ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ფოლადის ფრთები

ფოლადის ფრთები


წინასიტყვაობა

 

 

წარმოიდგინე უძველესი ისტორიის ფურცლები. ეპოქა დიდი ილუზიების და უდიდესი აღმოჩენების, წარმოუდგენელი მიღწევების და უკიდეგანო ფანტაზიების. სამყარო, სადაც ღმერთები ოლიმპოდან უცქერენ გმირებს, სადაც წინაწარმეტყველება მეფის სიტყვაზე ხმამაღალია, სადაც მწარეა ბრძოლა გადარჩენისათვის. სადაც ორი უდიდესი ცივილიზაცია რომი და კართაგენი გადამწყვეტი ბრძოლისათვის ლესავს მახვილებს. სადაც ბედისწერის უხილავი ხელი მჭიდროდ ახვევს ცხოვრების გორგალს. სადაც სიცოცხლეს დედის მუცლიდან მოსდევს მძიმე მისია. ცხოვრება, სადაც ადგილი დარჩენია სიყვარულს, თავგანწირვასა და ერთგულებას. ისტორია, რომელიც მახვილს, გონებასა და იმედს შორის დარტიალებულა. ზღაპარი, რომელიც ბევრისმთქმელი სიმღერით იღებს დასაწყისს.


ეკტი ბეკტი ბეს

მოერიდე ძმებს.

ერთს აქვს ნათელი დიადი,

მეორეს დააქვს წყვდიადი;

 

თუ მათ გადაეყრები

გზა მიეცი, შეჩერდი!

ერთი ნათლით შეგიტყუებს,

ბნელი დაგწვავს, განადგურებს;

 

წყვდიადი არ იქორწინებს,

მომავალს არ იქონიებს.

ასტარტე[1] თავისას მოხვეჭს,

თან წაიყვანს, არ აცოცხლებს;

 

ნათელი ხალხს გაამარჯვებს,

ისტორიას დაღს დაასმევს.

ბნელი ბრძოლით დაეცემა

ძვლის ჩხარუნის ხმად დარჩება;

 

ერთი ქვეყანას წარმართავს.

ქალღმერთი მსხვერპლს არ დაჰკარგავს!

ეკტი ბეკტი ბეს

მოერიდე ძმებს.


 


თავი 1

დაბადება


 

ჯერ კიდევ თბილ ქვის ფილაქანზე, მსუბუქი, აჩქარებული ნაბიჯი მშვიდი ზღვის ტალღების ხმას ერეოდა. გვიანი საღამოს ბინდბუნდში, ორი წყვილი სანდალი მიწიდან მტვერს წევდა. ბებიაქალს ზურგზე სამშობიარო სკამი მოეკიდებინა და პატარა ბავშვს ხელჩაჭიდებული, სასახლისაკენ მიიჩქაროდა. თიხის ჭურჭელში ძლიერი ღვინო ჩაესხა, შიგ ინსტრუმენტები ჩაელაგებინა და ისიც მძიმედ აწევდა მხარზე. ტვირთი გზას უძნელებდა და ბავშვი ანელებდა, მაგრამ ქალი ელოდა გასაჭირში. ისიც ღონეს არ იშურებდა და სიმწარეს არ ეპუებოდა.

„ეკტი ბეკტი ბეს... ეკტი ბეკტი ბეს..."

ბავშვი წკრიალა ხმით მღეროდა და ძალიან ცდილობდა, დედას არ ჩამორჩენოდა. თითებში თიხის თოჯინა მოექცია და მთელი ძალით იკრავდა ერთ ციდა გულზე. ნავსადგურიდან მობერილმა, თბილმა ჰაერმა უხვად მოიტანა ზღვის შხეფები და პატარას ოქროსფერი დალალები დაუნამა. მარილისაგან გაწებილი თმები, გოგონას შუბლზე ეკვროდა და მათ გადაწევას ბავშვის ფუნჩულა თითები ამაოდ ცდილობდა. პატარა დაღლილი იყო, გვარიანადაც ეძინებოდა, მაგრამ არ წუწუნებდა. ის არასდროს წუწუნებდა. 

           „ეკტი ბეკტი ბეს... ეკტი ბეკტი ბეს..."

ქარვისფერი ქალაქის დაღლილ, გარინდულ ქუჩებში გამეფებულ მშვიდი ზღვის მუსიკას მხოლოდ ნავსადგურში დამდგარი გემების ოხვრა, ორი წყვილი სანდლისა და ბავშვის სიმღერის ხმა ატოკებდა. გვიან მგზავრებსა და დიდი მთავარსარდლი ჰამილკარ ბარკას სასახლეს რამოდენიმე შესახვევიღა აშორებდა. ბუმბერაზი შენობის ფართე შუბლიც ნელ-ნელა დაენახა დაბნეულ მგზავრებს და მათ წინაშე მთელი დიდებულებით გადაიშალა.

ქალის მოძრაობაში მიზანდასახულობა იკითხებოდა, მაგრამ შეცბუნებული უხერხულობის დაუნახაობაც შეუძლებელი იყო. ბებიაქალი დაეთრგუნა მდიდრულ სასახლეს, მაშინ, როდესაც თვალებგაფართოებული ბავშვი აღტაცებული შესცქეროდა მის წინ გადაშლილ სანახაობას. სად არ ყოფილან: ქოხებსა და ხალხმრავალ სახლებში, შეძლებული ვაჭრების შენობებსა და მდიდრების ბაღებშიც. მაგრამ ეს სასახლე, ქუჩის მეზღაპრის მონაყოლიდან გადმოსულს წააგავდა. მისი კედლები ძვირფასი წითელი და ოქროსფერი საღებავით იყო შემკული. მისი სვეტები მაღალი, ბანისტრადები კი განიერი იყო.

დედა-შვილს ჩირაღდნიანი, ხანშიშესული კაცი მიუახლოვდა. ჭარმაგი მამაკაცის ბამბის ტუნიკა უბრალო იყო, მაგრამ ისეთი სუფთა, რომ გაოცებულ პატარას თვალი მოსჭრა. მისი მზერა ხნიერ მამაკაცს სწავლობდა, რომელსაც ჭაღარა თმაზე კონუსისებრი ქუდი ეხურა, ფერფლისფერი წვერი კი, სამ მჭიდრო კულულად დაეგრიხა. მსახურმა ჩირაღდანი მაღლა აწია, მოსულთა სახეებს ჩააცქერდა და იკითხა:

- ბებიაქალი ხარ? - მისი ჩახლეჩილი, მაგრამ ძლიერი ხმა, ღამის ჩურჩულში ზარივით გავარდა.

ისედაც დათრგუნულმა ქალმა, პასუხად, მხოლოდ თავი დაუქნია და უფრო ღრმად ჩაიძირა თავსაბურავში. კაცმა ანიშნა, მომყევითო და ისინიც აედევნენ.

მთელი სასახლე ფორიაქობდა. დაძაბული მონები ფუსფუსებდნენ, წყალსა და სუფთა ნაჭრებს ეზიდებოდნენ, უცნაურ ქოთნებსა და ჭურჭელს დაატარებდნენ. ახლადშეღებილი კედლების სუნი მკაფიო იყო, ცხელი ღამის ისედაც მდორე ჰაერში. ოთახის ცენტრში, ღია ჭერქვეშ, დიდრონი ავზი იყო, წვიმის წყალს რომ აგროვებდა. პრიალა მარმარილოს იატაკი ისე ლაპლაპებდა, რომ ბავშვი მოწიწებით დგამდა ნაბიჯს.

ყველაზე მეტად რამაც პატარა მოხიბლა, ჭერს ქვემოთ, კედლებს გაყოლებული მოზაიკა იყო. ოსტატის ხელს, ფერადი სადაფებით გამოეყვანა გლადიატორები და ცხოველები, საბრძოლო ორთვალები და გაქაფული ბედაურები, მოპაექრე ათლეტები და ტახტზე მჯდომი მამაკაცი, ზემოდან რომ დასცქეროდა სანახაობას. პატარას შეეძლო უსასრულოდ ეცქირა მოზაიკაში ჩაკარგული, ჩირაღდნების ოქროს ანარეკლებისათვის, მაგრამ ყურადღება სასოწარკვეთილი ქალის ყვირილმა მოსტაცა.

ბებიაქალი უფრო და უფრო მოუსვენარი ხდებოდა, მთელი ძალით ჩაებღუჯა თან მოტანილი ტვირთი და დაბნეულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. წამიც და სახეარეული სასახლის ბატონი დედა-შვილისაკენ გამოქანდა. მამაკაცის ტანისამოსი მდიდრულად იყო მორთული, მაგრამ აჯაჯულ-დაჯაჯული, თითქოს პარტონი კარგა ხანია, ნერვულად ქაჩავსო.

- ბებიაქალო! - მისმა ხმამ მთელს სასახლეში დაიჭექა და კედლებს დაეძგერა. დედა-შვილი შიშისაგან შეხტა და ნაბიჯი უკან გადადგა - არასდროს მოგცემდი უფლებას ჩემი ცოლისთვის თითი დაგედო! მაგრამ საუკეთესო მკურნალები შევყარე და მეუბნებიან, თუ მუცელში გაჭედილი შვილის გადარჩენა მინდა, ცოლი უნდა გამიფატრონ!

კაცი გიჟს გავდა, ქალმა, ბავშვის ხელი კიდევ უფრო მძლავრად ჩაბღუჯა. 

- მონებმა მითხრეს, შენთვის ხმა მომეწვდინა. ცოლ-შვილს თუ გადამირჩენ, დაგასაჩუქრებ, - აღუთქვა მთავარსარდალმა.

კიდევ ერთი სასოწარკვეთილი ხმა დაიძრა სასახლეში და ბებიაქალმა სიმამაცე იპოვა:

- დიდო მთავარსარდალო, რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მკურნალმა უნდა დამაცადოს. ბევრს მელოგინეს დავხმარებივარ. თუ შენი შვილი მუცელში წევს, მე შემიძლია დახმარება. თუ ზის, შემიძლია დახმარება. მაგრამ თუ დედის ძარღვი უკვე ახრჩობს, ვერაფერს გავხდები.

- ყველაფერი გააკეთე! - გააწყვეტინა მთავარსარდალმა.

ბებიაქალმა თავი დააქნია და აჩქარებით დაიძრა ფარდისაკენ, რომლის მიღმაც გაწამებული ქალის ხმა გაისმოდა. გოგონამ გაიგონა, როგორ ითხოვა დედამ ხელის გადაბანა და სანელებლებიანი, წითელი ღვინო ქალისათვის. 

ბავშვმა ამ ქაოსში მისი ადგილი კარგად იცოდა. სანამ არ მოაკითხავდნენ, იქ დაელოდებოდა, სადაც დატოვეს. თიხის უბრალო თოჯინა უხილავ სახვევებში გაახვია, გულზე მიიკრა, დაურწია და უმღერა: 

„ეკტი ბეკტი ბეს... ეკტი ბეკტი ბეს..."

 

 

 

***

      მარმარილოს იატაკზე მჯდომ პატარას ყურადღებას არავინ აქცევდა. გაწამებული ქალის ყვირილი შემხუთველ ჰაერს ხვრეტდა. მისი ხმა უფრო და უფრო სუსტდებოდა. ნორჩმა პატარამ უკვე კარგად იცოდა, რაოდენ საშიში იყო ეს მიჩუმება, მაგრამ დედისაც სჯეროდა და როგორც უკვე არაერთხელ, ფორტუნას[2] მოწყალე ღიმილსაც იმედოვნებდა.

      თოჯინას რომ მიუბრუნდა, დარბაზში მძვინვარე ბრძოლით გადაჯაჭვული ორი სხეული შემოგორდა. ინსტინქტურად გოგონა ფეხზე წამოიჭრა და ხიფათს რამოდენიმე ნაბიჯით გაეცალა. ყორნისფერთმიანმა ბიჭმა ძლიერი, კარგად გათვლილი მოძრაობით მოისროლა მეორეს სხეული. მათი ჭიდილი სულაც არ წააგავდა ბავშვურ ძიძგილაობას, რაც თანატოლებში გოგოს მრავლად ენახა. ამ ბიჭებმა მშვენივრად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ. მათი ქმედებები კარგად შესწავლილ ცეკვას წააგავდა, მკვეთრი, ძლიერი და მკვირცხლი მოძრაობებით.

- ნებდები? - ჰკითხა შავთმიანმა.

- არ ვგეგმავ, - მხიარულად უპასუხა მეორემ და ფეხზე წამოდგა. მტვრიანი ხელით ოფლიანი, თეთრი თმა ფერმკრთალი სახიდან გადაიწია და შუბლზე ტალახის ნაკვალევი დატოვა.

      ფეხშიშველა ბიჭებს მხოლოდ ყავისფერი, ტყავის სავარჯიშო სამოსი ესხათ. ათ წელზე მეტის ვერ იქნებოდნენ. მათი სხეულები ისევ შერკინებაში გადაიჯაჭვნენ, რომელმაც ორიოდ წუთს გასტანა. პირველმა თეთრთმანი ბიჭი მტკივნეული ბოჭვით შეკრა. მხოლოდ ამის შემდეგ დაძლეულის თვალებმა სტუმარი მონახეს, გოგონას გაუღიმა და თქვა:

- ერთი ეს ნახე! გამარჯობა.

შავთმიანი ბიჭის სახე სწრაფად მიბრუნდა მოულოდნელი სტუმრისაკენ. დამარცხებულმა დრო იხელთა, ხელიდან დაუსხლტა, ზემოდან მოექცა და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.

როცა წამოდგნენ, პირველი გაურკვევლად და უკმაყოფილოდ ბუტბუტებდა, მეორე კი წარმოუდგენლად კმაყოფილი ჩანდა.

- გამოდის, რომ ცოტა ხნის წინ შენ გვიმღეროდი. ვინ ხარ და აქ რამ მოგიყვანა? - მომღიმარმა ბიჭმა თეთრი წამწამებით შემორტყმული, დიდრონი, თითქმის შავი თვალები შეანათა. მისი გამომეტყველება სითბოს და სიკეთეს ასხივებდა. ისე ელაპარაკებოდა, როგორც მეგობარს, რითაც საპასუხო, მორცხვი ღიმილი დაიმსახურა.

- ბებიაქალის შვილი ვარ, - უპასუხა გოგონამ და პატივისცემის ნიშნად თვალები დახარა.

სწოედ მაშინ, კიდევ ერთი მტკივნეული ყვირილი გაისმა. ამჯერად წინაზე ძლიერი. მას თან ახლდა ბებიაქალის გამამხნევებელი შეძახილი, რომელიც გატანჯული ქალის ძალის ბოლო ნაფლეთებს უხმობდა, მოუწოდებდა, არ მორიდებოდა ტკივილს. პირიქით, მასში გაევლო და გაჭინთულიყო.

- კვდება, - გაისმა შავთმიანი ბიჭის მტკიცე, ძლიერი და ცივი ხმა.

- მე კი მგონია, რომ დედაჩემს შეუძლია დახმარება. მემგონი, ყველაფერი კარგად იქნება.

პირველი ბიჭის ქარვისფერი თვალები სტუმარს დააცქერდნენ და წარბშეყრილმა, თავიდან ფეხებამდე დაათვალიერა. გოგომ ენაზე იკბინა, როგორ გავბედე და სახლის ახალგაზრდა ბატონს შევეკამათეო. 

- აქ რატომ ხარ? - გააგრძელა პირველმა.

- დედამისს მოჰყვა. ეს ხომ აშკარაა, - ჩაიფრუტუნა მეორემ.

- ხომ, მაგრამ უკვე გვიანია. და ჭუჭყიანი რატომ ხარ? უცხოელები რა, შვილებს არ ბანენ?

- კარგი რა, ანიჰალ. ჩვენზე ჭუჭყიანი ნამდვილად არ არის, - გაიცინა პირველმა და გოგონას თვალი ჩაუკრა.

- ხომ, მაგრამ ჩვენ ვვარჯიშობდით. ეს რატომაა ჭუჭყიანი?

- საბანაოდ მივდიოდით, როცა დედას მოუხმეს. სირბილით წამოვედით, - გოგონას ხმა თითქმის გალღვა ნესტიან ღამეში და უხერხულად შეისწორა აქა-იქ დაკემსილი სამოსი.

- ხედავ ანიჰალ? უცხოელებიც უვლიან შვილებს. თავი დაანებე, - მეორე ბიჭი თბილი და მზრუნველი ღიმილით მიუბრუნდა გოგონას და განაგრძო - რა გქვია?

- პერისტერი, - უპასუხა პატარამ და ანიჰალის მრისხანე თვალებს განერიდა, რომლებიც ჯერ კიდევ უბღვერდნენ.

- ბერძენი ყოფილხარ. ძალიან უცნაური სახელი გქონია. ძმაო! ნუ აშინებ, ისე უყურებ, გეგონება, შეჭმას უპირებდე!

- ხმა ჩაიგდე ჰარტაგო და შეწყვიტე! ვიცი, რასაც აკეთებ!

- ჩემს ძმას ყურადღებას ნუ მიაქცევ, - ხელი აიქნია ფერმკრთალმა ბიჭმა - არც ისე ცუდი ვინმეა, როგორიც ჩანს და ნუ გეშინია, დარწმუნებული ვარ...

რაღაცამ გაიხრაშუნა და სამივემ შენიშნა გოგონას თოჯინა, იატაკზე მივიწყებული, ახლა კი, ჰარტაგოს ფეხქვეშ სანახევროდ დაფშვნილი. პატარას აკანკალებულმა ხელებმა ერთადერთი სათამაშო აიტაცეს, რომლის გამთელების იმედიც დაფშვნილ ნახევართან ერთად გაცამტვერდა. გოგონამ ტუჩები მაგრად მოკუმა და თვალები ააფახურა, ტირილი რომ არ დაეწყო.

- ეს შენი უნდა იყოს. ბოდიში, ვერ დავინახე, - ჰარტაგო გულწრფელად გულდაწყვეტილი ჩანდა - შევეცდები, იქნებ ახალი გაგიკეთო.

      სიტყვა ახალშობილის ჯანმრთელმა, ძლიერმა ტირილმა და ქალის ისტერიულმა სიცილმა გააწყვეტინეს. სამივე სახლის ბატონის საწოლი ოთახისაკენ შეტრიალდა. ძმებმა შვებით ამოისუნთქეს, პერისტერის კი სახეზე ბედნიერმა, სიამაყით აღსავსე, მაგრამ მაინც მორიდებულმა ღიმილმა გადაჰკრა, რადგან პირველი ძმის წარბშეკრული გამოხედვა არა და არ ტოვებდა.

პატარა პერისტერი ასეთ მოპყრობას შეჩვეული იყო. ობლად დაბადებული, უცხოელი, უქონელი ბებიაქალის შვილი, პატრონისა[3] და მამის გარეშე. ისინი მარტონი იყვნენ ამ არც თუ ისე კეთილ სამყაროში. მაგრამ პატარას თავი იღბლიანად და ბედნიერად მიაჩნდა. გასაკვირი მეორე ძმის, ჰარტაგოს მოპყრობა იყო, რომელმაც რაიმე აშკარა მიზეზის გარეშე, კეთილი განწყობის ჩვენება არჩია.

- დახე, ცოდნია რასაც ამბობდა, - გაიცინა ჰარტაგომ.

პატარამ მორცხვად დახარა თავი. ამასობაში ბატონის საძინებელი ოთახიდან დედა გამოვიდა.

- ჯანმრთელი ბიჭია, დიდო მთავარსარდალო,- ქალის გათანგულ ხმაში ღიმილიც ერია. მამაკაცმა გადაიხარხარა და გადარჩენილი ცოლ-შვილისაკენ გაექანა.

- შენზე ტყუილი არ უთქვამთ ბებიაქალო! მონებო! - მისი ხმა ყველა კედლიდან აირეკლა - ჩემი მესამე ვაჟი, ჰამილკარი დაიბადა! ვზეიმობთ! ყველას გააგებინეთ, რასაც ნიშნავს ჩემი სტუმართმოყვარეობა! - ეს ყველაფერი გზად მიაძახა და ფარდის უკან გაუჩინარდა.

მძიმე ტვირთაკიდებული ბებიაქალი შვილისკენ დაიძრა. სულ ერთი წამით, სახლის ახალგაზრდა ბატონები შეათვალიერა. დაიბნა, არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. შვილი თავად მიუახლოვდა და ხელიდან ფუთა გამოართვა. დედა-შვილმა უსიტყო მზერა გაცვალა და უკანა გასასვლელისკენ დაიძრა.

- ერთი ეგ მითხარი, საით გაგიწევია? - მთავარსარდლის ერთდროულად მკაცრი და მხიარული ხმა დაეწიათ. ქალმა თავი დაუხარა და უპასუხა:

-  დიდო მთავარსარდალო, შენი ცოლი უკვე კარგადაა, მას აღარაფერი ემუქრება. შენი შვილი ჯანმრთელია. რაც მათ სჭირდებათ, მოსვენებაა. ჩემი საქმე აქ სრულდება.

- მაგრამ მე არ მითქვამს წადი-მეთქი.

ამის გამგონე ქალი სულ მთლად დაპატარავდა. მთავარსარდალი მიუხვდა და იქვე დაამატა:

-  ჩემს გულუხვობას დაგპირდი, რაც ნამდვილად დაიმსახურე. მითხარი, საფასურს რას მთხოვ?

- დიდო მთავარსარდალო, მითხრეს, რომ ქალს დახმარება სჭირდებოდა. მე მაინც მოვიდოდი. საფასური საჭირო არაა. პატივია დიდი მთავარსარდლის ოჯახის სამსახური. მაგრამ თუ თხოვნის ნებას დამრთავ, მე და ჩემმა შვილმა მძიმე დღე გამოვიარეთ. დაღლილები ვართ. თუ უფლებას მოგვცემ, ჩვენს სახლს დავუბრუნდებით.

ბატონი მდუმარედ ათვალიერებდა ქალს, სანამ უკნიდან სულ მთლად ჭაღარა, ხნიერი მამაკაცი არ მიუახლოვდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. მოკლე და ხმადაბალი დიალოგის შემდეგ, მთავარსარდალმა დედა-შვილს თვალი შეავლო. პერისტერიმ ყურადღება ახლადმოსულ კაცზე გადაიტანა, რომელსაც, ბავშვის აზრით, ძალიან კეთილი თვალები ჰქონდა.

- კარგი. ახლა წადი. მაგრამ მაზეგ, დილის ვიზიტზე გელოდები. შენ! - ბატონმა იქვე მდგომ მონას მიმართა - ბებიაქალის ტვირთი წაიღე და სახლამდე მიაცილე. 

 მერე შემობრუნდა და ღმერთების ხმამაღალი დიდებით, ფარდის მიღმა გაუჩინარდა.

მონამ მათი ნივთები აიღო და გასასვლელისკენ გაუძღვა. პატარა პერისტერიმ ბოლოჯერ მოასწრო ძმებისთვის თვალის შევლება. პირველი ისევ გაბრაზებული უბღვერდა, მეორე კი, ხალისიან მზერას არ წყვეტდა წარბშეკრულ ძმას.

 

 

 

***

 

გზა სახლისაკენ უსაშველო და დამღლელი გამოდგა. ტვირთი მთელი გზა მონამ ზიდა და ბოლო სართულზე მათ პატარა და უფანჯრო ოთახამდეც კი მიიტანა. გადატვირთული შენობა გარინდულიყო და ღრმად გახვეულიყო შუაღამის ძილ-ბურანში. მხოლოდ ერთმა, ნახევრად მძინარე მეზობელმა გაიმეტა უხეში ფრაზა, როდესაც ბავშვს საფეხურზე ფეხი მოუცურდა.

      ქალმა მონას მადლობა გადაუხადა და ზეთის ლამფის აუნთებლად მონახა გზა მათ ვიწრო საწოლამდე.

- დღეს კარგი დღე იყო, - გაისმა ბავშვის პატარა ხმა.

- შენ სულ მასე ამბობ. მაგრამ იყო კი? ვახშამი და ბანაობა გამოვტოვეთ. რამოდენიმე საათში კი მზეც ამოვა.

- კი, იყო. შენ ქალს უშველე. ჯანმრთელი პატარა დაიბადა. მე კი ნამდვილ სასახლეში ვიყავი! - ბავშვის მეოცნებე, აღტაცებული ხმა გაისმა. პატარა ისევ წარუშლელი შთაბეჭდილების ქვეშ იყო.

დედას გაეცინა, შვილს მოეხვია და თქვა:

- ქალღმერთი მართალი იყო. მართლაც მზის სხივი გამომიგზავნა.

- როგორ გგონია, მართლა ახდება რაც ასტარტემ გითხრა? მართლა მზის სხივივით ვიქნები?

- უკვე ხარ, პერისტერი და ვინ იცის, როცა გაიზრდები და ბებიაქალი გახდები, იქნებ მომავალი მთავარსარდლის ან იმპერატორის  გაჩენაშიც კი დაეხმარო ქალს.

დედის ხმა უფრო და უფრო მისუსტდა, სანამ დაღლილობამ არ დაამარცხა და უსიზმრო ძილში არ ჩაითრია. ბავშვი დედის სხეულს კიდევ უფრო მიეკრა და ვიწრო საწოლი კიდევ ერთხელ იქცა დედამიწის ზურგზე ყველაზე საამო კუნჭულად.

 

 

თავი 2

ლომი და ბოკვერები


           მთელი ღამის ბახუსგამოვლილმა მთავარსარდალმა ალიონს მაინც მოასწრო წამოდგომა. კაცს დისციპლინა სისხლზე ღრმად ჰქონდა ძვლებში გამჯდარი. ცოტა ხანს უცქირა გადაღლილ ძილში წასულ ცოლს, ახალშობილს, შავ, ღინღლიან თავზე დაკოჟრილი თითი რბილად გადაუსვა და გაეღიმა. ბრძოლებში გამობრძმედილი მთავარსარდალი, შიშის ზარს რომ სცემდა ცივილიზაციებს, რომლის წერაც ათასობით ქალაქი და არმია გამხდარა, საიდუმლოდ, გულჩვილი იყო, როცა საქმე საკუთარ ცოლ-შვილზე მიდგებოდა. ეს იყო ერთადერთი რბილი იოტი მის გრანიტის ხასიათში. პაწია შეიშმუშნა და მთავარსარდალმაც არჩია, მათთვის ძილი ეცლია. ოთახიდან გავიდა, აივნიდან შიდა ეზოს გადახედა და მისთვის ჩვეულ, ღრმა ფიქრებში წავიდა.

დიდ მთავარსარდალ ჰამილკარს ორი დღეა უცნაური საფიქრალი არ ასვენებდა. სხვისი მოტივების, გეგმებისა და ნაბიჯების ამოცნობა მისი უნიკალური ნიჭი იყო. სწორედ მას უმადლოდა არაერთ წარმატებას. მოულოდნელი და აუხსნელი ქმედებები კი აფიქრებდა და აღიზიანებდა კიდეც. ადამიანი არც ისე რთული არსება იყო მთავარსარდლისთვის. თუმცა, უქონელი ბებიაქალის უარი საზღაურზე, ძალიან უცნაურად ეჩვენებოდა. იქნებ უფრო მეტის მიღება უნდოდა? ან იქნებ მონეტებზე უფრო მნიშვნელოვანი რამ სჭირდება? თუმცა, ამ გამოცანის ამოხსნამდე დიდი ლოდინი აღარ დარჩენოდა. დილიდან ელოდა ბებიაქალის ვიზიტს და ამ კითხვაზე პასუხსაც უსათუოდ მიიღებდა.

ამას ფიქრობდა მთავარსარდალი, როცა კარ-მიდამოს უხმოდ მოავლო თვალი. მიჩუმებულ სასახლეში კელაპტარებიც თვლემდნენ. არ ეძინა მხოლოდ აივანზე გადმომდგარ სახლის ბატონს და, როგორც ჩანს, მის ერთ ვაჟსაც. ბიჭი უკვე მოედანზე იყო და ვარჯიშობდა. მთავარსარდალი უცქერდა ანიჰალს და პირველი ქორწინებიდან არც თუ ისე შორ, ცივ იანვრის ღამეს იხსენებდა, როცა უმაღლესმა ქურუმმა[4] თავად ინება მის კარს მოდგომოდა. ქურუმები ყოველთვის ცუდის ნიშანი იყვნენ. ყოველთვის. მაშინაც კი, როცა ამბობდნენ, კარგი ამბით მოვედითო.

,,გიხაროდეს! - განუცხადა უმაღლესმა ქურუმმა - ტანიტმა[5] და ბაალ ჰამონმა[6] ისმინეს შენი გოდება! იბადებიან შენი მხსნელები, შენი გული და გონება! ცეცხლი და მახვილი, შენი მტრების დასამხობად!"

გავიდა დრო და იმ დღეს, რომელიც მთავარსარდალმა კარგა ხანს არ იცოდა დაეწყევლა თუ დაელოცა, შვილების სიხარულთან ერთად, პირველ ცოლთან გამომშვიდობებაც მოუწია. სტიქსის[7] მდინარემ მისი სულის ნაწილიც წაიღო, მაგრამ საკვირველი შვილები დაუტოვა. 

ანიჰალი, რომელიც მამას ასე წააგავდა, მაგრამ არა მის ყრმობას, არამედ მოწიფულობას. ის თვისებები, რომლის გამოსამუშავებლადაც მთავარსარდალმა წლები დახარჯა, რამაც წყლის წვეთივით, ქვაზე რომ ღრმულს ტოვებს, უსასრულო დრო წაიღო, ანიჰალს დედის მუცლიდან დაჰყვა: დისციპლინა, თვითშეგნება და უსაზღვრო მოთმინება. სულ რაღაც ცხრა ზამთრის მნახველი ბიჭი ახლაც დილა უთენია წამომდგარიყო და სხეულს გამძლეობის მორიგ გამოცდას უწყობდა. 

ჰარტაგო, წარმოუდგენელი ხედვების, კრეატიულობისა და გამჭრიახი გონების ყმაწვილი, პატარაობიდან რომ აკვირვებდა ფილოსოფოსებს. მრავლისმნახველ მთავარსარდალსაც კი აოცებდა მისი გამოხედვა. რაც წლები ემატებოდა ჰარტაგოს, მისი მზერა უფრო გამჭოლი, გონება კი კიდევ უფრო ბასრი ხდებოდა.

მისი სიამაყე, ლომის ბოკვერები.

ანიჰალი ამჯერად დიდრონ ქვას დასჭიდებოდა, ქედზე დაედო და მოედანზე ჩამუხვლით სიარული წამოეწყო. დიდმა მთავარსარდალმა შვილს კიდევ ერთხელ შეავლო სიამაყით სავსე თვალი და სახლში შებრუნდა. დიდრონ მუხის მაგიდას მიუჯდა და პირველმა ვიზიტორმაც არ დააყოვნა. 

მკურნალი მაგონი თავის დაკვრით მიესალმა მთავარსარდალს და გვერდზე გადგა. მკურნალს მოჰყვა მცხობელი, ტავერნის მეპატრონე, ვაჭრები და ბევრი სხვანი, იმ ოჯახების თავები, რომლებსაც მთავარსარდალი პატრონობდა. რამოდენიმემ ფულადი დახმარება ითხოვა, სხვებმა დავის გადაწყვეტა. დანარჩენები უბრალოდ პატივისცემის გამოსახატად მოსულიყვნენ.

ჩვეულებისამებრ, მთავარსარდალმა, მათთან ერთად, დემონსტრაციულად გაიარა რამოდენიმე ქუჩა, რჩეულ ტავერნაში სწრაფად ისაუზმა და კვლავ სახლში დაბრუნდა. ყველა დაითხოვა მკურნალის გარდა და როცა მარტონი დარჩნენ, მაგონს მიუბრუნდა:

- როგორც გითხარი, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. თუ ბებიაქალიც თანახმა იქნება, რა თქმა უნდა. მონა არაა, რომ ვუბრძანო, არც ჩემი სახლის პატრონობის ქვეშაა. მისი მხრიდან დიდი დაუდევრობა იქნება უარი, თუმცა, უცნაური ვინმე ჩანს. არაფერი გამიკვირდება.

რამოდენიმე წუთს ორივენი ჩუმად ისხდნენ. მერე მთავარსარდალს ბრაზი მოერია და მონას მოუხმო:

- ბებიაქალთან ვინმე გაგზავნე და ახლავე აქ მომგვარე. დილის ვიზიტზე დავიბარე და ჯერაც არა ჩანს!

- ბატონო, ბებიაქალი გარიჟრაჟიდან აქ არის, - თავი დახარა მონამ.

- მერე, რატომ არ შემოვიდა?!

- მე კი ვუთხარი, შედი-მეთქი, მაგრამ ასე მიპასუხა, ბატონები ჰყავს, ვერ შევაწუხებ,  აქ დაველოდებიო.

- სად აქ?

- აქვე ბატონო, რაც მოვიდა, მას მერე კართან დგას.

გაკვირვებული მთავარსარდალი წამოდგა და თავად გასწია კარს მიღმა. შესასვლელის კუთხეში მიკუჭული ბებიაქალი, თავდახრილი, ისე შეუმჩნევლად ელოდა, რომ მთავარსარდალს სახლის მონა ეგონა და ყურადღება არც მიუქცევია.

- ბატონს გაჰყევი, - უკარნახა მონამ და ბებიაქალიც ფეხაჩქარებით აედევნა.

მთავარსარდალი საკუთარ ადგილს დაუბრუნდა და ოთახში მყოფებს გახედა.

- ბებიაქალო! - მერე დაფიქრდა და განაგრძო - რა სახელი გაქვს?

- ეოს, - ჩაიჩურჩულა ქალმა.

- ეოს, - გაიმეორა მთავარსარდალმა და ყურადღებით დააცქერდა ქალს - თავი ასწიე. შემომხედე, როცა გესაუბრები.

      ქალმა ფრთხილად წამოსწია სახე და მთავარსარდალს დიდრონი, კამკამა თვალები შეანათა. მამაკაცმა ერთხელაც გახედა მკურნალს, ტუჩის კუთხით გაიღიმა და კვლავ ქალს დაუბრუნდა.

- ვისი სახლიდან?

პასუხად, ქალი ყოყმანობდა.

- შენ უკან გაგზავნას არ ვაპირებ, თუ ამას შიშობ. უნდა ვიცოდე, ვინ ხარ, საიდან მოსულხარ.

- მკურნალი პანაგოს სახლიდან.

- როგორც მითხრეს, რვა წელია, რაც გემით მარტო ჩამოხვედი. ქმარიც არ გყავს. მართალია?

- მართალია, დიდო მთავარსარდალო. შვილი მყავს.

- ქვრივი ხარ?

- არა, მთავარსარდალო.

მთავარსარდალს, რომაელებზე მეტად, მხოლოდ ქალების ჭორები ეზიზღებოდა, ამიტომაც გადაწყვიტა, მოკლედ მოეჭრა.

- მკურნალი მაგონი იცი, - ბატონმა ბერიკაცს გადახედა, რომელიც მის ხსენებაზე ფეხზე წამოდგა - მაგონს სურს ცოლად შეგირთოს. ხნიერია. შვილს ვერ მოგცემს, მაგრამ მდიდარია, უშვილოა და მერამდენე წელია უკვე ქვრივი. ხასიათითაც რბილი კაცია, წყენინებით არ გაწყენინებს. როგორც მეუბნება, შენს გოგოსაც შვილივით გაზრდის. თუ დათანხმდები, ჩემი პატრონობის ქვეშ იქნები, კარგი სახლი და ადვილი ცხოვრება გექნება. თუ არ გინდა, ნება შენია. ბარკას ოჯახი ვალში არავისთან რჩება. თუ გინდა, ახალგაზრდა ქმარს მიგათხოვებ, უცოლო მეჯინიბე მიდგას. ან კიდევ მითხარი რამდენი ტალანტი[8] გინდა და დავამთავროთ.

გაოგნებული ქალი ხან მთავარსარდალს უცქერდა, ხან კიდევ მოხუც მკურნალს, თბილად რომ უღიმოდა. ცოტა ხანს იფიქრა, მერე მთავარსარდალს სთხოვა:

- დიდო მთავარსარდალო, შეიძლება ჯერ მკურნალს დაველაპარაკო?

მთავარსარდალმა თავი დაუქნია და ხელით ანიშნა წადითო. მერე, გასასვლელისკენ წასულებს მიაძახა.

- მაგონ! პასუხს ამაღამ მომახსენებ.

 

 

 

***

როცა დაბნეული ბებიაქალი დიდი მთავარსარდლის სახლს ტოვებდა და ცდილობდა გონებაში დაეტია წარმოუდგენელი, უცნაური სიახლე, ახალგაზრდა ქალი წამოეწია და ხელში ტილოში გახვეული ნივთი ჩაუდო.

- ახალგაზრდა ბატონისაგან, შენს შვილს.

მონა მიტრიალდა და მკვირცხლად გაეცალა თავგზაარეულ ბებიაქალს.

