახალგაზრდის ბაბუა იყო. მთელი უბნისთვის და არა მარტო უბნისთვის, მისაბაძი, სამაგალითო და ძველი დროის წონიანი ფიგურა - პეტრე ჭოხონელიძე. უყვარდა ის საღამოები, როდესაც ბავშვები მასთან იკრიბებოდნენ ბევრს საუბრობდნენ, იცინოდნენ, მღეროდნენ, მხიარულობდნენ... ეს თითქოს იმ ძველ დროს ახსენებდა, როცა მათ ასაკში ბატონმა პეტრემ ცოლი თავად მოიყვანა, ახლა კი უკვირდა რატომ ისხდნენ ეს ახალგაზრდები ასე არხეინად და გაჰყავდათ დრო დაკვრასა და სიმღერაში.

-        ახლა მე ვიტყვი!.. - თქვა მტკიცედ და უცებ ყველა გაირინდა. ჭიქა ხელში აიღო, ჩაისუნთქა და დაიწყო, - თქვენს ასაკში ვიყავი, როცა ჩემი მზეთუნახავი, ჩემი ლამაზი, საყვარელი და ერთადერთი, ირინა შევირთე ცოლად... დიდებული დღე იყო... მზე ნელ-ნელა ეპარებოდა არემარეს, დილიდანვე ეტყობოდა, რომ საკმაოდ დასცხებოდა. სარკეში ვიპრანჭებოდი. საკმაოდ სიმპათიური, წარმოსაჩენი და სასურველი სასიძო ვიყავი...- გახედა შვილიშვილს და თვალი ჩაუკრა, - ბებიაშენი იმ დროის ულამაზესი არსება, არც თუ ისე წარმოსაჩენი გვარიშვილი იყო, თუმცა დავინახე თუ არა მაშინვე ალმური მომედო... მაშინვე ენა ჩამივარდა და მაშინვე გავგიჟდი, რომ არა ჩემი ძმაკაცი შალვა, ალბათ ყბაც კი ჩამოვარდნილი დამრჩებოდა. ეხ... კარგი დრო იყო... შალვა... შალვა... როგორ წავიდა ყველა... შალვა... მურმანი... გიორგი... ყველამ ერთიანად დამტოვა... - გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოვარდა. პეტრემ ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და ცრემლები მოიწმინდა. ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს და ვერ მიხვდნენ როგორ მოქცეულიყვნენ. ეს ის მომენტია, როცა რამე „დამამშვიდებელი“ სიტყვის თქმას ალბათ ისევ გაჩუმება სჯობს. და ვინ იცის რამდენ ხანს გაიწელებოდა ეს სიმშვიდე, რომ არა ჩვენი ირინა. ოთახში შემოცქრიალდა, თან წუხდა ეს როგორ დამემართა შეხედეთ ხაჭაპური დამეწვა, დავბერდი და სკლეროზმაც შემომიტიაო. ხაჭაპური მაგიდაზე დადო და იქ მყოფთ გადახედა, ყველა უცნაურად დაღვრემილიყო... რა მოხდა? სიმღერით არ დაგტოვეთ, რა დაგემართათო უნდა ეთქვა და ამ დროს უეცრად პეტრეში ისევ იმ ახალგაზრდა ბიჭმა გაიღვიძა, რომელმაც უწინ ეს ულამაზესი, ერთადერთი და მშვენიერი გოგო ცოლად შეირთო.

-        ირინა... ჩემო სიყვარულო... ჩემო ერთადერთო და მშვენიერო არსებავ... შენ გაგიმარჯოს! - თქვა თუ არა ისევ თვალები ცრემლებით აევსო, სასწრაფოდ ღვინო გადაკრა და ირინასთან მივიდა, წელზე ხელი მოხვია, ბავშვებს შეხედა და შეჰყვირა, რამე დამიკარითო.

იქამდე ცეკვავდნენ სანამ რომელიმეს წნევა არ აუწევდა ხოლმე, ეს ის ერთადერთი რიტუალი იყო, რომელიც ახალგაზრდობიდან შემორჩათ. ჩართავდნენ მუსიკას ხან მოცარტს, ხან ჩაიკოვს, ხან ბახს და ხანაც შოსტაკოვიჩს და ცეკვავდნენ და ცეკვავდნენ. ხანგრძლივობამ დროთა განმავლობაში იკლო, გული არ დაჰბერებიათ, მაგრამ ფიზიკურად აღარ შეეძლოთ ისე როგორც უწინ, თუმცა არც თავს უტყდებოდნენ და არც ერთმანეთს, ცეკვავდნენ და ცეკვავდნენ...

ბავშვები გარინდულნი უცქერდნენ, ეღიმებოდათ და ერთმანეთს სითბოთი გადახედავდნენ, ყველას თვალებში იგრძნობოდა იმედი, რომლითაც ერთ დღეს ისინიც ასე იცეკვებდნენ... სიყვარულის ყველაზე ხილული, თვალსაჩინო და ნამდვილი მაგალითი თითოეულ მათგანს ირინასა და პეტრეს ხატად ჰქონდათ ქცეული.

