ყვითელი და ლურჯი
0 ხმა

დავით ჩიკვაიძე
მოგესალმებით, მე გახლავართ დავით ჩიკვაიძე 22 წლის ახალგაზრდა, რომელმაც სულ ახლახანს დაასრულა უნივერსიტეტი და ცდილობს საკუთარი თავის პოვნას სხვადასხვა სფეროებში: იქნება ეს ჩემი პროფესიის გარეშე თუ სხვა, მიზნად მაქვს მაგისტრატურის გაგრძელება უცხოეთში და ცხოვრებაში მაღალი საფეხურების მიღწევა ( რაშიც ბევრი რამ მოიაზრება იქნება ეს PH-D, ცნობილ კომპანიებში მუშაობის დაწყება და სხვა). დავასრულე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, სიმართლე რომ ვთქვა, ალბათ როგორც სხვა დანარჩენ ახალაგაზრდებს მეც იმიტომ ჩავაბარე, რომ ოჯახისთვის მესიამოვნებინა, სინამდვილეში კი ნამდვილად არ ვიცოდი იმ პერიოდში რა მინდოდა,(არც ახლა ვიცი, თუმცა მაგისტრატურის გაგრძელება ერთ-ერთი უპირატესობაა ჩემი მომავალი კარიერისთვის, ასე რომ თითქმის „სავალდებულოდ“ ვთვლი). ჩვეულებრივი ცხოვრება მქონდა, არაფერი განსაკუთრებული, ოჯახი მუდმივად ცდილობდა ეზრუნა ჩემზე, მამა არ მყავდა, სწორედ ამიტომ ეს 4 ქალი ( ორი ბებია, დედა და დეიდა) ძალისხმევას არ იშურებდნენ, რომ ყველაფერი მქონოდა. ასეც იყო. ჩიტის რძეც კი არ მაკლდა, რისთვისაც ჩემი ოჯახის ძალიან მადლობელი ვარ. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა (და მიდის) თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დეტალს რაზედაც შემდეგ ვისაუბრებ, როდესაც ჩემი ნამუშევრის მიმოხილვაზე გადავალ. მოკლედ, როგორც სხვა უმეტესობა ადამიანებისა მეც ასე დავიარები ამ დედამიწაზე და ვვარსებობ.
აქამდე, გამოქვეყნებული არ მაქვს არცერთი ნამუშევარი და ვიმედოვნებ, რომ მომავალში ასე აღარ იქნება. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე ამ შანსის გამოყენება და ამ კონკურსში მონაწილეობაც. უშუალოდ, ახლა გადავიდეთ ჩემს ნაშრომზე, მე მას ნაშრომსაც ვერ ვუწოდებ, ის არის უბრალოდ ყმაწვილკაცის ჩანაწერები ეგზისტენციალიზმზე, ცხოვრებისეულ სირთულეებზე, საკუთარი პიროვნების შინაგან შეცნობაზე და გამკლავებებზე. მინდა შემოგთავაზოთ ორი-სამი მონაკვეთი, რომელიც თარიღების მიხედვით მაქვს ჩაწერილი, ყოველი დაწერის წინ ვუთითებდი იმ დღის თარიღს, წელს, დროს და ასევე ადგილმდებარეობას. ერთ-ერთი ჩანაწერი მინდა შემოგთავაზოთ ავსტრიიდან, სადაც სასწავლებლად ვიყავი წასული და იქაური ჩემი შინაგანი მდგომარეობის გადმოცემას ფურცელი მივსებდა. ამ ჩანაწერების რვეულს კი ქვია: „ამაო ცხოვრებაზე ფიქრები“.
20 ოქტომბერი, 09:42- თბილისი, 2022 წელი
ეს ბოლო ხანებია რეალობის შეგრძნება დავკარგე, თავს ისე ვგრძნობ თითქოს მგონია ეს ყველაფერი ილუზიაა, და რაღაცის მოლოდინში ვარ. უფრო უკეთ, რომ გადმოვცე, აი როდესაც გძინავს და სიზმარს ნახულობ და ხვდები სიზმარში ხარ, იცი დასრულდება და გაგეღვიძება, სწორედ ეს მოლოდინი მაქვს ყოველდღურად, რაღაცას ველოდები, ოღონდ რას მე თვითონაც არვიცი. ხანდახან ისე შემომიტევს ხოლმე ფიქრები ჩემს კომპლექსებზე და ნაკლოვანებებზე, რომ ვეღარ ვერევი, ვაძლევ საშუალებას ბოლომდე გაიაროს გონების ყველა კუნჭული და თავისით გაქრეს როდესაც სხვა რამეზე გადავიტან ყურადღებას.