 

 

 

***

დღითიდღე ხალხი მატულობდა მთავარსარდლის სასახლეში. გაქრნენ ბერძენი სწავლულები, დაიკარგნენ სტუმრებიც, რომლებიც სხვადასხვა რანგის მეომრებმა, სენატის[9] წევრებმა და ქურუმებმა შეცვალეს. რამოდენიმე დღის წინანდელი ზეიმი თითქოს ყველას გადაავიწყდა და ინტენსიურ სამზადისად იქცა. რუკები, წერილები, გეგმები, მარაგები, აისიდან დაისამდე დამღლელი მსჯელობები და კამათები. დაძაბული ლომი და ინტერესიანი, კონცენტრირებული ბოკვერები, ანიჰალი და ჰარტაგო, რომლებიც ღრუბელივით ისრუტავდნენ თითოეულ გაჟღერებულ ფრაზას. ანიჰალი თვალს არ აცილებდა მაგიდაზე გადაშლილ რუკებს და მათზე დალაგებულ ფიგურებს. ჰარტაგო - სენატორებსა და ქურუმებს აკვირდებოდა. 

ერთხელაც, დაძაბული აურზაური ისე სწრაფად დამთავრდა, როგორც დაიწყო და მეომრების ქალამნებმა ქალაქის ქუჩები შეაზანზარეს. 

სანამ მთავარსარდლის არმია ქვეყნის საზღვრებიდან მტრისაკენ მიაბიჯებდა, პატარა პერისტერის ცხოვრებაში ახალი გამოცანები ჩნდებოდა:

რატომ გადაწყვიტა დედამ ერთ დღეს მთელი მათი ბარგი შეეკრა?

საიდან და როგორ მოხდა, რომ ახლა მათი საცხოვრებელი ულამაზესი სახლი იყო სამხრეთის ფერდობზე?

რატომ არ ეშინოდა დედას მოხუცი მკურნალი მაგონის?

რატომ ეძახდა მაგონი „შვილოს"?

რატომ აღარ ეძინა დედას პერისტერისთან?

როგორ შეიძლებოდა, მარტოს ეცხოვრა მთელს ოთახში?

როგორ მოხდა, რომ ერთდროულად რამოდენიმე ტანისამოსი ჰქონდა?

კითხვები სულ უფრო და უფრო მრავლდებოდნენ, მაგრამ პერისტერი იმ ასაკში იყო, როდესაც ბავშვი შეკითხვის დასმას ფრთხილობს. თან ფიქრობს, რომ ალბათ თავად უნდა ხვდებოდეს, თანაც ერიდება ისეთი კითხვის დასმა, რომელზეც პასუხს ალბათ ვერც გაიგებს.

მანამ მუდამ მომღიმარი ბავშვი უფრო მეტად დუმდა და აკვირდებოდა მის ირგვლივ დატრიალებულ ახალ რეალობას. ჯერ შორიდან და დიდი სიფრთხილით, შემდეგ კი, ნელ-ნელა, სულ უფრო ახლოს მისვლას ბედავდა უცნაურ მოხუცთან, რომელმაც ერთხელაც ჰკითხა:

- გიყვარს ისტორიების მოსმენა?

ასე დაიწყო ამ ორის მეგობრობა. ლეგენდებით და ზღაპრებით პიგმალიონსა და გალათეაზე[10], ატალანტასა და ჰიპომენეზე[11], აფროდიტესა და ადონისზე[12]. სულ მალე, პერისტერი აჩრდილივით დასდევდა ხნიერ მკურნალს, რომელსაც არასდროს სწყინდებოდა პატარასთან საუბარი. უყვებოდა მის ბავშვობაზე, გადახდენილ თავგადასავლებზე, წიგნებზე, რომლებიც წაეკითხა, ადგილებზე, რომლებიც ენახა, ქვეყნებზე, სადაც ფეხი დაედგა. ბავშვი ყველაფრის მიმართ ინტერესს იჩენდა, მაგონიც არაფერს ამადლიდა და სულ მალე ანბანიც შეასწავლა. თვეები დანაყრებულ სიმშვიდეში გადიოდა. პერისტერი მკურნალის საქმეს ეუფლებოდა. მუდამ დაუზარელმა და უანგარომ, თავი ბევრს შეაყვარა. ყველგან სიხარულით ეგებებოდნენ მუდამ მომცინარ ახალგაზრდას და ბევრის გაჭირვების ტალკვესადაც იქცა. 

      ასე შეუმჩნევლად ჩაიფრინეს წლებმა პეგასებმა[13]. დავიწყებას მიეცნენ გაჭირვების დღეები და ძველი სიმღერები. ლომი ბერდებოდა, იზრდებოდნენ ბოკვერებიც, ქვეყანა კი ძალებს იკრეფდა, მხრებში იშლებოდა და გარდაუვალი შერკინებისთვის ემზადებოდა.


 

 

თავი 3

დიდი საყდრის სამსახური

 

 

როგორც შორეულ წარსულში, უშფოთველი ცხოვრება მოულოდნელად შეირყა, როცა ბებიაქალის კარზე, ქურუმის ნიღაბს ამოფარებულმა განსაცდელმა დააკაკუნა.

- მაგონ, გევედრები! იღონე რამე! არ დაუშვა, რომ ჩვენი გოგო მათ კლანჭებში ჩავარდეს. იმდენს უყვარხარ, რამდენისთვის გიშველია, უამრავი პატივს გცემს. ვიღაცა უნდა მოგვეშველოს!

- ეოს, გაუგონარს ითხოვ! ვიცი საყვარელო, რა დღეც გამოგივლია, მაგრამ მერწმუნე, რაც შენ თავს გადაგხდა, უიშვიათესი გამონაკლისია. მსგავსი ამ მხარეში არაფერი მსმენია! კარგად იქნება.

- შენ კაცი ხარ! არ გესმის რას ნიშნავს ტკივილი! სხეულისა და სულის ტანჯვა! - ქალი ტირილით, საძინებელ ოთახში უმისამართოდ დაეხეტებოდა და ადგილს ვერ პოულობდა.

- ჩემო ძვირფასო, დავუშვათ შევევედრე უმაღლეს ქურუმს. რა ვუთხრა? თავი გაგვანებონ? ჩვენი ოჯახი არ აღასრულებს ქალღმერთის სადიდებელს-მეთქი? მე კარგად ვხედავ მოტივებს, მაგრამ ეს ყველაფერი დიდ პატივად და წყალობადაა მიჩნეული. გესმის რას მოვითხოვთ? უღმერთო მოღალატეებად შეგვრაცხავენ და ვინ იცის რას მოგვისჯიან?!

- არ მაინტერესებს! სახლი და დედ-მამა იმისთვის მივატოვე, რომ ჩემი შვილისთვის ეს ბედი ამეცილებინა. ყველაფერი, რაც მიყვარდა, უკან მოვიტოვე, რომ ის გადამერჩინა!

- ეოს, უგუნურივით იქცევი. ვწუხვარ, მაგრამ ჩვენს შვილს ამის გადალახვა მოუწევს. ორივემ ვიცით, რომ ეს გარდაუვალია.

- დიდ მთავარსარდალს შევევედრები! ჩვენს შვილს კეთილი თვალით უცქერს, აქამდეც დაგვხმარებია. ახლაც გვიშველის! და თუ უარს მეტყვის, ვთხოვ, მონად გამყიდოს, ოღონდ ჩვენი გოგო შეიბრალოს!

- ეოს! უსმენ საკუთარ თავს?! დიდი მთავარსარდალიც კი უძლურია ქურუმთა წილ. მისი ქალიშვილი დაგავიწყდა? მაგ საბრალოს ბედი ბევრად უფრო მწარეა, ვიდრე ერთი ღამის წვალება უცნობის მკლავებში!

ბებიაქალი კიდევ უფრო გულსაკლავად აქვითინდა. ვეღარც კამათობდა, მხოლოდ თრთოდა.

- დამშვიდდი. გადაიტანს. კარგად იქნება, - ანუგეშებდა მაგონი.

 

 

***

ღამის მძიმე, ბნელ ბინდბუნდში გახვეული ბებიაქალი დიდი მთავარსარდლის სასახლეს მიადგა. გაკვირვებულმა გუშაგებმა და მონებმა გზა მისცეს, რადგან სასახლე ისედაც სავსე იყო მეომრებით, ფილოსოფოსებით და ქურუმებითაც კი. ქალმა მაინც მოახერხა და მთავარსარდლის კართან მანამ იდგა, სანამ მარტო არ დაიგულა და ბატონის ოთახში აკანკალებული ნაბიჯი არ შედგა.

დიდი მთავარსარდლის გონება მაგიდაზე გადაშლილ რუკებზე დაქროდა და თავიდან ვერც კი შეამჩნია დაუპატიჟებელი სტუმარი. როცა მისი მზერა ქალს გადააწყდა, ჰკითხა:

- აქ რამ მოგიყვანა ბებიაქალო? შენთვის არ მომიხმია. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?!

გაკვირვებული და ქალის ურცხვი საქციელით გაღიზიანებული მთავარსარდალი, პასუხის მოლოდინში სკამის საზურგეს მიეყრდნო:

- დიდო მთავარსარდალო, ჩვენმა ოჯახმა შენგან სიკეთის მეტი არაფერი იცის. გევედრები, კიდევ ერთხელ გადმოგვხედო წყალობის თვალით. მზად ვარ ნებისმიერი სასჯელი მივიღო ჩემი სითავხედის გამო. მაგრამ გთხოვ, ჩემი ქმარი შეიბრალე, რომელმაც არაფერი იცის ჩემი აქ ყოფნის და ჩემი შვილი დაიხსენი დიდ საყდარს სამსახურისგან!

- გესმის რასა მთხოვ?! - სიბრაზისგან ერთიანად წამოენთო მთავარსარდალი.

ბებიაქალმა მუხლი მოიყარა და საბრალობლად აქვითინდა. აღარც ერთი სიტყვა შერჩენოდა ვედრების გარდა. როცა ეგონა მის ბედს გახევებული მთავარსარდალი იქვე და იმ წამს აღასრულებდა, გასაკვირად დაბალი და მშვიდი ხმა მოესმა:

- ქვეყანაზე ყველაფერს ვერ დაიპყრობ. არსებობენ ძალები, რომლის წინაშეც ყველაზე დიდი არმიაც უძლურია და შენ ეს უნდა გესმოდეს. შენი ქალიშვილი ჩემი სახლის პატრონობის ქვეშაა. ვერავინ გაბედავს რამე ავნოს. მაგრამ! შენი შვილი ვალს მოიხდის! ახლა კი, აქედან გამეცალე და მომდევნო ჯერზე ასეთი კეთილი აღარ ვიქნები.

 

 

***

- წინააღმდეგობა არ გაუწიო. თვითონ ეცოდინება, რაც უნდა გააკეთოს. უბრალოდ იწექი, მშვიდად. ეს ყველაფერი მალე დამთავრდება.

ბებიაქალის ხმა თრთოდა. თავისი ფეხით მიჰყავდა შვილი საყდარში. ქვის ვეება შენობა უახლოვდებოდათ, რომელიც თითქოს ზემოდან დასცქეროდა ქარვის გულივით მოელვარე ქალაქს. ყელში მობჯენილი ძარღვიც უფრო და უფრო სწრაფად უძგერდა დაბნეულ ქალს. მრისხანე ხახასავით დაფჩენილ დიდ, რუხ თაღს რომ მიადგნენ, დედამ შვილი მოატრიალა და უთხრა:

- ხომ იცი, რომ ყველაფერი ვიღონეთ რაც შეგვეძლო?

- არაფერია, დედა. მესმის, - ახალგაზრდა ქალის ხმა თითქმის არარსებული იყო.

ეოსმა შვილის ნიკაპს მყარი, თუმცა ფრთხილი ხელი სწრაფად დაავლო და დახრილი სახე წამოუწია.

- არასდროს უჩვენო ვინმეს შენი ცრემლი! ქალებად დავიბადეთ და უცხოელები ვართ. ბედმა უკვე დაგვფლითა. არავინ გამოიჩენს მოწყალებას მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ცრემლს ნახავს. პირიქით! სუსტად ჩაგთვლიან, ადვილ ლუკმად. სიმტკიცე გამოიჩინე!

პერისტერიმ გადმოუღვრელი ცრემლები ჩაყლაპა და დედას მშვიდი, უემოციო სახით შეხედა. ქალმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. ის-ის იყო, პერისტერიმ საყდარში შეაბიჯა, რომ დედამ ისევ შეაჩერა.

- გამომართვი.

ახალგაზრდა ქალის ხელში პატარა მინის ბოთლი აღმოჩნდა.

- ეს რა არის?

- ნელსაცხებელი. წაისვამ. ნაკლებ გეტკინება.

ქალმა შვილის შეფარკლულ სახეს თვალი აარიდა.

- დააგვიანეთ!

ქურუმის მჭექარე ხმამ დედა-შვილი მდუმარე ტრანსს გამოსწიწკნა. ქალებმა თვალები დახარეს მორჩილებისა და პატივისცემის ნიშნად, ქურუმმა კი განაგრძო:

- ბებიაქალო, ხომ არ გადაგიფიქრებია? თუ შენს შვილს დატოვებ, ასეთი გარეგნობით, სულ რაღაც წელიწადში დიდ მზითებს მოხვეჭს. სახელს და წყალობასაც ოჯახისთვის.

- არა! - სწრაფად მიუგო ქალმა. ქურუმმა უკმაყოფილო სახით შეხედა და თქვა:

- კარგი. ამას მე წავიყვან. დარწმუნებული ვარ, ხვალ თუ არა ზეგ უკვე სახლში იქნება.

 

 

 

***

რიტუალებმა შუა ღამემდე გასტანა. დაღლილობისა და ნერვიულობისგან სულ მთლად გათანგული პერისტერი ერთ-ერთ ოთახში შეიყვანეს და მიატოვეს. პატარა ქალმა თვალი მოავლო სისხლისფრად შეღებილ დიდრონ ოთახს, რომელის კელაპტრები და სანთლები ნიავთან ერთად ბრიალებდნენ და ისედაც ავისმომასწავებელ სამყოფს საზარლად ატოკებდნენ. მის დაკვირვებულ თვალს არ გამორჩენია კედლებზე ამოფხაჭნილი წარწერები. ერთ-ერთი მათგანი იწერებოდა: „აქ იყო ფამეასი. ბევრი ოქროს მონეტა გადავიხადე, მაგრამ საყდარი დავტოვე ტანიტის წყალობითა და ლამაზი ქალწულის სისხლით ასოზე."

პერისტერიმ წარმოიდგინა, თუ როგორ კაწრავდნენ მასზეც ანალოგიურ ფრაზებს და ტანში გასცრა. დედის სიტყვები გაიხსენა და სხვა, ბევრ მსგავს წარწერას თვალი აარიდა. ამჯერად მზერა კედელს ზემოთ გაყოლებულ ნახატებზე შეეყინა. ქალებისა და მამაკაცების გამომწვევმა სურათებმა თვალები გაუფართოეს. შიშველი სხეული მანამაც ენახა: ამფითეატრში, გლადიატორები რომ იბრძოდნენ, უთვალავ ქანდაკებებზე და ქალაქის ქუჩებშიც კი. მაგრამ ეს სხეულები... განსხვავებულები იყვნენ. ქალებს ურცხვად მოეხარათ კიდურები და არაფერს ტოვებდნენ თვალისთვის უხილავს. ნუთუ მისგანაც ამას მოელოდნენ?! შიშის კიდევ ერთმა ტალღამ დაუარა ტანში. უნდოდა თვალი მოეწყვიტა სანახაობისთვის, მაგრამ სხეული აღარ ემორჩილებოდა.

- ამის დამხატი თავს ხელოვანს ეძახის, მის ქმნილებაზე კი, ხელოვნების თქმას ბედავს.

პერისტერი მოულოდნელ ხმაზე შეხტა და კარისაკენ სწრაფად შეტრიალდა, რომ უცნობ მამაკაცს გადაწყდომოდა.


 

 

თავი 4

ანიჰალი

 

 

ქვის თაღს მამაკაცის ბრგე, მუქი სილუეტი მიყრდნობოდა. უცნობი თვრამეტი წლისა თუ იქნებოდა, მაგრამ შუბლს ღრმა ნაოჭი უღარავდა. მისი კანი - ზეთისხილისფერი, გიშრისფერი თმა - ტალღოვანი, ცხვირი - სწორი, ტანი ხმელი და ახოვანი იყო. წითელი ფერის ტუნიკა ემოსა, რომელზეც ათასგვარი, ჩახლართული ნაქარგით დამშვენებული მოსასხამი მოესხა. ყველაზე მეტად კი, უცნობ მამაკაცს სიმდიდრისა და ძალაუფლების აურა ამძიმებდა. კედლებს გაყოლებული ნახატებისთვის მიბჯენილი, მობეზრებული მზერა პატარა ქალს დაუბრუნდა. ქარვისფერ თვალებში ელვამ გაიკიაფა და მამაკაცმა წარბი შეკრა.

- საიდან მოხვედი? - მოულოდნელი შეკითხვა დასვა უცნობმა.

- მკურნალი მაგონის სახლიდან ვარ, - პერისტერის ხმა, მისი სიმამაცესავით, იოტისოდენა იყო.

- ეგ არ მიკითხავს. მაგრამ, ალბათ ესეც პასუხია.

რამოდენიმე წუთს მამაკაცის მრისხანე თვალები პატარა ქალს სწავლობნენ, მერე პირი იბრუნა და ტახტზე წამოწვა. იქვე მდგომი პატარა მაგიდიდან ყურძნის ლებანი აიღო და განაგრძო:

- აქ რატომ ხარ?

- ქალღმერთი ტანიტის სადიდებლად, - ამოიხვნეშა პერისტერიმ.

- ეს ოფიციალური ბოდვა გვერდზე გადადე. მართლა გჯერა, რომ ასტარტეს ანაღვლებს აქ დაკარგავ ქალწულობას თუ ქუჩის კუთხეში? მიპასუხე. აქ რატომ ხარ? მზითების მოსაგროვებლად? თუ ოჯახის პატივისთვის? ან იქნებ, ეს საქმე გიზიდავს კიდეც?

პატარა ქალმა არ იცოდა საიდან მოვიდა სიმამაცე. ალბათ უცნობის ზიზღნარევმა ვარაუდმა შეურაცხყოფილს ხმა დაუბრუნა და მტკიცედ, მაგრამ მშვიდად მიუგო:

- აქ მოსვლა ჩემი არჩევანი არ ყოფილა. არც ჩემი ოჯახის.

როგორც ჩანს, ამან უცნაური მამაკაცის ყურადღება მიიპყრო, რადგან პირისახე პატარა ქალისკენ მოაბრუნა. თუმცა, მისმა ქვისებრმა გამომეტყველებამ არაფერი გასცა. მამაკაცი კარგა ხანს სწავლობდა დაბნეულ პერისტერის, მერე განაცხადა:

- ჩემი გეშინია. ჩემი რატომ გეშინია?

- არ უნდა მეშინოდეს? - ნელ-ნელა ქალს ჯერ კიდევ აუხსნელი სიმამაცე ეუფლებოდა. რაღაც ამ უცნაურ მამაკაცში მის სულს ცეცხლს უნთებდა.

- მე არ მითქვამს არ უნდა გეშინოდესმეთქი. მე გკითხე: რატომ?

პატარა ქალმა, ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ გულახდილად უპასუხა:

- შენი არ მეშინია. უფრო მეტად იმის, რაც მომელის.

- მახინჯი ვარ? დასახიჩრებული? უქონელი?

- არა. ჩემი აზრით, ძალიან მომხიბვლელი.

პერისტერიმ ენაზე იკბინა, როგორც კი ეს სიტყვა დასცდა. რა თამაშს თამაშობდა? ან, ვის ეთამაშებოდა? მამაკაცს ყურადღება არც მიუქცევია, ისე განაგრძო:

- მაშინ რატომ გგონია, რომ ისეთს მოვისურვებ, ვისაც მე არ ვუნდივარ?

პერისტერის ვერ გაეგო, როგორ ეპასუხა, ამიტომაც ჩუმად იდგა.

- ახლახან გითხარი შენზე არ ვიძალადებ-მეთქი და ისევ დამფრთხალი მიყურებ! - გაღიზიანდა მამაკაცი.

- შენ არა და ვინმე სხვა. - ჩურჩულით მიუგო პერისტერიმ.

- ამ მახინჯი რეალობის პატარა ნაწილს გაგიზიარებ: არავის არაფერში ადარდებს რა მოგივა, სანამ ქურუმი თავის ფულს მიიღებს, შენ კი აქედან ცოცხალი გახვალ, - მამაკაცმა თავმობეზრებულად აიჩეჩა მხრები და საკუთარ ფრჩხილებს დახედა - ასე რომ, დამშვიდდი, შენი ფორიაქი თავს მატკივებს.

სიტყვაგამშრალი პატარა ქალი, თვალებგაფართოებული უცქერდა მამაკაცს, რომელსაც თითებს შორის პატარა ალის ენები ეჭირა. უცნობის თვალებმა კედელზე ჩამქრალი კელაპტარი მონახეს, რომელიც იმ წამსვე აბრიალდა და ოდიოზური ოთახი ახალი შუქით გაანათა. მერე, ვითომც არაფერი მომხდარაო, საკუთარ თითებს მიუბრუნდა.

პატარა ქალს წამით ყველაფერი გადაავიწყდა. შორიდან, ზღვით მოსული ცეცხლის ოსტატები გაახსენდა, წლის წინ, ქალაქის ქუჩებში წარმოდგენებს რომ მართავდნენ. შიშველი ფეხით ნაღვერდლებზე რომ დადიოდნენ, პირიდან ცეცხლს აფრქვევდნენ და ალის ენებს ხელის გულებით დაატარებდნენ. ალბათ ამ კაცმაც მათი საიდუმლო ხელობა იცისო, გაიფიქრა. მის სახეზე პატარა ღიმილმაც გაიკიაფა. მერე გონს მოეგო. ხელახლა ჩაუფიქრდა უცნობის სიტყვებს, თავს ვერ მოერია და ჰკითხა:

- მაპატიე, მაგრამ უნდა ვიკითხო: იმას არ ითხოვ, რაც შეისყიდე?

სიბრაზის გარდა, ყველა ემოციისაგან დაცლილმა, მოელვარე თვალებმა ქალი მონახეს. პერისტერიმ განაგრძო:

- რისთვისაც მოხვედი, იმას არ აღასრულებ?

- ქალებს არ ვართმევ, რისი დათმობაც არ უნდათ, - ჩაიბურდღუნა მამაკაცმა.

ამას მოჰყვა უსაშველო სიჩუმე. უცნობის თვალები სადღაც შორს, გამჭირვალე წერტილში იცქირებოდნენ. მამაკაცი ღრმად იყო ფიქრებში წასული, სადაც პატარა ქალს ადგილი არ ჰქონდა. როცა დუმილი აუტანელი გახდა, ისევ პერისტერიმ დაილაპარაკა:

- რით შემიძლია სიკეთის სამაგიერო გადაგიხადო?

- თავსაფარი მომეცი.

- რა? - პატარა ქალი სულ მთლად დაიბნა. მისი თავსაფარი უბრალო იყო. სპილოსძვლისფერი ქსოვილი სულ მთლად სადა იყო. ზედ ხელისგულისოდენა წითლად მოქარგული, ერთადერთ ორნამენტი იყო, რომელიც პატარა ქალის ხელებმა იღბლისათვის გამოიყვანეს.

- მაგრამ... რატომ?

- იმიტომ, რომ მინდა.

უცნობის ხმას გაღიზიანება შეეპარა. პერისტერიმაც უხმოდ მოიხსნა თავსაფარი და მიაწოდა. მამაკაცმა ქსოვილი ბალიშივით დაახვია, თავქვეშ ამოიდო და უფრო მოხერხებულად წამოწვა. ამოიოხრა და უთხრა:

- ვერ ვიძინებ. ღამე არასდროსაა საკმარისად ბნელი და ჩუმი. დღეები ერთმანეთში იხლართებიან და ერთ უსაშველო, გრძელ და დამღლელ ღამედ იქცევიან. მაშინაც კი, როცა მგონია, როგორც იქნა გონს დავკარგავ და ჩავთვლემ, საკუთარი ფიქრები იმაღლებენ ხმას.

უცნობის თითებს მიღმა დამალულმა თვალებმა ისევ შეანათეს პატარა ქალს. მამაკაცმა განაგრძო:

- შეგიძლია ყურადღება გადამატანინო.

პერისტერიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. ბოლომდე მაინც არ ენდობოდა ამოუცნობი სტუმრის სიტყვებს, თუმცა ამჯობინა დინებას მიყოლოდა. ისევ, როგორც არაერთხელ მის მოკლე ცხოვრებაში, იმ ძალებს დანებდა, რასთან ჭიდილიც არ შეეძლო.

- შენი სულისთვის რა არის საამო? - ჰკითხა პატარა ქალმა.

- ალბათ ყველაზე რთული კითხვა დასვი, რაც შეგეძლო მოგეფიქრებინა. საქმე იმაში არაა, ჩემი სულისთვის რა არის საამო, მთავარია, რას აქვს მნიშვნელობა?

- და ეს რა იქნება?

- მხოლოდ ორ რამეს აქვს მნიშვნელობა: ჭეშმარიტებას და ცდუნებას.

- საფიქრალი მომეცი, ახალგაზრდა ბატონო, - მოიქუფრა პერისტერი.

- ახალგაზრდა ბატონი რატომ დამიძახე? - თავი წამოწია მამაკაცმა.

- არ ვიცი.

- არ იცი, თუ არ გახსოვს? ამ ორს შორის უფსკრულია ღრმა.

პატარა ქალი ცოტა ხანს მდუმარედ ატრიალებდა მეხსიერების მივიწყებულ ბელთებს. მერე გონებაში წლების წინ, მთავარსარდლის მესამე ვაჟის დაბადების ღამე ამოუტივტივდა. ორი ყმაწვილი, ბრძოლით გადაჯაჭვულები რომ შემოეფეთნენ, ერთმა კი თოჯინა დაუმსხვრია. მისი მორიდებულად მიწაზე დახრილი მზერა, ბავშვობის მოგონებებმა გაანათეს და იმედით მამაკაცს ახედა, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე თვალს არ აცილებდა.

- შეიძლება შენც ... იმ ღამით, როცა დიდი მთავარსარდლის მესამე ვაჟი დაიბადა, დედაჩემი ეხმარებოდა მელოგინეს. მეც ვიყავი სასახლეში. შენმა ძმამ, შემთხვევით, ჩემი ერთადერთი თოჯინა გათელა. ამან ძალიან დამაღონა, მაგრამ რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ახალი გამიკეთა. ბევრად უკეთესი. მისი საჩუქარი, ჩემთვის იმდენად ძვირფასია, რომ ახლაც ვუფრთხილდები.

პატარა ქალის სახეს მორცხვი ღიმილი დასთამაშებდა. ნუთუ მთავარსარდლის ვაჟმაც იცნო?!

- ჩემს ძმას ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია. მით უმეტეს თოჯინა.

დიდი მთავარსარდლის ვაჟის სიტყვებში გულწრფელობა იკითხებოდა, თუმცა მისმა ცივმა გამოხედვამ პატარა ქალს უკარნახა, რა გულუბრყვილოც იყო. მეტი სირცხვილისგან თავი რომ დაეხსნა, პერისტერი წამოდგა და მამაკაცს სასმისი ტკბილი ღვინით შეუვსო.

- რა თქმა უნდა, ჭეშმარიტების ძიება ყოველთვის ღირს ძალისხმევად, მაგრამ, ნუთუ ცდუნებას ამხელა წონა აქვს? განა ბავშვობიდან არ გვასწავლიან ცდუნებებს გავუმკლავდეთ, ან მათთან დანებების შედეგები ვიწვნიოთ?

მთავარსარდლის ვაჟმა ოთახს თვალი მოავლო. ცოტა ხანს რაღაცას ეძებდა. მერე სანთლისაკენ თითი გაიშვირა და უთხრა:

- აი, ხედავ ფარვანას?

პატარა ქალმა თავი დაუკრა.

- როგორ ეტანება სანთელს. უგონოდ იფარფატებს მის ირგვლივ, ზედ დაეხლება. ფრთებს დაიწვავს, ალბათ მის სათაყვანებელ შუქსაც გააქრობს და ზედ დააკვდება. მის პრიმიტიულ მდგომარეობაშიც კი ესმის, რომ ეს შუქი მისი დაღუპვაა, მაგრამ ვერაფერს ხდება.

სიჩუმეში უცქერდნენ ფარვანას სასიკვდილო ცეკვას, რომელმაც წუთიც ვერ გასტანა და სანთელთან ერთად დაიფერფლა. პირველად ცხოვრებაში, პერისტერის ეს ყოველდღიური რეალობა სევდიანი ეჩვენა. ამოიხვნეშა და წამოიწყო:

- ადამიანის გონება ფარვანაზე ბევრად დიდია. ადამიანს მეტი გონი მართებს, რომ თავს და მისთვის საყვარელს გაუფრთხილდეს.

- რაც უფრო ნათელია გონება, მით უფრო რთული და ძლიერი ხდება ცდუნებაც.

პირველად ამ ხნის მანძილზე, მამაკაცის ხმაში სიბრაზის გარდა სხვა ემოციაც იკითხებოდა - სევდა.

- გამოდის, რომ ორად ორიდან, რასაც ცხოვრებაში აზრი აქვს, ერთს არაფერი მოაქვს დაღუპვის გარდა?

- ყველა, ვინც რამეს ერთი მხრიდან უცქერს, ცდება. ცდუნებას ბევრად უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე დაღუპვა. უკეთესი ცხოვრების ცდუნებამ ააშენა ქალაქები, ძალაუფლების ცდუნებამ აღმართა იმპერიები. რაც გინდა თქვი, დასაბამი ცდუნებაა.

- ცდუნება თუ მიზანი?

- დიდია სხვაობა? არ აქვს მნიშვნელობა რა უანგაროდაც არ უნდა ჟღერდეს, საბოლოო ჯამში, ყველაფერი საკუთარი თავისთვის კეთდება. მსხვერპლიც კი, რასაც ადამიანი გაიღებს, საბოლოოდ იმისთვისაა, რომ თავი უკეთ აგრძნობინოს. ასე რომ - ცდუნება.

- სხვა რამეც უნდა არსებობდეს, რაც სიამესა გგვრის, - მორცხვი ხმით განაგრძო პატარა ქალმა - იქნებ, მუსიკა?

- ზედმეტად ხმამაღალი! - წამოიყეფა მამაკაცმა.

- მაპატიე, - ჩაიჩურჩულა პერისტერიმ.

კაცმა ამოიხვნეშა და განმარტა:

- მუსიკა ძალიან ხმაურიანია.

- ო... მაშ, იქნებ ცეკვა?

- ბრძოლის პათეტიკური განსახიერება. ბრძოლა მიწისთვის, გამარჯვებისთვის, საყვარულისთვის...

- მაშ, იქნებ სიყვარული.

- ღმერთების კიდევ ერთი ხერხი, ადამიანის გასატანჯად.

- კი მაგრამ, მაშ რაღა ფასი აქვს ადამიანის ცხოვრებას? - პატარა ქალი ერთიანად დასევდიანდა.

- მე არ მითქვამს აზრი არა აქვს, ან ადგილი არ უნდა ჰქონდესმეთქი. მე ვთქვი, რომ სიყვარული კიდევ ერთი თოკია, რომელსაც ღმერთები ქაჩავენ სასეიროდ.

მთავარსარდლის ვაჟმა ღვინო მოსვა და განაგრძო:

- რა იცი სიყვარულზე, ასეთი შთაგონებული რომ ხარ? კაცი გყვარებია? დავასკვნი, რომ არა, თორემ გეცოდინებოდა: სიყვარულს ტანჯვა მოაქვს. ყოველთვის მოაქვს.

- არა, ჯერ არ მყვარებია. მაგრამ, იმედი მაქვს, რომ ვიპოვი. ვინ იცის, იქნებ მეც გადავეყარო ჩემს ოდისევსს.[14]

პერისტერის მეოცნებე, მორცხვ ღიმილს მამაკაცის მოქუფრულმა სახემ უპასუხა, რომელიც ინტერესითა და ეჭვით უქცერდა. თითქოს მისი გულუბრყვილობა წყინსო.

- ყოველ ოდისევსსა და პენელოპეზე[15], ათი ჰერო და ლეანდრე[16] მოდის. მაშინაც კი, თუ ვინმეს გაუმართლებს და ბედისწერა მისთვის პენელოპეს ბედნიერ დასასრულს გაიმეტებს, ოცი წლის უბედობის გადალახვა მოუწევს, მარტოობაში, ბრძოლა ყოველი დღისთვის, რომ საბოლოოდ ერთად ყოფნას ეღირსონ. მესმის, რომ ლამაზად ჟღერს, შთამაგონებლადაც კი, მაგრამ, ვინაა ამ მსხვერპლზე წამსვლელი?!

პერისტერიმ დაიცადა, მერე მზერა მამაკაცს გაუსწორა და ის პასუხი მისცა, რომელიც პირობასავით ჟღერდა:

- ერთი შეხედვით, ბევრი უსამართლობაა ამ ქვეყანაზე. ხშირად მსმენია გოდება: რატომ? როცა არ ესმით, რით დაიმსახურეს ტანჯვა-წამება. მე კი მგონია, რომ ცხოვრება სამართლიანია და აი, ამიტომ: სამყაროს ჩვენი არაფერი მართებს მხოლოდ იმიტომ, რომ დავიბადეთ. თითოეული სიცოცხლე სუფთა გრაგნილია. იმით, თუ როგორ იცხოვრებ, უნდა დაიმსახურო სიკეთეც და კეთილი ბედიც. მხოლოდ უბედობაზე გამკლავებითა და დაბრკოლებების გადალახვით დაიმსახურებ სიკეთეს. დედა ყოველთვის მეუბნება: თუ დახმარება გჭირდება, სხვების ხელის გამართვით დაიწყეო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც სიკეთეს გასცემ, იგივეს მიიღებ უკან. პენელოპე ბედნიერი იყო, რადგან ბედნიერება დაიმსახურა. მაშინაც კი, თუ ბედისწერას ჰეროს და ლეანდროს ბოლო მოაქვს, განა საყვარლის მკლავებში სიკვდილი არა სჯობს ხანგრძლივ მარტოობაში ტანჯვას?

მთავარსარდლის ვაჟი უნდობლად უცქერდა. მერე ჩაიფრუტუნა:

- წარმოდგენა არა გაქვს რას ამბობ, კმარა.


 

 

თავი 5

იარას სიმღერა

 

 

ღამე დილისკენ იხრებოდა. სანთლები დარჩენილ საათებს ტიროდნენ.

- თქვი რამე.

გაისმა მამაკაცის მოულოდნელი, ჩუმი თხოვნა. მისი ხმა ალბათ პატარა ქალზე უფრო გათანგული იყო. იმ წუთას, პერისტერის გადაავიწყდა მთავარსარდლის ვაჟის საშიში მხარე და ყოველგვარი ლოგიკისაგან გაშიშვლებულად, წმინდა ინტუიციურად უთანაგრძნობდა კიდეც უცნაურ სტუმარს. ღრმად ჩაისუნთქა და ერთადერთი ისტორიის მოყოლა დაიწყო, რომელიც თავში მოუვიდა:

- როცა პატარა ვიყავი, ძილის წინ, დედა ამ ისტორიას მიმღეროდა. რამდენი წელია, აღარც მიფიქრია მასზე. უცნაურია, რატომ მიყვებოდა სწორედ ამას? ალბათ ცდილობდა, მისი თავგადასავალი ჩემთვის უფრო ზღაპრული, ნაკლებ საზარელი ფერებით გაეზიარებია. ახლა რომ ვიხსენებ, მიკვირს, რატომ მომწონდა ასე მისი მოსმენა? ალბათ იმიტომ, რომ თავს განსაკუთრებლად მაგრძნობინებდა. - სევდიანად ჩაიღიმა პერისტერიმ. - ასე იყო თუ ისე, ეს არის ისტორია:

 

ზღვის გაღმა, შორს, სადაც ცხოვრობენ ბერძენნი

გემით რომ მიადგე დაგჭირდეს დღეები,

ცხოვრობდა მკურნალი, კეთილი, ჭკვიანი

არც დიდად ცნობილი, არც ისე მდიდარი.

 

სათნო და მცინარი, გულით მომღიმარი,

ბევრ ღარიბს საჭივრის ტალკვესად მდინარი.

უშვილოდ ცხოვრობდა, არვისთან ომობდა

სიმშვიდით გაჰქონდა სიბერის დღეები.

 

ერთხელაც ქალღმერთმა წყალობა იმეტა,

ბებერი ცოლ-ქმრისთვის შვილი გაიმეტა.

სათნო და მცინარი, გულით მომღიმარი

მშობლების იმედი, ჯანმრთელი შვილი.

 

ბავშვი იზრდებოდა, ნორჩად მშვენდებოდა,

ხნიერი, კეთილი მშობელების სარკედ.

სხეულით დედისგან, გონებით მამისგან,

წყალობდა ურჩევლად მდიდარს და ღარიბს.

 

ერთხელაც, ფორტუნამ იბრუნა ღიმილი,

კარს მოსდგათ ქურუმი მკაცრი, უღიმარი.

ითხოვა ქალწული დიდ საყდრის მსახურად,

მკურნალი დაობდა, ამაო პასუხად.

 

დიდ საყდარს წაასხეს ნორჩი, უღიმარი,

იქ, სადაც ქურუმებს ეახლა სტუმარი,

უცნობი მოვიდა, ვაი, რომ ატირა,

ნორჩი, უცოდველი პატარა ქალი.