-        და ისტორია? - ჰკითხა თეოლინემ, როცა სუფრას დაუბრუნდნენ.

-        რა ისტორია? - გაიკვირვა ბაბუამ.

-        სიყვარულის ისტორია... მერე რა მოხდა იმ მზიან დღეს? - თავი ხელზე ჩამოდო, მაგიდას დაეყრდნო და მოსასმენად მოემზადა.

-        ხოო... რა მოხდა და... შენ მოუყევი ირინა, ბავშვებს აინტერესებთ, რომ დამინახე რა იფიქრე - მაცდურად გახედა პეტრემ თავის გულის სწორს.

-        დაანებე კაცო ბავშვებს თავი, 50 წლის წინ რა მოხდა რაში აინტერესებთ... - გაიკეკლუცა ირინამ.

-        არ უსმენდი კაცო? თქვენი ამბავი მოგვიყევითო. უხ... ეს არაფრის მომყოლი არაა, ისევ მე მოგიყვებით... დავინახე თუ არა მივედი და მივესალმე, აინუნშიც არ ჩამაგდო, კი ვიფიქრე ეს გოგო ვერაა დალაგებული მთელი უბანი ჩემზე გიჟდება და ეს ახალწამოჩიტული როგორ არ მკადრულობს მეთქი. თურმე საწყალი გლდანიდან დადიოდა სოლოლაკში, ფორტეპიანოზე სწავლა დაუწყია და რატომღაც მე არც შევხვედრილვარ და არც ჩემს შესახებ სცოდნია... ძალიან სადა და დახვეწილი იყო, მაშინდელი გოგოებისგან სრულიად განსხვავებული, ალბათ ყველაზე მეტად ეს მომეწონა მასში... გრძელი კრემისფერი კაბა ეცვა, ზემოთ უმკლავებო თხელი პერანგი, გრძელი და სწორი თმა ჰქონდა. გამოხედვა ულამაზესი. მოკლედ, თვალი დავადგი და ვიცოდი, რომ ერთ დღეს ეს მშვენიერი არსება სამუდამოდ შემოადგამდა ჩემს ოჯახში ფეხს...

-           კარგი, კარგი გეყოფა, დააცადე ბავშვებს გართობა - ბუზღუნით შეაწყვეტინა ირინამ - გააგრძელეთ ბავშვებო, ისევ დაუკარით და ვიმღეროთ...

დანიელმა ისევ გიტარა აიღო ხელში და აახმაურა, იქით ნინია მიუჯდა პიანინოს და დაიწყეს მორიგი ჰანგით ტკბობა. ცოტა ხანში პეტრე თეოლინეს მიუცუცქდა და ჩუმად ჩასჩურჩულა.

-        მერე გაინტერესებს რა მოხდა?

გოგონა უეცრად შეცბა, ჩაეცინა და პასუხი თავის მოძრაობით აჩვენა. პეტრესაც მეტი რა უნდოდა, იხსენებდა იმ დროს და ბედნიერებით ივსებოდა. უყვართ მოხუცებს თავიანთი ამბების თხრობა, სხვანაირად ბედნიერდებიან ამ დროს, თითქოს დროში მოგზაურობენ და თავიდან განიცდიან უწინ განცდილს.

-        თავიდან უარს მეუბნებოდა, ნუ დამყვები, ნუ მაცილებ, ნუ დამდევო! წარმოგიდგენია?.. გოგოები ნატრულობდნენ, რომ მათთვის მედევნა, ამან კიდევ ნუ დამდევო... ასე იძახა თუ ისე, ერთ დღესაც სახლში მოვიყვანე და განვაცხადე: გაიცანით ეს ჩემი ცოლია მეთქი, გადაირია საწყალი დედაჩემი, რა დროს შენი ცოლიაო... რამდენი წლის ხარ? - ჩაეკითხა ბაბუა ცნობისმოყვარე გოგონას.

-        16-ის - მორიდებით უპასუხა თეოლინემ.

-        ხოო, შენზე ერთი წლით დიდები ვიყავით, რომ შევირთე და მას მერე კი ვართ ასე სიამტკბილობაში, ხან მე ვაბრაზებ, ხან ის, მარა ეგ ნორმალურია... სიჩუმეს ისევ ჩხუბი სჯობია - თქვა და ულვაშებში ჩაიცინა პეტრემ.

-        მერე თქვენმა მშობლებმა რაო? არ გეჩხუბნენ? - შეპარვით ჰკითხა თეოლინემ.

-        ვინ რას მეტყოდა?! მოვედი და განვაცხადე! ერთი ის კი მითხრეს სად იპოვე ეს ქალი, ვინმე წარმოსაჩენი ან ცნობილი მამის შვილი მოგეყვანაო. ყურადღება ექცეოდა მაგ საკითხს... ირინა არც თუ ისე შეძლებული ოჯახის შვილი იყო, უჭირდათ, მაგრამ რა ექნათ თავი გაჰქონდათ. მეზობლები გასძახოდნენ გაუმართლაო, რა მე არ გამიმართლა? შეხედე ახლაც როგორი ლამაზია ჩემი მშვენება - ყურებამდე გაღიმებული მიშტერებოდა თავის მეუღლეს, რომელთან ერთადაც არა ერთი ჭირი, ლხინი, სირთულე თუ გამოწვევა განევლო.

