ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

დასაწყისის დასასრული

დასაწყისის დასასრული

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩემი ისტორია არა დაბადებით, არამედ გარდაცვალებით დაიწყო.

           გავიღვიძე. ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა. როგორც ყოველთვის, საწოლს ვერ ვცილდები და ვცდილობ, ბალიშთან ურთიერთობის წუთები რაც შეიძლება მეტად გავწელო. ტელეფონი ავიღე. ფეისბუქზე კარგა ხანს ვიყავი. ბევრი უაზრო ვიდეო ვნახე, თუმცა მაინც ვერ მოვწყვიტე ვერც თვალი და ვერც გონება. ადგომა ისევ ძალიან მეზარებოდა. თითქმის ყოველ დღე ასეა, თვალებს ვახელ, ცოტახანი ჭერს ვუმზერ და სატენზე შეერთებულ ტელეფონში, როგორც ბებო იტყვის ხოლმე, ფეხებიანად ვვარდები. ალბათ, შიმშილისა და სინდისის გრძნობა რომ არ მაწუხებდეს, საერთოდაც არ ავდგებოდი საწოლიდან. დღესაც არ იყო გამონაკლისი. სინდისი მომზადებისკენ მექაჩება, სიზარმაცე ჯაჭვებით მიზიდავს საწოლისკენ. ყოველდღიური დილემა ცოტა მოსაბეზრებელიც კია. ალბათ, ამიტომ ვიღვიძებ საჭირო დრომდე 1 ან 2 საათით ადრე, რომ არ დამაგვიანდეს.

           ავდექი. ეს დღის პირველი მიღწევაა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი საათია მღვიძავს, მაინც ვამთქნარებ და საჯდომს ვიფხან(ეს მგონი ყველა კაცის დილის ჩვევაა). სააბაზანოში შევდივარ და წყლის გადავლებასაც ვიწყებ. ეს ცალკე რიტუალია ჩემს ცხოვრებაში. რაც არ უნდა თბილი ამინდი იყოს, მომწონს, როდესაც შემაწუხებლად ცხელი წვეთები მხვდება კანზე. თავიდან ცოტა მიჭირს, როგორც ყოველთვის, მერე უკვე მსიამოვნებს. თუ დავუკვირდებით, ადამიანები ყველანაირ ტკივილთან თუ სევდასთან ასე ვართ. თავიდან ძალიან გვტკივა, გვაწუხებს, თითქოს, ეს ტკივილი რომ არა, ბედნიერად ვიცხოვრებდით. ყველაფერს ვაკეთებთ დარდის მოსაცილებლად, მაგრამ დიდი დროის შემდეგ, როცა თითქოს და ამოვისუნთქეთ, თქვენი აზრით, სევდასა და ტკივილს ვიცილებთ? არა. უბრალოდ ვეგუებით და მასთან ერთად სიცოცხლეს ვსწავლობთ. ზოგ ტკივილსა და დარდზე ვტკბებით და ვხალისობთ კიდეც. მახსოვს ბავშვობაში რამეს როცა ვიტკენდი, ეგრევე ტირილით მივრბოდი სახლისკენ, ახლა კი უბრალოდ მეღიმება ამ ისტორიებზე და ვნატრობ კიდეც იმ დროის დაბრუნებას, მაგრამ დრო მიდის, არა დრო მირბის, მიქრის, თანაც ისე, ვერც კი ვამჩნევ როგორ გამექცევა წამი, წუთი, საათი, დღე, თვე და თუნდაც წლები. უკაცრავად, ცოტა გრძნობებს ავყევი და გადავუხვიე. მოკლედ, სიამოვნებისგან ვივსები, როდესაც ცხელი წვეთები მათბობს. როგორც იქნა, გადავივლე წყალი და სარკეში ვიხედები, რომ როგორმე ჩემი სქელი და მოუქნელი თმა დავიმორჩილო. სარკესთან მისვლა და ჩემი გაშეშება ერთი იყო. მთელი გულმოდგინებით ვიყურები, მაგრამ არაფერიც არ ჩანს, გარდა კაფელისა, რომელიც ჩემ უკან იყო საგულდაგულოდ გაკრული. კი, მართალია, თვალს დამაკლდა და სათვალესაც ვატარებ, მაგრამ არა მგონია იმხელა მინუსი მქონდეს თვალში, რომ ჩემი ანარეკლიც კი ვერ დავინახო. ვერ ვმოძრაობ, ცივმა ოფლმა დამასხა. ვერ ვხვდები რა ხდება. ნუთუ აღარ ვარსებობ? არა, ეს როგორ. ორი წუთის წინ შხაპით როგორ ვისიამოვნე აბა. არ ვიცი, დაბნეული ვარ მეც. ვერაფერს გეტყვი, მკითხველო, მეც საგონებელში ვარ ჩავარდნილი, სადაც მხოლოდ სიბნელეა და არანარი გზა არ არსებობს ამ ამბის გაგების. უკვე თვალს მიბნელდება. ამას ვაანალიზებ და ხელის ცეცებით მივდივარ საწოლისკენ. ნეკა თითი კარის ზღურბლს ვგლიჯე. არა, არა, ისევ ცოცხალი ვარ, აბა ასე რატო მეტკინებოდა. თუ არ ვვარსებობ, ვერც ვიგრძნობდი. დავწექი. თვალები ისევ ზემოთ მივაპყარი, მაგრამ ნელ-ნელა სიბნელე მეუფლებოდა. გავითიშე.