 

მტირალი, მტკივანი, აღარც მომღიმარი,

ტანი რომ ეგონა ბინძურის ბუდე.

სახლში რომ დაბრუნდა, ტანჯვა არ დასრულდა,

თვალი ვერ უსწორა დათრგუნულ მშობლებს.

 

უცნობის დაღი აქ როდიღა დასრულდა,

დღეები გავიდნენ, იჩინა თავი.

მუცელი დამრგვალდა და ფერი დაკარგა

უქმრომ განსაცდელი მალა, ვერ დამალა.

 

კვლავ მოსდგა ქურუმი, მკაცრი, უღიმარი

თითი გაიშვირა, დაასვა დაღი:

"ასტარტეს წყალობა უხვია ფაქტად,

თვალის არიდება ბრუნდება ავად!

 

დიდ საყდარს წამოხვალ, ბავშვს როგორც გააჩენ,

ორთავე მიუძღვნით ცხოვრებას ტანიტს.

სამოთხის დედოფალს მადლი დაუფასე!

წყალობა დიდია და გაწევს ვალად."

 

სასოწარკვეთილი, ვაი, რომ მშიშარი,

ხნიერი, უძლური მშობლების ამარა.

უკან დაბრუნებას სიკვდილი არჩია,

წყვიადი საფარად, მიადგა სალ კლდეს.

 

ასე გადაწყვიტა, გზა უკან მოიჭრა,

მისით ჩაბარდება მრისხანე ნეპტუნს[17].

ზღვას რომ გადახედა, ხელი რომ გაშალა

ასტარტემ უკრძალა ნაცადი ფრენა.

 

ქალღმერთმა იცინა ქალს რომ გადახედა,

დასცინა: ,,სულელო!". აქნია თავი.

"აქ რაღას მოსულხარ, პატარა მოკვდავო,

განა არ გიბოძე წყალობად შვილი?

 

ლაღი და ჭკვიანი, კეთილის მოქმედი,

აღსავსე სინათლით ვით დილის სხივი.

იმედი, სიმშვიდე იმ ჩემი რჩეულის

ამ მიწებს ბატონად რომ მოვუვლინე!"

 

ახედა, დახედა, მერე დაამატა:

,,მაშ არ გსურს დაბრუნდე? და იყოს მასე.

დაეშვი ნავსადგურს, იპოვე ყველაზე

თეთრწვერა, ხნიერი გემს მართავს ახლა.

 

გაჰყევი უსიტყვოდ სადაცა მიცურავს,

ნუღაცა დაადგამ ამ მიწას შენს ფეხს.

ჰმ, ერთი დახედე პატარა მოკვდავო,

შენი ახირება ადვილებს საქმეს."

 

ეს თქვა, დაიკარგა, გაქრა და გალღვა,

დატოვა ფიქრებში პატარა ქალი.

ვერ მიხვდა, რა ექნა, ნუთუ მოეჩვენა

სამოთხის დედოფლის მირაჟი ღამით?!

 

და სანამ ფიქრებში წამები სდიოდა

მუცელში პატარამ დაიწყო კრთომა,

მიეცა ნიშანი, სიცოცხლის ნიშანი,

ვეღარა დაიხრჩოს ზვირთებში თავი.

 

წელში გაიმართა, ნავსადგურს მიადგა,

მონახა ხნიერი. ევედრა, სთხოვა.

კაცმა შეიცოდა ნორჩი, უციარნი

გემზე აიყვანა, ეკვეთნენ ზვირთებს.

 

ეს არის ამბავი ჩემი დაბადების

ხიზნულის შორეულ, უცხოელ ტომში,

სათნოს და მცინარის, გულით მომღიმარის

ბნელეთს რომ განდევნის კაშკაშა სხივით."

 

           სიმღერას რომ მორჩა, პატარა ქალმა თავი წამოწია, რომ მამაკაცის გახევებულ, ჩასისხლიანებულ თვალებს გადაჰყროდა. კაცს მუშტები გათეთრებამდე შეეკრა და გამალებით ქშენდა:

- წადი.

შიშისაგან ქანდაკებად ქცეული პერისტერი ადგილიდან ვერ იძროდა.

- ქურუმს უთხარი, რომ ვალი მოიხადე. წადი!

პატარა ქალი ადგილს მოსწყდა. გზად ეცემოდა, ქვის კედლები მკერდზე აწვებოდნენ და ჩასუნთქვას არ აცდიდნენ. მაინც გარბოდა. ვერ ამჩნევდა გზად გადაყრილ ხალხს, არც საყდარში მყოფთა ხარხარი, კვნესა, ტირილი და ოხვრა ესმოდა. როგორც იქნა, ლაბირინთმა გზა მისცა და წყვდიადით დამძიმებულ ქუჩაზე დადგა ფეხი.

- პერისტერი!

ნაცნობმა ხელებმა შეიპყრეს. გაოგნებული დედა დასცქეროდა და უამრავ კითხვას აყრიდა:

- აქ რას აკეთებ? გამოიქეცი? კარგად ხარ? რა გტკივა?

- დედა! აქ საიდან გაჩნდი?

- ვერ დაგტოვე. აქ ვიცდიდი! უკვე გამოგიშვეს? რა მოხდა?

- დედა! გთხოვ! ოღონდ აქაურობას გავეცალოთ, ყველაფერს მოგიყვები.

 

 

 

***

 

დედა-შვილი სამხრეთის ფერდობისაკენ მიფრატუნებდა და გამალებული ჩურჩულებდა:

- რას ნიშნავს მხოლოდ ლაპარაკი უნდოდა?

- სხვა ჩემგან არაფერი მოისურვა. იმაზეც კი გაბრაზდა, რომ ვიფიქრე თავის ნავაჭრს მოითხოვდა. თუმცა, რაც არ უნდა მექნა, ყველაფერზე ბრაზობდა.

პატარა ქალის ნაამბობი მართლაც ბოდვასავით ჟღერდა. თუმცა, ხმამაღლა წარმოთქმამ ოდნავ უფრო დამაჯერებელი გახადა ის პატარა სიგიჟე, რაც ამ ღამით გამოიარა.

- და ლაპარაკის მეტი არაფერი უნდოდა? რამეს მიმალავ, პერისტერი?

დედა შვილს ეძალებოდა. ვერაფრით დაეჯერებინა მისი მონაყოლი:

- არა დედა. სრულ სიმართლეს გეუბნები. არც მეტი, არც ნაკლები.

რამოდენიმე ქუჩა მდუმარეებმა გაიარეს. მერე დედამ იკითხა:

- დარწმუნეული ხარ, რომ დიდი მთავარსარდლის ვაჟი იყო?

- კი. შავთმიანი.

დედის ნაბიჯი ადგილზე გაიყინა.

- რა არის, დედა?

ქალი ერთ ხანს ჩუმად მსჯელობდა, მერე შვილს თვალი გაუსწორა და გამოტყდა:

- რამოდენიმე დღის წინ, დიდ მთავარსარდალთან სასახლეში წავედი და შევევედრე, შენთვის ეშველა. მან მითხრა, რომ არაფერი იყო რისი გაკეთებაც შეეძლო და რომ არც არაფერს მოიმოქმედებდა. ვალი ვალიაო. ეტყობა შეგიცოდა და მისი ვაჟი გამოგიგზავნა.

მას მერე ერთი სიტყვაც არ დასცდენიათ. შემხუთველ მდუმარებაში დაფარეს დარჩენილი გზა.

მკურნალი მაგონი, სახლის კართან სცემდა ბოლთას. მომხვდურები რომ დაინახა, მზერა ჯერ შვილზე, მერე ცოლზე შეაჩერა. სანამ რამეს იტყოდა, პერისტერიმ დაღლილი ღიმილით უთხრა:

- კარგად ვარ, მამა. არაფერი მომსვლია. დიდმა მთავარსარდალმა მისი ვაჟი გამომიგზავნა და შემიბრალეს.

ცოლ-ქმარმა უსიტყვო გამოხედვა გაცვალა. პატარა ქალმა კი, საკუთარ ოთახს მიაშურა. ტანზე არც გაუხდია, პირდაპირ დაემხო საწოლზე. სანამ უძილო ღამის და რამოდენიმე გამთანგველი დღის სიმძიმეს უფლებას მისცემდა წყვდიადში ჩაეთრიათ, უფრო მეტი სევდა იგრძნო, ვიდრე შვება.

           უცნაური, თუმცა ნათელი იყო. გული წყდებოდა, როცა ხვდებოდა, რომ ანიჰალის საქციელი სულაც არ იყო მის მიერ გაღებული სიკეთე. არც მისი დიდი პრინციპების, ან ძლიერი პიროვნების ექო. გულკეთილობა, რომელიც გამოიჩინა მას არც კი ეკუთვნოდა, არამედ დიდ მთავარსარდალს, რომელმაც წყალობა გაიღო ქალზე, ცოლ-შვილი რომ გადაურჩინა.

ეს ყველაფერს ხსნიდა.

ეს ლოგიკური იყო.

გულდასაწყვეტი იყო...


 

 

თავი 6

სიშლეგეს ზეიმი

 

 

მშვიდი ნაბიჯით მოვიდა ზამთარი და მოიტანა ნესტიანი სუსხი.  ერთადერთი, რაც დუნე ყოველდღიურობას ატოკებდა, დაძაბული ამბავი იყო ბრძოლის ველიდან. ხან დამაიმედებელი, ხანაც, არც ისე. მაგრამ, როგორც კი ქუჩის აგიტატორის[18] ხმას უკან მოიტოვებდი, ყველაფერი მდორე, მოზომილ და წყნარ რეალობას უბრუნდებოდა. პერისტერის სიზმრები ფერმკრთალდებოდნენ და სიმშვიდე დაიბრუნეს. მოგონებებიც, უცნაურ სტუმარზე, დავიწყების თხელი ფარდის მიღმა დარჩნენ.

დინჯად ჩაიარა ზამთარმაც და პატარა ქალი მეთექვსმეტე გაზაფხულს შეეგება. მზის სხივები მოძლიერდნენ და მწველი ძალა დაიბრუნეს. ხალხიც გამოცოცხლდა. ნაცვლად შეღამების მოლოდინისა, რომ დღის დაღლილობით დამძიმებული სხეულები ღამის ძილისთვის მიებარებინათ, ყოველი გათენების ლოდინი იწყეს. სწორედ მაშინ, არმიის ნატერფალმა მიწა კიდევ ერთხელ შეაზანზარა და სახლში მორიგი გამარჯვების ამბავი მოიტანა. ქალაქმა ერთიანად დაიფერთხა ძილის ბორკილები. შინ მშვიდობით დაბრუნებულ მეომრებს ბედნიერი შეძახილებითა და სიხარულის ცრემლებით ეგებებოდნენ. ომში დაცემულებზე ბალადებს თხზავდნენ და მორიდებულ თვალს აპარებდნენ მთავარსარდლის სასახლისაკენ, რომელიც კელაპტრებაბრიალებული, ამაყად დასცქეროდა ქარვისფერ ქალაქს.

           საქმიანმა ფუსფუსმა მოიცვა მოედნები. ქალაქისა და ირგვლივ სოფლების მცხოვრებლებმა, ერთიანად მოიყარეს თავი და მორეკეს მსხვილფეხა რქოსანები, უცხოური, ულამაზესი ფრინველები და ყურისწამღები აურზაურიც. ყველა ემზადებოდა დიდი დღესასწაულისა და კიდევ უფრო დიდი მსხვერპლშეწირვისათვის.

საყოველთაო ზეიმს მკურნალი მაგონის სახლიც შეუერთდა. საუკეთესო სამოსში გამოწყობილები, ძღვენით ხელში მიიწევდნენ მთავარი საყდრისაკენ. პერისტერის ეს დღესასწაული ორაზროვან გრძნობებს უღვივებდა. გლოვის დღესავით ეზარებოდა საყდარს სტუმრობა, სადაც ძღვენის სანაცვლოდ სისხლიან ანაბეჭდს მიიღებდა, ნიშნად იმისა, რომ ღმერთებისთვის მსხვერპლი უკვე გაიღო. მაგრამ, საღამოს ზეიმის გახსენებაზე, გული სიხარულით ფეთქავდა.

ნაბიჯ-ნაბიჯ ილეოდა ქვის საფეხურები, რომლითაც, მთავარი საყდარი მომხვდურებს უმოწყალოდ შთანთქავდა. ქვის კუშტი, ხახადაფჩენილი თაღები უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ რიგში კენტად მდგომ პატარა ქალს. მაგონს და ეოსს უკვე მიეღოთ სისხლიანი ნიშანი. რახან პერისტერი მაგონის სისხლისა არ იყო, დანარჩენ ქალებთან ერთად ელოდა საკუთარ რიგს. რამოდენიმე ნაბიჯიც და, პატარა ქალი პირქუში შენობის გამაბრუებელმა ჰაერმა ჩაითრია. კარგად ნაცნობი ქურუმი ზურგით იდგა და კვარცხლბეგთან საქმიანობდა.

ვეებერთელა ხარი წამოექციათ. მუგუზალივით შავი ცხოველის დიდრონი სხეული ჰაერში ეკიდა. მისი გამოღადრული ყელიდან ბროწეულისფერი სისხლი დიდ ფიალას თქრიალით ავსებდა. ჰაერში მეტალისა და დამწვარი თმის შემხუთველი ოხშივარი იდგა. პერისტერიმ კვარცხლბეგზე დადებულ ხარის თავს თვალი აარიდა და მზერა ქვაფენილს გაუსწორა.

- თავი წამოწიე, ქალო. ღმერთებს ანახე, ვის მოაქვს მსხვერპლი.

პერსტერიმ ღრმად ჩაისუნთქა და სახე ასწია. ქურუმი ბუტბუტებდა და თითებს აწობდა თბილი სისხლით სავსე თასში. პატარა ქალს თვალი რომ გაუსწორა შეჩერდა და თქვა:

- მახსოვხარ. ტანიტს კარგად ემსახურე.

მერე თვალები მოჭუტა და კარგად დაათვალიერა პერისტერის მოკუნტული სხეული. პატარა ქალის თავში მილიონმა აზრმა გაიელვა. ერთი-მეორეზე უარესი. ვაი, თუ იცოდა?! ვაი, თუ გათქვეს?! მერე რაღა ეშველებოდა?! ვინღა უშველიდა?! ამასობაში ქურუმმა ხარბად ამოაწო ცერი ოქროს თასში და შუბლზე ნიშანი დაასვა.

- მაკვირვებს, ჯერაც რომ არ გათხოვილხარ, - განაგრძო ქურუმმა - რაზედ ფლანგავ ახალგაზრდობას და სილამაზეს? იქნებ, ტანიტის მსახურობასა ფიქრობ? - ქურუმის შავ თვალებში სიხარბის ნაპერწყლები აკიაფდნენ. - გაგიკვირდება, რამდენ ქალს მოსწონს საყდარში ტანიტის დიდება. რას იტყვი? დაბრუნდები?

- არა!

პერისტერის მყიფე პასუხმა ქურუმის დაუფარავი რისხვა გააღვივა და პატარა ქალმა საჩქაროდ დასძინა:

- მადლობას გწირავ ასეთი გულუხვი შემოთავაზებისთვის. მაგრამ მე მკურნალი ვარ, ჯერაც ვსწავლობ. მინდა ტანიტს მისი მსახურების ჯანმრთელობის შენარჩუნებით და ახალი, საღი შთამომავლების გაჩენაში დახმარებით ვემსახურო.

ქურუმი კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ პერისტერიმ სასწრაფოდ დაუკრა თავი და გზა რიგში მდგომ მომდევნო ქალს მისცა. ფეხაჩქარებით ჩაიარა საფეხურები მისი ერთგული მცველის მოლოდინით. მართლაც, წამიც და კედლის უკან დედის სხეული გამოჩნდა.

           მაგონის ოჯახი, ისევ გამთელებული, ამოძრავდა და ნელი სვლით გასწია მთავარი კოცონისაკენ, სადაც მუსიკოსებს უკვე დაეწყოთ წარმოდგენა. ამის დანახვაზე, პერისტერის სულმა ფრთები გაშალა და მათკენ სირბილით დაიძრა. ეოსს არ უნდოდა მისი შვილი ისეთი მდაბიო საქმით დაკავებულიყო, როგორადაც ცეკვა მიიჩნეოდა. მიუხედავად ამისა, მაგონი უფლებას აძლევდა პერისტერის გამაბრუებელ მელოდიას დანებებოდა და თავდავიწყების ფერხულს ჩაბმოდა. ,,დააცადე, ეოს. დაე, იხაროს ახალგაზრდობით". იტყოდა ხოლმე მაგონი და ნაოჭიანი, თბილი ღიმილით გადახედავდა ხელგაშლილ ქალიშვილს.

,,..და მე ვიხილე მუზა. ჩემკენ რომ მოქროდა ჰანგების ფრთებით.."

დაამღერა ზენომ, როგორც კი მათკენ სირბილით წამოსული პერისტერი დაინახა. ახალგაზრდა, მომხიბვლელ მუსიკოს ზენოს, მოხერხებულად ესვენა კალთაზე ლირა და თხელი, გრძელი და მოქნილი, ნიჭით დატვირთული თითებით ატოკებდა სიმებს. მას ბევრი ქალი უყვარდა და კიდევ უფრო მეტი იყო მასზე გამიჯნურებული. მათ საწოლ ოთახებში მომხიბვლელი ღიმილითა და ტკბილი ხმით იკვალავდა გზას. ხშირად ბეწვზე აცდებოდა გაავებულ ქმრებს, აივანს გადაევლებოდა და ღობეს უკან გაუჩინარდებოდა. უანგარო საყვარელი იყო, მაგრამ ისეთივე შეუპყრობელი, როგორც ზღვიდან მობერილი დილის ნიავი. დიდ გულში მუდამ ინახავდა განსაკუთრებულ ადგილს პერისტერისთვის. პატარა ქალს ისე უცქერდა, როგორც მის ნიმფასა და პირად მუზას. უძღვნიდა სიმღერებსა და პოემებს დღის მანძილზე, ღამით კი, ეჭვით შეპრყობილ საყვარლებს ანუგეშებდა.

პერისტერიმ ბერძენ მუსიკოსს გულწრფელი აღტაცების ღიმილი აჩუქა, ხელი გაშალა და მომაჯადოვებელი მუსიკის ჰანგებში დაარწია ლერწამივით სხეული.

მალევე მუსიკოსების ხმას დაბალი, დუდუნა ბგერები შეერივნენ და სწრაფად ჩაახშეს. მაყურებელთა გუნდი ორად გაიპო და ქურუმების კოლონა გამოჩნდა. მათ მდუმარე დომინირებას ადგილი არ დაეტოვებინა იოტისოდენა ეჭვისთვის. უბრალო, კარგად ნახმარი ტუნიკები ეცვათ, მაგრამ მათ კისერსა და მკლავებს, სქელი, ოქროს ჯაჭვები და რგოლები ამძიმებდნენ. თავები გადაპარსული ჰქონდათ, მაგრამ მათი კანი ძვირფას ნელსაცხებლებს გაეჟღინთათ. დიდგვაროვანთათვის დამახასიათებელი გრიმი არ ჰქონდათ, არც ნახშირის ზოლი გასდევდა მათ თვალებს, მაგრამ ვერავინ ბედავდა მათთვის მზერის გასწორებას. თუ დიდი მთავარსარდალი პატივისცემას, იმედს, უპირობო მორჩილებასა და სიყვარულსაც კი აღვივებდა, ქურუმები მხოლოდ შიშს თესავდნენ. შიშს, როგორც ყველაფრის საწყისს: ყურადღების, მორჩილების, მსხვერპლის. იმ შიშის მონაბერს დაატარებდნენ, ზურგზე რომ აგაღოღდება ათასი ცივი, პატარა და ბასრი ფეხით. ქურუმს შეეძლო შენთვის წარბი შეეკრა და იცოდი, შენი საქმე წასული იყო. შენი ბედის გაზიარების შიშით, იმ წამსვე გაირიყებოდი ხალხიდან, რომელიც ასე გჭირდებოდა გადარჩენისათვის. განდევნილად ცხოვრებაში შენი დღეები დათვლილი იყო. ზოგი ბრძოლას ირჩევდა. ყველაფერს ჰყიდდა და საყდარს სწირავდა, იმის იმედად, რომ ქურუმის წყალობას დაიმსახურებდა, მაშინ, როცა არც კი იცოდა ღმერთებს ასეთი რა შესცოდა. სხვანი შორეულ ქვეყნებში იხიზნებოდნენ, სადაც მათი სახელი არავინ იცოდა.

ქურუმებს სიყვარული არ სჭირდებოდათ: ,,გიყვარდეთ და პატივი ეცით ღმერთებს, მაგრამ უფრთხილდით მათ მახვილს!" იტყოდნენ ხოლმე და თავს, ოლიმპოდან[19] მოცქირალთა მკლავებად კიდევ ერთხელ დაგვანახებდნენ. რაც უფრო იზრდებოდა შიში, მით უფრო დიდი იყო მათი მეხოტბეთა და მიმდევართა რიცხვი. წრე, დასაწყისისა და დასასრულის გარეშე.

თუ იმპერიები მეფეთა ხვედრია, მოედნები ქურუმებს ეკუთვნოდათ. მძიმე ნაბიჯით მომავალთათვის მზერის გასწორება შეუძლებელი იყო, მაგრამ თვალის არიდება - წარმოუდგენელი. მათი მოდუდუნე კოლონას გულში პერისტერის თვალი ახალგაზრდა ქალმა მოსჭრა. მკურნალმა მაგონმა მრავლისმთქმელი მზერა გაცვალა ეოსთან და რაღაც გადაუჩურჩულა. თვალებგაბრწყინებული პერისტერის ყურადღებამ, მშობლების უცნაური ქცევა აისხლიტა. ასე მონუსხული შესცქეროდა ქურუმ ქალს, რომელიც მკერდგაღეღილი, წარმოუდგენელი მოქნილობით ირწეოდა სტვირისა და კიფარას ხმაზე. თითებზე პაწაწინა ოქროს დაფდაფები ჰქონდა, რომელთა წკარუნიც მუსიკოსთა რითმს ერწყმოდა. ზეთისხილივით პრიალა და უნაკლო კანზე მოელვარე კოცონის ენები ირეკლებოდნენ. თავდავიწყებას მიცემული ქურუმი ქალის სხეული გველივით იკლაკნებოდა. წელგადაზნექილი, ცეცხლისკენ გაეშვებოდა, ბეწვზე დაუსხლტებოდა მხურვალე ენებს, მიწაზე დაენარცხებოდა და ისევ წამოიმართებოდა. არაამქვეყნიურ ხმაზე მღეროდა და ქურუმთა ღაღადის ფონზე, ექსტაზს მიცემული ადიდებდა ტანიტს.

- შეუდარებელია! ვინ არის ეს ქალი, ასე უხვი წყალობით რომ დაუსეტყვავთ ღმერთებს? - ძლივსღა გაისმა პატარა ქალის აღტაცებული ხმა.

- მთავარსარდლის პირველი შვილი და ერთადერთი ქალიშვილი, - ამოიოხრა მკურნალმა მაგონმა - წყალობა კი არა, სასჯელია, შვილო.

მუსიკა დასრულდა, მაგრამ სანახაობისაგან ენაჩავარდნილ მაყურებელს, დრო დასჭირდა გაოცების ბორკილებისთვის თავის დასაღწევად. დააგვიანდა აღტაცების ყიჟინას. მათ შორის იყო პერისტერიც, სუნთქვაშეკრული რომ შესცქეროდა ქალს, რომელიც ქურუმებმა გახურებული, მოგუგუნე მიწიდან წამოაყენეს და თვალთახედვიდან გააქრეს. სულ რაღაც ორი ამოსუნთქვის წინ ეშხიანი, წარმოუდგენელი ენერგიისა და მუხტის მქონე ქალი, ახლა რაღაცნაირად გამოცარიელებული ჩანდა. უსულო თოჯინას დამსგავსებოდა და მისი თვალებიც სადღაც შორს, არარსებულ უსასრულობაში იცქირებიდნენ. მაგრამ პერისტერის ხმა აღტაცებისა არ იყო. მის თვალებში სიბრალულის ცრემლები კრთოდნენ.

- ასეთი რა უნდა შეეცოდა ადამიანის ნაშიერს? - პატარა ქალის ხმა თრთოდა.

- სიყვარული იყო მისი შეცოდება. მტერი შეიყვარა, - გაისმა მაგონის ნაღვლიანი ხმა.

- დიდი მთავარსარდლის მტერი?

- ხო. მამამისის. საბოლოოდ, მანვე მოგვიტანა გამარჯვება, მაგრამ, როცა ქურუმებს მაგალითი უნდათ, თემიდას[20] სახვევს იხსნიან, - ჩასჩურჩულა მაგონმა და მრავლისმთქმელი მზერა გაუსწორა.

- სიყვარულს ტანჯვა მოაქვს. ყოველთვის მოაქვს.

პატარა ქალის ჩუმი სიტყვები სასწულით მისწვდა გაკვირვებული მკურნალის ყურს.


 

 

თავი 7

დიდი მთავარსარდლის ვაჟები

 

 

ვეებერთელა კოცონის ენები ღრუბლებს ლოკავდნენ. დღესასწაული ტემპს კრეფდა. თაფლით გაჟღენთილი ტკბილეული, ღვინო და ხილი რიგდებოდა. მაგრამ, პერისტერის ვერა და ვერ ჩაეკრა გულში დღესასწაულის ის ნაწილი, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდა. მისი აღტაცება იმ ქალის მიმართ თანაგრძნობის ბნელ ჩრდილს გაემუქებია, რომელიც პირველივე დანახვიდან გულში ჩაუვარდა გულწრფელი, უმწიკვლო და უცოდველი სიყვარულით. მისი გულ-მუცელი, თითქოს მოლოდინის წინათგრძნობით, ისე ძლიერ იკუმშებოდა, რომ ფერდებს ხელიც კი შემოხვია. ინტუიციამ არც ამჯერად დააღალატა. მუსიკოსთა მელოდიური ჰანგები მოულოდნელად გაწყდა და მძიმე ფეხის ხმამ ჩაანაცვლა. ნაბიჯმა, რომელიც მხოლოდ მეომარს შეიძლება ეკუთვნოდეს, მოედნის ქვაფენილი შეაზანზარა.

ბრბო უსიტყვოდ გაიხლიჩა და კოცონის ირგვლივ ოცმა გოლიათმა წრე შეკრა. მეომრებს მძიმე, ტყავის ჯავშანს ქვეშ მოკლე, წითელი ტუნიკები ეცვათ. სისხლისფერი ქსოვილის ქვეშ ბრგე სხეული იყო, რომელიც ყველაზე გამორჩეულ მოქანდაკესაც გააოცებდა. სქელ, გარუჯულ მკლავებსა და დიდრონ ტორებზე არაერთი ოქროს რგოლი აესხათ, რომლებიც მათი ნაბიჯის რიტმში ჩხარუნებდა. გოლიათებს, რომლებსაც ალკიონელები[21] ეწოდებოდათ, არც მუზარადები ეხურათ, არც ფარები და ხმლები უმძიმებდათ კიდურებს, მაგრამ მაინც შიშის ჟრუანტელს გვრიდნენ ირგვლივმყოფთ.

დახ. დახ-დახ. დახ. დახ-დახ.

გოლიათებმა ქვასავით მკერდზე მარჯვენა მჯიღი დაიშინეს და რითმი დაიბადა.

დახ. დახ-დახ. დახ. დახ-დახ.

უცნაური, დამატყვევებელი და შემაძრწუნებელი რითმი, დამხვდურების გულის ძგერას კარნახობდა, როდის ეფეთქა და როდის დადუმებულიყო.

დახ. დახ-დახ. დახ. დახ-დახ.

ირგვლივმყოფებმა გაუაზრებლად გადადგეს ნაბიჯი უკან.

უეცრად, ალკიონელთა ჯაჭვი გაწყდა და გზა ორ მამაკაცს მისცა. მათ გამოჩენას მეომრები ყიჟინითა და საბრძოლო შეძახებებით შეეგებნენ. ერთს ყორნისფერი თმა ჰქონდა და უბრალო, მეომრული სამოსით ესხა, მაგრამ როგორც ტიტანი[22] გოლიათებს შორის, მეტად დამთრგუნველი იყო. მეორე, პირველივით მაღალი იყო, თუმცა სავსე მთვარესავით ანათებდა. მას გრძელი, თეთრი თმა თხემზე მჭიდრო ნასკვად შეეკრა. მუქი იისფერი ტუნიკა ეცვა, ოქროს ჯაჭვებითა და სამკაულებით. ცხვირის ნესტოზე პატარა, ოქროს რგოლი ეკეთა. იდუმალი ღიმილი და მაძებარი გამოხედვა ჰქონდა. თითქოს ყველას გამჭოლად უცქერდა და ნანახით კმაყოფილი იყო. იმ კაცს გაგონებდა, რომელსაც ყველა დიდებული ედრება.

ყიჟინა ისე სწრაფად შეწყდა, როგორც დაიწყო და ხმამაღალი ბრძანება გაისმა:

,,თავი მოუდრიკეთ მახვილს და გონებას!"

ყველამ დახარა თავი, პერისტერის გარდა, რომელიც შიშით შებორკილი ირემივით იყო ადგილზე გაყინული, ისევე როგორც მისი სუნთქვა და გულისცემა. და, რა თქმა უნდა, ძმები პირდაპირ მას უცქერდნენ. ერთადერთს მთელს მოედანზე, რომელმაც გაბედა ურჩი თავნებობა.

რამდენი წელი გავიდა, მაგრამ თითქოს არც არაფერი შეცვლილა. სანამ ერთი ძმა უბღვერდა ყელში ბურთგაჩხერილ, დამფრთხალ პატარა ქალს, მეორე თბილად უღიმოდა. სანამ ბრბოს ვერ გაებედა თავის წამოწევა, ძმებმა ორიოდე სიტყა გაცვალეს, ისე, რომ პატარა ქალისთვის მზერა არ მოუცილებიათ. ფერმკრთალი ძმა, კიდევ უფრო გაიბადრა და სანდომიან ღიმილში უნაკლო, მარგალიტივით კბილები გააელვა. პერისტერი კი, ღმერთებს უსიტყვოდ ევედრებოდა, ფეხქვეშ მიწა გაბზაროდა და მის უძირო, ბნელ სტომაქში ჩაეთრია.

ხმლების ჟღარუნი გაისმა და მოქმედების გულში ორი მსახიობი შემოიჭრა. ერთი - მძიმე გრიმითა და მეომრის აბჯრით, შავთმიანი ძმის განსახიერება იყო. ნელი, დრამატული ნაბიჯით წრე დაარტყა კოცონს. ხმალი იშიშვლა და უხილავი, მტრული ქალაქისაკენ გაიშვირა. ოპონენტმაც არ დააყოვნა. მას სპილოსძვლისფერი ტუნიკა ეცვა. მისი მუზარადი მრგვალი იყო, ოვალური ფარი კი, თეთრსა და წითელ ფერებში გაწყობილი. მტერმა თავდაცვითი პოზა მიიღო და მოკლე ხმალი ძლიერად ჩაბღუჯა.

პირველი ნაბიჯი წითელმა მეომარმა გადადგა გაბედული ყიჟინით. თეთრმა მეტოქემ არანაკლებ მოხერხებული, ძლიერი და მოქნილი მოძრაობით უპასუხა. რაც ნელ ცეკვად დაიწყო, მალე მკვირცხლ, სწრაფ და თვალუწვდენელ ბრძოლად იქცა. ხმლები ცეცხლის ალში კიაფობდნენ, მძიმე ფარები ერთმანეთს ეხეთქებოდნენ. მეომრები წარმოუდგენელი სისწრაფით და მოქნილობით იბრძოდნენ, მიწას ენარცხებოდნენ, ისევ წამოიმართებოდნენ და კიდევ უფრო მეტი გამეტებით აგრძელებდნენ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას. სულ მალე, შეუძლებელი გახდა მათთვის თვალის დევნება. მათი მოძრაობა რძიან ჯამში ჩავარდნილი სისხლის წვეთის ბრუნვას დაემსგავსა.

უეცრად წითელმა მეომარმა თეთრი მოისროლა და მიწაზე დაახეთქა. ნელა შემობრუნდა და ბრბოს თვალწინ, დიდრონი ხმალი დემონსტრაციულად აღმართა. მერე იარაღი ჰაერში კიდევ უფრო მაღლა ასწია და მზერა მიწაზე გართხმულ თეთრ მებრძოლს დაუბრუნა. იმავე წამს წითელი მეომრის ხმალი ცეცხლის ენით აბრიალდა. დამფრთხალმა მსახიობმა, გაკვირვებისგან, ლამის ხელიდან გააგდო მახვილი. პერისტერიმ მალული მზერა ძმებისკენ გააპარა. გიშრისფერთმიანი თითქოს ელოდა კიდეც, მისი თვალები უკვე პატარა ქალს ხვრეტნენ. მთავარსარდლის მეორე ვაჟი ჯერ კიდევ წარმოდგენას უმზერდა კმაყოფილი ღიმილით. მერე ძმას მხიარულად წაკრა მუჯლუგუნი და კიდევ უფრო გაიბადრა.

წითელმა მეომარმა გონება მოიკრიბა, არტისტულად წამომართა ცეცხლის ალში გახვეული ხმალი და სულ მთლად დამფრთხალ მეტოქეს მიუბრუნდა. თეთრმა მეომარმა მუხლი მოიყარა და მორჩილად წამოწია მისი მახვილი, შეფიცული ერთგულებისა და სამსახურის ნიშნად.

დახ. დახ-დახ. დახ. დახ-დახ.

„სანამ დიდი მთავარსარდალი ჩვენი მტრების სისხლს ღვრის ჩრდილოეთით, მისი ვაჟები ახალ ჯარებს კრებენ სამხრეთით!" - დასჭექა ერთ-ერთმა გოლიათმა.

ისედაც სიგიჟის ზღვრამდე მიყვანილი ბრბო სულ მთლად გადაირია. ვინ რას სჩადიოდა, ვინ რას გაიძახოდა. ზოგმა ცეკვა წამოიწყო, როცა ჰაერში მელოდიის ერთი ჰანგიც არ იყო. ვიღაცამ ტანისამოსი შემოიძრო მისთვისაც უცნობი მიზეზით. ბევრი ცდილობდა მთავარსარდლის ვაჟებთან მისვლას, რომ შეხებოდნენ, მაგრამ ალკიონელები არ ანებებდნენ. ირგვლივ არაფერი იყო, ისტერიული ბოდვის გარდა. მდორე ყოველდღიურობით დაღლილი ხალხი ხელგაშლილი ეგებებოდა ახალ მანიებსა და შეშლილ უგუნურობებს.

- ჩვენი წასვლის დროა.

მოხუცმა მკურნალმა ცოლ-შვილის მკლავები დაქაჩა და მაგონის ოჯახი შეუმჩნევლად დაიძრა მოედნის გასასვლელისკენ. მართალია, ამჯერად ბრბოს შეშლილობამ ჯერ არნახულ სიმაღლეს მიაღწია, თუმცა მეზობლების მანიაკალური გააფთრება არ იყო პერისტერისთვის უცნობი რამ. მუყაითი, მშრომელი, ღირსეული ადამიანები, რომელთაც ყოველდღე ესალმებოდა, წელიწადში ერთხელ, ბედლამის[23] მხეცებად იქცეოდნენ, როდესაც ქურუმების ყოვლის მოცქირალი თვალი, ერთი ღამით იხუჭებოდა. სიგიჟის ხანმოკლე საჩუქარი მთელი წლის მორჩილების სანაცვლოდ. ბევრი გარიდებას ამჯობინებდა და მკურნალი მაგონის მსგავსად, შორს ეცლებოდა ჯოგის დელირიუმს. უფრო მეტი კი, ცხრაკლიტულს მიღმა გამოკეტილი, ბნელი დემონების აშვებას ირჩევდა.

თუ შენი არჩევანი დარჩენა იყო, ყველაფრისათვის მზად უნდა ყოფილიყავი. თრობა, ინტოქსიკაცია, ჩხუბი და ორგიები, დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი იყო. არსებობდა ორადორი წესი: არ მოკლა და არ აიძულო. სხვა მხრივ, სრული თავისუფლება გქონდა სიგიჟით ტკბობისათვის. ის, ვინც ამ ორი წესის დარღვევას ბედავდა, ალკიონელის შიშველი ხელებით ესალმებოდა სიცოცხლეს. მზის პირველ სხივებთან ერთად, ღამის წყვდიადში გადახდენილი ყველაფერი, დავიწყებას მიეცემოდა, ყოველვარი გულისწყვეტისა და სინდისის ქენჯნის გარეშე. ისევე, როგორც ისინი, ვინც ამ ღამით სიცოცხლეს დაემშვიდობნენ. არავინ იხსენებდა არც მათი სიცოცხლის და არც მათი დაღუპვის ამბავს. ამ ღამის კიდევ ერთი დაუწერელი და უთქმელი კანონი. სულ რაღაც რამოდენიმე საათის წინ ჩადენილი საქმეები, უკანმოუხედავად იშლებოდნენ ყველას, პირველ რიგში კი ჩამდენთა მეხსიერებიდან, რადგან ეს ყველაფერი, ელემენტარულად მეტისმეტი იყო. მეტისმეტი, რომ აღექვათ. მეტისმეტი, რომ საკუთარ თავთან გაეიგივებინათ. მეტისმეტი, რომ დაეჯერებინათ. ცხოვრება უბრუნდებოდა მოზომილ ყოველდღიურობას, დამძიმებულს შრომით, პრობლემებით, გამოწვევებით. ასატანი, ჩვეული რეალობა, რომელსაც თითებს შორის უმზერდნენ.