იმ საღამომ, როგორც ყოველთვის, ბევრი სიმღერით, მუსიკით, ცეკვითა და სადღეგრძელოებით ჩაიარა. გვიან ღამით სტუმრებმა მასპინძლებს მადლობა გადაუხადეს, ბოდიში მოუხადეს შეწუხებისთვის, დაემშვიდობნენ და წავიდნენ... ამ ოჯახში სტუმარი ყოველთვის მოდიოდა, მასპინძლებსაც ძალიან უყვარდათ მათი დანახვა, სხვანაირი მუხტი, ხალისი და ბედნიერება შემოჰქონდათ ოჯახში... ჰოდა, ყველამ იცოდა, ყველამ, რომ ჭოხონელიძეების კარი მათთვის მუდამ ღია იყო!

თავი 2

პეტრესა და ირინას შვილიშვილი ალექსანდრე აბაშიძე გახლდათ. ის ბაბუასავით სიმპათიური, მაღალი, გამხდარი და ახოვანი ყმაწვილია. ყოველთვის ბევრი მეგობარი ჰყავს, სკოლის მეგობრები, უბნის, ზღვის, მთის, ფეხბურთის, კალათბურთის... მოკლედ ყველაფრის, სადაც კი ფეხს დადგამს ყველგან ახალ-ახალ მეგობრებს იჩენს, რომელთაც მუდმივად მოსწონდათ მასთან ერთად ყოფნა და გართობა. ალექსანდრე სხვანაირად კომუნიკაბელური და სხარტი ბიჭია, ხალხი უყვარს და ხალხზე მეტად მათთან ურთიერთობა იზიდავს, არ უშინდება ახალ ადამიანებს და ნებისმიერ ადგილას შეუძლია უცნობს, ძველი დიდი ხნის მეგობარივით გამოელაპარაკოს.

საღამოობით შეკრებები განსაკუთრებით მეგობრებთან ერთად უყვარს, სულ სოლოლაკში იკრიბებიან ბებია-ბაბუასთან. მათაც უყვართ ახალგაზრდები, ახალი სული, აქტიური ჯანმრთელი ბავშვები. ალექსანდრეც ერთი გასროლით ორ კურდღელს იჭერს, თან ბებია-ბაბუასთანაა და თან მეგობრებსაც არ ივიწყებს. მისი თანატოლები: თეოლინე, ნინია, იოანე და დანიელი იმ უბნის ბავშვები არიან. ბავშვობა ერთად გამოიარეს, სანამ ალექსანდრეს მშობლები შერიგდებოდნენ, ის დედასთან ერთად აქ ცხოვრობდა, აქ დადიოდა ბაღში, სკოლაში, აქ თამაშობდა, აქ იზრდებოდა და ეს ადგილიც განსაკუთრებულად უყვარდა. რამდენიმე წელია, რაც მისი მშობლები შერიგდნენ და საბურთალოზე გადავიდნენ. შესაბამისად, სკოლის გამოცვლაც მოუწია და მეგობრებისაც, თუმცა ეს პრობლემას არც მაშინ წარმოადგენდა და არც ახლა. ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას ალექსანდრე ისევ აქეთ ბრუნდება. სახლში, რომელიც ყველაზე მეტად მისია, ვიდრე სხვა რომელიმე ადგილი...

მშობლები ეკონომისტები არიან და სამინისტროდან სამინისტროს იცვლიან. ხან განათლების სამინისტროში მუშაობენ, ხან სოფლის მეურნეობაში, ხანაც თავდაცვაში. მადლობა ღმერთს, ეს პროფესია ყველგან საჭირო და აუცილებელია, ჰოდა ისინიც ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიან, შემდეგ მესამეზე და ასე. ერთმანეთიც სწორედ სამინისტროში გაიცნეს, დაახლოვდნენ, დაახლოვდნენ და ბოლოს დაქორწინდნენ, მერე შვილიც ეყოლათ - ალექსანდრე. ყველაფერი დაიწყო უცნაური და „სხვანაირი“ მზერებით, ამას მოჰყვა ერთმანეთის მოკითხვა, გადაკოცნა, საუბარი. შემდეგ ერთი ადგილიდან მეორეზე დაპატიჟება, გასეირნება და კიდევ უფრო მეტი საუბარი. პრინციპში როგორც ხდება ხოლმე, პაემნიდან პაემანი, ყვავილიდან ყვავილი და საჩუქრიდან საჩუქარი. ბოლოს ხელზე ბეჭედი და ასე აღმოჩნდნენ საზოგადოების გარდაუვალი წეს-ჩვეულების მსხვერპლი. დროთა განმავლობაში კი აღმოაჩინეს, რომ არც ისე გიჟდებოდნენ, არც ისე მოსწონდათ და არც ისე უყვარდათ ერთმანეთი. უბრალოდ თავიდან საზოგადოების, მათი ლაპარაკის სტილისა და გავლენის ქვეშ ექცეოდნენ, მერე ნელ-ნელა მოეშვნენ, მოეშვნენ და ერთ დღესაც გამოაცხადეს ვშორდებითო და დაშორდნენ. კაცმა არ იცის რატომ. ან რა მოხდა. ან როგორ. უბრალოდ ადგნენ და დაშორდნენ.