*   *   *

           ვიღვიძებ. არა ეს უკვე ერთხელ მოხდა. ნუთუ მეძინა და ეს ყველაფერი სიზმარი იყო. სიხარულით წამოვვარდი(ასე სწრაფად არასდროს არ მოვშორებივარ საწოლს), სისწრაფისგან ორგანიზმმა გამოცოცხლება ვერ მოასწრო და თვალს წამიერად დამიბნელდა. იქვე სამუშაო მაგიდას დავეყრდენი, თვალები მოვიფშვნიტე და მორჩა, გამოვიხედე თვალებიდან. სწრაფად გავქანდი სარკისკენ. ძალიან მინდოდა კიდევ ერთხელ დამენახა ჩემი ანარეკლი. ვერც კი აღგიწერთ, რაოდენ ბედნიერი მომენტი იყო, როცა იმედი გამიჩნდა, იმედი იმისა, რომ ვარსებობდი ისევ. მთელი ორგანიზმი მიხურდა, რაღაც აღელვებული ვიყავი. სარკემდე მისასვლელი მოკლე გზა საოცრად დაგრძელდა. აი, მივუახლოვდი, მაგრამ წამიერად გავშეშდი. ნეტავ მზად ვარ იმისთვის რაც ახლა მოხდება? რა იქნება, რომ ისევ ვერ დავინახო ჩემი თავი? გეშინია? არა, არ მეშინია. მე ამას გადავიტან. აი, ვის ვატყუებ ნეტავ ვიცოდე, საკუთარ თავს? მეშინია რომელია. წინდები რომ მეცვას გული ჩავარდნილი მექნებოდა უკვე(ეს ის ცნობილი ფრაზაა, ისე შემეშინდა გული "ნასკებში" ჩამივარდაო). საკუთარ შიშს უნდა გადავაბიჯო. ღრმად ჩავისუნთქე, ერთი ნაბიჯი გადავდგი. არა, ამას ვერ ვიზამ, მზად არ ვარ. ვხურდები, გეგონებათ სათადარიგო სკამზე მჯდომი მოთამაშე ვიყო და უმნიშვნელოვანეს თამაშში ჩასართველად ვემზადებოდე. მოკლედ, ასე 5 წუთი ვხურდებოდი. ბოლომდე მაინც ვერ მოვიკრიბე გამბედაობა და ჯერ ხელი ავიქნიე სარკის წინ. ვერაფერი დავინახე, უფროსწორად ისე ვიდექი რომ სარკის ანარეკლს ისეც ვერ დავინახავდი. მორჩა, რაც არის არის. გადავდგი ნაბიჯი და სარკის წინ ვარ. ანარეკლი ისევ არ არის, მხოლოდ ჩემს გონებაში, წარმოსახვაში ვხედავ ჩემს თავს სარკის წინ და ვებღაუჭები ამ მოგონებას, თითქოს განუწყვეტლივ ცქერის მერე სასწაული მოხდება და გამოვჩნდები. დავღონდი, დგომა გამიჭირდა და იქვე სავარძელზე ჩამოვჯექი. იმდენი კითხვა დამიგროვდა, რომ თავი კინაღამ გამისკდა. კარადაში წამალი მეგულებოდა, ავიღე და დავლიე. არ მშველის. განუწყვეტლივ ჩემს ყოფნა არ ყოფნაზე ვფიქრობ. თან ვარ ამ ქვეყანაზე, თან არა. უცებ მაგარმა იდეამ დამარტყა. სასწრაფოდ წამოვხტი, ტანსაცმელი ჩავიცვი და გარეთ გავვარდი. იმედი მაქვს სარკე "გაფუჭებულია" და ქუჩაში ვინმე დამინახავს. ასე დაბნეული და აღელვებული, იმედით სავსე