 

 

 

***

 

ის, რაც შინისაკენ ადვილ სვლად დაიწყო, ლოდივით მძიმე ნაბიჯებად იქცა. მოხუცი მკურნალის ოჯახი სამხრეთის ფერდობს უახლოვდებოდა და პერისტერიმ, როგორც იქნა, გაბედა ხმის ამოღება:

- დედა, ოდესმე გყვარებია?

ხნიერი ქალის ისედაც ნელი სვლა თითქმის შეჩერდა:

- რა უცნაური შეკითხვა დასვი.

ეოსმა ცოტა იფიქრა და განაგრძო:

- ძალიან ახალგაზრდები ვიყავით. გვჯეროდა, რომ ჩვენი სიყვარული ყველაფერს გაუძლებდა, მაგრამ, ცხოვრებას სიყვარულზე და სიძულვილზე ძლიერი ძალები მიერეკებიან.

- მომიყევი. ბედნიერი იყავი?

- დროდადრო, კი. მაგრამ, იმედგაცრუება, როცა დახმარება მჭირდებოდა, რომელიც არ მოვიდა, უფრო მტკივნეული იყო. ჩემთვის, მაგონთან ცხოვრებაა ბედნიერება. იმ კაცის ცოლი ვარ, რომელსაც შეუძლია დაგვიცვას და გვიპატრონოს, რომელსაც ესმის ჩემი და პატივს მცემს. რომელსაც საკუთარი შვილივით უყვარხარ.

- მაგრამ შენ არ გიყვარს, - ამოიხვნეშა პატარა ქალმა.

- სიყვარულს ბევრი სახე აქვს.

ამით მიადგნენ დიდრონი ხის კარიბჭეს. მეტი სიტყვა აღარ გაჟღერებულა. თავ თავიანთ საძინებლებს მიაშურეს, რომ დაღლილი სხეულებისთვის ძილის ბურუსისთვის დანებების უფლება მიეცათ. მაგრამ პერისტერის გონება სხვა საფიქრალს შეეპყრო. დაქანცულმა მუხლებმა და დაბესკილმა ქუსლებმა ბოლთის ცემა არ დაანებეს. მანაც აივანზე, მის საყვარელ გრძელ სკამს მიაშურა და შორს, მოედანზე მოკიაფე შუქებს გადახედა. მთავარი კოცონი ახლა მწიფე ლეღვის გულს დამსგავსებოდა. თითქმის მთელი საათი ფიქრის შემდეგ, პატარა ქალის გონებაში მტკიცე პირობა დაიბადა -  არავინ ჰყვარებოდა.


 

 

თავი 8

უსინათლო ყოვლისმხედველი

 

 

ხმა სინათლესავით თან სდევს ცხოვრებას. მის გარეშე სიცოცხლე მხოლოდ ნახევრად სავსეა. არასაკმარისად რეალურია, არასაკმარისად მატერიალურია. ტირილით ვიწყებთ სიცოცხლეს. ჩიტების სიმღერით ვეგებებით ტკბილ დღეებს. მაშინ კი, როცა სიჩუმე გაიწელება, უხერხულად ვიშმუშნებით, ჩავახველებთ, ღიღინს ვიწყებთ მის გადასაფარად.

           უამრავ ხმას იცნობდა ქარვის ქალაქი: დილის ვაჭრების ხის თვლების ჭრიალს, ქუჩის მუსიკოსების ჰანგებს, დაუღლელი მეზობლების ბრაზიან კამათს, აგიტატორების რიხიან მონოლოგებს. მას ვერაფრით გააკვირვებდი. მაგრამ ერთ ხმაზე ქალაქი განსხვავებულად რეაგირებდა.

           როცა კი ქვის ფილაქანზე ჯოხის კაკუნის ხმა გაისმებოდა, ქალაქი ირინდებოდა და სუნთქვაშეკრული აყურადებდა, საიდან მოდიოდა ეს ხმა და საითკენ მიემართებოდა. ვერავინ ბედავდა მას წინ გადადგომოდა. აზრადაც არავის მოსდიოდა, მისთვის მიებაძა. ქალაქი დუმდებოდა იმის მოლოდინში, რომ ხმა შეჩერდებოდა და ლაპარაკს დაიწყებდა.

           ნაცნობი სტუმარი დილის ზღვიდან მონაბერ ნიავთან ერთად მოვიდა და ქარვის ქალაქიც სულგანაბულ მოლოდინს მიეცა. ეს იყო მოხუცი ქალი, რომელსაც ძველისძველი ტუნიკა ეცვა, შუაღამესავით მუქი კანით და ჭაღარა თმით. გამხდარი იყო, მაგრამ ზურგი გამართულად ეჭირა. თან არც ქისა მოჰქონდა, არც მგზავრის ფუთა. ერთადერთი, რაც ქალს ხელთ ეპყრა, გრძელი, დაღრეკილი ჯოხი იყო, რომელსაც სიარულისას ფილაქანს სცემდა. შეიძლება გაიფიქრო, რა უცნაური ახირებაა მოხუცი ქალისთვისო. მაგრამ ერთხელაც თუ გადაწყდომიხარ, კითხვაზე პასუხს უმალ იპოვიდი. ქალს თვალები ამოკერილი ჰქონდა. მაგრამ  მან იცოდა, საით მიდიოდა. ფეხს არასდროს წამოჰკრავდა, ერთხელაც არ აერეოდა გზა. „მესამე თვალით რომ იცქირო, დანარჩენი ორი დახუჭული უნდა გქონდეს" - ჩაიჩურჩულებდნენ ხოლმე მისი შემხედვარე.

           ქალი იქით მიდიოდა, საითაც წასვლა ენება, შეეძლო ტავერნის გარეთ დამჯდარიყო და უმალ გაუშლიდნენ სუფრას რჩეული საჭმელ-სასმელით. მეპატრონე იქვე აისვეტებოდა, რომ დარწმუნებულიყო, სტუმარს არაფერი აკლდა. თანაც სუნთქვაშეკრული დაელოდებოდა, იქნებ ქალს ერთი სიტყვა მაინც გაემეტებინა მისთვის. ჭაღარა სტუმარს შეეძლო ვინმეს სახლში შესულიყო და იქაც ანალოგიური პატივით შეხვდებოდნენ.

           თუმცა დღეს უსინათლო ქალს დრო არ დაუკარგავს და პირდაპირ დიდი მთავარსარდლის სასახლეს მიაშურა. მთავარი გალავნიდან შევიდა, შიდა ბაღში შეაბიჯა და სკამზე ჩამოჯდა.

 

 

 

***

 

           პერისტერი ჯერ კიდევ საწოლში იწვა, როცა მკურნალი მაგონის სახლამდე ორაკლის[24] ვიზიტის ამბავი მოვიდა. აქოშინებული მონა სულს ვერ იბრუნებდა, მაგრამ მაინც ერთი სული ჰქონდა, ამბავი პირველს მოეტანა: მაგონის ოჯახი დიდი მთავარსარდლის სასახლეში იყო მიწვეული, ორაკლის მოსასმენად.

           არაფერი იყო ამაში გაუგონარი, რადგან ახლობლები და ნათესავები ხშირად ეძახდნენ ერთმანეთს, რომ ასეთი იშვიათი შესაძლებლობა ხელიდან არ გაეშვათ. თუმცა, დიდი მთავარსარდლის სასახლეში მოწვევა უდიდესი პატივი იყო.

- დიდი მთავარსარდლის შვილების აღზრდაში მეც შემიტანია წვლილი. ყველაზე მწარე ჟამს მეც ვმდგარვარ მათ გვერდით.

საუკეთესო ტანისამოსში გამოწყობილი მოხუცი მკურნალი ოჯახთან ერთად მიიჩქაროდა მთავარსარდლის სასახლისაკენ. თანაც ცდილობდა, უთქმელი შეკითხვისათვის ეპასუხნა.

- ახალგაზრდა ბატონები ყოველთვის პატივისცემით მექცეოდნენ. ალბათ ეს მათი მცდელობაა, მადლიერება გამოიჩინონ. რამხელა პატივია!

სანამ პერისტერი ჩუმად მიაბიჯებდა, მისი გონება გაჰკიოდა: ვაითუ ამას რამე კავშირი ჰქონდა საყრდარში მომხდართან?! ვაითუ ორაკლიმ რამე თქვა და მათი საიდუმლო გასცა?! 

ფიქრები ერთი-მეორეზე მეტად აშინებდნენ პატარა ქალს, მაგრამ გზა კი შეუმჩნევლად დაიკეცა.

დიდი მთავარსარდლის სასახლეში, მაგონის ვიზიტი ჩვეული რამ იყო. ამიტომაც, არც მასპინძელს და არც მონას ელოდნენ გამცილებლად, მაგრამ შემოგებებულმა დამხვდურმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

- მაგონ! მიხარია შენი კარგ ჯანზე ნახვა. ღმერთებს ვფიცავ, თორმეტი წლის რომ ვიყავი, მის მერე შეწყვიტე დაბერება. ბებიაქალო, კეთილი იყოს შენი მოსვლა!

ახალგაზრდა კაცის ღიმილი ათასობით მოკიაფე ვარსკვლავს იტევდა, როცა მიუახლოვდა და მაგონს ბეჭზე ხელი მეგობრულად მოუთათუნა.

- ახალგაზრდა ბატონო ჰარტაგო, - თავი დაუკრა მკურნალმა.

- ერთი ეს ნახე, გამარჯობა.

წლების წინ, მისთვის გამეტებული სულ პირველი ფრაზა, გულის ერთ ფეთქვაში იცნო პერისტერიმ, მაგრამ თავის წამოწევა მაინც ვერ გაბედა. სახლის ახალგაზრდა ბატონის გრძელ, ტირიანის[25] იისფერი ტუნიკის კალთას მისჩერებოდა. წარმოუდგენლად დიდი სიჩუმის შემდეგ, რომელმაც სინამდვილეში ერთ წუთსაც არ გასტანა, ჰარტაგომ დაილაპარაკა:

- ბაღში გავიდეთ. იქ ვნახე ორაკლი.

წყლის ავზიან დიდ ოთახს გაუყვნენ და მაგონმა იკითხა:

- რა ამბებია დიდი მთავარსარდლისაგან?

- დამაიმედებელი.

მოკლედ მოუჭრა ჰარტაგომ და მოხუც მკურნალს ხმა აღარ ამოუღია, ისე შეაბიჯეს შიდა ბაღის გულში. მასპინძელმა ჩრდილში დარჩენა ამჯობინა. პატარა ქალმა გაბედა თავის წამოწევა და მალული მზერა შეავლო ჰარტაგოს. თვალისმომჭრელი ახალგაზრდა უკვე მომცინარი პირით ელოდა პატარა ქალს და უთხრა:

- ქალაქის თვალო, მშვენიერო პერისტერი, ამდენი წლის მერე ისევ შევხვდით ერთმანეთს.

პატარა ქალი გაწითლდა და შეფარკლული სახე თავსაფარში ჩამალა.

- აღარასდროს დამემალო.

მისმა სიტყვებმა მომთხოვნად გაიჟღერეს, მაგრამ მამაკაცისგან მონაბერმა სითბომ მკაცრი ფრაზა დაალბო და პერისტერიმაც ღიმილიანი პირისახე წამოსწია.

- ასე ჯობია, - ახალგაზრდა ბატონმა კმაყოფილად დაუქნია თავი.

რაც არ უნდა ეცადა, პერისტერი თვალს ვერ აცილებდა ჰარტაგოს. რასაც ხედავდა, ლამის არაამქვეყნიური, ნატიფად ნაქანდაკევი სახე იყო, რომლისაც აპოლონსაც[26] კი შეშურდებოდა. მამაკაცს ფერმკრთალი, უნაკლო კანი, თხელი ცხვირი, მაღალი ყვრიმალები, მახვილი ნიკაპი და აზიდული შუბლი ჰქონდა. მისი თვალები კი, ისეთივე ინტენსივობით სწავლობდნენ პატარა ქალს, როგორც თავად პერისტერი. მის მზერას რომ გადაეყარა, პატარა ქალმა გონი დაიბრუნა და ბუნების წიაღში წასულ დედას მისდია.

           შიდა ბაღი ისეთივე მომაჯადოებელი იყო, როგორც თავად სასახლე. ციტრუსის ხეების გადაფურჩქნული ნაზი, თეთრი ყვავილები, ბროწეულების ბრდღვიალა, წითელ კვირტებს გადასძახოდნენ. ხეები, არაჩვეულებრივ არომატთან ერთად, ჩრდილსაც ჰფენდნენ, ასე საამო რომ იყო დაჟინებული მზის ქვეშ. ხავსიან ქვებზე ცივი წყარო მოშხაპუნებდა. იმ ადგილს ჰგავდა, სადაც სიზმრებს მიჰყავხარ. პატარა ქალმა იცოდა, როცა კი გაზაფხულზე იფიქრებდა, ამ ბაღს მოიგონებდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს დიდი ხნის წინ შეკავებული სუნთქვა ამოუშვა, როგორიც დიდძალი გზის გადაკეცვის მერე დასვენებას მოაქვს. ეს ადგილი სიმშვიდე და სიწყნარე იყო დედამიწაზე.

მისი ფიქრების მშვიდი დინება ქვაზე კაკუნის ხმამ გაწყვიტა და ორაკლიმ ისე ახლოს ჩაუარა, რომ მისი მანტიის კალთა გაედო. მოხუცი არავის აცნობიერებდა, არც არავისთვის მიუმართავს, თითქოს თავისთვის ბუტბუტებსო, გზა განაგრძო:

- დიდი გზა კი აირჩიე აქამდე მოსასვლელად. რამოდენიმეჯერ გაექეცი კიდეც, რომ გარდაუვალი აგეცილებინა... ადამიანი პირობას რომ დებს, ღმერთები იცინიან... ძაღლის თავისუფლება საბელის სიგრძის ხელაა...

ორაკლის დანახვაზე პერისტერის სუნთქვა შეეკრა. უსინათლო ყოვლისმხედველი თითქოს არსაიდან გაჩნდა და ახლა სასახლის შუაგულისაკენ მიუძღვებოდათ.

- ვინაც ვალი მოიხადა, შეუძლია მშვიდად იძინოს, სანამ დანარჩენებს ქარიშხალი უახლოვდებათ. ორი ყოველთვის ორი იყო, მაგრამ ორი არ კმარა, არასდროს არ კმარა. ტვირთი მეტად მძიმეა. ამიტომ ჩნდება მესამე. მაგრამ მაშინაც, როცა ბედისწერისკენ მიყავთ, ბრმად დარჩენას ირჩევს.

მთავარი ოთახის გასწვრივ, მარცხნივ, სასახლის შუაგულში მისდევდნენ ბრმა ყოვლისმხედველს, სანამ მრგვალ ოთახში არ აღმოჩნდნენ რომელსაც ბუხარი ანათებდა. ოთახი ჭის ფსკერივით გრილი და ქვიანი იყო. ორაკლის ჯოხის კაკუნი ყველა კედლიდან ირეკლებოდა. უსინათლო ყოვლისმხედველი ოთახის ცენტრში შეჩერდა და ამჯერად უფრო მკვეთრად და გარკვევით დაილაპარაკა:

- აფრთხიალე ფრთები, რამდენიც გინდა. სანთელი კაშკაშით იწვის. ყველაფერი აქ იწყება და ერთ წელიწადს აითვლის. მაგრამ ბოლო არასდროსაა ბოლო. დანებდი, დანებდი ან ეწამე! მაგრამ ბოლო ყოველთვის ერთია. ბოლო ვარსკვლავებში დაიწერა, რასაც კაცის ხელი ვერ შეცვლის. მაგრამ ბოლო არასდროსაა ბოლო. სტომაქი არასდროს ივსება. არასდროს, არასდროს.

ქვაზე ჯოხის კაკუნი განახლდა და უსინათლო ყოვლისმხედველმა გზა განაგრძო.

- რაც უნდა თქმულიყო, ითქვა, სიტყვა იყო მკაფიო. ვინც უარს ამბობს მიყოლაზე, ელოდეთ ქალღმერთის რისხვას.

როგორც კი ორაკლის დანაოჭებულ ტუჩებს ეს სიტყვები მოსწყდა, უსინათლო ყოვლისმხედველი გაქრა, თითქოს ბნელმა კედელმა ჩაყლაპაო.

- სად წავიდა? - პერისტერის მანამ წამოსცდა, სანამ თავს შეიკავებდა.

- იმ გასასვლელით დატოვა სახლი, რაც დღემდე საიდუმლო მეგონა.

მშვიდად უპასუხა ჰარტაგომ და განაგრძო:

- პასუხები მიიღე, ძმაო?

- ისეთი არაფერი, რაც უკვე არ ვიცოდი.

ოთახის სიღრმეში მდგარი ტახტიდან მამაკაცის დაბალი ხმა გაისმა. იქ მწოლიარეს მომსვლელებისთვის ზურგი შეექცია. იქვე მდგომ პატარა მაგიდაზე სასმისი დადო. შემობრუნებით თავი არც შეუწუხებია, ისე განაგრძო:

- შენ, ძმაო? მიიღე პასუხები?

- ზედმეტად ბევრი.


 

 

თავი 9

,,ჭის ფსკერი“

 

 

სიჩუმე მძიმედ აწევდათ მხრებზე. პერისტერის თვალები დაბნეულ მშობლებსა და მდუმარე ძმებს შორის დაჰქროდნენ. ახალგაზრდა ბატონები ერთმანეთს მზერას არ აცილებდნენ და უსიტყვო დიალოგი გაემართათ.

როგორც ჩანს, ვერც მაგონსა და ეოსს გაებედათ ადგილიდან დაძვრა. ასე გაურყევლად იდგნენ, სახლის ახალგაზრდა ბატონების მოლოდინში.

პერისტერის მზერა უცნაური ოთახისაკენ გაექცა. რაც თავდაპირველად ჭის ფსკერივით დამთრგუნველი ეჩვენა, ახლა ჭეშმარიტი ფერებით წარმოუდგა თვალწინ. წყვდიადი რუხი კედლები სულაც არ ყოფილა ბნელი. სვეტები თაროებს დაემშვენებიათ, სადაც ათასობით გრაგნილსა და პაპირუსს მოეყარა თავი. კედლების სულ ზედა ნაწილში პატარა სარკმლები იყო დატანებული, საიდანაც იატაკზე ოთხი სინათლის სვეტი ეშვებოდა და მათში მტვრის პაწაწინა ნაწილაკები ბრწყინავდნენ. სინათლის მთავარი წყარო უზარმაზარი ბუხარი იყო, რომელიც მთელ წრიულ ოთახს ანათებდა. მის პირდაპირ, ტახტზე, გიშრისფერთმიანი ძმა მიწოლილიყო, ჯერ კიდევ რომ არ გაეწყვიტა მზერა ჰარტაგოსთან. ტახტთან ახლოს მასიური მუხის მაგიდა იდგა, რომელსაც უამრავი უცნაური ხელსაწყო, ფიგურა და ქაღალდი ამძიმებდა. ოთახში ჩარდახიანი საწოლიც იდგა. ალბათ, რომელიღაც ახალგაზრდა ბატონის სამყოფში იყვნენ.

მთელს ოთახში უცნაური ნივთები იყო მიმოფენილი. ზოგი მომცრო, ზოგიც ადამინის ხელა. მათი უმეტესობა საკუთარ სტენდებზე აღემართათ. ერთი დიდრონ, ვერცხლის ბუშტს წააგავდა, საიდანაც გრძელი, ყლორტებივით საცეცები გამოდიოდა. მეორე - დახურულ სასმისს. პერისტერიმ თვალი აარიდა სვეტზე აღმართულ, გროტესკულად მომღიმარ, საზარელ ნიღაბს და ამჯერად მზერა საპირისპირო მხარეს მდგომმა ნივთმა მოსტაცა.

პატარა ქალი უცქერდა მეტალის ნივთს, რომელსაც ირგვლივ გველის მაგვარი არსების თავები ჰქონდა ამოზრდილი. გველებს ხახებში ბურთები ეჭირათ. თითოეულის ქვეშ კი, გომბეშოების პირღია ქანდაკებები ჩამწკრივებულიყვნენ. რა უცნაური რამ არისო, - გაიფიქრა პერისტერიმ.

- საკმაოდ უცნაური ადგილია, არა?- თითქოს მისი ფიქრების ექოდ გაისმა ჰარტაგოს ხმა. პერისტერის მიუახლოვდა და განაგრძო:

- ჩემი ძმა, ამ ოთხს დამდგარი სიწყნარისათვის წყალობს. მე კი შემიძლია ყველაფერი, რაც მჭირდება, ხელთან ახლოს ვიქონიო. თანაც, ისინი სწორადაც შევინახო. მაგალითად, ეს გრაგნილები მსოფლიოს საუკეთესო ბიბლიოთეკებიდან მაქვს მოგროვილი. აქ მკვეთრი სხივებისგან და სინესტისგან ვიცავ, რომ მრავალ წელიწადს გვემსახურონ.

- შთამბეჭდავია. კითხვა მიყვარს და შემიძლია მხოლოდ წარმოვიდგინო, რა საგანძურს მალავენ ეს პაპირუსები.

- მიხარია ამას რომ ამბობ. შეგიძლია მაშინ მესტუმრო და წაიკითხო, როცა მოგესურვება.

- ო, რას ამბობ. აბა როგორ შეგაწუხებ?! - შეკრთა პერისტერი.

- სისულელეა! მითხარი, ეს ადგილი გთრგუნავს? - გულწრფელი ინტერესით იკითხა ჰარტაგომ.

- თავდაპირველად კი. მაგრამ ახლა რომ ვუკვირდები, ვხედავ, რომ ძალიან...

პერისტერი სიტყვებს ეძებდა, რომ ზუსტად გამოეხატა, რას გრძნობდა.

- უშფოთველია, - გაისმა პირველი ძმის ხმა, რომელიც ისევ მათკენ ზურგშექცევით იყო მიწოლილი.

- მართალია, - ჩაიჩურჩულა პერისტერიმ. გამოდის, რომ ისევ არღვევდა უძილო და გადაღლილი მამაკაცის სიმშვიდეს, რომელიც, ალბათ, თვალის მოტყუებას ცდილობდა.

ჰარტაგო პატარა ქალის სახისკენ დაიხარა და მანაც ჩურჩულით ჰკითხა:

- რატომ ჩურჩულებ?

- რომ ახალგაზრდა ბატონს მოსვენება ვაცადო.

ჰარტაგომ გულიანად გადაიხარხარა და უპასუხა:

- თუ მოსვენება უნდა, საკუთარი ოთახი აქვს.

ანიჰალმა, პასუხად, რაღაც გაურკვეველი, ბრაზიანი და უცენზურო ამოილაპარაკა.

ჰარტაგომ ზურგი აქცია მობუზღუნე ძმას და ოთახს თვალი მოავლო.

- ამ ოთახში რამემ დაგაინტერესა?

პერისტერის თვალები ისევ მეტალის გველებისთავიანი ნივთისკენ გაექცა.

- შეგიძლია გამოიცნო რა არის? - ხელით მიანიშნა ჰარტაგომ.

- არა. მსგავსი არაფერი მიხილავს.

- პერიოდულად, ალბათ გიგრძვნია, რომ მიწა იძვრის. ზოგი ფიქრობს, რომ მათზე დაკვირვება უსაფუძვლოა, რადგან წინ ვერაფრით აღვუდგებით. სანამ ისინი ნაწილობრივ მართლები არიან, მე მიმაჩნია, რომ მიწისძვრებზე დაკვირვება ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს. მაგალითად: ერთს ყოველთვის მოსდევს მეორე, ძირითადად, პირველზე ძლიერი. ხშირად, მრავალი მიწისძვრა მთის ამოფეთქვას მოასწავებს. ბოლოს და ბოლოს, ინფორმაციას მაინც გაძლევს.

ჰარტაგომ პერისტერი უცნაურ მოწყობილობამდე მიყვანა და განაგრძო:

- ამას შეუძლია მიწისძვრის ამოცნობა მაშინაც, თუკი ჩვენ ამას ვერ ვგრძნობთ. დრაკონი ბურთს დაკარგავს იმის საპირისპირო მხარეს, საითაც მიწა იძრა. თუ ეს მხარე მტრების მხრიდანაა, შეგვიძლია ვივარაუდოთ მათ დამცავ კედლებში ბზარების გაჩენა. ნგრევაც კი. არეულობა მაინც. თუ ჩვენი მიწებიდან - შეგვიძლია მანამ მივეშველოთ, სანამ მსტოვარი ამბავს მოგვიტანდეს.

მეტალის წკარუნმა ჰარტაგოს სავსე ტუჩებს სიტყვა მოსტაცა. პერისტერის ხელთან გომბეშომ ბურთი დაიჭირა. ახალგაზრდა ბატონს სახეზე ეწერა, რომ ეს დემონსტრაცია არ უნდა ყოფილიყო.

- სამხრეთი?

ანიჰალი ფეხზე წამომდგარიყო და ძმას უკან ამოსდგომოდა.

- ჩრდილოეთი. - უპასუხა ჰარტაგომ.

- როგორ ფიქრობ?

- სავარაუდოდ.

- მაგრამ თუ..

- ვერ გამოვრიცხავთ.

- ჩვენ დაგტოვებთ, ახალგაზრდა ბატონებო, - მაგონმა ქალიშვილს მკლავში მოჰქაჩა და უკან-უკან, გასასვლელისაკენ დაიძრა, - დიდი მადლობა პატივისთვის დავსწრებოდით და მოგვესმინა.

მოხუცმა მკურნალმა ქედი მოიხარა და აჩქარებული ნაბიჯით გაეცალნენ სასახლეს.


 

 

თავი 10

მოხუცი მურნალის სანატრელი

 

 

- არ იჩქარო. დაიხსომე, მყარი ხელი.

მაგონი ქალიშვილს გვერდით უდგა და მითითებებს აძლევდა, სანამ პერისტერი პირველად ასრულებდა თვალზე ლიბრის ახსნას. ბასრი მახათი, რომელიც რამოდენიმე წამის წინ ადუღებულ წყალში თუხთუხებდა, თითებს უწვავდა. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა მკურნალს მთელი ძალით ჩაებღუჯა ოქროს იარაღი და მამაცად უმკლავდებოდა ტკივილს. თან მამის მითითებებს მორჩილად, დაფიქრებული მიუყვებოდა.

- აი ასე. იგრძენი როგორ გახვრიტე? კარგია. ახლა, დაბინდული ნაწილი გვერდებზე გაწიე. მახათზე სამჯერ სქელი ხვრელი დატოვე სინათლისათვის. კარგია, ახლა - მეორე თვალი.

ახალგაზრდა ქალის გამოცდილება დღითი-დღე ფართოვდებოდა. ერთი წლის წინ, როცა მაგონმა შენიშნა, რომ თვალი აღარ უჭრიდა და მისმა ხელმაც სიმყარე დაკარგა, ბებიაქალის ხელობაში გაწაფული პერისტერისათვის მკურნალის საქმის სწავლება გადაწყვიტა. პატარა ქალი გულმოდგინედ სწავლობდა ყველაფერს, არა იმიტომ, რომ სოციუმში ამაღლება ან მეტი მონეტების მოპოვება უნდოდა. არა. პერისტერი მაშინაც ბედნიერი იყო, როცა ზურგზე, ტანსაცმლის გარდა, არაფერი ებადა. სულის სიღრმეში რაღაც შესჩენოდა, რომელიც მოითხოვდა, დახმარებოდა ყველას მის ირგვლივ. ეს დაუოკებელი ჟინი მხოლოდ მაშინ მშვიდდებოდა, როცა წყალობის ხელს გაუწვდიდა ვინმეს.

- მშვენიერია. ახლა ნახვევი დაადე და ეძინოს, სანამ ოპიუმი არ გაქარწყლდება. მერე რამოდენიმე დღე ლოგინად იწვეს. მოხარშული ღვიძლი და მოსვენება. - დაასრულა მაგონმა და კმაყოფილმა გადახედა პერისტერის.

მძინარე მამაკაცი ოთახში დატოვეს და მისი ცოლ-შვილი დაარიგეს. მადლიერი ოჯახი მაგონს თავს უკრავდა და პერისტერის ხელებს უკოცნიდა.

- შენი უფროსი გოგო გამომიგზავნე, ადონია. მე ვიზრუნებ, რომ ღვიძლი გამოატანონ. შენი ქმარი კარგად იქნება და თევზაობას სულ რამოდენიმე დღეში დაუბრუნდება. ამას მე გპირდები.

პერისტერიმ გაუღიმა ატირებულ ქალს, იქვე მდგომ ბავშვს ლოყაზე მიეფერა და მაგონთან ერთად დატოვა მეთევზის მოკრძალებული ქოხი.

მამა-შვილი, შეკრული არა სისხლით, არამედ უფრო ძლიერი გრძნობით, ერთგულ ჯაგლაგშებმულ ეტლში ავიდა. მაგონმა სადავეები მოქაჩა და რწევა-რწევით დაიძრნენ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორესაკენ.

- ძალიან კარგი ნამუშევარი იყო, პერისტერი. მიხარია, რომ სანამ ცოცხალი ვარ, მანამ შევძელი და მკურნალის საქმე სრულად შეგასწავლე.

- ოჰ, მამა! რამდენზე ჯანმრთელი ხარ. წლები გაქვს წინ, - გაიცინა პერისტერიმ და მოხუცი მამაკაცის მკლავს მოეხვია.

- უხ. წლები, - ჩაიფრატუნა მაგონმა, - ყველაზე ბებერი ვარ ამ ქალაქში. ამის თქმაზე, შენი გათხოვებისაგან თავის არიდების მიზეზები თვალსა და ხელს შუა შემოგვადნა, - ჩაიქირქილა მამაკაცმა

- არ იჯავრო, მამა. დედა აუცილებლად მოიფიქრებს რამეს, - სიცილითვე უპასუხა პატარა ქალმა.

- რა თქმა უნდა. ეოსს მიანდე მიზეზების მონახვა, ოღონდ კაცის შეხება აგარიდოს, - თავი გადააქნია მოხუცმა მკურნალმა და განაგრძო:

- მაგრამ, რამდენად სწორია ეს ყველაფერი? შენზე ბევრად ახალგაზრდა გოგოებს უკვე ოჯახები და შვილები ჰყავთ. შენი სწავლება დასრულდა და ძალიან გულახდილად თუ გეტყვი, მინდა შვილიშვილებს მოვესწრო, - ამოიხვნეშა მაგონმა.

- არ ვიცი. რატომ უნდა მინდოდეს გათხოვება?

- მე შეიძლება მზერა მღალატობს და ხელებიც მითრთის, მაგრამ ჩემი შვილის სხეულში ცვლილებების ამოცნობა, ჯერ კიდევ შემიძლია. გახსოვს რა დაგემათა, სულ ორიოდე დღის წინ?

პერისტერის არ უპასუხნია, მაგრამ რა დაავიწყებდა როგორ შეუბორკა სუნთქვა პანიკამ, როგორ აიტანა შიშმა. როგორ გამალებით უცემდა გული და როგორ უჭირდა სუნთქვა. ამასობაში, მამაკაცმა განარძო:

- უკვე ასაკისა ხარ. შეიძლება ეს ქალური ისტერიაა[27].

- მამა, გთხოვ! - პეისტერის სახეს ალმური მოედო, - არაფერი მსგავსი არ დამმართნია. უბრალოდ, პირდაპირ მწველი მზის გულზე გამოვედით გრილი და ბნელი ოთახიდან. ერთადერთი რაც მინდოდა, ისევ უკან, ჰარტაგოს სამყოფელში დაბრუნება იყო. ასე რომ, გთხოვ, ეს არც წამოიწყო.

- არაფერია სამარცხვინო იმაში, რომ ახალგაზრდა ქალს ჯანმრთელი პარტნიორი სჭირდებოდეს.

- არავინ მიყვარს. არც არავის შეყვარებას ვგეგმავ. ვის რად უნდა ეს ხათაბალა.

ჩაიდუდუნა პერისტერიმ, მაგრამ ამის გამგონე მაგონმა სადავეები მოქაჩა და ეტლი შეაჩერა.

- შვილო, ასე რამ დაგიბნელა ფიქრები?! სიყვარული ბევრად მეტია, ვიდრე ის ტკივილი, რასაც შენ ასე უფრთხი. სიყვარულის გარეშე ცხოვრება მხოლოდ არსებობაა. შენი გონება ძლიერია, მაგრამ მოვა დრო, როცა გულისთქმა აჯობებს. იმედი მაქვს, რომ სიმამაცე გეყოფა და მას დროულად შეეგებები.

ეტლის ნელი რწევა გაგრძელდა და მამა-შვილმა უტყვად გადაკვეთა ქალაქი. სახლში რომ დაბრუნდნენ, კარგა მოსაღამოვებულიყო. ეოსი სახლში არ დახვდათ. მონამ ამბავი დაახვედრათ, მელოგინესთანაა წასულიო. მაგონი სულ მთლად გათანგულიყო და პირდაპირ საძინებელს მიაშურა.

დაღლილი იყო პერისტერიც, მაგრამ გადაწყვიტა დედას დალოდებოდა. მოხერხებულად მოკალათდა აივნის გრძელ სკამზე, მის საყვარელ ადგილას, სადაც ფიქრების რთვა ასე ეადვილებოდა.

იმ დღეს ცა მეტად მომაჯადოებელი იყო. მზის უკანასკნელი სხივები ჰორიზონტს მიღმა იძირებოდნენ და კამარას თვალისმომჭრელ წითელ და იისფერ ფერებად რთავდნენ. სულ მალე ისინი ლურჯის იმდენმა ჩრდილმა ჩაანაცვლა, რომ ყველაზე დიდებულ მხატვარსაც გაუჭირდებოდა მათი დათვლა. ნახევარმთვარე გულუხვად ანათებდა ეზოს ქვის, უკაცურ ბილიკს. ჰაერს ჭრიჭინების ხმა და კუნელის ხის არომატი ამძიმებდა. მთელი სახლი ვანილის, ნუშისა და სხვა ტკბილ სურნელებს გაეჯერებინა, რაც ყოველთვის ამშვიდებდა პერისტერის. მაგრამ ამაღამ, თავს ფხიზლად და მოუსვენრად გრძნობდა. ისევე, როგორც წინა რამოდენიმე დღეს. ამაღამ, ეს დედის დაგვიანებას მიაწერა. ამიტომ თვალს არ აცილებდა ბილიკს, ბუჩქებს შორის რომ მიიკლაკნებოდა, იმედით, რომ სახლისკენ მომავალ დედას დაინახავდა.

წუთი წუთს მისდევდა, მაგრამ ღამის სიმშვიდეს არაფერი არღვევდა. ერთი ფიქრი პერისტერიმ გაიფიქრა კიდეც, დავწვები, იქნებ თვალი მოვატყუოო, მაგრამ ისე შფოთავდა, მშვიდად წოლა წარმოუდგენლად ეჩვენა.

არც ისე დიდი ხანი გავიდა და ქვის ბილიკზე სანდლების ფრატუნის ხმა გაისმა. სახლისაკენ მომავალი მამაკაცის ფიგურა დალანდა, რომელიც პირდაპირ კართან მივიდა და მონასთან რამოდენიმე სიტყვა გაცვალა. მსახურმაც არ დაახანა და პერისტერის მოახსენა, დიდი მთავარსარდლის სასახლეში მკურნალს უხმობენ დამწვრობის განსაკურნადო.

პერისტერის წამში გადაავიწყდა ყველა დარდი და საფიქრალი, ისევე, როგორც მთელი დღის დაღლილობა. მოხუცი მკურნალი არ შეუწუხებია, ისე დაავლო ხელი მალამოებს, სუფთა სახვევებს და სასახლისაკენ დაიძრა.


 

თავი 11

ჰარტაგოს ჭეშმარიტი ელფერი

 

 

სასახლის მონა ახალგაზრდა მკურნალს შენობის შუაგულისკენ მიუძღოდა. უკან იტოვებდნენ უთვალავი სტუმრით, მეომრით და ფილოსოფოსით გადავსებულ დარბაზებს. მომხვდურები ნელ-ნელა ტოვებდნენ დიდი მთავარსარდლის სასახლეს, პერისტერიმ კი, „ჭის ფსკერზე" დადგა ფეხი. ახალგაზრდა ბატონის ოთახს მხოლოდ ვეებერთელა ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლი ანათებდა. გასაკვირად, ღამით ოთახი უფრო კაშკაშა და სასიამოვნო ეჩვენა. ცეცხლის ათინათები ირგვლივ დაკრთოდნენ და ოთახს მისტიურ ელფერს აძლევდნენ.