წლების შემდეგ კი... წლების შემდეგ ისევ შეხვდნენ, ისევ დასხდნენ, ისევ ისაუბრეს და დააფიქსირეს, რომ გაიზარდნენ... აღმოჩნდა, რომ ერთმანეთი იმაზე მეტად დააფასეს, ვიდრე წინათ და თავიანთი ოჯახიც, თავის პლუს-მინუსებით, იმაზე მეტად დააფასეს, ვიდრე წინათ და ადგნენ და შერიგდნენ. თავიდან მოიწყვეს ოჯახური იდილია და შვილთან ერთად საბურთალოზე გადავიდნენ.       

რაც შეეხება უბნის ბავშვებს...

თეოლინე ბებიასთან იზრდება, იმ ეზოშივე ცხოვრობს, სადაც ალექსანდრე ცხოვრობდა. უბრალოდ ბავშვებს თავისთან ხშირად ვერ ეპატიჟება, ბებოს წნევები აწუხებს და ხმაურისა და ალიაქოთის თავი არ აქვს. ამიტომ გოგონა იქვე, ერთი სართულით ზემოთ ადის და საჭიროების შემთხვევაში წამშივე ჩნდება მის აღმზრდელთან, უფრო სწორად, მთავარ ქალსა და პიროვნებასთან მის ცხოვრებაში. მშობლები ძირითადად სახლში არ არიან, დედა სტიუარდესაა და ხან სად დაფრინავს და ხან სად. მამა ფსიქოლოგია, რომელსაც არასდროს არ ჰყოფნის სწავლა და ქვეყნიდან ქვეყანაში ინაცვლებს, მუდმივად ახალ-ახალი უნივერსიტეტებისა და განათლების ძიების პროცესშია. ისინი ერთმანეთს ძირითადად უცხო ქვეყანაში ხვდებიან და ქალებს საქართველოში ინტერნეტის მეშვეობით ელაპარაკებიან.

თეოლინე წყნარი, მშვიდი, კეთილი და საყვარელი გოგონაა. სახეზე შეხედვისთანავე შეატყობ მის სინამდვილესა და სინაზეს. ძალიან სათნო და ლამაზი გამოხედვა აქვს, თვალები მუდმივად უბრწყინავს, სულ იღიმის და პოზიტივს აფრქვევს. ამიტომაც უყვარს ხალხს მასთან ურთიერთობა და შეხვედრა. არასდროს არ ეშლება და არ ავიწყდება, სხვა ადამიანების მოკითხვა, სიახლეების გამოკითხვა და მომავალზე იმედით საუბარი, რომელიც სხვებისთვისაც უნებურად გადამდები და სასარგებლოა.

წლების სვლასთან ერთად ის განიცდის, როგორ იზრდება, ვითარდება, იცვლება. იმასაც განიცდის თუ როგორ ბერდება, ჭკნება და ილევა ბებიაც. კარგად ამჩნევს, რომ ეს ორი პროცესი თანმიმდევრული და შეუქცევადია. ერთის წინ წასვლა იწვევს მეორის უკან სვლას. ამ საკითხთან დაკავშირებით სევდა და ნაღველი სულ ჰქონდა თეოლინეს, მაგრამ ამაზე ღიად ბებიას არასდროს ელაპარაკებოდა. ეშინოდა ისიც არ შეეშინებინა, ბოლოს და ბოლოს ხომ ეს ძალიან, ძალიან ადამიანური გრძნობა და მოვლენაა... ის, რაც თითოეულ ჩვენგანს აშინებს...

პატარაობიდანვე ნანა ბებიამ ატარა საყვარელი ბავშვი ბაღში, ცეკვაზე, სიმღერაზე, ხატვასა და ფორტეპიანოზე. თავის დროზე ოპერის მომღერალ ქალს კარგად ესმოდა თუ რა დიდი და მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა ადამიანისთვის ხელოვნებას. რამხელა სულიერი საზრდო და ძალა გააჩნდა მის თითოეულ მიმდინარეობას, ამიტომაც სურდა მისი შვილიშვილი ყველა მიმართულებას გასცნობოდა და თავად აერჩია თუ რომელი ჰორიზონტით გააგრძელებდა სვლას. ჭკვიანმა თეოლინემ ღრმა ბავშვობიდანვე იპოვა ის ადგილები, სადაც სიმშვიდეს პოვებდა, ეს იყო ხელოვნება, ბებიას გარემოცვა და ტაძარი. დიახ, ტაძარი!.. უცნაური ის არის, რომ გოგონამ ეს სივრცე თავად აღმოაჩინა, სხვისი მითითებისა თუ მიბაძვის გარეშე.