გავედი ქუჩაში. არ ვიცი როგორ გამოველაპარაკო უცხოს. აბა წარმოიდგინეთ, ვიღაც უცხო დაბნეული ახალგაზრდა მოდის თქვენთან და გეკითხებათ, მხედავთო? ვარსებობო? ხომ იფიქრებთ, რომ გიჟია ეს საცოდავიო. მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე საათი მეკითხა. იქვე ბირჟაზე ბიჭები იყვნენ, ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი, ღრმად ჩავისუნთქე და მივესალმე. სალამი ბიჭებო, რომელი საათია ხომ ვერ მეტყვი-მეთქი. იცით რა მოხდა? პასუხი ყველას გაგაოცებთ. გატყუებთ. არაფერიც არ მოხდა, არავინ მიპასუხა. არც კი შეიმჩნიეს. ვახ, ხომ არ მეხუმრებიან რა ესენი. კიდევ ერთხელ ვიკითხე, მეორედ, მესამედ. ვიყვირე, ბოლო ხმაზე ვღრიალებ, არავინ პასუხს არ მცემს. ვიფიქრე, რამეს ხომ არ მიჩალიჩებენ-მეთქი. ყველაფერი ეს გავიფიქრე, თან ბირჟა იყო, ავდექი და შევაგინე მადლიანად(ქუჩის ბიჭები იყვნენ, ვიფიქრე რა ღადაობაც არ უნდა იყოს, ვერ მოითმენენ და გამიფენენ წიხლქვეშ-მეთქი). ამ იმედით ვარ და ცემისთვისაც მზად ვარ. პირველად მინდოდა ცხოვრებაში ვინმეს ვეცემე, მაგრამ ბედი რომ არ გაქვს ადამიანს, ისევ არაფერი არ მოხდა. გამობრუნებას ვაპრებდი, როდესაც ერთი ბიჭი წამოდგა. ცოტა იმედი მომეცა. სახე შევამზადე მოსალოდნელი მუშტისათვის, მაგრამ ნეტა მუშტი ყოფილიყო და არა - იმედგაცრუება. ამ ბიჭმა ისე გაიარა ჩემში, როგორც არაფერი. გაიარა და თან გაიყოლა მთელი ჩემი იმედი, აღელვება და სიხარული. სიცარიელე ვარ. ამას არ ჰქვია არც სტრესი და არც დეპრესია. ეს არის ყველაზე საშინელება, როცა არარაობა ხარ. ბრაზი ყელში მომაწვა, მომაწვა რა გამეჩხირა და მახრჩობს. სტრესისგან ვახველებ, ვიხრჩობი, მაგრამ არ მეღირსა სიკვდილი, რომ დავისვენო. ძალა მოვიკრიბე და გავიქეცი. არ მკითხოთ სად. მეც არ ვიცი. მთელი სისწრაფით გავრბოდი. ყველა გზა გაუფრთხილებლად გადავკვეთე(იმედი მქონდა მანქანა დამეტაკებოდა და რამე შეიცვლებოდა). როგორც ბიჭმა, ისე რამდენიმე მანქანამ, ჩემში გაიარა. ისევ გავრბივარ, ფეხებში ტკივილს ვგრძნობ, თითქოს სადაცაა გამისკდება კუნთები და ადგილზე მოვწყდები. ამ ტკივილმა და სიჩქარემ ისე ამიტანა, რომ ფეხები ამებლანდა და დავეცი. ძალიან მტკიოდა თავი, მაგრამ სისხლი არ მომდიოდა. ტკივილი კი არ წყდებოდა. ჯერ არ ვიცი რომელი ტკივილი იყო ეს, დაცემის თუ ჩემი გაქრობის.