ჰარტაგო ძვირფას, იასამნისფერ მოსასხამში გამოწყობილი უჯდა მაგიდას. პერისტერიმ გაიფიქრა, რომ ნივთები, რაც ნებისმიერ სხვაზე ზედმეტად ელეგანტური და უადგილოც კი იქნებოდა, მეორე კანივით ადგა ახალგაზრდა ბატონს. თითქოს ჰარტაგო დაბადებული იყო, რომ ძვირფასი, იშვიათი და საუცხოო ნივთები ეტარებინა. მისი დაძაბული მზერა მაგიდის ზედაპირზე გადაშლილ რუკებზე პაწაწინა ფიგურებს დასტრიალებდა. თითქმის თეთრი წარბები მრისხანედ შეეყარა და სავსე, პრიალა, ვარდისფერი ტუჩებით, უსიტყვოდ ბუტბუტებდა.

- მკურნალი, ბატონო. - გამოაცხადა მონამ და ქედის მოხრით დატოვა ოთახი.

           ახალგაზრდა ბატონმა თავი წამოსწია. მისი მზერა პატარა ქალს დაეცა, ოთახის შუაგულში რომ იდგა და მაგრად ჩაებღუჯა თან მოტანილი შეკვრა.

- პერისტერი, - გაუღიმა ჰარტაგომ.

- ახალგაზრდა ბატონო ჰარტაგო, მამაჩემი მთელი დღის შრომისგან გათანგული იყო. მე მკურნალის საქმე უკვე შევისწავლე და შემიძლია მის ნაცვლად გემსახურო, თუ ამის უფლებას მომცემ.

- ქალაქის თვალი და დღეიდან, ჩემი პირადი მკურნალი. სხვა რა უნდა ისურვოს კაცმა?

ხელით ანიშნა ახლოს მისულიყო. მისი ღიმილი ზაფხულის მზეზე უფრო თბილი იყო.

- ასე გვიან არ მოგიხმობდი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მე და მზე დიდად ვერ ვმეგობრობთ. დღეს ბეჭები დავიწვი და როგორც ჩანს, მკურნალობის გარეშე ამაღამ არ დამაძინებს.

- აჰ! უძილო ღამე. როგორ უნდა აიტანოს კაცმა?

შავთმიანი მამაკაცი კარში იდგა და თავმობეზრებული სახით უცქერდათ.

- როგორც ჩანს შენს საქმეებს მორჩი, ძმაო. მიხარია რომ შემოგვიერთდი.

პერისტერის დაბნეული მზერა ერთი ძმიდან მეორეზე დაჰქროდა და ვერ გაეგო, რა ექნა. ისევ მეორემ განაგრძო:

- ჩემს გონებას დასვენება სჭირდება. განსაკუთრებით ამაღამ.

- და ჩემს სხეულის არა? - უპასუხა ანიჰალმა და კარის ჩარჩოს ზურგით მიეყრდნო.

- ძმაო, ვწუხვარ რომ უძილობა გაქვს, მაგრამ უნდა მოეშვა მაგაშიც ჩემს დადანაშაულებას.

- შემიძლია საძილე ნაყენი მოვიტანო.

ხმა ამოიღო პერისტერიმ. მზად იყო ადგილს მოსწყვეტოდა და სირბილით მოეტანა წამალი. ჰარტაგოს აწეულმა ხელმა შეაჩერა.

- წარმოდგენა არ გაქვს, რამდენი რამ გამოვცადეთ, მაგონის ყველაზე ძლიერი წამლების ჩათვლით. სამწუხაროდ, ვერც ერთმა ვერ გაამართლა. მაშინ, როცა ჩემი ბეჭები სიამოვნებით მიიღებენ რა სამკურნალო საშუალებაც მოგიტანია.

ჰარტაგომ, მხრის ფიბულები[28] შეიხსნა და მსუბუქი გრიმასით დაქაჩა ქიტონის[29] ქსოვილი, მხრები რომ მოეშიშვლებინა. ანიჰალმა თვალები გადაატრიალა და ოთახიდან გავიდა.

           პერისტერი მიუახლოვდა, შეკვრა გახსნა და შიგთავსი მაგიდაზე ამოალაგა. ფრთხილად გაუსინჯა მკლავები და ბეჭები. მზეზე დამწვარი კანი მშრალი და მყიფე იყო. ალაგ-ალაგ ნემსის წვერისოდენა პუსტულებით. თითები ცივ მალამოში ჩააწო და ფრთხილად წაუსვა მოჭიმულ კანზე, სამაგიეროდ კი, ჰარტაგოს სიამოვნების გმინვა დაიმსახურა.

- რამეს ხომ არ გაწყვეტინებთ?

ანიჰალის ხმა გაისმა. უკან დაბრუნებულ მამაკაცს ხელში სასმისი ეჭირა. როგორც ყოველთვის უკმაყოფილოს, ამჯერადაც ამრეზი გამომეტყველება ჰქონდა.

- კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ძმაო, - ისე უპასუხა ჰარტაგომ, რომ მაგიდაზე პირქვე დადებული თავი არც წამოუწევია, - თუკი ოდესმე დაიწვები, მიხვდები რა სიამოვნებაც განვიცადე.

- მე არასდროს ვიწვები და ეს შენ იცი. - უპასუხა ანიჰალმა და საყვარელ ტახტზე მოხერხებულად წამოწვა.

- დროულად დამიძახე. ამაღამ აიბუშტებოდა.

პერისტერიმ კარგად იცოდა, რომ მკურნალი იყო და კეთილშობილ საქმეს ემსახურებოდა. რაც არ უნდა ეფიქრა მასზე ანიჰალს, რაოდენ ამრეზადაც არ უნდა ეცქირა მისთვის, რაც საჭირო იყო, ყოველთვის გააკეთებდა. ყველას დაეხმარებოდა, ვისაც გასაჭირი ექნებოდა, მისი უძილობის ჩათვლით. ჰარტაგოს მხრებს რომ მორჩა, ხელები ტილოზე გაიწმინდა და მისი ნივთების მოგროვება დაიწყო.

- მადლობა, პერისტერი.

ჰარტაგომ თავი წამოსწია და მხრები შვებისაგან დაამრგვალა.

- რამდენი ხანია, რაც უძილობა გაწუხებს, ახალგაზრდა ბატონო ანიჰალ?

- უკვე აღარც მახსოვს.

პერისტერის გასაკვირად, მამაკაცმა სრული სერიოზულობით უპასუხა.

- თითქმის არ სძინავს, - ამოიხვნეშა ჰარტაგომ. ძმას შეფიქრიანებული თვალი შეავლო და განაგრძო, - მიკვირს, ცოცხალი როგორაა.

- ცოცხალი ვარ, იმიტომ რომ ჩემი დრო ჯერ არ მოსულა. ნუ ჯავრობ. მოვა და გაგეცლებით.

სასმისი ბოლომდე გამოცალა ანიჰალმა.

- მამას ვკითხავ, რა წამლები აქვს ნაცადი და სხვა რამეს მოვიფიქრებ. - დაჰპირდა პერისტერი.

- მადლობა, პერისტერი. დედამიწაზე მოსიარულე სიკეთე ხარ, - სერიოზულად მიუგო ჰარტაგომ, რომელსაც უკვე შეესწორებია ტანისამოსი. მერე პერისტერის შემოუბრუნდა და უთხრა:

- ღვინო დავლიოთ. ჩემი ძმა ერთადერთი არაა, ვინც სასმელი დაიმსახურა.

როგორც კი ჰარტაგომ ეს ღიმილიანი სიტყვები წარმოთქვა, მონა შემოვიდა სასმისებითა და თიხის ჭურჭლით. პერისტერის არ გამოჰპარვია, რომ მაღალი მონის დანახვაზე ანიჰალი წამოჯდა და უცნაური მზერა გააყოლა ოთახში შემოსულს.

           სისხლისფერმა ღვინომ გაავსო პატარა ქალის სასმისი და არომატით ნესტოებს მოელამუნა. ახლაღა იგრძნო, როგორ გადაღლილიყო. ერთი სასმისი ღვინო ძლიერ წაადგებოდა, სანამ სახლისაკენ გზას შეუდგებოდა. წყურვილმა მასპინძელს დალოდება გადაავიწყა და ის ის იყო, უნდა დასწაფებოდა, რომ ჰარტაგომ სასწრაფოდ დააფარა სასმისს ხელი. პერისტერის არც უყურებდა. დაძაბული მზერა ჰაერში უხილავი წერტილისთვის გაესწორებია.

           პერისტერიმ ვერც კი მისდია იმას, თუ რა მოხდა. შეამჩნია, როგორ გაიელვა მეტალმა მონის ხელში, ჰარტაგოს მოქნილი, კარგად გათვლილი და თითქმის უხილავი მოძრაობა, ბასრი ნივთი, რომელმაც მონის გულმკერდი გააპო და კივილი, რომელიც საკუთარ ტუჩებს მოსწყდა.

           რასაც ხედავდა, მკვდარი მონა იყო მარმარილოს იატაკზე რომ გაშოტილიყო და მოზაიკას უხვად ღებავდა მოშავო სისხლით. ჰარტაგოს მქშინავი სხეული ველური კატასავით ჩამუხლულიყო მის ნადავლზე. მამაკაცმა წამში იცვალა ფერი და მშვიდი ფილოსოფოსიდან სწრაფ, მოხერხებულ, ძლიერ და მომაკვდინებელ მეომრად იქცა. წამოიმართა. გახეული ქიტონი შეისწორა, რომელიც კიდევ უფრო მეტ მოულოდნელობას აშიშვლებდა. ახლა უკვე შემოხეული ქსოვილის ქვეშ, ღმერთებისგან ნაქანდაკევ სხეულზე, ტყავის თასმები, არაერთ ბასრ იარაღს იჭერდნენ. ზოგი მათგანი დიდრონ მომაკვდინებელ მახათს ჰგავდა, სხვანი ბრტყელი მეტალის ფირფიტეს, რომლებიც თითქოს ტანზე ადნებოდნენ. სისხლიანი დანა ცხედრის ტანისამოსზე გაწმინდა და გულის ფიცარზე, ქარქაშში ჩააბრუნა.

           დამფრთხალ ქალს რომ გაუსწორა მზერა, მისმა სახემ ჩვეული სიმშვიდე დაიბრუნა და თქვა:

- დარწმუნებული ვარ, იმის თქმა, რომ რაც დღეს იხილე, საიდუმლოდ უნდა დარჩეს, ზედმეტია.

სასმისები და ღვინის ჭურჭელი ცეცხლში მოისროლა.

- საიდან მიხვდი?

პირს რომ ფარავდნენ, იმ თითებს უკან ჩაიბუტბუტა თვალებგაფართოებულმა ქალმა.

- სუნით,  - უპასუხა ჰარტაგომ.

- საწამლავის სუნი იგრძენი? - როგორც იქნა, ხელები დაუშვა პერისტერიმ.

- საწამლავს სუნი რომ ჰქონდეს, აზრს დაკარგავდა. კაცის სუნი ვიცანი.

პერისტერის სახეწაშლილ მდუმარებას მშვიდი პასუხით მიუგო:

- ყველა სახლს თავისი სუნი აქვს. მაგალითად, გისგოს სახლში, რომელსაც ძალიან უნდა მომდევნო სუფეტე[30] გახდეს, უკვე რამოდენიმე კვირაა წიწვებისა და ციტრუსის კანის სუნი დგას.

- მისი ცოლი ორსულადაა და მათ გულისრევის დასაძლევად წვავს, - მთრთოლვარე ტუჩებში გამოცრა პერისტერიმ.

- მართალია. როცა საკუთარ ოთახში ადამიანის სუნს იკრავს, რომელიც ოპონენტის სახლად ყარს, იცი, რომ კარგის ნიშანი ვერ იქნება. როცა ღვინის დალევის უფლება არ მოგეცი, ბოლო ხერხს მიმართა. დანისკენ წაიწია და თავი გაყიდა.

- კი მაგრამ, დილიდან არ გემსახურებოდა? - ანიჰალის უცნაური მზერა ახლა ძმისკენ იყო მიმართული.

- სავარაუდოდ,  - უპასუხა ჰარტაგომ.

- ფფფფფ... - ჩაიფრუტუნა ანიჰალმა და ტახტს დაუბრუნდა.

- გადამარჩინე!

პერისტერის ხმას მადლიერება და გადმოუღვრელი ცრემლები უთრთოლებდნენ, რომელთა შეკავებასაც ჯერ კიდევ ახერხებდა.


 

 

თავი 12

პერისტერის საგანძური

 

 

ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში პერისტერის ბევრი რამ ებადა: საკუთარი ოთახი, რაც იშვიათობა იყო; ძვირფასი ქსოვილები და სამკაულები, რაც მხოლოდ წარჩინებულებს ჰქონდათ; მკურნალის საქმეს ფლობდა, რაც დიდად პატივსაცემი და საჭირო იყო. მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძველი სათამაშო მისთვის ყველაზე ძვირფასი იყო. თუ ხანძრისას საუნჯისაკენ იწევს ადამიანი, პერისტერი თიხის თოჯინას დაავლებდა ხელს.

ამ თოჯინის ფერები წლებს გამოეხუნებინათ. მერე რა? ოდესღაც წითელი კაბა, ახლა სულ მთლად გაცრეცილი და რუხი გამხდარიყო. მერე რა? ხელ-ფეხი აღარ ეხრებოდა. მერე რა?! თოჯინა ჯერ კიდევ მისი საუნჯე იყო. მეტიც. დღეს ის კიდევ უფრო ძვირფასად ეჩვენებიდა. ეს თიხის თოჯინა საჩუქარი იყო ბიჭისგან მაშინ, როცა პერისტერი პატარა არავინ იყო სიმდიდრისა და ფუფუნების ქალაქში. მაშინ, როდესაც არაფერი ებადა დახეული ტანსაცმლის გარდა, ზურგს რომ უფარავდა. ახლა კი, ჰარტაგო ტოლივით ექცეოდა, რაც ამ მკაცრ, პატრიარქალურ რეალობაში წარმოუდგენელი იყო. მისი აზრით ინტერესდებოდა, მისი კომფორტი ადარდებდა და სიკვდილსაც კი გადაარჩინა! რამდენი რამ ჰქონდა გასაზიარებელი?! რამდენი რამ ჰქონდა სათქმელი?! უნდოდა ბოლო ხმაზე ეყვირა, თუ რა მოხდა სულ რაღაც საათების წინ! მაგრამ არ შეეძლო. ჰარტაგო მას ენდო და სანამ პირში სული ედგა, იმედს არ გაუცრუებდა. ამიტომაც ამ ფიქრებს საკუთარ თავში იხვევდა, ნორჩი ტოტივით გრეხდა, გრძნობებს უმოწყალოდ, ქაღალდივით კუჭავდა და სულის ყველაზე მალულ კუნჭულებში უხმოდ ახშობდა.

ჰარტაგო - სახელი ისეთივე უჩვეულო იყო, როგორიც თავად მამაკაცი. ნატიფად ნაქანდაკები, მნათობივით მოელვარე, ძლიერი და მომხიბვლელი, ნაზი და მომაკვდინებელი, ბრძენი ფილოსოფოსი და ცივსისხლიანი მკვლელიც კი. უნებურად ყველა მამაკაცის მასთან შედარება დაიწყო. მის მცველთან, მის მეოხართან. მის კერპთან! მასთან, რომელმაც ყოველ მიზეზს გარეშე, მისთვის სითბო და სიკეთე გაიმეტა. მასთან, რომელმაც ქარვის ქალაქი მზის პირველ სხივებთან ერთად დატოვა.

ფრთხილი თითებით თოჯინას მტვერი გადააცალა და თავის ადგილს დაუბრუნა. ერთიც ამოიხვნეშა და შეეცადა, ცივი გონება მოეკრიფა. რა თქმა უნდა, გულუბრყვილოდ იქცეოდა. რა თქმა უნდა, რაც უნდოდა იმას ხედავდა. რა თქმა უნდა, თოჯინა იმიტომ გაუკეთა, რომ მისი გათელა. რაღა თქმა უნდა, იმიტომ გადაარჩინა, რომ მისივე მკვლელი კლავდა! დიდი მთავარსარდლის შვილი რაღა პერისტერის აირჩევდა ცხოვრების მეგზურად. პატარა ქალი თავს იტყუებდა და ეს კარგად იცოდა. გონების თვალი ჯერ კიდევ მახვილი შერჩენოდა, მაგრამ რა უნდა ექნა, როცა გულისთქმა კიდევ უფრო ხმამაღლა გაიძახოდა? პატარა, უხმო რეალობა, მის ირგვლივ რომ ააშენა, სადაც ჰარტაგოს უყვარდა და მასზე ზრუნავდა, მეტად ტკბილი იყო დასანგრევად. მისი პატარა საიდუმლო, რომელსაც სამუდამოდ, უჩუმრად ატარებდა.

საერთო ოთახიდან მოსულმა ხმაურმა პერისტერი აიძულა, მოგონილ სამყაროს ცოტა ხნით მოსწყვეტოდა. დედამისი ორსულს აცილებდა. მხიარული ქალი ხმამაღლა, დიდი სიხარულით ჭიკჭიკებდა:

,,... და მკვლელს იმ წამსვე დასცა მახვილი მუცელში!"

პერისტერიმ წარბები შეყარა. ოთახიდან გავიდა, რომ თავად ენახა, ვინ იყო, ასე კმაყოფილი რომ ამხელდა დიდ საიდუმლოს?! ორსული ქალი დაინახა, რომელსაც დედამისი კართან აცილებდა. ეოსმა შვილს ახედა და დაუძახა:

- პერისტერი, გუშინ ვიღაც ახალგაზრდა ბატონ ჰარტაგოს დასხმია თავს. ღმერთებო დიდებულებო! მაგ დროს შენც რომ იქ ყოფილიყავი?! იცი რამე ამის შესახებ?

- არა დედა. მე მხოლოდ მის დამწვრობებს ვუწამლე.

- აბა, საწყალი კაცი, - განაგრძო სტუმარმა, - ისეთი ლამაზი და ჭკვიანია. მაგრამ თავის დაცვას რომ ეხება საქმე, ბავშვივით უსუსური! მანდ კი ჩემი ქმარია, მკლავს რომ აღმართავს! დედაშენს ახლა ვუყვებოდი, ჩემმა გულადმა კაცმა როგორ დროულად შენიშნა, რომ მსახური სინამდვილეში მოგზავნილი მკვლელი იყო. ჩემმა ქმარმა მკვლელი მოკლა და ბატონიც გადაარჩინა! ამისთვის კი დიდი მთავარსარდლის სასახლის მთავარი მცველის ადგილი უწყალობეს!

,,ო!" ერთადერთი რამ იყო, რისი პასუხიც დაბნეულმა პერისტერიმ მოახერხა. სტუმარმა განრიხებული თვალები გადმოუბრიალა. ალბათ იფიქრა, ჩემი ოჯახის წარმატება ან არ გაუხარდა, ან შეშურდაო. ამიტომაც ახალგაზრდა მკურნალმა სწრაფად დაამატა:

- მომილოცავს! მახარებს შენი სიკეთე. ცოტა არ იყოს დავიბენი. გამიმართლა, რომ მაგას არ შევესწარი.

ქალმა თავი დაუქნია. ბოლომდე არ დაუჯერა პერისტერის სიტყვებს. თუმცა, ისე გახარებული იყო, რომ ამისთვის არც ეცალა. ეოსმა ბოლო დარიგებებით კარს მიღმა გაისტუმრა ორსული და ქალიშვილს მიუბრუნდა.

- რა გჭირს, შვილო?

- არაფერი დედა. უბრალოდ ახალგაზრდა ბატონებზე ვფიქრობ, რომლებიც ახლა ჯარებს დიდი მთავარსარდლისკენ მიერეკებიან. როგორ ფიქრობ, მიწისძვრის გამო წავიდნენ?

- ღმერთებო! ჩვენ ვინ ვართ, რომ ამაზე ვიმსჯელოთ? სენატის გარდა ჭეშმარიტი მიზეზი არავის ეცოდინება. ჩვენ რაც დაგვრჩენია, უკეთესის მოლოდინია, - მხრები აიჩეჩა ქალმა.

- ხომ, მაგრამ ვაი თუ რამე მოხდა?! ვაი, თუ არ დაბრუნდნენ?!

- ღმერთებმა არ ინებონ! მაგრამ თუ ჩვენი ჯარი და ლიდერები დაეცემიან, სენატი ახალ არმიას დაიქირავებს. გადასახადები წელში გაგვწყვეტენ და ცხოვრება გართულდება, მაგრამ ეს არის რეალობა და ეს შენც კარგად იცი.

ქალი ფრთხილი თვალით აკვირდებოდა ქალიშვილის უცნაურ ქცევას. პასუხი რომ ვერ მიიღო, სამკურნალო ოთახისაკენ გასწია, რომელიც ორსულის მერე ჯერ კიდევ არ მიელაგებინა.

პერისტერი ადგილიდან არ იძროდა. მხოლოდ მისდა გასაგონად ჩაიჩურჩულა:

- ვაითუ, არ დაბრუნდნენ.

 

 

 

***

 

ვაითუ არ დაბრუნდნენ?! ვაითუ დაბრუნდნენ, მაგრამ მას არავინ მოუხმო?! ვაითუ პერისტერი გადაავიწყდა?! ნუთუ ყველაფერი მისი გონების ნაყოფი იყო? ნუთუ, უბრალოდ, სულელივით იქცევა? რატომ არ ისმოდა არაფერი მთავარსარდლის ოჯახიდან? ვაითუ არ დაბრუნდნენ?!

ეს ფიქრები თავს ესხმოდნენ პატარა მკურნალს, როგორც კი თვალს გაახელდა. ეს ფიქრები თანგავდნენ უძილო ღამეებში. ეს ფიქრები აწყვეტინებდნენ ჭამას და ეს ფიქრები, ყოველ დღე, სუნთქვას ართმევდნენ. ამ ფიქრებში, თრთოლვაში გადიოდნენ დღეები, კვირები, სანამ ერთხელაც ქალაქი შემაძრწუნებელმა ამბავმა არ შეარყია.

დიდი მთავარსარდალი მკვდარი იყო!


 

 

თავი 13

ისინი გლოვობდნენ, გლოვობდა პერისტერიც

 

 

თეთრი სინათლეა. თეთრი სპეტაკია. თეთრი თვით სისუფთავეა. მაგრამ ხანდახან, თეთრი გლოვის ფერია. ყველაფრის მშთანთქმელმა, ძვალ-რბილში გამტანმა თეთრმა გლოვის ღრუბელმა დაფარა ქალაქი, ცოტა ხნის წინ ოქროს ქვიშასავით  რომ ელავდა. გაქრნენ დროშები და ფარდები. ვერავინ ბედავდა ფერით შემოსვას. ცარცისფერი ფარდაგების ნელი ფრიალით სუნთქავდა გამოცარიელებული ქალაქი.

ქუჩებში სიცარიელე მეფობდა. მხოლოდ იშვიათი გამვლელები თუ გადაეყრებოდნენ ერთმანეთს. მორიდებულ თვალს უსწორებდნენ, იმიტომ, რომ სხვა არც არავინ იყო მათ ირგვლივ. უხერხულად მისცემდნენ ერთმანეთს სალამს, ერთ ადგილზე მოუხერხებლად აწრიალდებოდნენ, ჩაახველებდნენ. რომელიმე მოვალეობის მოხდის მიზნით იტყოდა: ,,ძლიერი შვილები მაინც დატოვა." მეორე თანხმობის ნიშნად თავს დაუკრავდა და მოკლე ,,ღმერთემა გვიწყალობონ"-ს შემდეგ, სწრაფად გაეცლებოდნენ ერთმანეთს.

ბუნებაც გლოვობდა ქვეყნის იმედისა და სიძლიერის დაკარგვას. პერისტერის აივნიდან კარგად ნაცნობი ხედი გაცრეცილ და უფერულ სუდარას დაეფარა. ოდესღაც ოქროსფრად მოელვარე ქალაქი ქვიშიანი, უკაცური და უსიცოცხლო ჩანდა.

ისინი დაბრუნდნენ, მაგრამ მათგან სიტყვა არ ისმოდა. ისინი დაბრუნდნენ, მაგრამ მისთვის არავის დაუძახნია. მათ სტკიოდათ, სტკიოდა პერისტერისაც. ისინი გლოვობდნენ, გლოვობდა პერისტერიც.           

შაკიკს პატარა მკურნალი გახსენებოდა. თავი ისე სტკიოდა, რომ პირის გაღების ეშინოდა. საფეთქლებს ტკივილის ძარღვიანი, მძიმე ხელი აუტანლად აწვებოდა. პატარა ქალს დაბინდული თვალების გახელა არ უნდოდა, რადგან დედამიწა ქაოტურად ირყეოდა. შაკიკის შემოტევა ახალი არ იყო პერისტერისთვის. ხანდახან, ერთი დღით, მწარედ ჩაავლებდა ხოლმე ტკივილი ტორებს, თუმცა, ყოველ ჯერზე, ცივი კომპრესი შველოდა. ყოველ ჯერზე სიბნელე, სიჩუმე და ჩაძინება შვებას აძლევდა. მაგრამ ამჯერად არც მძიმე ქვეშაგებქვეშ გატარებულმა საათებმა უშველა, არც ძვირფასმა ყინულმა მაგონის მარაგებიდან. ტკივილის დაძარღვული მტევანი არა და არ უშვებდა.

უნდა წასულიყო. ამდგარიყო და იქნებ ასე მაინც დაეღწია თავი მფეთქავი ტკივილის მწამებელი ლიმბოსთვის. ეცადა მაინც, ამ შემხუთველ კედლებს გასცლოდა. მაგრამ მზე ჯერ კიდევ ძლიერ აჭერდა. სულ ცოტაც და დაისი გამოჩნდებოდა.

როგორც იქნა, აგვისტოს მზე დანებდა და ატმისფერმა ჰორიზონტმა ცეცხლოვანი სფერო ჩაყლაპა. გრილი ნიავის სუნთქვა მოხვდა გახურებულ შუბლზე და ახალგაზრდა ქალიც მის შესახვედრად დაიძრა. ერთ ნაბიჯს მეორე მოსდევდა. თვალები, ძირითადად, დახუჭული ჰქონდა და ხელების ცეცებით მიიკვლევდა გზას. დროდადრო ჩერდებოდა და სხეულს შენობების მწველ კელდებს მიასვენებდა. მაგრამ ეს შველოდა. რაც უფრო შორს მიდიოდა, მით უფრო მსუბუქდებოდა შუბლი.

სკამი იპოვა. აქ დაჯდება სულ ერთი წუთით. ერთ წუთში ადგება და სახლში დაბრუნდება. ალბათ მშობლები უკვე ჯავრობდნენ. მაგრამ შორსაც ვერ წავიდოდა. მით უმეტეს, ქუჩები სულ მთლად ცარიელია. სულ ერთი წუთი. აი ასე, ახლა ფეხები ფეთქვას შეწყვეტენ და წამოდგება. ერთი წუთიც და თვალებს გაახელს. ქუთუთოები უმძიმდება, მაგრამ ეგ არაფერია. ერთი წუთიც და ისევ წამოდგება. სულ ერთი წუთიც და ...

 

 

 

***

 

- გაიღვიძე! შენ! გაიღვიძე მეთქი!

ვიღაც, დაჟინებული და უსიამოვნო, მოსვენებაში ხელს უშლიდა. პერისტერიმ სცადა ყურადღება არ მიექცია ხმაურისთვის, რომელიც არა და არ ნებდებოდა.

- წამოდექი!

ღამის გუშაგის მუჯლუგუნმა, როგორც იქნა, თვალები გაახელინა. მამაკაცს ერთ ხელში ჩირაღდანი ეჭირა, მეორეში - მსხვილი ხის კეტი, გამომეტყველება კი სულ მთლად გაავებული ჰქონდა. პერისტერიმ სახე ჩირაღდანს აარიდა, თვალებს რომ სჭრიდა და ჩაიბუტბუტა.

- მომიტევე. ჩამძინებია,

- ეს რა ძილის ადგილია?!

მამაკაცი წინ გადაეღობა. გონების დაწმენდას ამ გაბრაზებული კაცის მიმართ შიშიც მოჰყვა.

- გზა მომეცი! გამიშვი! - პერისტერიმ ხმას აუწია და კიდევ ერთხელ სცადა გაავებულ მამაკაცს გასცლოდა.

- მკურნალო, შენა ხარ?

მამაკაცის სახე წამში იცვალა ბრაზიანიდან გაკვირვებულით, მერე კი შეცბუნებულით.

- ბოდიში, მკურნალო პერისტერი. არავის გავუფრთხილებივარ, რომ მოდიოდი.

გუშაგმა პატარა ქალს ხელი უშვა და გვერდზე გადგა.

- მე წავალ.

პერისტერიმაც უკან გადადგა ნაბიჯი.

- კი მაგრამ, აქ რას აკეთებდი? ბატონები ალბათ უკვე გელიან, - განაგრძო დაბნეულმა მამაკაცმა. ჯერაც ვერ გაეგო, რა ხდებოდა.

ამ სიტყვებთან ერთად ახალმა განგაშის ზარებმა ხმამაღლა ჩამორეკეს პატარა მკურნალის გონებაში. იმის გააზრებამ თუ რომელ ბაღში იდგა და სად იყო, ახალი შიში მოიტანა.

- არა, - უპასუხა პერისტერიმ.

- არა? - გაიმეორა გუშაგმა.

- არა. უნდა წავიდე, აქ არავინ მელოდება. უბრალოდ.... უნდა წავიდე, გესმის?!

- მაგრამ მკურნალო, ასე ვერ გაგიშვებ. ბატონებს თუ არ მოვახსენე, ადგილს დავკარგავ. შეიძლება სიცოცხლესაც გამოვესალმო.

რა უნდა ექნა? გაქცევა ეცადა? იქნებ გუშაგის გადარწმუნება? გონება კარნახობდა, რაც არ უნდა ექნა პერისტერის, ამით მხოლოდ საქმეს გაირთულებდა. ამოიხვნეშა და შესაწირი კრავივით უკან მისდია მამაკაცს, რომელიც ,,ჭის ფსკერისაკენ" მიიწევდა. სირცხვილისაგან ზურგი ეწვოდა, შიშისაგან მუხლები ეკეცებოდა. ,,არავის უჩვენო შენი ცრემლები!" დედის სიტყვები მოაგონდა და პატარა ქალიც მხრებში გაიშალა.

სულ რამოდენიმე ნაბიჯი დარბაზში და ორთავეს ყურამდე ხმამაღალი ხმაური, ბრაზიანი ყვირილი, რაღაცის მსხვრევის და ავეჯის მტვრევის ხმა მოვიდა. გუშაგს არ გაჰკვირვებია, თუმცა თავი დაუშვა და მხრები აეწურა, მისმა ნაბიჯმაც დაკარგა თავდაჯერებულობა. კარის წინ შეჩერდა, თითქოს გარდაუვალის ცოტა ხნით მაინც გადადება უნდაო.

- უფლება მიეცი მომკვდარიყო!

ჩახლეჩილი, მაგრამ მაინც ხმამაღალი ხმა, დაკეტილ კარს მიღმა ვიბრირებდა.

- სხვა გზა არ გვქონდა და ეს ყველამ ვიცით.

- მკვდარია! მკვდარი!

ჰარტაგომ რაღაც ხმადაბალა და რბილად უპასუხა. გუშაგმაც დრო იხელთა და სულ მთლად აწურულმა, ოთახის კარი შეაღო.

რაღაც ხის, დიდი და მძიმე მიეხეთქა კარის ჩარჩოს და დაიფშვნა. გუშაგმა ბეწვზე აიცილა ნასროლი, რომელიც პერისტერის სასწაულით ასცდა.

- ბატონებო, მკურნალი.

მამაკაცმა თავი რაც შეეძლო ღრმად დაუკრა და პერისტერიმ ლამის ორად გაგლეჯილი ოთახი და ადამიანობადაკარგული მამაკაცი დაინახა. ტანისამოსი შემოხეული, თვალები ჩასისხლიანებული და გახევებული, მუშტები დახეთქილი. ქალმა იფიქრა, ამ შლეგი კაცის ხელში ახლა და ამ წუთას დასრულდება ჩემი სიცოცხლეო და თვალები დახუჭა. ამოსუნთქვა. კიდევ ერთი. მაგრამ ტკივილი არა და არ მოსულა,

- აქ რას აკეთებს?! - ამოიხავლა ანიჰალმა.

- ის... მე... ისა..

ღამის გუშაგს სტყვები ერეოდა, მაგრამ ჰარტაგოს ხმამ გადააჭარბა,

- მე დავუძახე.

თავის ერთი მოძრობით ანიშნა მამაკაცს, დაგვტოვეო და გუშაგიც უკანმოუხედავად გაეცალათ. პერისტერის შვებანარევი სახე ჰარტაგოს დაფიქრებულ გამომეტყველებას ეცა, როცა ანიჰალის მზერა, გახევებული მხეცივით ხან ერთს სწავლობდა, ხან მეორეს.

- რატომ? - შეკრულ კრიჭაში გამოსცრა.

- შენთვის! - ამჯერად ჰარტაგომ აიმაღლა ხმა, - შენ თავს შეხედე, ძმაო!

ოთახში გამეფებული სიჩუმის ხმამაღალ ნოტებს მხოლოდ პერისტერის წყვეტილი სუნთქვა ახშობდა. პატარა ქალი ნერვულად კრავდა ცარიელ მუშტებს.

- ახლა დაჯექი და უფლება მიეცი გიწამლოს. მამაჩვენს თავი იმიტომ არ გაუწირავს, რომ შენ, აქ, ხელებში ჩამაკვდე!

სანამ პატარა მკურნალი კიდევ ერთი ქაოსისათვის ემზადებოდა, ძმები ერთმანეთს თვალებით ხვრეტდნენ. ამ მზერაში ანიჰალი დამარცხდა, რომელმაც ზურგი იბრუნა და მის რჩეულ ტახტს მიაშურა.

წამიერი შვება ხანმოკლე აღმოჩნდა, პერისტერის თან არც მალამო, არც წამალი, სახვევებიც კი არ მოეტანა. ხელცარიელი და ათრთოლებული ნაბიჯით დაიძრა ანიჰალისკენ, როცა მის ხელში მათარა და სუფთა სახვევები აღმოჩნდა. ჰარტაგო მის გვერდით იდგა და დამაიმედებელი სახით უცქერდა. პერისტერიმ მხოლოდ ტუჩებით წარმოთქვა ,,გმადლობ".


 

თავი 14

ჰარტაგოს მისია

 

 

პერისტერის ხელები აღარ თრთოდნენ. იმას აკეთებდა, რაშიც გაწვრთნილი იყო, რაც ყველაზე მეტ სიხარულს ჰგვრიდა და რაშიც ბადალი არ ჰყავდა. კაცს ჰკურნავდა, რომელსაც მისი დახმარება სჭირდებოდა. ანიჰალის მუშტები საზარლად დაბეგვილ-დათეთქვილი, დახეთქილი და დასისხლიანებული იყო. ალაგ-ალაგ კანის ნაფლეთებიც კი აკლდა. პატარა მკურნალს რამოდენიმეჯერ დასჭირდა მათი ამორეცხვა, რომ ჭრილობები კედლის ნამცეცებისგან გაესუფთავებინა. ალბათ საშინლად მტკივნეული უნდა ყოფილიყო, მაგრამ მამაკაცი ერთხელაც არ შემკრთალა. მისი მომაკვდინებელი მზერა ისევ ძმისკენ იყო მიმართული.

- შეგვეძლო დარჩენა. ერთად გვეომა.

კბილებს შორის გამოსცრა შხამნარევი სიტყვები, თუმცა სუნთქვა საგრძნობლად დაუმშვიდდა. ჰარტაგომ ამოიხვნეშა და სევდიანი მზერით დაიწყო:

- რაც ჩვენ გავაკეთეთ, მამაჩვენის დანატოვარის გადარჩენა იყო. ჩვენ გადავრჩით და ჩვენი ძმაც გადავარჩინეთ. შურს ვიძიებთ, მაგრამ ჩვენ ჯარს ამოსუნთქვა უნდა ვაცადოთ. ახალი ძალები გვჭირდება. პირობას გაძლევ, ყველა საშუალებას ვიპოვი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ხელით, სათითაოდ დავწვა ყველა ის გამყიდველი, ვისაც მამაჩვენის დაცემაში წვლილი მიუძრვის!

ჰარტაგოს პასუხი, რომელიც მშვიდ და დაბალ ხმაზე დაიწყო, ახლა მძვინვარე ფიცად ქცეულიყო. სიბრაზისაგან ყბები უთრთოდა და ნესტოები ებერებოდა.

პერისტერიმ ანიჰალის გადახვეული მუშტები ფრთხილად დაუშვა მამაკაცის კალთაზე და გამოცდილი თვალი შეავლო მის დაძაბულ სხეულს. სხვა იარები ვერ დაინახა. მიწოლილ გოლიათს არც მოტეხილობისა ეტყობოდა. რამაც მკურნალს თვალი მოსტაცა, მამაკაცის საფეთქლებზე გადაბერილი, სწრაფად მოპულსირე სისხლძარღვები და აწითლებული სახე იყო. პერისტერისთვის ადვილი წარმოსადგენი იყო, თუ რა მწარე თავის ტკივილს ჩაევლო კაცისთვის ხელი. ახლაღა გაახსენდა სადღაც გამქრალი შაკიკი, დილიდან რომ აწამებდა. ხელები წყლან ჯამში ჩააწრო, ჰარტაგოს მოწოდებულ ქსოვილზე საგულდაგლოდ გაიმშრალა და ცივი თითების ფრთხილი, თუმცა გამოცდილი მოძრაობით, ანიჰალს დაბერილი საფეთქლები დაუზილა. პასუხად მამაკაცმა სახე გამოსტაცა და აღშფოთებული, რისხვიანი მზერა ესროლა. პერისტერიმ ისევ წაიწია მამაკაცისაკენ და რბილად სთხოვა:

- უფლება მომეცი გიმკურნალო.