მერვე-მეცხრე კლასში იქნებოდა, როდესაც კლასელებმა „შატალოზე“ წასვლა გადაწყვიტეს, მაშინ ძალიან აქტუალური და სამხიარულო აქტივობად მიაჩნდათ, ახლანდელთან შედარებით, როცა სკოლიდან გაპარვა პირდაპირ სახლთან ასოცირდება. დამშვიდობებისას, თეოლინემ სახლში წასვლის ნაცვლად გასეირნება არჩია. ბევრი იბოდიალა ქუჩებში თუ ცოტა, იქვე გიმნაზიასთან, ქაშვეთის ტაძარს მიადგა, საიდანაც გალობისა და ლოცვის ხმა შემოესმა. შეამჩნია, რომ ხალხი შიგნით იდგა და ამ პროცესს ესწრებოდა, თვითონ ასე არასდროს მოქცეულიყო, დააინტერესა და შევიდა. სივრცე იმდენად მშვიდი და საოცრად მომნუსხველი იყო, უკან გამოსასვლელი გზა ვეღარ გამოიკვლია და მსახურების ბოლომდე დარჩა... ყურადღებით ათვალიერებდა მოხატულ კედლებს, დიდებულად მოჩუქურთმებულ ხატებს, გარშემო ადამიანებს, რომლებიც გალობის ხმით გარინდულიყვნენ. ზეცაში ჰაერი საოცარი მელოდიებით ივსებოდა. ლოცვის დამთავრების შემდეგ, ეზოში გამოვიდა და იქვე კუთხეში წყალი დალია. მიხვდა, რომ ყოველთვის როცა მოესურვებოდა ეკლესია ხალხითა და გალობით სავსე არ იქნებოდა, არც იცოდა კიდევ როდის იყო შესაძლებელი იმ გრძნობის გამეორება, რაც მას ერთი ნაბიჯის გადადგმისთანავე დაეუფლა. უნდოდა ვინმესთვის ეკითხა, ვინმე ისეთისთვის, ვისაც ამაზე პასუხი ექნებოდა, მაგრამ ვერ მოძრაობდა, თითქოს ერთ ადგილას გაშეშებულიყო. თავის თავთან ლაპარაკი დაიწყო, რა მჭირს რატომ ვერ ვმოძრაობ, ვინმეს რატომ ვერ ვეკითხები, რა არის ამაში სამარცხვინოო... სამარცხვინოო?! და ის მიხვდა, მიხვდა, რომ უბრალოდ რცხვენოდა ვინმესთან მისვლა და იმის კითხვა თუ როდის იქნებოდა კიდევ გალობა. ხალხი ტაძრის ეზოსაც კი ტოვებდა, საეჭვო იყო, რომ ვინმე ამაზე ისაუბრებდა და თეოლინე ამას გაიგებდა. ბევრი შფოთის, ნერვიულობის, დაძაბულობისა და წვეთ-წვეთად სახეზე ჩამოსული ოფლის შემდეგ ნაბიჯი გადადგა და მესანთლესთან მივიდა.

-        გამარჯობა...

ქალმა თავი ისე დაუქნია ზემოთ არც ამოუხედავს.

-        გალობა კიდევ როდის იქნება?

-        ბატონო? - მხოლოდ ახლაღა ასწია თავი მესანთლე ქალმა.

-        აი გალობა... წეღან, რომ იყო... კიდევ როდის იქნება? - კიდევ უფრო დარცხვენილმა და შეშფოთებულმა იკითხა გოგონამ, რადგან უკან დასახევი გზა აღარ რჩებოდა.

-        ყოველ ლოცვაზეა და წირვაზეც, შაბათ-კვირას... - რას მეკითხებაო გაიფიქრა ქალმა და ისევ ფულის თვლა განაგრძო.

-        რომელ საათზე? - არ ნებდებოდა თეოლინე.

მხოლოდ ახლაღა მიხვდა ქალი, რომ ამ პატარა ბავშვმა არაფერი იცოდა. ფეხზე წამოდგა, წინ წამოიწია და უთხრა, - შაბათობით, საღამოსაა ლოცვა, 5 საათზე იწყება. კვირას წირვაა, დილით 9 საათზე, გარდა მაგისა დღესასწაულებზე... მოძღვარი არ გყავს?

-        არა.

-        ჰო, კარგი იქნება თუ გეყოლება... აღსარებას ჩააბარებ, შენს ამბებს მოუყვები, რჩევებს მოგცემს, კითხვებზე გიპასუხებს და ნებისმიერ დროს დაგეხმარება... - მზრუნველი გამომეტყველებით გაუღიმა ქალმა პატარა გოგონას.

-        კარგით, მადლობა. - უთხრა და სასწრაფოდ კიბეზე აირბინა. სახლის გზას გაუყვა, აინტერესებდა ეს როგორ ან რანაირად უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ვეღარ შებედა, ისედაც საკმაოდ ინერვიულა უცხო ქალთან საუბრით.