*    *   *

           არ იფიქროთ, რომ ისევ გავრბივარ. დავიღალე და ერთ-ერთ ბორდიურზე ჩამოვჯექი. ჩემს თავსა და ცხოვრებაზე ვფიქრობდი. გავიხსენე რა მაბედნიერებდა. აი, აქ დავუშვი შეცდომა. ხომ ვამბობდი, რომ წინა სტრესზე უარესი არაფერი იქნებოდა. ჩემდა უნებურად მოვიტყუე. ამაზე უარესი ოჯახის გახსენება იყო. გული მეწვოდა, მკერდიდან ამოხეთქვას ცდილობდა, როცა გავიაზრე, რომ ჩემი ოჯახის წევრები ვერ მნახავდნენ და ინერვიულებდნენ. მთელი ჩემი ცხოვრების მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება მეტი ღიმილის საბაბი ვყოფილიყავი ოჯახისა და ჩემი საყვარელი ხალხისათვის, მაგრამ რაც არ უნდა ბევრი ღიმილი მიმენიჭებინა მათთვის, ჩემ გამო მათი სიყვარულით სავსე თვალებიდან გადმოვარდნილი ერთი ცრემლიც კი ასი წლის სიცოცხლეს მაკლებდა. ახლა სწორედ ეს მომენტი იქნებოდა. ჩემი გაუჩინარების ამბავი ბევრ ცრემლს გამოიწვევდა(ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ და ვფიქრობდი). ამ ფიქრმა იმდენად დამზაფრა, რომ კანკალი დავიწყე. საშინელი მომენტია, როცა იაზრებ ამ ყველაფერს. უყურებ შენს საყვარელ ადამიანებს, მაგრამ ვერ ეხუტები, ვერ ამშვიდებ და ანუგეშებ. არა, ეს ყველაფერი გამანადგურებს. წამიერად ბებო წარმოვიდგინე, რომელიც გამუდმებით კარებს უყურებს და ელოდება, როდის შემოაღებს მისი სიცოცხლის იმედი. წარმოვიდგინე ბაბუ, რომელიც ჩუმად ყველასგან მალულად იშორებს ცრემლს. ბაბუ, რომელიც ყოველთვის, როდესაც კარზე ზარის ხმას გაიგებს, პატარა ბავშვივით წამოხტება იმის იმედით, რომ მე ვიქნები, მაგრამ მრავალჯერ იმედგაცრუებული ისევ მოწყენილი გაემართება ტელევიზორისკენ. აქამდე სულ საინფორმაციოს უყურებდა ქვეყნის ამბების გასაგებად, მაგრამ ახლა მხოლოდ იმიტომ უყურებს, რომ ჩემზე გაიგოს რამე, მაგრამ ისევ მხოლოდ იმედი იქნება. წარმოვიდგინე დედა, რომელიც საბოლოოდ განადგურებულია, ვერ იაზრებს რა ხდება და მგლოვობს, რადგან უკვე გარდაცვლილი ვგონივარ. ამის იმიტომ სჯერა, რომ იცის ისე არასოდეს მივატოვებდი. წარმოვიდგინე მამა, რომელიც კვლავინდებურად "უემოციოდ" აგრძელებს ოჯახის რჩენას, მაგრამ ცხოვრების ხალისი დაკარგული აქვს. მხოლოდ ერთი რამ აცოცხლებს ოჯახს, ჩემი უმცროსი და. ყველა მასზე ფიქრობს და ზრუნავს, იმაზე, რომ უჩემობა არ აგრძნობინონ, მაგრამ განა რა შეავსებს იმ სიცარიელეს, რომელსაც ქვეყანაზე ყველაზე საყვარელი ადამიანის დაკარგვა აჩენს. წარმოვიდგინე, როგორ ნერვიულობს ის ჩემზე და როგორ არ უნდა ამ ყველაფრის დაჯერება. წარმოვიდგინე, როგორ მეძებს ქუჩაში ხალხში და როგორ აჩერებს უცხოს იმ მიზეზით, რომ მე ვეგონე. ამ ფიქრებმა მეორედ გამაქრო და მომკლა. მემგონი, ჯოჯოხეთში ვარ. ძლივს წამოვდექი ბორდიურიდან და ბარბაცით წავედი. ყველაზე დიდი ბინა შევარჩიე და ნელ-ნელა ავუყევი კიბეებს. სახურავის კარები დაკეტილი დამხვდა. ისევ ეზოში ჩამოვედი, აგური ვიპოვე და სახურავზე ასასვლელი კარები გავტეხე. კიდეზე ვდგავარ. გადავყურებ ხედსა და საკუთარ განვლილ ცხოვრებას. ღრმად ჩავისუნთქე, თვალები დავხუჭე და გადმოვხტი. ჰაერი სახეს მიკაწრავდა, მუცელში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, გული ისევ ცდილობდა მკერდის გამონგრევას, სწრაფად ვუახლოვდებოდი მიწას და ჩემი აზრით, ხსნასაც. აი, ისიც, მე და დედამიწა მძიმედ შევეჯახეთ ერთმანეთს. დაცემიდან ცოტახანი გონზე ვიყავი, შემდეგ თვალები დამეხუჭა და მორჩა. მემგონი, მოვკვდი.