დარწმუნებული ვარ უკვე, რომ როდესაც ერთი ინდივიდი გრძნობს რაიმე სტრესულს, დეპრესიულს და გონია მარტო თვითონ არის ეგრე, ეს არის სრულიად აბსურდი, რადგანაც ამხელა სამყაროში, ყოფილან არიან და იქნებიან ადამიანები, რომლებიც ზუსტად იგივეს ფიქრობენ და შესაძლოა განიცდიან კიდევაც. ეს ერთგვარი პარადოქსია ადამიანის ბუნებისა, დაბადებიდანვე რომ მოყვა ჯერ კიდევ პირველი ადამიანიდან დაწყებული. ამ ბოლო თვეების განმავლობაში ახლა ვხდვდები თუ რამხელა სტრესი დავატანე გონებას, რადგან ეს გადაღლა საბოლოოდ ისახება გონზე და ასევე სულზეც, უცნაური კი ის არის, რომ როდესაც დასვენებული და მშვიდად ხარ სულაც არ გახსენდება ის დაუცველობები, რომელიც დაღლილზე გახსენებს თავს, მაგალითად გუშინ სამსახურში ყოფნის დროს ვფიქრობდი... დიდი ხანია მივხდვი, რომ ხალხთან დიალოგი მიჭირს, რადგან რაც არუნდა ვთქვა ყველაფერი ამპარტავნულად გამომდის, საუბრის დროს სხვა ადამიანთან ვცდილობ ვიყო ბუნებრივი, თუმცა ხელოვნურ გამოვლინებებს ვურთავ, ამ შუალედში ყოფნის დროს კი მგონია უინტერესობის შთაბეჭდილებას ვტოვებ. თუმცა ის მაბრკოლებს, რომ იქნებ ის ქმედებები და სიტყვები იმდენადაა ჩვენში ხელოვნურად კრისტალიზირებული, რომ უკვე ვეღარც ვარჩევთ ნამდვილად ბუნებრივი გამოვლენა რომელია. ამის ერთადერთი საშუალება კი გონების მოსმენა გულის ხმის შერწყმასთან ერთადაა შესაძლებელი. აი მაგალითად, თუ ვხვდები, რომ ხალხთან ურთიერთობის დროს თავს ვერ ვგრძნობ გახსნილად უბრალოდ გავერიდო ან ჩუმად ვიყო. მგონი მარკუს ავრელიუსს აქვს შესანიშნავი დარიგება თუ როგორ ავიტანოთ საზოგადოება: „ჩვენი მოთმინება უნდა ვავარჯიშოთ ხელოვნურ საგნებზე, რომლებიც მუდამ ხელს გვიშლიან რაიმეს კეთების დროს, თუ ამაზე გავწვრთვნით ჩვენს გონებას, ეს მარტივად შეგვიძლია გადავიტანოთ ადამიანებზეც, როგორც ჩვენი მისწრაფებების ხელის შემშლელნი, აკეთებენ თავიანთ ბუნებისგან ბოძებულ საქმეს, და ისევე ურიგო იქნება მათზე გაბრაზება, როგორც იმაზე, რომ ქვა გდია გზაზე“.(მარკუს ავრელიუსი, „სიბრძნის ენციკლოპედია“)
დასაწყისში ვახსენე რეალობის შეგრძნება დავკარგე თქო, ეს ბოლო რამდენიმე კვირაა რაც დამეწყო, თითქოს ვცდილობ ყველაფერს კარგს, თუმცა არც კი ვიცი ნამდვილად რა არის კარგი და რას უნდა ვაკეთებდე. მჯერა გადაივლის ეს მართლაც არაფრის მომცემი სტრესული ფიქრები, როგორც ყოველთვის და წლების შემდეგ თუნდაც ამის წაკითხვის დროს უბრალოდ გამეცინება.
23 ოქტომბერი (01:13 თბილისი) 2022 წელი
ადამიანისთვის არაფერი საკმარისი რომ არ არის, ეს უკვე ცნობილი ფაქტია, ეს გამოწვეულია იმ უკმაყოფილების და შეუვსებლობის შეგრძნებით, რომელსაც განიცდის სწორედ იმ მომენტში მიზანს, რომ მიაღწევს. ყველაზე საშინელი მდგომარეობა ალბათ ერთ ადგილზე „გაყინვა“ და ყველანაირი მოტივაციის გარეშე ყოფნაა. თითქმის ასეთი რაღაც მჭირს ამ ბოლო დროს, იმდენად მაქვს გონება შეიძლება ითქვას დაძაბული, გადატვირთული, ფსიქოლოგიურად იმდენად „გაბუჟებული“ ვარ (ამ შემთხვევაში გაბუჟებაში იგულისხმება იმდენად ცუდად, რომ ვეღარც კი ვიაზრებ), ცხოვრების მომენტები უკვე სიზმრებად იღქმება. ხალხთან ურთიერთობა ისევ არ შემიძლია, აუდიტორიაში ან სამსახურში მართლაც უამრავი ადამიანია, რომელთაც შეიძლება გაესაუბრო, მაგრამ არა, ვამჯობინებ რობოტივით მივიდე შევასრულო ჩემი უაზრო მოვალეობა და წამოვიდე ისევ სახლში, ან მარტოსულივით დავჯდე რომელიმე კაფეში; აი, ეს მაცოფებს და მაინტერესებს ნეტავ ადამიანთან უფრო გოგოსთან, როდის შევძლებ ნორმალური ურთიერთბის დამყარებას.
