ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ფოლადის ფრთები

0 ხმა

ელენე კუპრაშვილი

ბიოგრაფია

მე ვარ ელენე კუპრაშვილი, 34 წლის. დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში. დავამთავრე წმინდა ნინოს სახელობის ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლა. ქუთაისშივე, ბუზღუნით, თუმცა წარჩინებით, დავასრულე მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის #1 სამუსიკო სკოლა, ფორტეპიანოს განხრით. ნათქვამია, ყველაფერს თავისი დრო აქვსო და მეც, ამ პატარა ,,იძულებისთვის“, სტუდენტობიდან დაწყებული, ხშირად ვემადლიერები მშობლებს. სიტყვამ მოიტანა და შემდგომ ამაყად, 100%-იანი გრანტით ჩავაბარე და დავასრულე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. შემდგომ, კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლა და გავხდი ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი.

ჩემი მთელი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროს უკავშირდება. სტუდენტობისას ვმუშაობდი კლინიკაში, შემდგომ ოჯახის ექიმის ასისტენტად სადაზღვევო კომპანიაში. ნელ-ნელა და დამაჯერებლად ავუყევი კარიერულ საფეხურებს. ამჟამად ვარ სადაზღვევო კომპანია ,,არდის“ ხარისხის მართვის ოფისის უფროსი მენეჯერი და კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, ვკითხულობ ლექციებს ბაკალავრის საფეხურზე. ვცხოვრობ თბილისში. მყავს მეუღლე და ორი შვილი.

წერა სულ რაღაც ორი-სამი წლის წინ დავიწყე. ნაწარმოები „ფოლადის ფრთები“ ჩემი დებიუტია. თავიდან, გამხელაც მრცხვენოდა თითქოს. საიტზე www.wattpad.com ვტვირთავდი ხოლმე თითო-ოროლა თავს ფსევდონიმით. პირველი და ერთადერთი „პუბლიკაციაც“ სწორედ ამ საიტზე მოხვდა 2022 წელს, თუმცა მხოლოდ არასრული ვერსიის, რომელიც მალევე წავშალე. ჩემდა გასაკვირად, წიგნს მხოლოდ დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა და ამან გამაბედინა ჩემი უახლოესი წრისათვის გამემხილა ნაშრომი. მათაც შემაგულიანეს და ლაკმუსის ქაღალდად, პალიტრა L-ის ლიტერატურულ კონკურსს მოვაშურე.

ამ მოკლე ბიოგრაფიასაც მცირედი ხელის კანკალით ვწერ და მკითხველისათვის მომინდია ჩემი გულწრფელი განსჯა.

სინოპსისი

ფოლადის ფრთები

სინოპსისი

 

წარმოიდგინე უძველესი ისტორიის ფურცლები. ეპოქა დიდი ილუზიების და უდიდესი აღმოჩენების, წარმოუდგენელი მიღწევების და უკიდეგანო ფანტაზიების. სამყარო, სადაც ღმერთები ოლიმპოდან უცქერენ გმირებს, სადაც წინაწარმეტყველება მეფის სიტყვაზე ხმამაღალია, სადაც მწარეა ბრძოლა გადარჩენისათვის. სადაც ორი უდიდესი ცივილიზაცია გადამწყვეტი ბრძოლისათვის ლესავს მახვილებს. სადაც ბედისწერის უხილავი ხელი მჭიდროდ ახვევს ცხოვრების გორგალს. სადაც სიცოცხლეს დედის მუცლიდან მოსდევს მძიმე მისია. ცხოვრება, სადაც ადგილი დარჩენია სიყვარულს, თავგანწირვასა და ერთგულებას. ისტორია, რომელიც მახვილს, გონებასა და იმედს შორის დარტიალებულა. ზღაპარი, რომელიც ბევრისმთქმელი სიმღერით იღებს დასაწყისს.

ეკტი ბეკტი ბეს

მოერიდე ძმებს.

ერთს აქვს ნათელი დიადი,

მეორეს დააქვს წყვდიადი;

 

თუ მათ გადაეყრები

გზა მიეცი, შეჩერდი!

ერთი ნათლით შეგიტყუებს,

ბნელი დაგწვავს, განადგურებს;

 

წყვდიადი არ იქორწინებს,

მომავალს არ იქონიებს.

ასტარტე[1] თავისას მოხვეჭს,

თან წაიყვანს, არ აცოცხლებს;

 

ნათელი ხალხს გაამარჯვებს,

ისტორიას დაღს დაასმევს.

ბნელი ბრძოლით დაეცემა

ძვლის ჩხარუნის ხმად დარჩება;

 

ერთი ქვეყანას წარმართავს.

ქალღმერთი მსხვერპლს არ დაჰკარგავს!

ეკტი ბეკტი ბეს

მოერიდე ძმებს.

 

ნაწარმოები ორ უდიდეს ცივილიზაციას - კართაგენსა და რომს შორის დატრიალებულებული ომის გადამწყვეტი ეპოქის პარალელურად მიდის.  მკითხველი ერთ-ერთი მთავარი გმირის, პერისტერის თვალებით უცქერს რეალობას. პერისტერი უქონელი ბებიაქალის შვილია, რომელიც უმამოდ იზრდება სიმდიდრის ქალაქში, სანამ ერთ საკრალულ ღამეს, დედას თვით გენერალი ჰამილკარ ბარკა არ მოიხმობს, მისი მელოგინე ცოლის გადასარჩენად. სწორედ იმ ღამით, პერისტერი პირველად შეხვდება ძმებს - ანიჰალს და ჰარტაგოს, გენერლის ტყუპ ვაჟებს. მათი ცხოვრებაც მჭიდროდ და უცნაურად გადაიხლართება ერთმანეთში და პერისტერის რეალობა რადიკალურად იცვლება.

წიგნში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მითოლოგიას და წარმართული რელიგიის კრიზისს, როდესაც ქედმაღალი, უმოწყალო ღმერთები ადამიანების ყოფით სეირობენ. კაცობრიობა კი, პირსისხლიანი, ხშირად არაადამიანური რიტუალებით ცდილობს მათი წყალობის დამსახურებას. გმირებს არაერთი სირთულის გადალახვა უწევთ, როგორიცაა მუდმივი ჭიდილი სამღვდელოებასთან, ბრძოლები, მიგზავნილი მკვლელები და სხვა მრავალი. მათგან ყველაზე მწვავეა დაუნდობელ ბედისწერასთან შერკინება. აღსრულდება თუ არა წინასწარმეტყველება, რომელიც თითქოს მარტივადაა ნათქვამი, როდესაც ერთ მხარეს ადამიანი, მეორე მხარეს კი თვით ღმერთებია?

 


[1] ასტარტე, იგივე ტანიტი - ქალღმერთი, რომელსაც დასავლეთ ხმელთაშუა ქვეყნებსა და სიცილიაში ეთაყვანებოდნენ. მოიხსენიებენ, როგორც სამოთხის დედოფალს.



მიმდინარე ტური არ არის აქტიური