თავდაპირველად მამაკაცი დაძაბული, მყიფე სხეულით იტანდა მკურნალის მოძრაობას. თუმცა, ნელ-ნელა მოეშვა და, არც ისე დიდი ხნის მერე, თვალებიც დაეხუჭა.

ჰარტაგოს გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა. ფრთხილად დაიხარა, რომ დარწმუნებულიყო, ანიჰალს ჩასძინებოდა. სანამ პერისტერის ვერ გაებედა მოძრაობის შენელება, რამოდენიმე მზერა გაცვალეს და ჰარტაგომ დაიჩურჩულა:

- მას რა, დაეძინა?!

- ასე მგონია.

თითქმის უხმო ჩურჩულითვე უპასუხა პერისტერიმ. რამოდენიმე წუთი პატარა ქალი ვერ ბედავდა ანიჰალს მოსცილებოდა და მისი თითებიც მოძრაობას განაგრძობდნენ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჯერ ძალიან ფრთხილად შეანელა და შეამცირა ზეწოლა, მოზომილი და უხმო ნაბიჯით მოსცილდნენ მამაკაცს. ჩუმად მიუჯდნენ მაგიდას. ჰარტაგო მისკენ დაიხარა და დაიჩურჩულა:

- რა გააკეთე?

ანალოგიური სიფრთხილით, პატარა ქალმა მიუგო:

- შევეცადე თავში სისხლის დინება შემენელებინა. მაგრამ, ჩემი აზრით, თავი თვითონ გადაიღალა. დიდი ხანია რაც ამ დღეშია?

- დაბრუნების საათიდან.

ჰარტაგომ წელი გაასწორა და სქელ ხის საზურგეს მიესვენა. გამშრალი თვალები მოიჟღლიმა და პერისტერიმ მხოლოდ ახლა შენიშნა, როგორი დაღლილი იყო ჰარტაგო. თვალებს მძიმე, მუქი ქუთუთოები აწვებოდნენ, ღაწვები ჩაცვენოდა, სკლერები ჩასწითლებული და თვითონაც, მისი სპილოსძვლისფერი ტუნიკასავით გაცრეცილი ჩანდა. ალბათ ცდა არ დააკლო, რომ ძმა როგორღაც დაემშვიდებინა, სანამ დღეები, საკუთარი გლოვის ტვირთი უხმოდ ზიდა. პერისტერის გონებაში ძველმა ზარებმა ჩამორეკეს და სირცხვილმა ღაწვები შეუფარკლა.

- უსაზღვროდ შერცხვენილი ვარ. მომიტევე ამ სითავხედისთვის. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ვერც კი აგიხსნი, რატომ, ან როგორ...

სასოწარკვეთა ყოველი მარცვლით იზრდებოდა პატარა მკურნალის ხმაში, მაგრამ ჰარტაგომ შეაჩერა.

- ძალიან მიხარია რომ მოხვედი. არაფრის ახსნა საჭირო არაა. ბედმა მოგიყვანა.

- კაცმა მაინც მოახერხა დაღლილი ღიმილი გაეელვებინა.

- გმადლობ.

გაითრთოლა ქალის პატარა, შვებანარევმა ხმამ. მზერით ფრთხილად შეამოწმა ანიჰალი, რომლის სუნთქვა ჯერ კიდევ მშვიდი და თანაბარი იყო.

- ძალიან ვწუხვარ. არასდროს მინახავს ვინმე ასეთ გვემაში.

ერთხელაც შეამოწმა ჩაძინებული მამაკაცი, თავშეკავება თითებს შორის დაუსხლტა და წარმოთქვა.

- როგორ ბნელა მასში.

ჰარტაგომ ამოიოხრა და უპასუხა:

- ვინ შეიძლება იყოს შენს სისხლსა და ხორცზე უფრო ძვირფასი, ვისთანაც დედის მუცელი გაგიყვია? ჩვენ ორს შორის მე გრძელი, შედარებით მსუბუქი ბედი შემხვდა. თუმცა ერთ რამეში, ჩემი ძმის მაინც მშურდა. რა კავშირიც მამას და ანიჰალს ჰქონდათ, სიტყვებით ვერ ითქმის. მამას ორივე ვუყვარდით, მაგრამ ბრმაც კი შეამჩნევდა მათი კავშირის ძალას. ახლა კი, ჩვენი მამა, ჩვენი მთავარსარდალი, ლიდერი, აღარ არის და ჩვენზეა მისი საქმეების გაგრძელება, მისი დინასტიის კიდევ უფრო გაძლიერება.

ჰარტაგომ დაღლილი თვალები თითებში ჩამალა და მონოლოგი უფრო მეტად იმიტომ განაგრძო, რომ ამის თქმა სჭირდებოდა, ვიდრე იმისთვის, რომ პერისტერის მოესმინა. იქნებ ლამობდა, ფიქრების ხმამაღლა გაჟღერებით, ოდნავ მაინც აემსუბუქებია შეუბრალებელი ტვირთი, ქედზე რომ ედგა:

- ხალხი ლიდერს მიჰყვება, რომელსაც ენდობა. ჯარისკაცს, სასიცოცხლოზე მეტად, სასაკლაოზე ედენებიან და ახლა რამდენი რამაა სამტკივებელი. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ღირსია, არმია მართოს, ქვეყნის ბედი ანდონ. ეს ყველაფერი ჯარს, სენატს, ხალხსაც და მტრებსაც კი, უნდა დაუმტკიცოს. რაღაც წარმოუდგენელი და ტრიუმფალური უნდა გააკეთოს, რომ შიში და ნდობა დაიმკვიდროს. ეს ყველაფერი ახლა უნდა გააკეთოს. სწორედ ახლა, როცა მამაჩვენი აღარაა და იმაზე დამარტოებულია, ვიდრე ოდესმე.

- მაგრამ, ის მარტო არ არის. მას შენ ჰყავხარ, - გაიჟღერა პერისტერის რბილმა პასუხმა.

- და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ მთავარი მისია აღვასრულო.

- და ეს რა იქნება?

- ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი - გადარჩენა. ჩვენი ქვეყნის, არმიის, ოჯახის გადარჩენა. ძალაუფლება მოუხელთებელი ნიმფაა, პერისტერი. როცა კაცი ძალაუფლებას მიაღწევს, მისი წყურვილი უქრება და მის ნაცვლად საჭიროება ჩნდება. თუ ჩვენ დავეცემით, მხოლოდ პოზიციას კი არა, მთელი ოჯახის სიცოცხლეებსაც დავკარგავთ იმიტომ, რომ ძალაუფლების გარეშეც საფრთხე ვიქნებით. ამასთან, გულახდილად გეტყვი, ვერც ვერავის ვხედავ, ვინც ამ პოზიციას ჩვენზე უკეთ გაუმკლავდება. ჩვენ იმით გვზრდიდნენ, რომ მთავარსარდლობა, მმართველობა, საპასუხისმგებლო, ღირსების საკითხია და არა სარგებლის მიღების გზა.

- თქვენ, ორივენი, დიდ მიღწევებს დატოვებთ უკან. მე მჯერა თქვენი. ორივესი. თქვენ დიდი საქმეებისთვის დაიბადეთ.

პერისტერის ხმა კიდევ უფრო დაპატარავდა, სანამ თითები ნერვულად წრიალებდნენ მუხის მაგიდაზე. ჰარტაგო წინ გადმოიხარა, ოდნავ გაიღიმა და პატარა ქალის თითები ხელის გულში მოაქცია. გაყინულ ფალანგებს თბილი ცერი გადაუსვა და უთხრა;

- ძალიან მიხარია, რომ მოხვედი.

 

 

 

***

 

პატარა ქალმა უცნაურად სასიამოვნო ძილისგან გამოიღვიძა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ სრულად ჩაცმულს ეძინა, რისგანაც კანი ცოტათი სტკიოდა კიდეც, მაგიდაზე ძილისგან წელი აწუხებდა და მკლავიც დაბუჟებოდა, თავს მაინც დასვენებულად და კარგად გამოძინებულად გრძნობდა. იფიქრა, ცოტას კიდევ წავთვლემო, მაგრამ იმის შეგრძნებამ, რომ ვიღაც მზერით ხვრეტდა, უცებ გამოაფხიზლა. ანიჰალი მაგიდის წინ იდგა, ხელები მკერდზე გადაეჭდო და წარბაწეული უცქერდა მის და ჰარტაგოს ჯერ კიდევ გადახლართულ თითებს. მამაკაცმა, ამჯერად, მისთვის გაიმეტა მზერა. პერისტერი კი, მეხდაცემულივით წამოხტა და თითები ტანსაცმლის ნაკეცებში ჩამალა.

- დილა მშვიდობისა, ძმაო.

გაეღვიძა ჰარტაგოსაც. გაიზმორა და ძილისგან დამძიმებული თვალები მოისრისა. მზერა რომ დაეწმინდა, თვალებით პერისტერი მონახა, გაუღიმა და მიესალმა.

დარცხვენილმა და დაბნეულმა მკურნალმა ბოდიში მოიხადა. საღამოს, ჭრილობების გადასახვევად დაბრუნებას დაჰპირდა და დაემშვიდობა. აჩქარებული ნაბიჯით გაეცალა სასახლეს, რომ ანერვიულებული და გაჯავრებული დედისთვის თვალი გაესწორებია.


 

 

თავი 15

სასახლის ჩრდილი

 

 

სასახლეს ჩრდილი ჰყავდა. ჩრდილი, აჩრდილი, ყველაზე კარგად რომ იცნობდა სასახლის კედლებს. რომელსაც ყველაზე მეტად ესმოდა მისი ოხვრის, რომელიც ყველაზე კარგად გრძნობდა ცვლილებებს მასში. ჩრდილი ჩუმი იყო, უთქმელი. მისი ნაბიჯი უხმო, მზერა -  შეუმჩნეველი, ყური კი - მახვილი გახლდათ. სასახლის ჩრდილი ყველგან იყო და თითქოს არც არსად. ჩრდილი კაცი იყო, უხმოდ რომ დაეხეტებოდა სასახლის კედლებში.

არავინ იცოდა ამ ჩრდილზე უკეთ, თუ რა ხდებოდა სასახლის კედლებში. ვერავინ გამოიცნობდა მასზე კარგად, თუ რა მოხდებოდა მასში. თვით სასახლე იყო ჩრდილი, თუმც ვერავინ ხვდებოდა ამას. ის უსმენდა ყოველ ჩქამს, ყოველ სიტყვას, ყოველ ამოსუნთქვას და ზუსტად იცოდა ამ ხმის მიზეზიც და შემოქმედიც. ხის კოჭის ერთი გაჭრიალებაც კმაროდა, რომ ჩრდილს სცოდნოდა, რა ხდებოდა კედელს მიღმა. უშეცდომოდ ამოიცნობდა, რა ხასიათზე იყო ანიჰალი - ცუდზე თუ უარესზე, მძიმე ნაბიჯით რომ გადაჭრიდა დარბაზს. საით გაეშურებოდა, რომ შხამიანი ღვარძლი უხმოდ დაენთხია. რამდენის დალევის და რისი დამსხვრევის ხასიათზე იყო ახალბედა მთავარსარდალი. ჰარტაგოს ერთიოდე ამოსუნთქვით ამოიცნობდა, რამდენად დაძაბული იყო მისი ბრწყინვალე გონება. ერთი გამოხედვა და ჩრდილმა იცოდა, ვის, რას და ვისი ხელით დაატეხავდა თავს ჰარტაგო.

ახლაც ურყევი სიმშვიდით მიყრდნობოდა ჩრდილი ქვის სვეტს, აუჩქარებელი სუნთქვით უცქერდა კარს, რადგან იცოდა,  სადაცაა გაიხსნებოდა და არც მკურნალს დაუყოვნებია ჰარტაგოს სამყოფიდან გამოსვლა. ლამაზი ქალი აჩქარებული ნაბიჯით კვეთდა დიდ ოთახს. ვერც ის ხედავდა სვეტს მიყრდნობილ სასახლის აჩრდილს.

ქალი ნერვულად ისწორებდა თავსაფარს, ახურებულ სახესა და შეფარკლულ ღაწვებზე გაყინულ ხელებს იდებდა. ფეხი ერეოდა, მაგრამ მაინც მიდიოდა წინ. ისე ჩაუარა აჩრდილს, რომ მშვენიერი პირისახე ერთხელაც არ მიუბრუნებია მისკენ. ვერც კი შენიშნა მისი იქ ყოფნა, მაშინ, როცა ჩრდილს შეეძლო, მკლავის ერთი მოქნევით სვეტზე აეკრა პატარა მკურნალი. სულ ადვილად, ხმის ამოუღებლად, პატრუქმომწვარი სანთელივით გაექრო პატარა ქალის სიცოცხლე, თუკი აჩრდილი ამას მოისურვებდა. მაშინ ხომ დაინახავდა?! მაშინ ხომ გაუსწორებდა თვალს?! მაშინ ხომ აღიარებდა მის არსებობას?! მაგრამ, საქმეც იმაში იყო, რომ თან ადარდებდა აჩრდილს უხილავობა, ამასთან, ასე ამჯობინებდა. თან უნდოდა შეეცნო მკურნალს მისი არსებობა, თანაც ურჩევნოდა უხილავ თვალად დარჩენა, რომელიც ნათლად ხედავდა, როგორ რცხვენოდა პატარა ქალს, რომელსაც ვერც კი ეჯერა მთელი ღამის სასახლის კედლებში გატარება. ჰარტაგოს ჯადოს მსხვერპლი ტუჩებს ისრესდა, როცა გალავანს გასცდა და უკან მოიტოვა უხილავი აჩრდილიც.

კარგად ხედავდა ჩრდილი ლამაზი ქალის ყველა ემოციას. ზუსად იცოდა, რასაც გრძნობდა ეს შეუპოვარი ქალი, მაგრამ ამდენი რამის მცოდნე აჩრიდილისათვის საკუთარი თავი ქცეულიყო ყველაზე დიდ გამოცანად. ვერა და ვერ მიმხვდარიყო, თავად რას გრძნობდა? რა სურდა? რას გაბედავდა და რატომ?


 

თავი 16

სიხარბის ვალი

 

 

ისტორიის ეს ნაწილიც ისეთივე ბანალური მოტივით დაიწყო, როგორც სხვა ბევრი მსგავსი ამბავი -  სიხარბით. დაპირისპირება, რომელმაც ასობით სული შეიწირა მისი უძირო ხახის ამოსავსებად, ძალიან ჰგავს სხვა მრავალ ხოცვა-ჟლეტას, ამ ცოდვილ მიწას კუზით რომ უტარებია. მტრისაკენ დამაჯერებელი ნაბიჯით მიმავალი ჯარის ფეხის სვლა, როცა გამარჯვება ხელის გაწვდენაზე იყო, სამშობლოში დაგებულმა მახემ მოაშთო. განზრახ? სავარაუდოდ არა. მაგრამ ფაქტი ჯიუტია. მახე სენატის ხელებმა ააგეს და მან სასტიკი, ლამაზი ქალის სახე მიიღო. ეს ყველაფერი კი, ასე მოხდა:

არმია ცოცხალი ორგანიზმია, მისი დანაყოფები კი - კიდურები. ქვეითები და ცხენოსნები, საბრძოლო ეტლები და გემები, შუბოსნები და მშვილდოსნები, ქვის მსროლელები და ბევრი სხვანი. ზოგს ქარვის ქალაქი წვრთნიდა, დანარჩენებს ქირაობდა. ზოგს მუდამ იყენებდა, სხვებს - დროდადრო. დანაყოფები მთავარსარდალს ემორჩილებოდნენ და საფასურს სენატისაგან იღებდნენ. მაგრამ თუ ღირსებისთვის ორი მკლავი იბრძვის, ოქროსათვის ორჯერ მეტი ირჯება.

          წარმატებული შეტევის მერე, როცა მთავარსარდალი, ახალგაზრდა ანიჰალთან და მუდმივ ჯართან ერთად, დასუსტებული მტრისაკენ წარმატებით მიიკვლევდა გზას, სენატი ნელ-ნელა ისტუმრებდა დაქირავებულთა საზღაურს. როცა ჯერი ბოლო დანაყოფზე მიდგა, სენატმა ოქროს გაცემაზე უარი თქვა, ხაზინა დაცარიელდაო. რატომ არჩიეს მაინცა და მაინც ამ დანაყოფის დაღალატება? იმიტომ, რომ ისინი ქალები იყვნენ.

- რამდენად გონივრულია? - შეკითხვა დასვა ჰარტაგომ, - ჩვენი ძალის ნახევარი ნდობაშია.

მორიდებულად და გულკეთილად გაუღიმა სენატის წევრებს და განაგრძო:

- განა წელში ასე გაგვწყვეტს ის ვალი, რაც გასაცემია?

მიუხედავად დიდად წინდახედული და კარგად გათვლილი სიტყვისა, ახალგაზრდა ასაკი ყოველთვის მის წინააღმდეგ მუშაობდა. სენატი ძლიერთა შორის ძლიერი ოჯახების უხუცესებისაგან შედგებოდა, რომლებსაც, სულ თხუთმეტიოდე ზამთრის მნახველი, პირტიტველა ახალგაზრდას აზრის გათვალისწინება, თავმოყვარეობას ულახავდათ. მისი ყველა იდეა უდიდესი რეზისტენტობისთვის იყო განწირული. ამჯერადაც, უხუცესთა მყიფე დებატების მერე, რომელიც სავსე იყო გამჭრიახობას მოკლებული, ემოციური ტექსტებით, სენატი თავის აზრზე დარჩა.

           არ გასულა დიდი ხანი და მთავარი საყდრის საღამოს ცერემონია ქალმა შეწყვიტა, რომელსაც მელიტა ერქვა. მან, ქალ მშვილდოსანთა პატარა ჯგუფთან ერთად, შეაბიჯა დიდ დარბაზში და საყდარში სიჩუმემ დაისადგურა.

ჩირაღდნების ანარეკლები მელიტას თაფლისფერ კანზე დაციალებდნენ. უძირო, შავ თვალებს ირგვლივ სქელი ნახშირის კონტური ერტყა. ხელცარიელი იდგა, რადგან საყდარში არავის შეეძლო იარაღით შესვლა. მის დანახვაზე სენატი გაშრა. ტანიტის ქალწულებმაც შეწყვიტეს რიტუალი. მელიტას უშიშარმა მზერამ წარმოუდგენელი თავხედობისაგან დაბნეული სენატის წევრები მონახა. ქალმა ჩაიღიმა და უშრეტი ცეცხლისკენ დაიძრა.

- ტანიტის წყალობა თქვენთან!

მისმა ძლიერმა და დამცინავმა ხმამ, ისედაც მიყუჩებული დარბაზი სულ მთლად დაადუმა. ნელი დაბიჯით შემოუარა ტანიტის ქალწულებს და მათგან ერთი ამოირჩია.

- მითხარი ქურუმო ქალო, რას გვეუბნება ტანიტი? ქალღმერთს სჯერა, რომ სისხლის ყოველი წვეთი მის წილ საზღაურს ითხოვს?

პასუხს არც დალოდებია, ისე განაგრძო:

- ჩვენ ჩვენი სისხლი ისე ვღვარეთ, როგორც დანარჩენებმა. ტანიტის სახელით, ჩვენც ისე თავგანწირვით ვიბრძოდით, როგორც დანარჩენები და მაინც, სენატმა გადაწყვიტა, რომ ჩვენი სისხლი სხვებზე ნაკლები ღირს. მათზე ნაკლები, რომლებმაც კუთვნილი ოქრო უკვე მიიღეს.

- სენატმა ყველა ტალანტი გასცა, რისი გაცემაც შეეძლო. ჩვენ უარს არ გეუბნებით საზღაურზე, მელიტა. ჩვენ უარს ვამბობთ ოქროს ამ წუთას გაცემაზე.

დაილაპარაკა ზიზღისაგან სახეალეწილმა უხუცესმა. ქალმა, მეომარმა თუ არა, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ქალმა გაბედა სენატის საქმეში ჩაჭრა! წარმოუდგენელი, გაუგონარი სითავხედე!

           უხუცესის მკაცრი მზერა მელიტას არ სცილდებოდა. ქალის ტყავის აბჯარი ისეთივე მძიმე და მჭირდოდ შეკრული იყო, როგორც კაცის. უხეშ ქამრებს მეტალის დაფები ამძიმებდნენ. განსხვავება ერთ რამეში იყო. მარჯვენა მხარეს, მკერდის ადგილზე, დაკბილული, უხეში და მუქი ნაწიბური მოჩანდა. დაღი, რომლის დამალვაზეც მელიტა უარს ამბობდა. დაღი, ისტორიას რომ ყვებოდა ქალზე, რომელსაც მარჯვენა მკერდი მშვილდოსნობაში გაეცვალა. მელიტას არც თავსაბურავი ეკეთა, თმაც მოკლედ ჰქონდა აჭრილი. ცინიკურმა ღიმილმა ტუჩის კუთხეები აუწია. ისევ ქალ ქურუმს მიუტრიალდა და განაგრძო:

- უცნაური დამთხვევაა, რომ სენატს ოქრო ზუსტად მაშინ დაუმთავრდა, როცა სისხლში გაცვლილი საზღაური ქალ მშვილდოსნებს უნდა მიეღოთ. მითხარი ქურუმო ქალო, ტანიტს კაცები ქალებზე ზემდგომად მიაჩნია? თუ ასეა, ქალწულებს რატომ გირჩევთ მსახურებად ვაჟების ნაცვლად?

მელიტამ ქურუმი ქალის ნიკაპს წაავლო თითები, სახე წამოუწია და თვალებში ჩააცქერდა, მერე ისევ გაიღიმა და განაგრძო:

- შენ დიდი მთავარსარდლის შვილი ხარ. კაცის, ვისაც ჩვენ ვემორჩილებოდით, ვისაც ომში მივდევდით. სანამ ჩვენ საზღაურს მივიღებთ, მისი სასახლის სტუმრები ვიქნებით.

სულ რაღაც ორ დღეში ალყის ყულფი ახრჩობდა ქარვის ქალაქს. მოწყვეტილს ყველა რესურსს, მოწყვეტილ მთელს სამყაროს. მახეები და სიმაგრეები, რომელიც ქალაქის დასაცავად იყო შექმნილი, მელიტას აჯანყებულთა ხელში ჩავარდა. დიდი მთავარსარდალი იძულებული გახდა, წყევლითა და კრულვით უკან მობრუნებულიყო, დედაქალაქის მტრის კლანჭებისგან დასახსნელად და მანაც ვერ შეძლო იმ დაცვის გარღვევა, რასაც მისი სიცოცხლის ნახევარი, თავად აღმართავდა. შეუღწეველი ქალაქის ირგვლივ დაბანაკდა, ისევ ქარვის ქალაქის კედლებში დარჩენილი, საკუთარი შვილების იმედად.

          როგორც არაერთხელ, მძიმე და რთული გადაწყვეტილება, ჰარტაგოს ერგო წილად. კარგად გათვლილმა გეგმამ, რომლითაც მელიტას გულის სადავეები ხელში უნდა ჩაეგდოთ, მალევე გამოიღო ნაყოფი. მაგრამ ეს ნაყოფი მხოლოდ იმ კვირტზე არ გაზრდილა, რაც ჰარტაგომ ასე ბრძნულად დაამყნა. სანამ მელიტას უცოდველი ტანიტის ქალწული უფრო და უფრო ღრმად უვარდებოდა გულში, ქურუმ ქალში ნამდვილი გრძნობა იდგამდა ფესვებს. როცა დრო მოვიდა, ქურუმმა ქალმა ის გააკეთა, რაც ევალებოდა. მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავს უფლება მისცა, აკრძალული ხილი ეგემა. ტანიტის მსახურის ხელით მოიწამლა მელიტა და ქალაქმაც დაამსხვრია ბორკილები. მაგრამ როცა ტანიტის ქალწული ქალწული აღარაა, აღარც ქურუმია. ღრმა ქვესკნელამდე ვარდნა მძიმე იყო და ქურუმი ქალი საყდრის მონად იქცა. უუფლებო, უენო, მკვლელ მონად, იმედისა და სიყვარულის გარეშე.

          იცოდა კი პერისტერიმ რამოდენიმე წლის ქვეშ დამარხული სიმართლე? ალბათ არც ნახევარი. მაინც მტკიცე ნაბიჯით მიიწევდა ადგილისაკენ, რომელიც ყველაზე მეტად ეჯავრებოდა და რომელსაც ყველაზე მეტად უფრთხოდა. ფეხები უმძიმდებოდა, მაგრამ მიზანდასახულობა წინ ექაჩებოდა. ასე დაილია მთავარი საყდრის უთვალავი საფეხური. ღმერთებმა მისი ვედრება ისმინეს და ისე შევიდა ქვის შენობაში, რომ არავინ შეხვედრია.

           უცნაური გამართლებით, მალევე იპოვა ოთახი, რომლის გულშიც ნახევრად შიშველი ქურუმი ქალი ძილს მისცემოდა. არაფერი ეღობებოდა შუადღის შემხუთველ მონაბერს, რომელიც ოთახში დანავარდობდა და მკურნალს კანს უწვავდა. ჩუმად მიუახლოვდა მძინარეს, რომელიც ნაშიმშილარსა და უძილობისაგან გათანგულს ჰგავდა.

- ნება მომეცი გიმკურნალო.

პერისტერიმ ფრთხილად გადაუსვა ხელი ქალის დანამულ შუბლს. მისი კანი ცივ ოფლს დაეფარა. ტუჩებს მოლურჯო ელფერი მისცემოდა და ყოველ ჩასუნთქვაზე ჩუმი სტვენის ხმა ისმოდა. ცუდი ნიშანი. როგორ გამორჩა ქურუმი ქალის გასაჭირი პირველივე ნახვისას?! სანამ პერისტერი თან მოტანილ წამლებს ერთმანეთში ურევდა, ქურუმმა ქალმა თვალები გაახილა. წამში პერისტერის სახე ხელებში მოიქცია, მისი ქაოტური მზერა ცდილობდა და ვერ ახერხებდა ერთ ადგილზე კონცენტრირებას.

- მოხვედი! ჩემთან მოხვედი! აქ ხარ, ჩემო სიყვარულო! ნუთუ მაპატიე?! მაპატიე?!

დელუზიური ქურუმი ქალის ხელები პერისტერის ეხვეოდნენ, მის სხეულზე დაძრწოდნენ. პატარა ქალი ამაოდ ცდილობდა ხელიდან დასხლტომოდა, როცა ქურუმმა კოცნა დაუწყო. მის ტუჩებს ყაყაჩოს რძის გემო ჰქონდა და პერისტერის გული კიდევ უფრო დამძიმდა. ქურუმის ხელი პერისტერის მარჯვენა მკერდზე გაიყინა და როგორც იქნა, მკურნალს მოსცილდა.

- არა! შენ არა! - გულსაკლავად აქვითინდა ქურუმი ქალი.

- ყველაფერი რიგზეა. მე აქ შენს დასახმარებლად ვარ. მე მკურნალი ვარ.

პერისტერი ფუჭად ცდილობდა ქალის დამშვიდებას, რომელიც საცოდავად ტიროდა. მისი ქვითინი ისევე მოულოდნელად შეწყდა, როგორც დაიწყო. ამჯერად ქალი ისტერიულად იქავებდა კანს და რაღაცას ეძებდა. მისმა თითებმა როგორც იქნა იპოვეს ცარიელი სასმისი, საიდანაც ქალი დალევას ამაოდ ცდილობდა. პერისტერიმ თაფლიანი და წამლებიანი თასი მიაწოდა.

- ეს დალიე. ძალას მოგცემს.

ქურუმი ქალი ურჩობდა, მაგრამ გამოცდილმა მკურნალმა მოახერხა და თასი ბოლომდე შეასვა.

- ეს სულაც არაა საჭირო.

თაღში ნაცნობი ქურუმი კაცი იდგა. ხელში სასმისი ეჭირა, რომელიც ყაყაჩოს რძის სუნად ყარდა.

- ეს არ უნდა მიიღოს. მისი სხეული უნდა გაიწმინდოს. თვალსა და ხელს შუა დნება. კარგი კვება და მკურნალობა სჭირდება. მე მივხედავ.

კაცმა თავი გადააქნია და თქვა:

- ის ტანიტის მსახურია. ერთადერთი რაც სჭირდება, ცოდვების მონანიებაა.

- მას მკურნალობა სჭირდება.

არ ნებდებოდა პერისტერი.

- მე მკურნალი ვარ დიდი მთავარსარდლის სახლის პატრონობის ქვეშ. მე მის სახლს ვემსახურები, მისი ქალიშვილის ჩათვლით.

- ვიცი ვინცა ხარ, პერისტერი, - ქურუმი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა, - თავი ტანიტზე უკეთესი მკურნალი ხომ არ გგონია?

- რა თქმა უნდა, არა, - თავი დახარა პერისტერიმ, - მე ჩემი უნარებით სამოთხის დედოფალს ვემსახურები. ვკურნავ მის მსახურებს. ტანიტი ყველაზე კარგ და ჯანმრთელ მსახურებს იმსახურებს.

- მართალია, დიდი მთავარსარდლის დანატოვარს ემსახურები. მაგრამ ეს ქალი, მკვდარი მთავარსარდლის შვილი კარგა ხანია აღარაა. შენი დახმარება არავის უთხოვია და ვერც იმას გვასწავლი, როგორ მიხედოს საყდარმა თავის მსახურებს.

- ამას ვერასდროს გავბედავ, ქურუმო. მაგრამ მე მაინც მკურნალი ვარ და ისევ დავბრუნდები, რომ ყველას დავეხმარო, ვისაც ვჭირდები.

პერისტერის ხელები უკანკალებდა, როცა უცქერდა, რა მონდომებით გამოცალა ქურუმმა ქალმა სასმისი, როგორი შვებით ამოისუნთქა და დაუბრუნდა ძილს.


 

თავი 17

გაუთქმელი წარსული

 

 

იმ დღეს, როცა პერისტერი მთავარ საყდარში მივიდა, თავში ახალი ძალა იპოვა, ყოველ მიზეზს გარეშე ეკეთებინა ის, რისიც სჯეროდა.

მომდევნო დღეს მაგონს უწყება მიუვიდა. აჯარიმებდნენ ოჯახში გაუთხოვარი, ასაკ მოსული ქალის ყოლის გამო[31]. მოხუცმა უსიტყვოდ გამოიტანა მძიმე ქისა.

ეოსი სულ უფრო და უფრო მეტად ნერვიულობდა. ხშირად საყვედურობდა პერისტერის ზღვარგადასული სითამამისათვის. ქალიშვილი უხმოდ და თვალებდახრილი ისმენდა დედის დატუქსვას, მაგრამ ყოველ შუადღეს, როცა სიცხისაგან გათანგულ ქალაქს ეძინა, მაინც ბრუნდებოდა საყდარში. საღამოობით კი, დიდი მთავარსარდლის სასახლეს სტუმრობდა.

მაგონი დღითი-დღე, უფრო და უფრო იღლებოდა. კიდურები უმძიმდებოდა, მოძრაობა უნელდებოდა. ხშირად ეძინა. როცა ის ჯაჭვი მსხვილდებოდა, რომელიც პერისტერის დიდი მთავარსარდლის სასახლისაკენ ექაჩებოდა, ძეწკვი, რომელიც პატარა ქალს ოჯახისაკენ ეწეოდა, თვალსა და ხელს შუა დნებოდა. გვიან ღამეებს სამუშაო მაგიდასთან ატარებდა, მაგონის გრაგნილებში ქექვასა და ექსპერიმენტებში. ახალ-ახალ რეცეპტებსა და ტონიკებს იგონებდა. თუ საყდრის  მსახურის სხეულის გაჯანსაღებაში, მისი ნაბიჯები დამაჯერებელი და მყარი იყო, ქურუმი ქალის დაბინდული და გაბრუებული გონებისათვის ომს მწარედ აგებდა.

ანიჰალის ჭრილობები სასწაულებრივი სისწრაფით შეხორცდა და ისედაც დაჩეხილ-დაიარებულ კანზე, ახალ, უხეშ ნაწიბურებად იქცა. თავდაპირველად არაერთხელ შეესწრო მის მრისხანებას, დესტრუქციის აურას ყველგან რომ დაატარებდა. მაგრამ მისი მძვინვარება ნელ-ნელა ჩაკვდა და ანალოგიურად შემაშფოთებელ სიჩუმედ იქცა. პატარა ქალის ვიზიტს ჰარტაგო დაღლილი ღიმილით თუ ეგებებოდა, ანიჰალი ორთავეს ზურგს აქცევდა. ან თავის რჩეულ ტახტზე იწვა და სიტყვას არ ძრავდა, ან მკურნალი ქალის მისვლისთანავე, უბრალოდ სადღაც ქრებოდა. ხანდახან, პერისტერის ეჩვენებოდა კიდეც, რომ ანიჰალი ასე იმიტომ იქცეოდა, რომ პატარა ქალმა დიდი ხნის წინ მოაბეზრა თავი. ხან კი ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს კაცი ცდილობდა პერისტერისა და მისი ძმისთვის ერთად ყოფნა ეცლია.

ამასობაში ჰარტაგო პერისტერის უფრო ღრმად ითრევდა მის ყოველდღიურ რეალობაში. როგორც კი პირველი ძმის მძვინვარებამ კვდომა დაიწყო, პატარა ქალს ჰარტაგოს მაგიდაზე ახალ-ახალი, ფართოდ გადაშლილი გრაგნილები ხვდებოდა, თვალებს რომ ჭრიდა და სატყუარასავით იზიდავდა. ჰარტაგო მის ინტერესს აქეზებდა და დიდი ძალისხმევის გარეშე დაატყვევა კიდეც პატარა ქალი.

გრაგნილები სულ უფრო საინტერესო და ჩახლართული ხდებოდა. ამასობაში კი დისტანცია ჰარტაგოსა და პერისტერის შორის სულ უფრო დნებოდა. მალე კი, თავადაც ვერ მიხვდა როგორ, ახალგაზრდა ბატონის გვერდით იჯდა, სანამ ორივენი გრაგნილებს ჩაჰკირკიტებდნენ, მაგიდის ქვეშ კი, ჰარტაგოს ხელი მის თითებს იყო შემოჭდობილი. მამაკაცი არასდროს ეძალებოდა. არ მოითხოვდა იმას, რისი გაცემაც პერისტერის არ უნდოდა. თითქოს პატარა მკურნალის გონებაში ცხოვრობდა და მისი სურვილის შესაბამისი, ნელი, თუმცა დამაჯერებელი ნაბიჯებით მიდიოდა წინ.

- ვერ ვხვდები.

თავი გადააქნია პერისტერიმ და გრაგნილს მზერა მოაცილა, რომელიც სამყაროსა და პლანეტების ჰანგებზე იწერებოდა.

- ეს ყველაზე ძნელია, რაც აქამდე წამიკითხავს.

- ხვდები, უბრალოდ ჯერ არ იცი, - რბილად მიუგო ჰარტაგომ და მისი უცვლელი, თბილი ღიმილი შეანათა.

პერისტერიმ კიდევ ერთი მცდელობა გაიღო და ხელახლა გადაიკითხა აბზაცი, მაგრამ მალევე აღიარა დამარცხება და თავი გააქნია.

- რა იყო ჩემი რჩევა, როცა რამეს ვერ ხვდებოდი, ძმაო?

ჰარტაგო შესასვლელისაკენ შეტრიალდა, სადაც მებრძოლის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ქვის კედელს მიყრდნობოდა. პერისტერი ფეხზე წამოხტა და თავის დახრით მიესალმა ბატონს.

- დატოვე ოთახი.

მამაკაცის სხეულივით ძლიერი და მომთხოვნი ხმა ოთახის კედლებმა აირეკლეს. ის-ის იყო პერისტერის პირველი ნაბიჯი უნდა გადაედგა, რომ ჰარტაგომ უპასუხა:

- მართალია, ოთახი უნდა დატოვო. როცა რეალობას ვიწრო თვალთახედვით, ფანჯრიდან ან კარიდან უცქერ, სრულად ვერასდროს შეიცნობ. მხოლოდ თვალსაწიერის გაფართოებით და სრული სურათის დანახვით მიიღებ კითხვებზე პასუხს. პერისტერი, შინაარსს იმიტომ ვერ ხვდები, რომ მხოლოდ იმ ნაწილზე ფიქრობ, რომელიც ვერ გაგიგია.

საზურგეს მიეყრდნო და განაგრძო:

- მაგალითად, შეიძლება თავიდან ვერ მიხვდე, ადამიანი, რომელსაც მეომრის ფორმის მეტი ტანზე არაფერი უტარებია, ერთ დღეს საუკეთესო ტანისამოსში რატომ ეხვევა და მთელი ღამით სადღაც რატომ ქრება. მაგრამ მერე მკურნალი მოდის, რომელიც სახლის უფროსისათვის არარსებული ვალის დაბრუნებას ცდილობს, რითაც დიდი მთავარსარდლის რისხვას იმსახურებს.