*    *    *

           ნიჭიერი ბავშვი ვიყავი. მე დიდად ვერ ვამჩნევდი ამ ყველაფერს, თუმცა ყველა ნიჭიერს რომ გეძახის, ბავშვური სიამაყით ივსები. ეს ჩემი "გამორჩეულობა", ალბათ, სიმღერის დამსაურება იყო. ჯერ კიდევ არასრული 3 წლის ვიყავი, როცა პირველად სცენაზე დავდექი და საახალწლო კონცერტზე ვიმღერე. განსაკუთრებული გრძნობა იყო, უბრალოდ მაშინ ვერ ვხვდებოდი ამას. ვიდექი, ჩემს დიდ მწვანე თვალებს ვაბრიალებდი და ვცდილობდი ჩაბნელებულ დარბაზში ვინმე დამენახა. შუა სიმღერის დროს ერთი "განსაცდელიც" მომევლინა, თოვლის ბაბუამ(ქალი იყო მის ფორმაში გადაცმული) ჩემთვის გამზადებული საჩუქარი გამოიტანა სცენაზე და შუა სიმღერის დროს თვალწინ მითამაშებს. მეც, რა თქმა უნდა, დარბაზს მოვწყვიტე ყურადღება და ორივე თვალი სათამაშოსკენ მივმართე. საგულისხმოა ისიც, რომ სიმღერა არ შემიწყვიტავს, მაგრამ ბავშვის გული ხომ იცით. ერთი სული მქონდა როდის დამთავრდებოდა სიმღერა, რომ დრო მეხელთა და ჩემს სათამაშოს სრულად დავპატრონებოდი. ახლაც მახსოვს ის მომენტი. ეჰ, რა სანუკვარია ბავშვობა, ლაღი, თბილი, ტკბილი. ყველა გეფერება, ცდილობს გასიამოვნოს. უბანში ბიძები და დეიდები ნაყინს გჩუქნიან. უფროსები ცდილობენ გინება გასწავლონ, რომ შემდეგ მათ შეაგინო. რომ არ მოგატყუოთ, დღემდე ვერ ვხვდები რისთვის და რატომაა ეს საჭირო. მე გინებისგან ყოველთვის თავს ვიკავებდი ბავშვობაში, მეგონა, რომ ამით დედას გულს ვატკენდი და ამიტომაც, რაც არ უნდა შემოეთავაზებინათ, არაფრის დიდებით არ ვიგინებოდი. არადა სულ ზეპირად ვიცოდი მადლიანი გინებები, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის. ისე ახლა რომ ვუფიქრდები, ბავშვობა ყველა შემთხვევაში ტკბილი არაა. საბედნიეროდ მე ჩემს საწყის წლებს დიდი სითბოთა და სიხარულით ვიხსენებ, მაგრამ, განა ყველა ასეა? განა მეტროში უთენია სამათხოვროდ გამოსული ბავშვი გაზრდის შემდეგ ბავშვობას ტკბილად გაიხსენებს? განა ბავშვი, რომელსაც საჭმელი არ აქვს და ღამით მშიერი მუცლის ტკივილთან ერთად იძინებს, ისიც ტკბილად გაიხსენებს ამ დროს? ბავშვობა ლაღია, მაგრამ არა იმათთვის, ვისაც არსებობისთვის ბრძოლა უწევთ. ზოგი ადამიანი 80 წლის ასაკშიც ბავშვია, ზოგი კი დაბადების მომენტშივე კარგავს ამ სტატუსს. არ გეგონოთ, მე მდიდრების ოჯახიდან ვარ და მხოლოდ ამიტომ მქონდა ლაღი ბავშვობა. მე რომ დავიბადე, ეს საუკუნე ახალი დაწყებული იყო, წარსულის სუსხიანი ამბები კვლავ მწარედ ურტყამდა ჩვენი მშობლების თაობის ცხოვრებას. უდენობა, შიმშილი, უმუშევრობა, კრიმინალი, უნდობლობა და უიმედობა. ეს ყველა ის სამკაული იყო, რომლებიც ახალ საუკუნეს დაჰკიდა წინამ. მოკლედ, გაჭირვება ჩემს ოჯახსაც აქვს ნანახი, მაგრამ, საბედნიეროდ, ნაბიჯ-ნაბიჯ გადავლახეთ ეს პრობლემა და ახლა გაჭირვებასთან, წარსულის გარდა, არაფერი გვაკავშირებს, თუმცა მდიდარი ფენის წარმომადგენლობას მაინც ვერ მივიკერებ. რატომ მოვყევი ამდენი რამ. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ჩვენ გარშემო არსებულ პრობლემებს ვერ ვხედავთ, იმიტომ, რომ ეს უშუალოდ არ გვეხება. დედა ხშირად ამბობს ხოლმე ამ ფრაზას, მაძღარს ყველა მაძღარი ჰგონიაო. ჩვენც ასე ვართ, ზამთრის სუსხში, სახლში თბილად მყოფნი, ვერც კი ვგრძნობთ ქუჩაში მცხოვრებ პატარა ბავშვსა და მის მშობლებს როგორ სცივათ, რომლებიც ყოველ ღამე ლოცულობენ იმისათვის, რომ გადარჩნენ. არის ხოლმე მომენტები, როდესაც ამას ვიაზრებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის დახმარება არ შეგვიძლია და სწორედ ეს უსუსურობა მანგრევს, მჭამს და გულს მიღრღნის შიგნიდან. ისე, რა უცნაურია ადამიანის გონება. რამდენ რამეზე შეიძლება იფიქრო ერთდროულად. ხომ გახსოვთ, ბავშვობის ტკბილი მოგონებებიდან დავიწყე და კი წაიკითხეთ, ალბათ, რითაც დავამთავრე. ბავშვობის სიტკბოება მონეტის აგდებას ჰგავს. ერთ მხარეს ბედნიერებაა, მეორე მხარეს ტკივილი და არავინ იცის მონეტის აგდებისას, რომელი მხარე დავარდება და როგორი საწყისი გექნება ამ ცხოვრებაში. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. უსამართლობაა. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ბავშვობა, ყველას უნდა ჰქონდეს ბენდიერი წუთები, რადგან, რაც უფრო ვიზრდებით, თანამედროვე ცხოვრება გვჭამს, გვაუძლურებს, გვფიტავს და დროს არ გვიტოვებს ცხოვრებისათვის. ჩვენ უბრალოდ ვვარსებობთ, რომ წელიწადში 1 ან 2 კვირა როგორმე დავისვენოთ, ისიც იმისათვის, რომ შემდეგ ისევ მთელი წელი "ვირივით" ვიმუშაოთ. ამიტომ უნდა იყოს ყველას ბავშვობა ტკბილი, რადგან პატარა ასაკში მაინც ვიგრძნოთ თავისუფლება.