ამის შემდეგ თეოლინე თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ტაძარში მოდიოდა. ძირითადად შიგნით იდგა და უსმენდა მღვდელს, მედავითნეს, მგალობლებს... ამ ადგილას სიმშვიდის უშრეტი წყარო ეპოვა, სიმრთელისა და ერთიანობის. ის, რაც ასე აკლდა მას, მშობლებისგან დატოვებულ შვილს... ბებია კი არაფერს აკლებდა და ვინ იცის იქნებ მშობლებზე მეტადაც კი უყვარდა, მაგრამ... მშობელი, მაინც მშობელია, თუნდაც იმიტომ, რომ ასეა მიღებული, ეს წესია და დაუწერელი კანონი. მეგობრები სულ მათზე ლაპარაკობდნენ, როგორ გაისეირნეს მამასთან ერთად, როგორ წავიდნენ კინოში, თეატრსა და ცირკში, როგორ იშოპინგეს დედებთან ერთად, როგორ წავიდნენ მათ დაქალებთან ერთად ყავის დასალევად და როგორ გაიპრანჭნენ ერთად ვახშმისთვის. ეს ხომ ის იყო, რაც თეოლინეს მხოლოდ წარმოსახვით სამყაროში ან ფილმებში ენახა. უყვარდა სხვების მოსმენა, რადგან სულ აინტერესებდა რას აკეთებდნენ შვილები მშობლებთან ერთად ან რა უნდა გაეკეთებინათ. უსმენდა, უსმენდა, მერე სეირნობდა, წარმოიდგენდა თვითონ როგორ დადიოდა დედ-მამასთან ერთად სხვადასხვა ადგილებში, როგორ ვახშმობდნენ და როგორ თამაშობდნენ. შებინდებულზე კი სახლში მიდიოდა, ბებიას ეხუტებოდა და მაგიდას ორი კაცისთვის აწყობდა, ერთმანეთის პირისპირ. ნეტავ გენახათ რა ლამაზი სანახაობა იყო - ბებია და შვილიშვილი. უმცროსი და უფროსი თაობის წარმომადგენლები. სწორხაზოვანი სიცოცხლის პროცესის პოლუსები, ახალდაწყებული და დამამთავრებელი. ბევრს იცინოდნენ ხოლმე, ერთმანეთს თავიანთ ამბებს უყვებოდნენ. ნანა ბებია იხსენებდა თავისი ბავშვობისა და ახალგაზრდობის ამბებს, სასაცილო და ჭკუის სასწავლებელ ისტორიებს, თეოლინე კი უსმენდა და ხალისობდა. მას ხომ მისი თანატოლებისგან რადიკალურად განსხვავებული პროცესით შეეძლო ტკბობა, სადაც არც არაფერს უშლიდნენ და არც ეჩხუბებოდნენ. ნანამ თავიდანვე ისე გაზარდა, რომ გოგონას არც ჩხუბი სჭირდებოდა და არც საყვედური, კარგად იცოდა სად, როგორ და რანაირად უნდა მოქცეულიყო. როცა ჭორაობით დაიღლებოდნენ ნარდის, ჭადრაკის, კარტის თამაშზე გადადიოდნენ. ამასობაში, მშობლებიც რეკავდნენ და ციფრული მოწყობილობებით მიდიოდა ერთმანეთის ამბებისა და სიყვარულის გაზიარება. შემდეგ კი, გოგონას ძილის დრო მოდიოდა. ყველა წვებოდა და იძინებდა, როგორც ქალაქის თითოეული მაცხოვრის ტიპური ქცევა.

თავი 3

თეოლინეს დედა, მარია ბუთხუზი, ძალიან ლამაზი, ეშხიანი, მიმზიდველი და თვალშისაცემი ქალი იყო. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომაც აირჩია ჰაერში ყოფნა, გამუდმებით ხალხის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანა, და რადგან სტიუარდესის პროფესიას სჭირდება და მოითხოვს კიდეც სილამაზეს, რა უნდა ექნა?! ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში გადაეწყვიტა, რომ მისი გარეგნობის პატრონს მხოლოდ ეს პროფესია თუ დაამშვენებდა. საყურადღებოა ისიც, რომ მას გამუდმებით მოსწონდა სარკის წინ ტრიალი, უზომოდ დიდ დროსა და ენერგიას უთმობდა ფორმაში ყოფნას. მაკიაჟის აქსესუარებს აქსესუარებზე ყიდულობდა და სამკაულს სამკაულზე. საუბარი აღარ მაქვს სამოსზე, რომლებიც ფერებისა და ფორმების მიხედვით ჩაწიკწიკებული ჰქონდა სახლის უშველებელ გარდერობში. რამდენადაც ხიბლავდა და მოსწონდა თავის პროფესია, იმდენად არ მოსწონდა ის დრესკოდი, რომელიც რუტინული და ერთფეროვანი იყო. გამუდმებით ერთ სტილსა და ფერებში უნდა სცმოდა, მხოლოდ მაკიაჟის ფერების ცვლა შეეძლო, ისიც მხოლოდ გარკვეულ ფერებში, მკვეთრ ფერებს მის სისადავეს ვერ შეურევდა, მერე რომ ბორტზე ვინმე გადაერია და ამის გამო ის ვინმე ცუდად გამხდარიყო რა უნდა ექნა ამდენ ხალხს შორს, ჰაერში, მიწიდან კილომეტრების მოშორებით?!.. ალბათ თავად იმ ვინმეს უნდა ეყოჩაღა და გაეძლო მიწაზე დაფრენამდე. და რადგან, მარია უზომოდ დიდ დროს ატარებდა ფრენებსა და ჰაერში, სად და ვინ უნდა გაეცნო, ან რა ურთიერთობა უნდა ჰქონოდა, ან რა პაემნებზე უნდა ევლო?.. სწორედ ამიტომ, ცხოვრებამ ბედის ბორბალი სწორედ მის სასიკეთოდ დაატრიალა და 23 მაისს, რეისზე თბილისი-პარიზი, თანამშრომელს ჩაენაცვლა. რა იცოდა იმ თანამშრომელმა, რომ თურმე მარიას ბედზე ცივდებოდა და მისი ავად გახდომა აუცილებელიც კი იყო... 

-        მოგესალმებით, ჩვენ ახლა საქართველოში ვიმყოფებით და ფრენას საფრანგეთის, კერძოდ კი პარიზის მიმართულებით ვანხორცილებთ... 

დანარჩენი რა თქვა აღარ ესმოდა იმ დროის ჯერ კიდევ მაგისტრატურის სტუდენტ ზაზა კალოშვილს. იმ ხმამ, რომელიც ყურში ჩაესმა, და შემდეგ სრული სამყაროს ნაწილი გახდა, ტკბილი იავნანასავით დაამახსოვრა თავი. იმ ბგერებში დაიკარგა და ვეღარც კი შეძლო რეალობაში დაბრუნებულიყო. ის ის იყო, მელოდიური ხმა შეწყდა, რომ იგრძნო როგორ დასცხა და როგორ გაუჭირდა ჰაერის ჩასუნთქვა, როგორ გაუშრა პირი და ალბათ როგორ აუვარდა წნევა, რა უნდა ექნა?! ღილაკს ხელი მიაჭირა და სტიუარდესა გამოიძახა. თან წყლის და თან ამ მომნუსხველი ხმის გარეგნობის ხილვის მოლოდინით. ბედმა ზაზასაც გაუმართლა და მარია თავზე დაადგა:

-        დიახ, გისმენთ... - ამ ორ სიტყვაზე კიდევ უფრო დამუნჯდა ზაზა და ფერი საერთოდ დაკარგა. თვალებდაჭყეტილი, ენა ჩავარდნილი უცქერდა ისეთ სილამაზეს, რომელიც ცხოვრებაში არ ენახა. ღმერთო რა ლამაზიაო ფიქრობდა და ენანებოდა კიდეც თავისთვის ასეთი სილამაზე.

-        ბატონო, ცუდად ხომ არ ხართ?! წყალი... სასწრაფოდ წყალი... - გასძახა თანამშრომლებს.

სულ რამდენიმე წამში ბიჭი სტიუარდესა მოვარდა ორი ჭიქა წყლით, ერთი მიაწოდა და მეორე სახეზე აპკურა.

-        საპირფარეშოში ხომ არ წამობრძანდებოდით? წყალი სახეზე შეისხით და შემდეგ ჩვენთან შეგიყვანთ, ვენტილაციასაც ჩაგირთავთ...

რა უნდა ექნა ზაზას, სამყარო ყველანაირ შესაძლებლობას აძლევდა. ჰოდა გაჰყვა. საპირფარეშოში წყალიც შეისხა და სტიუარდესების სკამიც დაიკავა. ვინტილაციაც ჩაურთეს და პერიოდულად თითოეული მათგან ეკითხებოდა უკეთ ხომ ხართო. ზაზასაც მეტი რა უნდოდა, მოფერიანდა, მაგრამ ბოლომდე „კარგად“ მაინც არ ხდებოდა. დიდხანს წელა ეს პროცესი, თუმცა იყო წესები, რომლებსაც სტიუარდესები ვერ შეცვლიდნენ. ამიტომაც როცა ნამდვილად შეატყვეს, რომ ის გამოკეთდა თავის ადგილას დაბრუნება სთხოვეს. ზაზაც რას იზამდა ადგა და წავიდა, ისევ მოხუცების გვერდით მოუწია დაჯდომა, რომლებმაც გულიანად მოიკითხეს ეს ყმაწვილი და მათი გამომცხვარი კექსიც კი შესთავაზეს. ზაზა ბედნიერი იყო იმ სამყაროთი, რომელშიც ცხოვრობდა და კიდევ ერთხელ რწმუნდებოდა იმ აზრში, რომ ადამიანობაა ის ერთადერთი, რითაც კაცობრიობას შეუძლია, რომ გადარჩეს. მისთვის სრულიად უცხო ხალხი, უცხო ადგილას, ცაში, კილომეტრებით შორს მიწისგან, სამშობლოსგან, სახლისა და ახლობლებისგან იყვნენ ადამიანები, რომლებიც გვერდში ედგნენ, ამხნევებდნენ და მასზე ზრუნავდნენ. მეორე მხრივ, შესაძლოა ეს მათი სამსახურიც კი იყო, მაგრამ მოხუცებს ნამდვილად არ აქვთ სხვისი გამასპინძლების ვალდებულება. ან ვინ იცის?! იქნებ ეს სწორედ კულტურული ვალდებულებაა, კულტურული ტრადიცია, დასწავლილი ქცევა, დიახ! ვალდებულებაც კი. თუმცა ზაზა მაინც თავის აზრზე რჩებოდა, რაც არ უნდა იყოს თუ ადამიანს არ უნდა მაინც არ გააკეთებს, გინდა მოვალეობა იყოს და გინდა ვალდებულებაო.