ჰარტაგომ თვალები მოჭუტა და სიცილი ვერ შეიკავა, თითქოს რაღაც ძალიან სასაცილოსა და უხერხულს იხსენებსო, სანამ ანიჰალი ადგილზე გამშრალი იდგა, მისი ქვის სახე კი ძმას არ ცილდებოდა.

- როდის მერე გახდი ასეთი მხიარული, ძმაო? - მამაკაცის ხმა დაბლა დაეცა.

- მას მერე, რაც შენ იღბლისათვის თილისმის ტარება დაიწყე, ძმაო - მშვიდად მიუგო ჰარტაგომ.

ძმებს შორის მძიმე სიჩუმე გადაიჭიმა, რომელიც პატარა ქალის სუნთქვას ხუთავდა. რატომღაც რცხვენოდა და ეშინოდა კიდეც ამ უცნაური დიალოგის, მაგრამ განძრევა ვერ გაებედა. ისევ ანიჰალმა დაილაპარაკა:

- და შენ მაცდიდი თავი გამემასხრებია. არა, ძმაო?

ანიჰალის ხმა დამარცხებულისა იყო, რომელმაც პერისტერის გული მოუწურა. როცა იფიქრა, ჰარტაგომ ის მიიღო რაც უნდოდაო, მეორე ძმის სახეს არაფერი ეცხო გამარჯვებულის. პირიქით, წარბები შეწუხებულს შეეყარა და თავი თანაგრძნობით გააქნია.

- რა თქმა უნდა არა, ანიჰალ.

სული და გული ამოაყოლა, ისე ამოიხვნეშა და განაგრძო:

- ყველას გვჭირდება რაღაც, რაც დღის დაღამებამდე მიყვანაში დაგვეხმარება. რაც ამ ტვირთს ოდნავ მსუბუქად მაინც მოგვაჩვენებს... ჩემგან ნებართვა გაქვს, თუ ამას ეძიებ. მაგრამ შენ ზღვარს არასდროს გადახვალ. ხომ ასეა, ძმაო?

მივიწყებული მძვინვარება მყისვე აენთო ანიჰალის თვალებში:

- გგონია ოდესმე ასე გიღალატებ?!

- რა თქმა უნდა არა, ანიჰალ. შენში თუ ეჭვი უნდა შევიტანო, რაღა დარჩენილა ამ წყეულ ქვეყანაში. ის, რომ ჩემი უპირობო ნდობა გაქვს, ყველაფერს ხსნის. აბა დაფიქრდი, ძმაო.

ერთი წამით ანიჰალის დაბნეული მზერა პატარა ქალს გადააწყდა, სანამ შებრუნდებოდა და ოთახიდან გავარდებოდა.

ჰარტაგოს უსიტყვო მზერაც პერისტერის დაუბრუნდა. მისი სახე ცარიელი პაპირუსივით იყო, არც ბრაზი. არც გაკიცხვა. აბსოლუტურად არაფერი. მხოლოდ უცქერდა, თითქოს ეუბნებოდა, დაფიქრდიო.

- მეც უნდა წავიდე, - ამოღერღა პერისტერიმ.

- ესე იგი, შენც გადაწყვიტე ჩემი რჩევა გაითვალისწინო.

კვლავ გულკეთილად გაიღიმა ჰარტაგომ. გრაგნილი აიღო და პატარა ქალს მიაწოდა.

- შენი გული ალბათ ჩემს გონებაზე ძლიერიცაა, პერისტერი. გულს უსმინე.

 

 

 

***

 

აქა-იქ ჩირაღდნის მფეთქავი შუქით განათებული, ჩაშავებული ქუჩები პერისტერის აღარ აშინებდნენ. მისი გონება მეტად ბევრი ფიქრით ღრიალებდა, რომ ირგვლივ რამე შეემჩნია. როცა სამხრეთის ფერდობზე სახლს მიადგა, ნაბიჯი გაეყინა.

ჰარტაგომ იცოდა!


 

თავი 18

მთავარსარდლის ქალის დაცემა

 

 

ჰარტაგომ იცოდა, განა არ იცოდა! რა გულუბრყვილო იყო იმის დაჯერება, რომ მის გამჭოლ მზერას რამე გამორჩებოდა. მთელი ამ ხნის მანძილზე, რაც პერისტერიმ მის გვერდით გაატარა, ჰარტაგომ ყველაფერი იცოდა იმ ღამეზე, საყდარში და არაფერს ამბობდა. მაგრამ, რას ნიშნავდა ყოველივე ეს? ახალგაზრდა სუფეტეს მოტივი ძნელი გამოსაცნობი არ იყო. ზედმეტი ეჭვებისა და შეკითხვებისაგან ძმას იცავდა და იქნებ, სულ ცოტათი პერისტერისაც. მთავარი შეკითხვა ეს როდი იყო. რატომ გადაწყვიტა მაინცა და მაინც ახლა ამის თქმა? რისი მიღწევა უნდოდა? მისგან რას მოელოდნენ? აწი როგორ უნდა მოქცეულიყო პერისტერი? მხოლოდ ერთ რამეში იყო დარწმუნებული, ჰარტაგომ გრაგნილი მისცა, რომლიც უნდა დაებრუნებია. მაშასადამე, ისევ ელოდა პერისტერის.

მანამ კი, ისევ საყდარში უნდა მისულიყო. მაგრამ მისი ნაბიჯი მტკიცე, სახე კი, მშვიდი იყო. პერისტერი მკურნალი იყო და ეს ბევრს ნიშნავდა!

ლამაზი ქურუმი ქალი უკვე ჯანსაღად გამოიყურებოდა. მისი კანი ცივი ოფლით აღარ ელავდა და თბილი, თაფლისფერი სხივით ბზინავდა. აღარც ცხელება ჰქონდა. აღარც ძვლები აჩნდა. მისმა სუნთქვამაც სიმშვიდე და სიღრმე დაიბრუნა. მაგრამ სულ ეს იყო. მის თვალებს ისევ არ ეჭირათ ფოკუსი, ძირითადად გაბრუებულს ეძინა და ყაყაჩოს ნაყენს ძველებური მონდომებით იღებდა.

- მაშ, არ ნებდები, - გაისმა ნაცნობი ხმა, რომლისგანაც მკურნალ ქალს კანი ეზღარბებოდა.

- იქნებ ჟინიანობა ყოველთვის ცუდი რამ არც არის.

განაგრძო ქურუმმა და იატაკზე მჯდომი მკურნალი დიდის რუდუნებით დაათვალიერა. პერისტერიმ მზერა დახარა, მაგრამ წასვლა არ უცდია.

- გულადი ქალი, თანაც მკურნალი. ისევ და ისევ მაკვირვებ. ვინ იცის, იქნებ ჩემგან პატივისცემის მაგვარ რამესაც კი იმსახურებდე.

ხნიერი კაცი პერისტერის მტაცებლის მოზომილი ნაბიჯით მიუახლოვდა. ნიკაპში თითები წაავლო და თავი წამოუწია. ღრმა ნაოჭებით დაღარული თვალის კუთხეები კიდე უფრო მოეკუჭა, ისე სწავლობდა ახალგაზრდა ქალის სახეს. ზედა ტუჩი გადაუწია კიდეც, რომ კბილები კარგად დაენახა. პერისტერის გულ-მუცელი ზიზღით უთრთოდა, სანამ ხნიერი კაცი ისე ათვალიერებდა, როგორც გასაყიდ ცხოველს.

- რა დაუდევრობაა. რა მფლანგველობა.

თავი გადააქნია ქურუმმა და პატარა ქალის სახეს ხელი უშვა. მაგრამ ოთახიდან არ გასულა, სკამში მოხერხებულად გაიშალა. სანამ მკურნალი ჯერ კიდევ სნეულის წინ იყო ჩამუხლული, ხნიერი მამაკაცი გვარიანად მოხერხდა, ისე, რომ მათთვის თვალი არ მოუცილებია.

- უკვე ისეთივე ჯანმრთელია, როგორიც ჩვენთან მოსვლამდე იყო, მაგრამ შენ მაინც არ ეშვები. რატომ?

- მისი სხეული შეიძლება ჯანმრთელია, მაგრამ მისი გონება ისევ ავადაა. თუ დანარჩენები ყაყაჩოს ნაყენს მხოლოდ სავსე მთვარის რიტუალზე სვამენ, ის ყოველ დღე ეწაფება. ეს ძალიან ბევრია. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

- შენ გგონია, რომ ჩვენ ვართ ვინც აქამდე მიიყვანა? მე კიდე, ლამის ვიფიქრე, სხვა ქალებს ჯობდი.

მამაკაცი მისი სახისაკენ გადმოიხარა. რამოდენიმეჯერ უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა პირი და ჩაჟამებული კბილები დამცინამ ღიმილში გააელვა.

- არა, პერისტერი. ჩვენ არ ვართ, ვინც ეს ქალი გაანადგურა. ეს მისი ნახელავია. ნაყენის სმაც მისი არჩევანია. როცა ჩვენ უარი ვუთხარით, ისტერიები დაიმართა და სასმელის მოპარვა დაიწყო. ჩვენ არ დაგვისნებოვნებია მისი გონება. ჩვენთან უკვე მოწამული გონით მოვიდა.

- მან გააკეთა, რაც ევალებოდა. გულისთქმას არ აჰყოლია. ის მოკლა, ვინც უყვარდა.

- მართალია. მაგრამ ავხორცი ლტოლვა ქალისა ჰქონდა. ქალის! ტანიტის ქალწულმა სხეული ქალის ალერსით დაიბინძურა!

- მან გააკეთა რაც ევალებოდა.

ხნიერმა კაცმა ტუჩზე იკბინა და ბოროტ ღიმილში გაიკრიჭა.

- ვითომ სხვა არჩევანი ჰქონდა.

საკუთარი ფიქრებით კმაყოფილი, ისევ საზურგეს მიესვენა და განაგრძო.

- არ მითხრა, რომ გონების განკურნვას ლამობ, მკურნალო ქალო. უკან ბრუნდები და აგრძელებ მასთან ლაპარაკს. ამასობაში, თავს იწამლავს და ძინავს, სანამ შენ ენას იფხან და ლაქლაქებ. მისი განადგურება ჩვენი არჩევანი კი არ არის, მისია. ჩვენი არჩევანი შედეგების ჩვენებაა.

მრავალმნიშვნელოვნად გადახედა მკურნალ ქალს და განაგრძო:

- შეგეძლო, სხვა ბევრის მსგავსად, მის მაგალითზე ჭკუა გესწავლა. მაგრამ შენ ისევ დაბრუნდები, მართალი ვარ?

- მე მკურნალი ვარ.

-  იქ, საიდანაც მოსულხარ, შენისთანებს სიკვდილით სჯიან. სწავლული მკურნალი ქალი, - თავი გადააქნია ქურუმმა და ცინიკურად ჩაიქირქილა. - დედაშენიც მაგიტომ გამოიქცეოდა, ნაბიჭვრით მუცელში. შენისთანები ჩემი ქვეყნის კედლებს თავს აფარებენ, სამოწყალოდ, საზრდოზე ცვლიან ხელობებს. მერე ვინმე ბერიკაცი შეიფარებთ დედაშენივით, დაავიწყდებათ მშიერი დღეების გემო და ჰგონიათ არავის ახსოვს, სინამდვილეში ვინაც არიან. ჰმ, მკურნალი. მთელი ცხოვრება მაგ სიტყვებს მიღმა ვერ დაიმალები, პერისტერი.

პატარა ქალს არ გამოჰპარვია, როცა ქურუმი კაცის გონებაში  ახალმა, ავბედითმა აზრმა გაიელვა. ქალს გული სულ მთლად მოეწურა, მაგრამ სწორედ ამ დროს, ახალი სუფეტეს რიხიანი ხმა გაისმა:

- ტანიტის წყალობა თქვენთან.

- თქვენთანაც, - უპასუხა ქურუმმა და სკამიდან წამოიმართა. თავი თითქმის შეუმჩნევლად დაუკრა. წარბები მრავალმნიშვნელოვნად აზიდა და კმაყოფილმა წარმოთქვა:

- ნუთუ, როგორც იქნა, ძმა დის სანახავად მოვიდა?

- მჯერა, რომ ქურუმებს არ ეშლებათ მის მსახურებზე ზრუნვა. მართალი ვარ? - უპასუხა ჰარტაგომ. მისი გამომეტყველება ქურუმის ანარეკლი იყო და ხნიერმა კაცმაც წამში დაკარგა თავდაჯერებულობა. შესამჩნევად დაიხია უკან და დაფიქრებულმა დახედა გაბრუებულ ტანიტის მსახურს, ჯერ კიდევ რომ ეძინა.

ჰარტაგომ დრო იხელთა, პერისტერის გაუღიმა და თვალი ჩაუკრა. ამით პატარა ქალი, მისი სიმშვიდისა და დაცულობის ნათელ ნისლში გაახვია. მერე განაგრძო:

- როგორც მითხრეს, დასავლეთის ფლიგელმა დაცურება დაიწყო, საყდარს მონები და ხელოსნები სჭირდება.     

ამჯერად, ახალი სუფეტეს სახე ინტერესსა და დაფიქრებულ კონცენტრაციას ასხივებდა.

- ოჰ! დიახ. ნამდვილად, - ქურუმი წამში მოხალისდა, - ნება მიბოძე გიჩვენო, რა ზიანიც დატოვა ზამთარმა.

მამაკაცებმა ოთახი დატოვეს. პერისტერიმ თან მოტანილი ნივთების მოგროვება დაიწყო და საყდრის მსახურს თბილად, თხოვნით აღსავსე ხმით უთხრა;

- შევეცდები ხვალაც მოვიდე. გთხოვ, საჭმელს ნუ გამოტოვებ.

მკურნალი ქალი ფეხზე წამოდგა და ბოლოჯერ დააკვირდა მძინარე ქურუმს, რომელიც არც კი იძროდა. პატარა ქალმა ღრმად ამოიხვნეშა და შეტრიალდა. როცა ოთახს უკან ტოვებდა, გადმოუღვრელი ცრემლები ყელში ბურთივით გაეჩხირა, რადგან პატარა, სუსტი ხმა გაისმა:

- ძმაო?

ქურუმმა ქალმა თავი წამოსწია. სევდიანი თვალები მოავლო ოთახს და ისევ ძილს მიუბრუნდა.


 

 

თავი 19

სასოწარკვეთა და ტკივილის ღიმილი

 

 

პერისტერი ,,ჭის ფსკერის" კართან იდგა და გრაგნილს ნერვულად უჭერდა თითებს. გზაში მომზადებული სიტყვები, რითაც ჰარტაგოსთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ მისი დის გადარჩენის ერთადერთი გზა მასთან ლაპარაკი იყო, თითქოს სადღაც გალღვა. ვეღარც წინ დგამდა ნაბიჯს. ვერც უკან გაბრუნება გაებედა, რადგან ამ კედლებში უკვე ბევრი რამის მომსწრე იყო, მაგრამ ჰარტაგოს ყვირილი პირველად ესმოდა.

მხნეობა მოიკრიბა და კარი შეაღო. ჰარტაგო ფეხზე იდგა, მაგიდაზე, შეკრულ მუშტებს ეყრდნობოდა. თმები ჩამოშლოდა, სახე ასწითლებოდა და ისე უცქერდა ძმას, თითქოს მისი ვერა და ვერ დაეჯერებინა.

- გესმის რას ლაპარაკობ?!

ანიჰალი აღარც იწვა. მხრებდაშვეული იჯდა რჩეულ ტახტზე და მის დანახვაზე პერისტერის ერთადერთი სიტყვა მოუვიდა აზრად - დამარცხებული.

- არ ღირს.

- არ ღირს?! არ ღირს?! რას მოესწრო ჩვენი გვარი და ქვეყანა?! მთავარსარდალი სამშობლოს გადასარჩენად ომზე უარს ამბობს!

ათივე თითი თავში იტაცა ჰარტაგომ და ის-ის იყო რაღაც უნდა დაეყვირა, რომ პერისტერის დაშვებული ხელებიდან გრაგნილი გადაუვარდა და ძმებმა, როგორც იქნა, სტუმარი შენიშნეს.

ჰარტაგომ გათეთრებული თითებით სახე მოიჟღლიმა და პერისტერის ანიშნა, მაგიდასთან დამჯდარიყო.

- უდროო დროს მოვედი. აჯობებს დაგტოვოთ, - ნაბიჯი უკან გადადგა ქალმა.

- არა! გთხოვ, დაჯექი.

ჰარტაგო შეტრიალდა, ცოტა ხანს ბოლთას სცემდა, ხელი შუბლზე მოიჭირა, ძმისკენ მობრუნდა და განაგრძო:

- ანიჰალ, ეს ბრძოლა ახირება არაა. არც ერთ-ერთი არჩევანი. ეს ერთადერთი შანსია.

- უაზრობაა.

ხმადაბლა უპასუხა მამაკაცმა და თავი ისევ დაუშვა.

- რა არის უაზრობა?! რა?! მოლაპარაკებამ არ გაჭრა! არა! ვეცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა! ან ძალით ავიღებთ და ჩვენს ჯარს გამარჯვების შანსს მივცემთ! ან, იგივე წარმატებით, შეგვიძლია ჩვენი ხელით გამოვიღადროთ ყელი!

- იქნებ ვიმსახურებთ კიდეც, - მძიმე ქუთუთოებიდან ამოიხედა ანიჰალმა და პერისტერი მზად იყო დაეფიცა, მომესმაო.

ჰარტაგომ მთელი ძალით დაუშინა მაგიდას მუშტები და ამჯერად პერისტერის გამოხედა.

- წარმოგიდგენია, პერისტერი, მამაჩვენის საამაყო შვილი ბრძოლაზე უარს ამბობს იმიტომ, რომ ამას ხალხი ეწირება.

- რაა?

ერთი გაფიქრება, მკურნალმა იფიქრა ხუმრობსო და წამით გაეღიმა კიდეც, სანამ რეალობამ სახე შეშფოთებით არ დაუღარა. ჰარტაგომ, პასუხად ხელები გაშალა და სკამში დაენარცხა. პერისტერი ამჯერად ანიჰალს მიაშტერდა.

- შენ არ გინახავს. ვერც კი წარმოგიდგენია საფასური,  - ჩაილაპარაკა ანიჰალმა ისე, რომ პატარა ქალისთვის მზერა არ გაუსწორებია.

სხვა დროს პერისტრის ალბათ გამბედაობა არ ეყოფოდა, მაგრამ ამჯერად ხმა ამოიღო:

- სიცოცხლეს ხშირად სისხლის ფასი აქვს. მაგრამ თუ ეს გადარჩენის ერთადერთი შანსია?

არც ერთ ძმას ხმა არ დაუძრავს. ამიტომაც პერისტრიმ მუშტები შეკრა და დაამატა:

- მთელი ჩემი ცხოვრება ახალი სიცოცხლის გაჩენას ვემსახურები. არაფერია ჩემთვის პატარაზე უფრო წმინდა. ერთი კვირის წინ მელოგინე ქალთან ვიყავი, რომელიც ვერა და ვერ აჩენდა დიდ ნაყოფს. ჩემი ხელით, ნაწილ-ნაწილ გამოვიღე უცოდველი პატარა, დედა რომ გადამერჩინა.

წყლიანი თვალები ანიჰალისთვის არ მოუცილებია, რომელიც მხოლოდ უხერხულად შეიშმუშნა და საფეთქლები დაიზილა.

- რას მოვესწარით, ძმაო? ომში ქალი გედენება.

ანიჰალმა მხოლოდ გათეთრებამდე შეკრა მუშტები.

- რას იტყვი, დააშავა პერისტერიმ? გაკიცხავ, თუ, გაამართლებ?

- ეს სულ სხვაა.

- სულ სხვა?!

ისევ იყვირა ჰარტაგომ და ფეხზე წამოიჭრა.

- ანიჰალ, მტერი აქ ჩვენი ჯარის მოსაშთობად კი არ მოდის. არც ჩვენი ხაზინის საძარცვად! მანამ არ მოისვენებენ, სანამ უკანასკნელ ქალსაც და ბავშვსაც არ მოსპობენ, რომ ჩვენ ენაზე მოლაპარაკემ აღარ იარსებოს! და შენ! კაცი, რომელსაც დაბადებიდან მთავარსარდლობისთვის ზრდიდნენ, ამბობ - იქნებ ვიმსახურებთო!

- ხალხი არც ისე დაუცველია, როგორც შენ ამბობ.

ჰარტაგოს მუშტი ისევ გამეტებით მოხვდა მუხის მაგიდას. მომდევნო მოძრაობას პერისტერიმ თვალიც ვერ მიადევნა, მხოლოდ ის შენიშნა, რომ ზუსტად მის ცხვირწინ დანის წვერი აკიაფდა.

- სულ გაგიჟდი?! - იყვირა ანიჰალმა.

- შემოგვხედე, ძმაო! ამ ოთახში ერთადერთი ქალი, პირდაპირ შენს წინ, მისი მთავარსარდლის წინ ზის და შენ ამბობ, ხალხი დაუცველი არ არისო. კარგად შეხედე შენი არჩევანის შედეგს!

პერისტერის თვალი ვერ სცილდებოდა დანის მოელვარე წვეტს ზედ ცხვირის წვერზე რომ ციალებდა. გული გამალებით უცემდა, მაგრამ არა შიშისგან, არამედ მოულოდნელობისაგან. ამასობაში, კარი ხმაურით მიენარცხა კედელს და ანიჰალიც აღარსად ჩანდა.

ჰარტაგომ დანა დასწია და ცოცხალ-მკვდარი დაეშვა სკამზე. დამძიმებული თვალებით პერისტერი მონახა და ჰკითხა?

- შეგაშინე?

- არა, - გულახდილად მიუგო პატარა ქალმა და ცხვირის წვერიდან ნემსისწვერისოდენა სისხლის წვეთი მოიწმინდა.

მამაკაცმა მძიმედ ჩაყლაპა და მაგიდაზე, საკუთარ ხელებზე მიასვენა თავი. ალბათ მთელმა საათმა სიჩუმეში განვლო. მერე ისევ პერისტერიმ ამოიღო ხმა:

- ახლა რა მოხდება?

- გაცეცხლებულია. ესე იგი, იომებს.

პერისტერიმ სამარცხვინო შვებით ამოისუნთქა. წამოდგომა დააპირა, რომ სულ მთლად ძალაგამოცლილი ჰარტაგოსთვის, მოსვენება ეცლია. მამაკაცს თვალები დაეხუჭა, სუნთქვაც თანდათან უმშვიდდებოდა, მაგრამ როგორც კი პერისტერი წამოიმართა, ხელი წაავლო, მისი თითები ტუჩებთან მიიტანა და სთხოვა:

- დარჩი.

პერისტერი ისევ სკამში ჩაეშვა და რამოდენმე წამიანი პაუზის მერე ჰკითხა:

- როგორ ხარ?

- კარგად.

- ეს ხომ სიცრუეა.

- მე კაცი ვარ, რომელიც ძმას მრისხანების კოცონისთვის იმეტებს, იმის ნაცვლად, რომ აცადოს მცირეოდენი შვება, თუნდაც დამარცხებაში ნახოს. რომელიც ბედის საჩუქარს სახესთან დანას უტრიალებს იმიტომ, რომ სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. რომელიც ტკივილში იცინის და რომელიც ამ ყველაფრის მერე ისევ იტყვის, კარგად ვარო, იმიტომ, რომ ვიღაც, ამ დასაწვავ სასახლეში, უნდა იყოს კარგად და ნათელ გონზე.

ეს ყველაფერი ისე თქვა, რომ თვალები არ წამოუწევია. წუთიც და ჰარტაგო ძილს დანებდა, მაგრამ პერისტერისთვის გადაჭდობილი, უკვე სუნთქვით დანამული თითები, წამითაც არ გაუშვია. ასე გაუნძრევლად გაიარა მთელმა ღამემ, მაგრამ პატარა მკურნალს ძილი წამითაც არ გაჰკარებია.


 

თავი 20

ქურუმი ქალის საიდუმლო

 

 

ნელ-ნელა დაილივნენ დღეები. ქალაქმაც, მცირედი ყოყმანით, ისევ ამოიდგა ენა. თავდაღუნული შეება დატვირთულ, ერთგვაროვან, დამღლელ ყოველდღიურობას. მოზუზუნე და ამავდროულად გამოცარიელებულ ქალაქში, მზემ იკლო და თანდათან, ტანისამოსი დამძიმდა. დღეები თევზის ქვირითივით დაემსგავსნენ ერთმანეთს, ერთურთში აირივნენ და პერისტერიმაც მათი სათვალავი დაჰკარგა.      

იმატა ეოსის საჯავრებელმა. ღრმა სიბერეში ფეხშედგმული ქმრის საზრუნავს ისიც ემატებოდა, რომ ერთადერთმა ქალიშვილმა უცნაური ურჩობა წამოიწყო. დღე ნიადაგ გარე-გარე დაეხეტებოდა. არა და არ სციდებოდა დიდი მთავარსარდლის სასახლეს. ახალგაზრდა სუფეტეც უცნაურად აჰკიდებოდა მის გოგოს. ეოსს ვერა და ვერ გაეგო, რა უნდოდა მისი შვილისგან ახალგაზრდა ბატონს. არც საყვედურს ჩქარობდა. არ უნდოდა შვილის წყენინება, რომლის გულის სიწმინდეც, მასზე კარგად არავინ იცოდა. ამასთან, ინდობდა კიდეც ათასობით სნეულის იმედად ქცეულ შვილს, ვისთვისაც შეჭირვებულის სიყვარული სწორედ რომ ეოსს ესწავლებია. ამიტომ სულშეკრული ელოდა ეოსი ბედისწერის მორიგ შემოტევას და მხოლოდ დარიგებით ცდილობდა შვილისთვის მეტი მოკრძალება ესწავლებინა.

დიდი მთავარსარდლის სასახლემ ისევ მიიძინა და ნესტის ღრუბელში გახვეული, სარკმლებჩაბნელებული, მდგუმარედ თვლემდა. მთავარი საყდრისაკენ მიმავალი, ფიქრებით დამძიმებული პერისტერი ნაბიჯს შეანელებდა, დაღონებული ახედავდა ხოლმე სასახლეს და თავს აიძულებდა გზა გაეგრძელებინა.

სანამ მთავარი ქურუმი დაკავებული იყო მონებისა და ხელოსნების დაჯოჯოხეთებით, პერისტერი ყოველ დღე თუ ვერა, დღეგამოშვებით მაინც აკითხავდა ქალს, რომელზეც მთელმა მსოფლიომ ხელი ჩაიქნია. სხვით რომ ვერაფრით წამლობდა, გვერდით უჯდა და ელაპარაკებოდა. ჯერ იმას უყვებოდა, თუ როგორი დღე თენდებოდა ქალაქში, რა იყო ახალი, რა იყო ძველი. მერე საკუთარ თავზე დაუწყო მოყოლა. რაც თავში მოუვიდოდა, ყველაფერს გულღიად, თუმცა ძალიან ჩუმად უამბობდა. უყვებოდა უქონელ ბავშვობაზე, ბედნიერ მოზარდობაზე, დაბნეულ მოზრდილობაზე. გაანდო, როგორ დაიხსნეს საყდრის კლანჭებიდან, როგორ შეიფარა ფრთის ქვეშ ჰარტაგომ. როგორ უმძიმდა, როცა ასე შორს იყვნენ. როგორ ჯავრობდა ძმებზე. როცა ყელში გულამომჯდარი ყვებოდა, როგორ დაეცა დიდი მთავარსარდალი, ქურუმმა ქალმა, მიხუჭული თვალიდან ცრემლი ჩამოაგდო და პერისტერი რაღაცას მიხვდა.

დღეს, პატარა მკურნალი უსიტყვოდ იჯდა მძინარე ქალის წინაშე და ლამის მთელი საათი უხმოდ აკვირდებოდა სახეს, რომლის ადგილიც მარმარილოს ქანდაკებაზე იყო და არა მივარდნილ ოთახში, მრისხანე საყდრის გულში.

- მეორე დღეა, ერთი ფიქრი მოსვენებას არ მაძლევს, - როგორც იქნა ხმა ამოიღო მკურნალმა, - პირველად რომ მოვედი შენთან, სულ მთლად ჩამომდნარი, ცხელებიანი დამხვდი. ალბათ არც გახსოვს, მაგრამ ძალად, ხელით გაჭმევდი, რომ როგორმე ამ ქვეყნისაკენ პირი გებრუნა. ბოდავდი. კვდებოდი ლამაზო ქალო. მე და შენ, ბავშვის ნაბიჯით, თავი დავაღწიეთ სიკვდილის კლანჭებს, მაგრამ შენ ისევ ბურანში რჩები.

პერისტერიმ ამოიხვნეშა და განაგრძო:

- რა გასაკვირია, რომ ცხელებით გათანგულს გონება გერეოდა. მაგრამ ახლა?

ქურუმი ქალი ისევ გაუნძრევლად იწვა, მაგრამ პერისტერიმ მისი ნატიფი თითები ორივე მტევანში მოაქცია და თქვა:

- განა არ დავიმსახურე შენი გულახდილობა?

ქურუმი ქალი ისევ უძრავად იწვა, სანამ მკურნალის გული გამალებით ფეთქავდა. მერე პერისტერიმ იგრძნო, როგორ მოუჭირა ქურუმმა ხელი და მშვენიერი თაფლისფერი თვალები ნელ-ნელა გაიხსნა.

- მაშ არ ნებდები, მკურნალო ქალო?

წარმოუდგენლად თბილი და მელოდიური ხმა მოსწყდა მშვენიერი ქალის რბილ ტუჩებს.

- მკურნალი, რომელიც ადვილად ნებდება, განა მკურნალია?

ვინ იცის, რამდენ რამეს იტევდა ის მზერა, რასაც ეს ორი ცვლიდა.

- რა გინდა ჩემგან? რას მოელი? რისი იმედი გაქვს, მკურნალო ქალო?

- მინდა რომ დაბრუნდე. რომ ისევ შენს თავს დაემსგავსო. განა საკმარისად არ იტანჯე?

- მე ის ვარ, რასაც უცქერ, მკურნალო.

- არა. შენ არ ხარ სნეული. არც ნაყენებით სიმთვრალე გჭირდება. თავის დანებება ძნელია, მაგრამ მე დაგეხმარები. შენს გვერდით ვიქნები. დაძლევ. შეძლებ.

ქურუმმა ქალმა თავი გადააქნია და ტკივილნარევად გაიღიმა.

- ღიირს კი?

- როგორ არა ღირს?!

- რა დარჩენილა ამ სამყაროში? რა დამრჩენია, რაც უკვე არ შემიწირავს? რაღა მაქვს, კიდევ რომ წამართვას? ჩვენ მოდგმას, ეს ქვეყანა მანამ ართმევს, სანამ გასაცემი არაფერია. ჩვენი სისხლით ირწყვება, ჩვენი გონით ივსებს ძალებს, სანამ სულს ამოგვართმევს და გულს ამოგვაგლეჯს. ერთმანეთს ვწირავთ და თან ვეწირებით, სანამ ჩვენგან დარჩენილი არაფერია.

- შენ ძმები დაგრჩნენ.

- ეს სამყრო ჩემს ძმასაც მალე მოინელებს, რომ მეორე მანამ ძიძგნოს, სანამ ძვალს ხორცი შერჩენია.

- ეს არავინ იცის.

- ვითომ?

სანამ ქურუმი ქალი ისე უცქერდა პერისტერის, როგორც გულუბრყვილო, პატარა არსებას, მკურნალი ქალი იმას გრძნობდა, რისი შეცნობაც არ შეეძლო. პერისტერი დედისერთა რომ არ ყოფილიყო, მიხვდებოდა, რომ ის წმინდა, გულწრფელი გრძნობა, რომელიც ახლა თვალებს უწვავდა, დის მიმართ სიყვარული იყო.

- მე დაგეხმარები! - გულწრფელად აღუთქვა პატარა ქალმა, - არ მიგატოვებ, დაგეხმარები!

- რისთვის? რომ უკეთ ვუყურო ჩემი ძმის დაცემას? მაშ დამპირდი მკურნალო ქალო, რომ ნათელი გონით უკეთ ვიქნები!

- მე დაგეხმარები, - გაიმეორა პერისტერიმ.

ქურუმმა ქალმა ისევ სევდიანად გაიღიმა, რბილად მოეხვია მკურნალს. მერე წამოდგა და ბარბაცით დაიძრა ვიღაცის მონდომებული ხელით, მაგიდაზე დადგმული ნაყენისაკენ.

- არ გინდა. გთხოვ, ნუ დალევ. მე დაგეხმარები! მე არ მიგატოვებ! ამაშიც ერთად გავივლით. დაგეხმარები!

მაგრამ პერისტერის მუდარა ქურუმი ქალის დახშულ ყურს ეცემოდა. მონუსხულმა ქალმა ერთი ამოსუნთქვით დაცალა ფიალა და ისევ შესცურა ბურუსის, თრობის და არარაობის დამღუპველ მორევში. სულ მალე იქვე, ქვის იატაკზე მიწვა. გაურკვეველი ბუტბუტით და არეული ღიღინით ჩაიძინა, რომ არ ეცქირა სამყაროსთვის, რომელსაც თუ კი რამ შეეძლო, ყველაფერი შესწირა.

მერე როგორი მწარე იყო პერისტერისთვის ეს დამარცხება?! მაგრამ მაინც წამოდგა. ქურუმი ქალი ტახტთან გაჭირვებით მიათრია და თბილი ქსოვილი გადააფარა იმიტომ, რომ დაჰპირდა, დაგეხმარებიო. თვალი არ აარიდა, არ გასცლია მტკივნეულ სურათს იმიტომ, რომ აღუთქვა, არ მიგატოვებო.


 

თავი 21

ჰარტაგოს ბროწეული

 

 

ქალაქი ხმადაბალი ნაბიჯით მიუყვებოდა უხილავ ჯებირებს. ბევრ რამეს იტევდა, ბევრ რამეს ითმენდა. სევდის საბურველი მოეხვია და გულმდუღარედ დასტიროდა საკუღარ ბედს. მაგრამ, მაგონისნაირ მორჭმულ, მრავლისმომსწრე ბერიკაცებს თვალს მაინც ვერ უხვევდა. ისევე, როგორც არაერთხელ, ბევრი არ დასჭირვებია, რომ გლოვის სუდარა ერთი ხელის მოსმით მოეცილებინა და პირველივე, მცირედ ტრიუმფზე თავდავიწყებულ მხიარულებას მისცემოდა.

ქარვის ქალაქმა მსტოვრის ნალების ნაპერკლებით აინთო ფანჯრები და კელაპტრები, აიბრიალა კოცონები და გაინათა სარკმლები. წამში მოისხა ოქრო და ბროწეული. ქუჩის აგიტატორების ხმამაღალი, დამაჯერებელი, რიხიანი ფრაზებით ალაპარაკდა, მუსიკოსების ჰანგებზე ამღერდა და უმალ გააღვივა ხალხის გულში მოგიზგიზე, სიხარულს მოწყურებული, უშრეტი ცეცხლი.

„მთავარსარდალმა ანიჰალმა უსისხლოდ აიღო ქალაქი!" ამ ფრაზამ, აქოჩრილი ტალღასავით გადაუარა მთელს ქალაქს. ახალი იმედით ანთებულმა ხალხმა კვლავ მოედნებზე მოიყარა თავი, რომ ყიჟინით დახვედროდნენ გმირებს. რომ კიდევ ერთი წარმოდგენა ენახათ, რომ ბოლომდე გაესინჯათ გამარჯვების გემო. თავიანთი თავებიც ეგრძნოთ ამ შერკინების ნაწილად და დაგუბებული ცხოვრების ერთი ღამეც ღვინის ბახუსისთვის დაეთმოთ. ამაღამ მუსიკოსები აღარ დაამღერებენ სევდიან ჰანგებს. ამაღამ ქალაქს ზეიმი უბრძანებია. ამაღამ ქუჩებში მხოლოდ გამარჯვება დადის.

ქალაქი დუღდა. ქალაქი ფეთქავდა. ქალაქის ხმა ღრუბლებს წვდებოდა. მაგრამ ამ ნეტარების კაკაფონიას, ერთი მკურნალი საკუთარ კედლებში ემალებოდა. პერისტერი ქუჩებს განერიდა იმიტომ, რომ არ იცოდა, როგორ დახვედროდა ახალ კერპებს. საკუთარ ოთახში იჯდა და აივანზე გასვლაც ვერ გაებედა. თუკი მის მდგომარეობას სახელი ერქვა, მას იმედიანი პესიმიზმი ეწოდებოდა. სიბნელეს ამოფარებული თრთოდა, მაგრამ ტანზე საუკეთესო სამოსი ეცვა და ოქროს სამკაულებს წამდაუწუმ ქაჩავდა. თან ეჯერა, რომ მისთვის არავის ეცალა. თუ არ დასჭირდებოდათ, არც არავის გაახსენდებოდა სამხრეთის ფერდობზე მცხოვრები მკურნალი. ამავდროულად კი, თვალს სიბნელით გამუქებულ კარს არ აცილებდა, თითქოს სადაცაა შემოგლეჯენ და მისი ნახვით გაიხარებენო.