*   *   *

           სიამოვნება იღვრება ჩემში. პირველ ნაბიჯებს ვდგამ. წესით ეს არ უნდა მახსოვდეს, მაგრამ ჩემი ტვინი ჩემდა უნებურად მოქმედებს. პირველი ნაბიჯის გადადგმაში ბებო მეხმარება, გზის ბოლოს კი დედა მელოდება. ბავშვური აღტაცებით ვცდილობ ფეხის ადგმას და იმ სანატრელი, ჯერაც გაუაზრებელი სითბოს გრძნობას, რასაც მშობლის სიყვარული ჰქვია. ისე წარმომიდგენია რამხელა ბედნიერებაა, როდესაც შენს შვილს უყურებ, აკვირდები თუ როგორ იზრდება და მშვენდება. მეც ვნატრობდი და ახლაც ვნატრობ ამ მომენტზე. იმედია ოდესმე ვიგრძნობთ. ა, ჰო, გამახსენდა, რაღაცაზე საუბარს ვაპირებდი. ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენაა სიარულის სწავლა. შეიძლება ითქვას, საწყისი მიღწევაც კია, მაგრამ ცხოვრებაში ადამიანი სიარულს მხოლოდ ერთხელ არ სწავლობს. ბევრჯერ გვაქვს მომენტი, როდესაც ვეცემით, თანაც ისე, რომ ადგომა აღარ გვსურს, იმედი გადაწურული გვაქვს და არაფერი გვაიძულებს მოძრაობას, თუმცა ამ მომენტში რაღაც ძალა გვიბიძგებს და ჩვენც ვდგებით. აი ასეთ მომენტებში თავიდან ვიწყებთ სიარულის სწავლას, თავიდან შევიგრძნობთ ამ სიამოვნებასა და თავისუფლებას. კიდევ მაშინ ვსწავლობთ სიარულს, როცა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდვართ. აი, მაგალითად, ავიღოთ ბაღის პერიოდის დასასრული და სკოლის დასაწყისი. შეიძლება ითქვას, რომ ეს დასაწყისის დასასრულიც კია. სრულიად უპასუხისმგებლო ასაკიდან გადავდივართ ვალდებულებებით დატვირთულ გარემოში, რომელშიც გვევალება ჩვენთვის იმ მომენტში უცხო, მაგრამ საჭირო რაღაცების სწავლა. განა ამ სიახლისას თავიდან არ ვიწყებთ სიარულის სწავლას? ჩემი აზრით, ნამდვილად ასეა. დარწმუნებული ვარ, ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ დაილოცოს დემოკრატია, ყველას გვაქვს უფლება ვაკეთოთ, ვთქვათ, ვიფიქროთ, შევიგრძნოთ ის, რაც გვსურს. ეს წიგნი და მოგონებებიც სწორედ ასეთი სურვილის ნაყოფია. მინდა, ის ჩემი მოკრძალებული შეხედულებები გაგიზიაროთ, რომლებიც არც თუ ისე გრძელი ცხოვრების განმავლობაში დამიგროვდა. იმედია, ახლა არ მიწყენთ, თუ ისევ ბავშვობას დავუბრუნდები. უბრალოდ გამიგეთ. იმდენად მენატრება ის დრო, იმდენად დიდი ნოსტალგია მაქვს, რომ სულ ბავშვობის გახსენება მინდა. ეს მოგონებები მეხმარება წუთიერად ვიყო ისევ ის პატარა ბიჭი, რომელიც იმედისმომცემი თვალებით დარბოდა ეზოში. ალბათ, გაინტერესებთ სად და როგორ გავიზარდე, ჰოდა, მოგიყვებით. დღეს ჩემი მოგონებების კარი ფართოდ გავაღე, ასე რომ, დეტალურად შემიძლია გავიხსენო ყველაფერი. დავიბადე პატარა, ერთი შეხედვით არაფრით, მაგრამ გაცნობის მერე ყველაფრით გამორჩეულ ქალაქში. ბინები ისე იყო აგებული, გეგონებოდა, დომინოს კენჭების მწყობრი რიგი იყო. მეც ერთ-ერთ დომინოს "კენჭში" ვცხოვრობდი, პირველ სართულზე. საბედნიეროდ, ჩემს ბინას მყუდრო ეზო ჰქონდა, ამიტომაც სულ იქით გამირბოდა ბავშვური სიხარულით გატენილი გული. ყველა მეზობელი თავისებურად გამორჩეული იყო. ერთი მკაცრი იყო და სულ ცდილობდა ეზოში წესრიგი დაეცვა. ფრთხილობდა, რომ ეზო სუფთა, კოპწია და მყუდრო ყოფილიყო. ცოტა ჯუჯღუნა მოხუცი კი იყო, მაგრამ ახლა ისიც კი მენატრება, იმიტომ, რომ უკეთ მესმის და მაშინ ბავშვური უმეცრებით ვუბრაზდებოდი. ერთი კაცი შაქარივით იყო, სულ სითბოსა და სიყვარულს მიზიარებდა. დედა საკმაოდ ფრთხილი ქალი იყო ჩემს ბავშვობაში და ცდილობდა, სულ ყურადღება მოექცია, რადგან რამე არ მტკენოდა. ამაზე კი ეს ბაბუ სულ ეხუმრებოდა, ბიჭუნა წყალი არ დალიო ცივია, ბიჭუნა ბევრი არ ირბინო გაოფლიანდები და ასე. ამ ხუმრობა-ხუმრობაში შოკოლადებსაც მაძლევდა ხოლმე და მეტი მე რა მინდოდა, სიხარულით ვაგრძელებდი თამაშს. აი, ზოგი კი მართლა აბეზარი იყო. მატყუებდნენ ხოლმე რაღაცებს და ცდილობდნენ, მეტირა. აი, მაგალითად, ერთხელ მითხრეს, მამაშენი პოლიციელებმა დაიჭირესო, ბაზარში საპონი მოიპარა და გაფაქტესო. მაშინ ყველაფერს მარტივად ვერ ვიაზრებდი და მარტივადაც ვიჯერებდი, ასე რომ, გულაჩუყებული გავრბოდი სახლისკენ, რათა გამერკვია მამიკო სად იყო. ერთხელაც თავად გამოვიჭირე ტყუილში და ამით ვამაყობდი. მამა სახლში იყო, როცა მსგავსი ისტორია კვლავ მითხრეს და მეც ცხვირი ავწიე და ავყევი. დაიჭირეს და დაიჭირეს, ამხელა კაცმა თუ არ იცის ქურდობა რომ ცუდია, რა ვუყო-მეთქი. დღეიდან ოჯახს მე მივხედავ-მეთქი. ამაზე ბევრი ვიცინეთ და მანდ დამთავრდა მამაჩემის "ქურდული ცხოვრება". მოკლედ, ასეთები იყვნენ ჩემი მეზობლები. მართალია, ყველაზე არ მომიყოლია, მაგრამ პერიოდულად გაგაცნობთ ხოლმე. ისე ამ ისტორიებს რომ ვიხსენებ, გული მიღონდება. ის ბაბუები და ბიძები, თუნდაც ბებიები აღარ არიან. სათითაოდ, ნელ-ნელა გამოეცალნენ ტკბილ მეზობლობას და მუდმივი ნაღველი ჩაგვიტოვეს გულში. კარგი ისაა, რომ არ ვივიწყებთ და ეზოში სულ ვიხსენებთ ხოლმე ასეთ ისტორიებს. ეჰ, გაზრდა კარგია, მაგრამ ზრდასთან და ცვლილებებთან ერთად, ბევრ რამეს ვკარგავთ და ამ დანაკლისის შევსება რთულია. მახსოვს ბავშვობაში, ერთ-ერთი ბაბუ სულ ხელში ამიტაცებდა ხოლმე და ასე მეთამაშებოდა, წლების მერე კი სასწრაფოსკენ, თურმე მის ბოლო გზაზე საკუთარი ხელებით გავიყვანე. ასეთია ცხოვრება, არ იცი რა და როდის მოხდება, როდის გამოგეცლება, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ მაინც საყვარელი ადამიანი. ეჰ, ნეტა საჭირო დროს მცოდნოდა ეს ყველაფერი და ყველა იმ ადამიანს მოვფერებოდი, რომლებიც ოდნავ მაინც მიყვარდა. თბილი ბავშვი სულ ვიყავი, მაგრამ ის დანაკლისი და ფიქრები სულ მაწუხებს, რომ მეტიც შეიძლებოდა. მეტი სითბო შეიძლება გამეზიარებინა და თუნდაც სულელური მიზეზების გამო მათზე არ გავბრაზებულიყავი. ისევ მინდა ბავშვობაში. გთხოვთ, დამაბრუნეთ. საუკუნოდ თქვენი მადლიერი ვიქნები. ახლა კი მივდივარ, მგონი ისევ ვითიშები.