ზოგადად, ზაზა საკმაოდ ღრმა ადამიანი გახლდათ, უყვარდა ყველაფერი, რაც აბსტრაქტულია. აინტერესებდა ფსიქოლოგია, ფილოსოფია, მეცნიერება, დამტკიცებული და დაუმტკიცებელი ფაქტები და მოვლენები, სამყაროში არსებული პროცესები. გიჟდებოდა მხატვრულ ლიტერატურაზე, წიგნებზე, რა გასაკვირია, რომ მისი საყვარელი ადგილიც სწორედ ბიბლიოთეკა გახლდათ. ჯერ მარტო ვიზუალით რა ლამაზია, უშველებელი წიგნის ხის თაროები, რომლებზეც ჩაწიკწიკებული აწყვია სხვადასხვა ფორმის, ზომისა და ფერის წიგნები. წარმოიდგინეთ რამდენი ავტორი, რამდენი ამბავი, რამდენი გამოცდილება და რამდენი ისტორიის შემნახველია თითოეული თარო. საინტერესოა, ამ სიმძიმეს როგორ უძლებსო, სულ ეს კითხვა უტრიალებდა ბატონ ზაზას წიგნების შემხედვარე. და მაინც არ ბეზრდებოდა. დადიოდა ერთი ბიბლიოთეკიდან მეორეში, მეორიდან მესამეში. იცვლიდა ქვეყნებს ერთიდან მეორეს, მერე მეორიდან მესამეს და ასე დაუსრულებლად. იკვლევდა მათ კულტურებს, ტრადიციებს, ადათებსა და ჩვეულებებს. მოსწონდა მათი სახე-სხვაობა მწერლების ნაწარმოებებსა და წიგნებში. იკვლევდა ადამიანთა ფსიქოტიპებს, მათ დამახასიათებელ ნიშნებსა და პიროვნულ განსხვავებებს. უყვარდა მათი დაკვირვება, მათი გაცნობა და საუბარი. აქტიურად დადიოდა დღესასწაულებზე და აქტიურად უსინჯავდა გემოს უცნობ თუ ნაცნობ კერძებს.

მსგავსი გამოცდილების დრო ნაკლებად ჰქონდა მარიას. ქვეყნების, ქალაქების, ზღვების, ტბებისა და ოკეანეების დათვალიერება მხოლოდ ციდან შეეძლო თვითმფრინავის მეშვეობით. ჰავიდან ჰავას იცვლიდა და ქვეყნიდან ქვეყანას. ჩიტივით დაფრინავდა და დაფრინავდა, გაჩერება არ შეეძლო. ძალიან უყვარდა თავის საქმე და სულ რეისიდან რეისზე გადადიოდა.

ზაზამ ეცადა მომნუსხველი ხმის პატრონის სახელი და გვარი გაეგო, თუმცა ვერ შეძლო. როცა ავიაკომპანიაში დარეკა ასე უთხრეს, ჩვენი თანამშრომლების პირადი მონაცემები კონფიდენციალურიაო. ჰოდა რა უნდა ექნა ზაზას, მხოლოდ ის იცოდა თუ რომელ ავიაკომპანიაში მუშაობდა გოგონა. პარიზში ჩაფრენისთანავე ფრენების განრიგი იხილა. მისი გამოთვლით, ავიაკომპანია „თოლიის“ შემდეგ რეისზე, რომელიც პარიზიდან მიფრინავდა ბრიუსელის მიმართულებით, უნდა მომხვდარიყო, რათა კიდევ ერთხელ ეხილა ის მშვენიერება. მიუხედავად პარიზში არსებული 5 დღიანი კონფერენციისა, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესო ფსიქოლოგები ესწრებოდნენ და ზაზაც ერთ-ერთი მსმენელი და მომხსენებელი იყო, არ დალოდებია მისი პრეზენტაციის დღეს. ჩაფრენიდან ორი დღის შემდეგ ბრიუსელის მიმართულებით ფრენას გაჰყვა. აეროპორტში წასვლამდე ყვავილების მაღაზიაში გაიარა, ულამაზესი ვარდების თაიგუ

მიმდინარე ტური არ არის აქტიური