ისე სიმართლე, რომ ვთქვა არასდროს გამოვირჩეოდი ლაპარაკის და კარგი მანერების თავისებურებებით ადამიანებთან მიმართებაში, მეგონა ყოველთვის უინტერესოს შთაბეჭდილებას ვტოვებდი და მაშინ როდესაც ვცდილობდი მომეშორებინა ეს ხელოვნურობა (რომლითაც გამოწვეული იყო უინტერესობა) და საკუთარი თავი მეჩვენებინა უბრალოდ ხმას ვერ ვიღებდი; ბევრი ამას მიაწერს უკიდურეს ინტროვერტობას, რომელსაც ერთხელ ვიღაცამ უწოდა სახელი ადამიანის მდგომარეობას, სულელი ბრბო კი აყვა და შემორჩა ასე. ვცდილობ, ხოლმე ჩემს თავს შევახსენო, რომ არავიზე უკეთესი ან ნაკლებ განათლებული არ ვარ...
ყოველი წლის გასვლის შემდეგ წინა წლის მონატრება უფრო მიუარესდება, თითქოს უკვე მოხუცი ვიყო და ვათვალიერებ წინა წლის მომენტებს, რომელიც ამა და ამ კონკრეტულ დღეს გადამხდა, ვცდილობ გავიხსენო იმ დღის მნიშვნელოვანი მომენტები და ამით ცოტა ბედნიერებას ვხედავ, მაგრამ მავიწყდება რომ ეს დღე რომელიც ახლაა, წარსულად იქცევა და რასაც არ უნდა ვაკეთებდე (თუნდაც ამ წუწუნს ვწერდე) მომენატრება.
გონებაში ბევრი რამე მაქვს დასალაგებელი და დასახარისხებელი, ხანდახან იმდენად ერთბაშად მომაწვება ხოლმე ყველაფერი, მაგალითად რა უნდა გავაკეთო მომავალში, როდის მოვიყვანო ცოლი, უნივერსიტეტის დასრულების მერე რა ვქნა და ა.შ. ამ ფიქრებზე ნერვები მეშლება იმიტომ, რომ მარტო მე არ მაქვს ეს კონკრეტული ფიქრები. მინდა რაღაცით უნიკალური და განსხვავებული ვიყო, ცხადია ფიქრების განსხვავებულობით ეს არ გამომივა, რადგან დედამიწაზე რაც კი ცოცხალ არსებას უარსებია თითქმის ყველა ფიქრი მოსვლია ვინმეს თავში. რაღაც ჩემს თავს ვეღარ ვიმორჩილებ ვნებების მხრივ ( ნუ ვერც ვერასდროს ვიმორჩილებდი), გამომდინარე იმ ფაქტიდან რომ მინდა ვიყო ვინმე გოგოსთან ისეთ ურთიერთობაში სადაც ყველაფრის კეთება შეგვეძლება, ამავე დროს ვაანალიზებ ჩემი უმოქმედობით ჩემს ფეხებს დავითრევ ვინმეს. ხანდახან გოგოებზე ძალიან მეშლება ხოლმე ნერვები, უნდათ ბიჭი, რომელიც მუდამ აქტიურია, ყოველთვის ეფლირტავება, თავს წარმოიჩენს მაღალფარდოვანი ლაპარაკით,, თვითონ კი მარტო იპრანჭებიან... მოკლედ ახლა ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, რომ გოგო მხოლოდ სექსითვის მჭირდება და სხვა არაფრისთვის, შესაძლოა ემოციური დაცემის დროს ჩახუტებისთვისაც, ოღონდ ეს მას არ ეცოდინება. რა საშინლად ჟღერს ჩემი ბოლო ორი წინადადება, მაგრამ რაც მომდის აზრად და სიმართლეა იმას ვწერ... აზრის გაანალიზება და შემდეგ სწორად გადმოტანა (არც კი ვიცი სწორად როგორ იქნება) საკმაოდ რთულია.
საბოლოოდ დიდი იმედი მაქვს დამიბრუნდება შემართება, რომ რამენაირად შევძლო ბედნიერად ყოფნა და არა დებილივით კომპიუტერთან ჯდომა ან ტიკ-ტოკის სქროლვა.
ვიცი, რომ ცხოვრებაში მძიმე პერიოდების შემდგომ რაღაც ალტერნატივა ჩნდება და ყველანარიად ვეცდები რაც არუნდა ხდებოდეს, მშვიდად მივუდგე ყოველივეს, იმ ალტერნატივის ლოდინამდე კი ამ მომენტით შევძლო სიამოვნების მიღება, სხვა დანარჩენი კი უბრალოდ იმ აზრობრივად სწორ ადამიანურ თვისებებს მოითხოვს, რომლებიც ათასჯერ მაქვს დაწერილიც და გააზრებულიც...
მიმდინარე ტური არ არის აქტიური