*   *   *

           თვალებს ვახელ და ნელ-ნელა ვცდილობ გავაანალიზო, რა მოხდა. მოძრაობას არ ვჩქარობ, უბრალოდ თვალი მაქვს გაშტერებული და ლურჯ, სიცოცხლით სავსე ცას ვუყურებ. ჩრდილში ვაგდივარ, მაგრამ ხელით ავტომატურად ვიჩრდილავ, თითქოს ასე უკეთ დავინახავდი ცას. რამდენიმე წუთის შემდეგ შევნიშნე, რომ ჩემს გვერდით ერთი საყვარელი ლეკვი იჯდა. ერთი შეხედვით გერმანულ ავჩარკას ჰგავდა, თუმცა აშკარად მეტისი იყო. ყურები მოკეცილი ჰქონდა, კუდი აბზეკილი და ჩემ მსგავსად, დაჟინებით უყურებდა ცას. ცოტა ხნის შემდეგ მანაც შემნიშნა და ახლა ჩემზე გადმოიტანა ყურადღება. თავი გადმოხრილი ჰქონდა და სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებდა. წამიერად დამავიწყდა კიდეც, თუ რატომ ვეგდე ასფალტზე. დამავიწყდა ისიც, რომ ვეღარავინ მხედავდა, თუმცა ადამიანის მეგობარი, რის ადამიანის მეგობარი იქნებოდა, ახლაც რომ ჩემს გვერდით არ აღმოჩენილიყო. რაღაცნაირი სიმშვიდე ჩაიღვარა ჩემში. მიხარია, რომ ვიღაც მაინც მხედავს. მოდი, მე ამ ლეკვს ჰაჩის დავარქმევ. ბავშვობაში, რამდენჯერაც ჰაჩიკოს ვუყურე, იმდენი გავიფიქრე, რომ ჩემს ძაღლსაც ჰაჩის დავარქმევდი, ჰოდა ახლა შანსი არ გავუშვი ხელიდან. ამ ქვეყანაზე მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ. მე და ჰაჩი. არა, მართალია, ჩემ გარშემო მუდმივად მოძრაობენ ადამიანები, მაგრამ ისინი ვერ მამჩნევენ, ამიტომ ჩემთვისაც მხოლოდ ჰაჩი არსებობს. ზანტად წამოვჯექი, ლეკვს ხელი მოვხვიე და ჩემ წინ გადმოვსვი. ჯერ ყურებთან მოვეფერე, შემდეგ მუცელი მომიშვირა და ისე ვეფერებოდი. არ ვიცი, რა ძალამ მიბოძა ეს ბედნიერება, თუმცა მე კვლავაც შემიძლია ვიგრძნო რა არის ალერსი და ეს ჰაჩის დამსახურებაა. უკვე წამოვდექი. მომბეზრდა ამდენი ხანი უაზროდ ჯდომა. ნელ-ნელა გამოვცდი ჩემი "თვითმკვლელობის" ადგილს და ქუჩაში მშვიდად დავიწყე სიარული. როგორც ადრე, ახლაც მარტივად გადიან ადამიანები ჩემში, თუმცა ამას უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევ. ერთადერთი, რაც ჩემს ყურადღებას იქცევს, არის უცნაური შეგრძნება, რომელიც ჩემში გავლის შემდეგ მრჩება, თითქოს იმ ადამიანის ყველა ტკივილი და განცდა ჩემში გადმოვიდა. შეიძლება ჩემმა ამბავმა ისე იმოქმედა ჩემში, რომ ესეც მელანდება, ამიტომ ამას ყურადღებას ახლა არ მივაქცევ. რა თქმა უნდა, საქმე არაფერი მაქვს. აღარც ლექციაზე მაგვიანდება, აღარც მეგობრები მყავს სანახავი, აღარც ოჯახი მყავს მოსაკითხი, მოკლედ, არაფერი მაქვს გასაკეთებელი. უფრო სწორად, რომ ვთქვა, ეს ყველაფერი ჩემი დღის გეგმა იყო, მაგრამ, რაც არ უნდა მოვინდომო, არაფერი შეიცვლება, მაინც ვერავინ დაინახავს, ასე რომ, ჩემი საქმეების სია ავტომატურად გაუქმდა. ერთადერთ ტკივილნარევ ღიმილსაც ჰაჩი მჩუქნის, რომელიც გამუდმებით ცდილობს ჩემი ყურადღება მიიქციოს და როცა ამას მოახერხებს, სიყვარულით სავსე თვალებით მიმზერს და თამაშს მთავაზობს, მაგრამ თამაშის ხასიათზე ნადმვილად არ ვარ. ისე, როგორი საოცარი არსებები არიან ცხოველები. ყოველთვის მჯეროდა, რომ ისინი იმაზე მეტს ხვდებოდნენ, ვიდრე ადამიანებს წარმოგვედგინა. მათ თავიანთი სამყარო აქვთ, რომელსაც ისინი თავისებურადვე ხედავენ. აი, მარტივად რომ დავიჯეროთ ეს. ცხოველები, მათ შორის ძაღლებიც, მიწისძვრას ან რაიმე უბედურებას წინასწარ გრძნობენ. განა ეს საოცარი არაა? ახლაც, ჰაჩიმ შეძლო ის, რაც ვერ შეძლო უამრავმა ადამიანმა, დამინახა და შემიყვარა. ეჰ, სამწუხაროდ, გაქრობის გარეშეც ასე ხდება ხოლმე, ადამიანები გვტოვებენ, მაგრამ ჩვენი საუკეთესო მეგობრები სწორედ ამ დროს მოგვისხდებიან ხოლმე გვერდით და საკუთარი გულიბრყვილო ქმედებებით ცდილობენ ჩვენს გახალისებას. ზოგჯერ ვნატრობ კიდეც, რომ იქნებ ვინმეს ისე შევუყვარდე ან მე შემიყვარდეს ისე, როგორც ჰაჩის ვუყვარვარ მე. შეიძლება თქვათ, რომ რა იცი, ორი წუთის წინ გნახა მხოლოდო, მაგრამ მე ამას ვგრძნობ, ყოველ მის გამოხედვაში არის ის სითბოს ანარეკლი, რომელიც ამდენი პრობლემის შემდგომ ნათელ წერტილად მევლინება. ნელი ნაბიჯით ქუჩის გასწვრივ მივაბიჯებ, ვაკვირდები ჩემ გარშემო ყველაფერს, ვაკვირდები და ზოგჯერ ვიკარგები კიდეც მათში. ასე მშვიდად მივდივართ მხოლოდ მე და ჰაჩი დედამიწაზე, ყველასთვის გამქრალი და მივიწყებული არსებები.