პერისტერის არც უიმედო და არც იმედიანი ვარაუდი არ გაუმართლდა. თუმცა, სულ მალე, ზღვის ფერადი ქვებით მოკირწლულ გზაზე, ცხენების ფლოქვების მწყობრი თქარუნი გაისმა და მკურნალი მაგონის კარიბჭესთან მდიდრული ეტლი ჩამოდგა. მეეტლეს მკურნალი არ უთხოვია. მეეტლე პერისტერის წასაყვანად გამოეგზავნათ.

 

 

 

***

 

პატარა ქალი უხმოდ იჯდა ეტლში და რწევა-რწევით მიჰყვებოდა მასსავით. მდუმარე მეეტლეს. ხმის ამოღება ვერ გაებედა, მაგრამ ყოველი მომდევნო ქუჩა, ყოველი ახალი მოსახვევი ისედაც ნათელ მარშრუტს კიდევ უფრო უეჭველს ხდიდა.

დღეს ყველაფერი სხვანაირად იყო. გამორჩეული დიდებულივით, მეეტლემ კარი გაუხსნა, სასახლის ყარაულებმა თავი დაუკრეს, წინ მსახური მიუყვებოდა. ეგონა, რომ კელაპტრებიც კი მხოლოდ მისთვის ბრიალებდა. ამჯერად სასახლის სიღრმეში ჩაფლული კიბისაკენ წაიყვანეს, რომელიც რჩეულთა შორის რჩეულებს მაღლა იწვევდა, აკრძალულ ნაწილში, სადაც მხოლოდ ბატონის მოწვევით დგამდნენ ფეხს.

რამოდენიმე საფეხურიც და მსახურმა მძიმე კარები შეაღო. ჭრიალთან ერთად, ჩამუქებულ კიბეზე, უზარმაზარი შუა კოცონის სინათლე და მომნუსხველი მუსიკის ჰანგები გადმოიღვარნენ. პერისტერი წამით შეჩერდა, თვალი შუქს შეაგუა და დატყვევებულმა, მზერა მოავლო დარბაზს.

 

 

 

 

***

სწორედ აქ, სასახლის მფეთქავ გულში იჯდა აჩრდილიც, რომლის სახელის გამხელიც დროც, ალბათ კარგა ხანია უკვე მოსულა. ჰამილკარი იყო ჩრდილის სახელი. დიახ, ჰამილკარი. დიდი მთავარსარდლის მესამე ვაჟი, ვისი დაბადებითაც დაიწყო ეს ისტორია. თითქოს მთავარი როლი უნდა მოერგო მას ამ ამბავში, მაგრამ ყველაზე უღიმღამო გამხდარიყო მისი სიცოცხლე. თავდახრილი იყო მისი არსებობა, დაუჭერელი მზერით, მალული ნაბიჯით. თუ ძალიან არ დასჭირდებოდა, ბგერას არ დაძრავდა. არავის მოუხმობდა, არავის დაიხმარდა. ძნელი იყო მისთვის ვინმესთვის თვალის გასწორება, სიტყვის გამეტება. ამოუცნობად რჩებოდა მსახურებისთვისაც კი, რომლებიც შორი-ახლოს უვლიდნენ ახალგაზრდა ბატონს და ჯერაც ვერ შეეცნოთ, რა კაცი იყო ჰამილკარი.

 როგორც ყოველთვის უხილავი და უხმო ჰამილკარი, ჯერაც შეუსმელ სასმისს ატრიალებდა ხელში და თვალს არ სწყვეტდა დარბაზის შუაგულში მობრიალე ვეებერთელა კოცონს. მის სისწორეზე, ჭერიდან, მრგვალი თაღი, ზევით კი არა, ქვევით, კოცონისკენ რომ იყო ჩამოზნექილი და ხახა დაეფჩინა ცეცხლის სიმხურვალისათვის გზის ზეცისკენ მისაცემად.

მერე მოწყენილი მზერა კედლებზე ოქროსფრად მოელვარე სურათებს მიუბრუნა. ერთხელაც შეავლო თვალი შიშველი ქალღმერთის სხეულს, ლომზე მოხდენილად რომ იყო ამხედრებული და მოყვითალო, ველურ ვარდებს შორის მიემართებოდა. მეორე მხარეს კი, ბაალ ჰამონის მასიური, შავწვერიანი სხეული დამაჯერებლად მიაბიჯებდა ასტარტეს შემხვედრ ბილიკზე. თავზე ხარის რქიანი თავი ედგა, თითები კი ღვინით სავსე სასმისისთვის შემოეჭდო. ეს კომპოზიცია თითქოს ამ მეფე-დედოფლის ერთმანეთთან შესახვედრად იყო შექმნილი.

უხმოდ ამოიოხრა აჩრდილმა და თავი მარცხენა მხარეს მიატრიალა, სადაც ტახტზე ანიჰალი წამოწოლილიყო. კალთაში უნაკლო სხეულისა და მბზინავი კანის მშვენიერი ქალი ეჯდა, რომლის ხორბლისფერ თმასაც მამაკაცი თითზე იხვევდა. თანაც, სასმისს სასმისზე ცლიდა და შორიდანაც ეტყობოდა, როგორ ღრმად ჩაევლო მისთვის ბახუსს ტორები. იქვე მდგარი მსახური ვერც ასწრებდა მისი სასმისის შევსებას და დაბნეული წინ და უკან დარბოდა. უცქერდა ჰამილკარი ძმას და ფიქრობდა, რამდენად მთვრალი იყო ანიჰალი. რამდენს დალევდა კიდევ, რომ შხამიანი ფიქრებით დანთხეული გონი მეტად გაებრუებინა? მახვილი რომ ესროლა ჰამილკარს, გონს მოსვლას მოასწრებდა ახალბედა მთავარსარდალი? ცალყბად გაეცინა აჩრდილს უცნაურ ფიქრზე, რომელიც, ამ ბოლო ხანებში, სულ უფრო ხშირად სტუმრობდა. თანაც გაიფიქრა, რისი შემძლე იყო თავად? რამდენად შორს წამსვლელი?

ოთახში შემოსულ პერისტერის გახედა სასახლის ჩრდილმა, რომელიც აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს. როცა პატარა მკურნალის მზერა ჰამილკარს უნდა გადაჰყროდა, პირი იბრუნა სასახლის აჩრდილმა და მისთვის ჩვეული მოხერხებულობით გალღვა დარბაზის სიჭრელეში.

ამჯერად, ცეცხლის ირგვლივ მოცეკვავე ქალებს შესცქეროდა თვალებგაფართოებული, დაბნეული და მონუსხული პერისტერი. აკვნესებული სიმებისა და მოგუგუნე დოლების უხვ რიტმზე, ცეცხლის ენებთან ერთად დარწეული სხეულები ძალიან ჰგავდნენ აფრებაშლილი კობრას მომაჯადოებელ და მომაკვდინებელ ცეკვას.

კვლავ ჩაიღიმა სასახლის აჩრდილმა. იცოდა, რომ ამაღამ სუფეტე ვერა და ვერ დაოკდებოდა საბედოს გარეშე, კოცონს გადაღმა თვალისმომჭრელი სხეული რომ მოესვენებინა ტახტზე. არც მის ხელს აკლდა სასმისის სიმძიმე. მომხიბვლელი ქალები თავს დასტრიალებდნენ, ზოგი მის წინ, ჰანგებზე ეშხიანად ატოკებდა სხულს, ზოგი რაღაცას ელაპარაკებოდა და მის მოელვარე ღიმილსაც იმსახურებდა, ზოგიც მის უკან ჩამუხლულიყო და მტევნით თეთრი, გრძელი და ლარივით სწორი თმის ღერებს უვარცხნიდა.

ისედაც თავ-გზა არეული პერისტერი, ქანდაკებად ქცეულიყო და ვერ გაეგო, ან საით წასულიყო, ან სულაც აქ რას აკეთებდა. მსახურმა კარგა ხანს იცადა დარბაზის კიდევ ერთ სვეტად ქცეულ ქალთან, მერე ნელ-ნელა უკან დაიხია და კიბეზე დაეშვა. ამ დროს კი, ჰარტაგოს მზერა პერისტერის დაეცა. ისედაც სავსე მთვარესავით მოელვარე მამაკაცი, სულ მთლად გაიბადრა. ხელის მსუბუქი მოძრაობით მოიცილა მის ირგვლივ მოგროვილები, წამოდგა და პერისტერის მიეგება.

- ჩემი ბედიც მოფრენილა.

 გაუღიმა, ორივე ხელი ჩასჭირა და დამფრთხალი პატარა ქალი ფრთხილი ნაბიჯით შეიტყუა ოთახის სიღრმისაკენ. ცეცხლის სიმხურვალე მთელი ძალით დაეძგერა პერისტერის და გულის ფეთქვა კიდევ უფრო აუჩქარა. ახალი სტუმრის შემოსვლა გალეშილ ანიჰალს არ გამოჰპარვია. მის დამძიმებულ ქუთუთოებს მიღმა ემოცია ემოციას ცვლიდა. პერისტერის კარგად რომ არ ცოდნოდა, რა კაციც იყო ანიჰალი, იფიქრებდა, რომ გაკვირვებილი დაუჯერებლობა, წამით, სიხარულმაც შეცვალაო. მაგრამ, როგორც კი ღვინით გატლანქებული გონება აუმუშავდა, ზანტ, თუმცა დამაჯარებელ მრისხანებად გარდაიქმნა.

- აქ რას აკეთებს?

თითი გაიშვირა მამაკაცმა, უხეშად მოიცილა მის კალთაში მოკალათებული ქალი და წამოჯდა.

- ანიჰალ, ძმაო, შენ შენს ლამაზ ქალს მიხედე. ეს მშვენიერი არსება კი, ჩემი სტუმარია.

ჰარტაგოს ფერმკრთალი მკლავები პერისტერის წელს ხვიარა მცენარესავით შემოეხვივნენ და ძმის დაბღვერილ მზერას გაარიდეს. კაცის სიმაღლის შუაცეცხლის მეორე მხარეს მოექცნენ, სადაც უცხოტომელი მოცეკვავეები ისევ ირწეოდნენ ჯერაც უნახავი ინსტრუმენტების ჰანგებში. ჰარტაგომ პერისტერის სასმისი ჩაუდო ხელში და მასთან ერთად უცქერდა სანახაობას.

- რა არის ეს ყველაფერი?

ღვინოსთან ერთად გათამამდა პატარა ქალი და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი უცნაურ სტუმრებს.

- ერთგვარი სამშვიდობო ჟესტი. საჩუქარი ახალი მოკავშირეებისაგან.- უპასუხა ჰარტგომ და ნიკაპით პერისტერის მხარს ჩამოეყრდო.

პატარა ქალმა კიდევ ერთი ყლუპი ღვინო მოსვა და უფრო ახლოს მივიდა ცეცხლთან, რომელიც მაგნიტივით იზიდავდა. მერე იგრძო, თანდათან როგორ დაუმძიმდა ხელები, მსუბუქად დაეხვა თავბრუ, ვერ გაიგო, შიშისგან თუ სასმელისგან, ისედაც აჩქარებული გულისცემა სულ მთლად გადაირია. აქოშინებული შეტრიალდა ჰარტაგოსაკენ და სასმისს დააჩერდა. მამაკაცმა გადაიხარხარა და უთქმელ შეკითხვას უპასუხა:

- ნუ გეშინია. მოწამლული არაა.

სასმისი გამოართვა, თავადაც გემრიელად მოსვა და ისევ დაუბრუნა.

- არც ეს თრობაა ღვინისაგან. ამ კაცს ხედავ? - თავით ანიშნა ცეცხლთან ჩამჯდარ მამაკაცზე.

გიშერივით მოელვარე კანიანი, უცნაური მამაკაცი ცეცხლთან ახლოს იყო ჩამომჯდარი. მის სახეს იმდენი რგოლი და ჯაჭვი ჰქონდა ასხმული, რომ მათ უკან ადამიანის პირისახის დალანდვა ლამის შეუძლებელი იყო. თეთრად მოელვარე სამოსიდან ხან რა ბალახს ამოაძვრენდა, ხან რა ფოთოლს, რომლებსაც უხვად ყრიდა მოგიზგიზე ცეცხლში. იქედან კი, სიმხურვალესთან ერთად, უცნაური ოხშივარი იფრქვეოდა.

ჰარტაგომ განაგრძო:

- ეს მცირე ეიფორია ამ მცენარეების კვამლისგანაა.

პატარა ქალთან ერთად უკან დაიხია, რომ ცეცხლის ოხშივრისათვის აერიდებია.

- სანახაობაზე რას იტყვი?

პერისტერიმ მზერა მოცეკვავე ქალებს დაუბრუნა, რომლებიც მოხდენილად ატრიალებდნენ სხეულებს.

- ჩემი ნება რომ იყოს, ყველა ქალს ასე ვაცეკვებდი. ამათ მშობიარობა ნამდვილად არ გაუჭირდებათ. ხედავ, რა ღონიერი წელი და თეძოები აქვთ?

ჰარტაგოს ხარხარმა მუსიკოსების ხმაც გადაფარა.

- მკურნალი ყველგან მკურნალია, არა?

მერე უცებ დასერიოზულდა, დააცქერდა და ჰკითხა:

- რატომ არ უხმობს მაგონი მაჭანკალს, პერისტერი?

სანამ შეკითხვა წვეთ-წვეთად იღვრებოდა პატარა ქალის გონებაში, პერისტერი ღვინოს წრუპავდა და მონუსხული უცქერდა თეთრი წამწამებით შემორტყმულ, ჰარტაგოს დაბერილ გუგებს, რომლებსაც ირგვლივ პატარა რკალადღა შერჩენოდათ ირისები. პერისტერიმ ახლაღა აღმოაჩინა, რომ ის, რაც მანამ მუქ ყავისფრად ეჩვენებოდა, სინადვილეში ღვინისფერი წვრილი ძარღვების ქსელი ყოფილა. ამასობაში გაიაზრა კიდეც, რას ეკითხებოდნენ და უნებურად ნაბიჯი უკან გადადგა.

- მთელი ქალაქი თქვენს გამარჯვებაზე მღერის, ჰარტაგო. მართალია, რომ ქალაქი უსისხლოდ აიღეთ?

ჰარტაგოს მზერა ისევ ისეთი ძალით ეცემოდა პატარა ქალს. ცოტა ხანს შეიცადა, მერე რბილად გაიღიმა. პერისტერის თავნებობა დაანება და უპასუხა:

- მართლა. თუმცა, ეს გამარჯვება უფრო ლამაზად ჟღერს, ვიდრე სინამდვილეშია. როგორც მთავარი საყდრის კიბის პირველი საფეხური, როცა წინ კიდევ უთვალავია, მის ბოლოს კი, პირსისხლიანი ცერბერი[32] გელოდება.

- კი მაგრამ, როგორ?

- ჩვენმა ანიჰალმა ის ფიგურა გაათამაშა, რომელიც დაფაზე მხოლოდ ერთხელ ფასობს. თავი დაადო, ალკიონელებთან ერთად მიადგა ქალაქის კარიბჭეს და პირდაპირ განუცხადა, ან ჩემს გვერდით იბრძვით, ან გადაგწვავთო. როცა ჩემი ძმა ინდომებს, საკმოად დამაჯერებელი ხერხებიც აქვს.

- ცეცხლი, - ჩაიჩურჩულა პერისტერიმ.

- არა მხოლოდ. ბრძოლის ველზე მისი სახე არ გინახავს პერისტერი და იმედია ვერც ვერასდროს ნახავ, - გვერდულად ჩაიღიმა მამაკაცმა და განაგრძო - თუმცა, ამაში ისიც დაგვეხმარა, რომ მათი მსტოვრები, სინამდვილეში ჩემი მსტოვრები არიან, რომლებმაც ჩვენი არმია ერთი-ორად დიდად წარმოაჩინეს.

ჰარტაგომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ და ორივე დიდი სვეტის ჩრდილით დაიფარნენ. ერთი ნაბიჯიც და მის მკლავებს შორის მოქცეულ ქალს პირი ყურთან მიუტანა და უთხრა:

- მაგონს უთხარი, მაჭანკალს დაუძახოს. ხომ იცი, ვისი მაშვალი იქნება პირველი შენს კართან? პირველი და უკანასკნელი იმიტომ, რომ ჩემს გარდა, ვერავინ გაბედავს კაცის გაგზავნას.

ჰარტაგოს ტუჩები პატარა ქალის ყელზე გამალებით მოპულსირე ძარღვს შეეხნენ და ჩაილაპარაკა:

- გული ისე გამალებით გიცემს, როგორც..

- ნადავლს, - წამოსცდა პერისტერის.

ამ სიტყვებზე ჰარტაგო გაიყინა. მერე პერისტერის სხეულს მოსცილდა, ნაბიჯი უკან გადადგა და დაფიქრებული დააცქერდა დამფრთხალ ქალს. კვლავ გაიღიმა და უთხრა:

- ნადავლი არ ხარ, პერისტერი. შენ ჩემი ბედი ხარ და მაინც, ასე რატომ გაურბიხარ ქორწინებას?

ლილისფერი მოსასხამიდან ყელსაბამი ამოაძვრინა. ოქროს დაფები უნაზესი სიმების ხვეულებით შეეკრა ოსტატის ხელს და მათში დიდრონი წითელი ბროწეულის თვლები ჩაეხლართა. ყელსაბამს, რომელიც ნელ-ნელა უახლოვდებოდა პერისტერის, ცეცხლის ენების ანარეკლები დასთამაშებდნენ. ჰარტაგო კი განაგრძობდა:

- შენც ხომ გრძნობ ამას, პერისტერი. განა შენც ეს არ გინდა?

- მეც არ ვიცი რატომ, მაგრამ ყოველვის, როცა ქორწინებაზე მიდგება საქმე, მინდა ადგილიდან მოვწყდე და სადღაც გადავიკარგო იმიტომ, რომ მგონია, ცხოვრებაში ყველაზე დიდ შეცდომას ვუშვებ.

- გაგიკვირდება თუ გეტყვი, რომ დედაშენის თავგადასავალზე მსმენია?

პერისტერის გაეღიმა და თავი გააქნია.

- ასემც ვიცოდი. - ღიმილითვე უპასუხა ჰარტაგომ - რა გასაკვირია, რომ მის შვილს ქორწინების ტიფონივით[33] ეშინოდეს. მაგრამ, განა ასე საშიშია ჩემს გვერდით ცხოვრება?

ძვირფასი ყელსაბამი უკვე სულ ახლოს იყო. პერისტერიც დანებდა და მისკენ ხელებგაწვდილ მამაკაცს, ყელი გადაუწია. რამოდენიმე წუთში კი, შეუდარებელი ნაკეთობა უკვე პატარა ქალის ყელზე ელავდა და არა მარტო ძვირფასეულობის, არამედ მისი სიმბოლური სიმძიმითაც აწვებოდა პერისტერის მკერდს. ჰარტაგო კი ბედნიერი ღიმილით მოკალათებულიყო ტახტზე და თავი საბედოს კალთაში მოეთავსებინა.


 

თავი 22

უღუზო გემი

 

 

მაინც, რატომ იყო ჰარტაგოს ყელსაბამი ასეთი მძიმე? იმიტომ, რომ ოქროს სქელ ფირფიტებში ჩაძირული მსხვილი ქვები ასე წააგავდნენ ჰარტაგოს ლალისფერ თვალებს? იმიტომ, რომ სუფეტეს აჩრდილი თან ახლდა ქუჩაში მიმავალ პერისტერის? იმიტომ, რომ სრულიად უცნობები თავის დაკვრით ესალმებოდნენ? იქნებ იმიტომ, რომ საყდრისკენ მიმავალს, ქურუმები არა თუ დამთრგუნველი შეკითხვებით ტანჯავდნენ, არამედ აღარც კი იმჩნევდნენ. თავიანთ გზას მშვიდი და ამაზრზენი სიჩუმით აგრძელებდნენ და პერისტერისაც ბანგით გაჟღენთილ ქალთან ყოფნის მეტ დროს აძლევდნენ. ალბათ იმიტომაც იყო ყელსაბამი მძიმე, რომ ბებერი მაგონი სიხარულისგან ძილბურანს გამოსწიწკნა. მის ხვეულებსა და ძვირფასი თვლების კორძებს თითებს უსვამდა და დიდი საქორწინო ნადიმისათვის გეგმებს აწყობდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი ამბის გამგონე ეოსმა წარბი შეყარა. შვილს ათასჯერ უთხრა, ჯარიმის გადახდა არ გვტვირთავს, მაგის გამო ხომ არ თხოვდებიო. მერე დიდხანს ელაპარაკებოდა, გათხოვილ ქალს რა შეშვენოდა და რა არა. ორჯერ-სამჯერ ჩაეკითხა, ნამდვილად გჯერა, რომ სწორად იქცევიო? ურჩია, იქნებ ერთი-ორი წელიწადი კიდევ დაგეცადათო. ბოლოს კი უკმაყოფილომ, მაგრამ მაგონის დიდი დაჟინებით, შვილს თავი მიანება და ჩვეულზე მეტად დადუმდა.

პერისტერის ნება რომ ყოფილიყო, იმ დღესვე გადასახლდებოდა ჰარტაგოსთან, ისე მიუწევდა სასახლისაკენ გული. რომც არ დაეძახნათ, თავისით მიადგებოდა დიდრონ კარიბჭეს და იმ წამსვე უხმოდ გაუძღვებოდნენ დარბაზებისაკენ.

შერკინებებს შორის ამოსუნთქვამ დიდხანს არ გასტანა. ზეიმის ნაპერწკალი ისევ დაძაბულმა სამზადისმა შეცვალა. პატარა მკურნალიც ხშირად იყო ძმებს შორის გაცხარებული კამათის მომსწრე. ხანდახან კი ხედავდა, კორიდორებში როგორ მიაბოტებდა როგორც ყოველთვის თავმობეზრებული და უკმაყოფილა ანიჰალი, უკან კი, მოქირქილე ხორბლისფერთმანი ქალი მონდომებული როგორ მისდევდა. ერთხელაც, პერისტერიმ სიცილი ვერ შეიკავა, როცა დაინახა, როგორ ცდილობდა მთავარსარდალი, უკან ჩამოეტოვებინა დაჟინებული ქალი და როგორ აჩქარებით გაუჩინარდა რომელიღაც კარს მიღმა. პერისტერისთან მიმართებაშიც შეიცვალა ანიჰალი და წინანდელი მრისხანე გამოხედვები სრულმა იგნორმა ჩაანაცვლა.

ჰარტაგო ერთდროულად ენერგიულად მოტივირებული და გადაღლილი იყო, მაგრამ პერისტერისთვის ყოველთვის პოულობდა თუნაც ორიოდე წუთს. კალთაში თავს ჩაუდებდა და სანამ პატარა ქალის გამოცდილი ხელი სკალპს და საფეთქლებს უზელდა, ან თვლემდა, ან დაბალ ხმაზე ებაასებოდა.

ამჯერად პერისტერიმ გადაწყვიტა საუბრის დაწყება:

- ჰარტაგო.

- მმ? - ახალგაზრდა კაცს თვალი არ გაუხელია. მხოლოდ წარბები ასწია და პასუხად დაიზმუვლა.

- როგორც არ ვეცადე, თავიდან ვერ ამოვიგდე. გახსოვს, სამყაროს მელოდიაზე გრაგნილს რომ ვკითხულობდით?

ჰარტაგომ თვალები გახსნა და ის მზერა აჩუქა, ასე უხვად რომ არიგებდა. რომელიც პირდაპირ გეუბნებოდა, შენზე კარგად ვიცი ახლა რისი თქმაც გინდაო.

- რისი უფლება მივეცი ანიჰალს?

პერისტერიმ რბილად დაუკრა თავი. ჰარტაგომ კი განაგრძო:

- თითქმის წარმოუდგენელი მისიაა გაუგო ჩემს ძმას. კიდევ უფრო ძნელია მისი ნდობის მოპოვება. მას ყოველთვის ჰყავდა მამა და ვყავდი მე. მამას ესმოდა, თუ რას გრძნობდა ჩვენი ანიჰალი და ყოველთვის შეეძლო მასთან მიდგომის მონახვა. ჩემი ძმაც უპირობოდ ენდობოდა და დაუფიქრებლად შეცურავდა სტიქსის ზვირთებში მის სანაცვლოდ. მის გარეშე კი უღუზო გემივითაა. ახლა მას დარჩა ჰამილკარი, რომელიც თვალს არავის უსწორებს, ხმას არ იღებს და კაცმა არ იცის, რაზე ფიქრობს და დავრჩი მე, რომელიც აიძულებს ის აკეთოს, რაც მისი სუფთა გულისთვის მიუღებელია. ხო, პერისტერი, სუფთა. მაგას რომ ჰკითხო, დედამიწაზე მასზე წარწყმედილი არავინ დადის, სინამდვილეში კი, ბავშვივით წმინდაა. ამ ქვეყანაზე სამართალი რომ იყოს, ჩვენს ოჯახში არ დაიბადებოდა. როგორადაც არ უნდა ვეცადო, მისი ღუზა ვერა და ვერ გავხდები. აი შენ კი, წარმოდგენა არა გაქვს, რამდენი რამ შეგიძლია.

- რას ამბობ, ჰარტაგო? მე რა კი შემიძლია?

- შენ, პერისტერი, ანიჰალი გისმენს. გისმენს იმიტომ, რომ შენც მასავით წმინდა ხარ. იმიტომ, რომ მისი გესმის. ჩემს ძმას დედამიწაზე ერთი ადამიანი მაინც სჭირდება, რომელიც ეტყვის, მესმის რასაც გრძნობ, ეს მეც მტკივა, ამაში მარტო არა ხარო. ვინც ეტყვის, გიჟი არა ხარო, ის კი დაუჯერებს. შენ კი, ჩემი სინათლე, სიმშვიდე და იმედი ხარ. ამიტომაც, ანიჰალს თან სჭირდები, თანაც თავს არიდებს ძმის საცოლეს.

პერისტერის სიტყვა არ შერჩენოდა და ვერც გონებას დაეტია ჰარტაგოს დაუჯერებელი არგუმენტები. ახალგაზრდა კაცი თბილი ღიმილით უცქერდა და თითქოს უსიტყვოდ ეუბნებოდა, გავა დრო და დაიჯერებო.

როცა დაფიქრებული პერისტერი უკან ბრუნდებოდა, მთავარ ოთახში ანიჰალის დათვივით სხეულს კინაღამ შეასკდა. მთავარსარდალი იძულებული იყო, პატარა ქალისთვის თვალი გაესწორებია, თუმცა მის ჩვეულ ხისტ გამომეტყველებას იქით არაფერი ჩანდა. პერისტერიმ მისალმების ნიშნად თავი დაუკრა და ისევ ცივი ემოციების კედელს შეეჯახა. გაგულისებულმა, ამჯერად თავადაც უსწორა თვალი და უთხრა:

- თუკი რამით შევძლებ, პატივი იქნება შენი დახმარება.

ანიჰალის ხშირ წარბებს შორის ნაოჭი კიდევ უფრო გაღრმავდა. პერისტერიმაც ვეღარ მოითმინა და დაამატა:

- არ ვიცი, ასე რით გაგაბრაზე. რაც არ უნდა ყოფილიყო, პატიებასა გთხოვ და მაინც, თუ რამეთი მაინც შემიძლია დახმარება, საუკუნოდ შენს სამსახურში ვარ.

მამაკაცმა ერთხანს უყურა, მერე ტუჩები უცნაურად დაებრიცა, ხმა ჩაიწმინდა და მიუგო:

- ის, რომ მე ვბრაზობ, არ ნიშნავს, რომ შენზე ვბრაზობ.

თოთქოს და მშვიდად ნათქვამი სიტყვები ჯერ კიდევ ექოდ ქუხდნენ მარმარილოს სვეტებს შორის, როდესაც ჰარტაგომ კარი გამოგლიჯა, მოკლედ დაიძახა ,,ჩრდილო აღმოსავლეთი" და ასევ გაქრნენ ძმები კიდევ ერთ ბრძოლის ველის უძირო ხახის ასავსებად.

და მაინც, რატომ იყო თავსაბურავს მიღმა დამალული ყელსაბამი ასეთი მძიმე?


 

თავი 23

დანაპირები მუქარა

 

 

ომის ველი ის რეალობა იყო, რითაც ცხოვრება იწყებოდა და მთავრდებოდა. ბრძოლებს სახავდნენ მარმარილოს თაღებზე, ფერადი მოზაიკის იატაკებზე, ქანდაკებებს უდგამდნენ მამაც მეომრებს და დაცემულებზე სევდიან ბალადებს ამღერებდნენ. ომში მიდიოდნენ და აღარ ბრუნდებოდნენ. მაგრამ არასდროს ყოფილა ბრძოლის გოდება სახლთან ასე ახლოს. ქალაქს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირიდან მტერი მოდგომოდა, რაც სულ რამოდენიმე დღის წინ წარმიუდგენლადაც კი ეჩვენებოდა ზღვაზე მობატონე ქალაქს. ხმელთაშუა ზღვის რისხვა ჰარტაგოსა და ანიჰალს, მათივე გემებით უტევდა მტერი. სწორედ მაშინ, ქალაქის უხუცესებმა მწარედ გაიხსენეს, რამდენს უმტკიცებდათ ჰარტაგო, ჩვენი დაუდევრობით მტერს გემების შენებას ვასწავლითო.

ახლა კი, ჰარტაგო სენატის კრებაზე სიბრაზის ნაპერწკლებს ყრიდა იმ კანონისთვის, რაც ჭკუანაკლულმა ჟინიანმა ბერიკაცებმა კბილებით ათრიეს და ახალგაზრდა სუფეტეს არა და არ დაანებეს.

- კიდევ გჯერათ, რომ მტერს „ჭკუა არ ეყოფა" ჩვენი გემების ასაშენებლად?!

ჰარტაგო ფორუმის ცენტრში იდგა, მის ქვის გამომეტყველებას, რომელიც თვით მედუზას[34] დაახევინებდა უკან, მთელი სენატი თვალს არიდებდა. კაცს ხმა არ აუმაღლებია, მაგრამ მისი თითოეული სიტყვა ყინულის ნემსივით ესობოდა მსმენელს.

- იმისი, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთის სანაპიროების გამაგრება ,,ზედმეტი ხარჯია"?

- სუფეტე, - წამოდგა ერთ-ერთი უხუცესთაგანი, - ჩვენ მთელი ჩვენი ცხოვრება ამ ქვეყნის სამსახურში გავატარეთ. ჩვენზე მეტად არავის აღელვებს მისი ბედი. გვესმის ახალგაზრდა გულის ძგერა, მაგრამ მეტი პატივისცემა გმართებს, როცა სენატის წევრებს მომართავ! თანაც, ვინ იფიქრებდა, რომ ეს ველურები მაგდენს მოიფიქრებდნენ, როცა..

- ჩვენ! ჩვენ უნდა ვიფიქროთ! და თუ გამჭრიახობა არ გყოფნის, თავმოყვარეობამ, სხვისთვის გაგონება მაინც უნდა დაგვაცადოს! - ჰარტაგოს ხმამ ექოდ დაიჭექა. პასუხი არ ყოფილა.

- სანამ ჩვენი სენატი მომდევნო გადაწყვეტილებაზე იმსჯელებს, მე ბრძოლის ველზე ვიქნები, სადაც რეალური გადაწყვეტილებებია საჭირო.

ქვის ვეება ქალაქიდან ცხენით სულ რაღაც ნახევარი საათის გზაზე, ანიჰალი არმიის წინა ხაზზე იბრძოდა. ჰარტაგო ეტლში არ ჩამჯდარა, ყველაზე სწრაფ ბედაურს შემოახტა და ცხენის დაუზოგავად გასწია სისხლს მოწყურებული მიწისაკენ.

 

 

 

***

 

არასდროს ყოფილა ბრძოლის ველი სახლთან ასე ახლოს და პერისტერიც, სხვა მკურნალებთან ერთად, გადაჭედილ კარავში შველიდა დაჭრილებს. ორი ღამის უძინარი გონი მაინც ვერა და ვერ დაბლაგვდა დაშავებულთა ვაების მიმართ. მათი გოდება ისევ ბასრად სერავდა ახალგაზრდა მკურნალის გონებას. მაგრამ ყველაზე მძიმე ის იყო, რომ ტკივილისაგან ყველაზე გულსაკლავად აყვირებულზე მეტად, მკურნალი მას სჭირდებოდა, ვისაც ყვირილის თავი აღარ ჰქონდა. ეს საზარელი მიჩუმება დაღუპვის წინ, სიკვდილის სუსხი რომ მოაქვს.

ათრთოლებული გულით და მყარი ხელებით იბრძოდა დაჭრილებისთვის პერისტერი. სიმწრით ართმევდა ყოველ მომდევნო მსხვერპლს ახარხარებულ არესს[35], რომელიც იქვე დააბოტებდა და დაცემულთა სისხლით თრობას მიცემოდა.

წითელი მზე ისევ ჩაიწვერა ჰორიზონტზე, თითქოს არაფერიცო და თანდათან იკლო დაჭრილთა ნაკადმა. პერისტერის გულმაც ფეთქვა შეანელა. სხეულმა გრძნობა დაიბრუნა, რომ სულ მთლად დაბუჟებული ხელ-ფეხი შეეგრძნო. ისღა იყო დარწმუნდა, ახლა წავქცევი და გონდაკარგული ცოტას დავისვენებო, რომ ვიღაცამ დაიძახა: „მკურნალი! მთავარ კარავში მთავარსარდალი მიჰყავთ!" და პერისტერის ყველაფერი გადაავიწყდა. სირბილით უკან მოიტოვა გადაღლა, გაშეშებული სხეული და იმის შიშით, თუ რა სურათი დახვდებოდა, პირველი შევარდა მთავარსარდლის კარავში.

გოლიათებმა ლამის გაკავებული, სულ მთლად სისხლით მოთხვრილი მთავარსარდალი შემოათრიეს, რომელიც ალკოიონელებს ეწინააღმდეგებოდა, თავი გამანებეთო. მდუმარე ალკიოელებმა მთავარსარდალი ტახტამდე ძალით მიიყვანეს და დაფიქრებულები დააცქერდნენ ერთ ადგილზე გაყინულ, აქოშინებულ მკურნალ ქალს.

პერისტერიმ შვებანარევად ამოისუნთქა, თვალები მოისრისა, გონება დაიმშვიდა და ანიჰალთან მივიდა.

- ნება მომეცი გიმკურნალო!

სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ ხელ-ფეხს უმოწმებდა, ღვინიანი ტილოთი წმენდდა, რომ გაეგო სისხლით გალუმპულ მთავარსარდალს სად ჰქონდა ჭრილობა. ანიჰალს ხელში ჯერ კიდევ მაგრად ჩაებღუჯა ვეება ხმალი. მის სხეულზე პერისტერიმ უამრავი ნაკაწრი და ზედაპირული იარა დალანდა, მაგრამ არც ერთი მათგანი საშიში არ იყო. მარცხენა იღლიიდან ამოწვეტილი, შუაში გადატეხილი ისრის დანახვაზე კი მკურნალს ტანში გაცრა.

პატარა ქალმა უკვე გამოცდილი ხელით დაიწყო ტყავის მჭირდო ჯავშნის შეხსნა, როცა ტუნიკამდე მივიდა ანიჰალმა ხელი აუკრა. პერისტერიმ ჯერ ვერც შეამჩნია, მაგრამ მთავარსარდალი არა და არ ანებებდა. მკურნალმა ვეღარ მოითმინა და იყვირა:

- უნდა მაცადო! გთხოვ! მე ვცდილობ დაგეხმარო!

აღარაფერს დალოდებია, შემოარღვია გამშრალი სისხლით გაწებილი ტუნიკა. მის ქვეშ მთავარსარდალს კიდევ ერთი ქსოვილი ჰქონდა ტანზე მჭირდოდ შემოკრული. უფერული ქსოვილი გაცრეცილი, ძველი და ახალი ლაქებით გაჟღენთილი იყო. როგორც კი პერისტერიმ მისი გახსნა დაიწყო, ანიჰალმა ისევ წინააღმდეგობა გაუწია. პატარა ქალი რომ არა და არ შეეშვა, თავისი ხელით დაიწყო ქსოვილის შეხსნა და როგორც იქნა, ჭრილობა მოიშიშვლა.

პერისტერი დიდხანს უსინჯავდა ნაიარევს. ისარი ნეკნებს შორის, ღრმად იყო გამჯდარი. მაგრამ, როგორ გაეგო რამდენად ღრმად? საკუთარი გულისცემა ახრჩობდა, გონება წამში მოედნებს გარბოდა. მერე უცებ მოიფიქრა, იქვე მდგარ გოლიათს მსგავსი ისარი მოატანინა, თითებით გადაზომა. კიდევ ერთი შვების ამოსუნთქვა დასცდა და იმედიანად დააქნია თავი. ისარი გულს მთელი გოჯით აცდენოდა.

           - შეიძლება ამოღება.

გამოაცხადა პატარა ქალმა და შუბლის ოფლი შეიმშრალა. ანიჰალს არც უფიქრია, კრიჭა შეკრა, ისრის გადანატეხს ხელი დაავლო და უნდა ამოეგლიჯა, როცა პერისტერიმ შეაჩერა.

- დამაცადე! მე თვითონ.

ისევ კარავში დატრიალდა, გამალებით ეძებდა რაღაცას. მაგიდას ეცა, ორი ბუმბული აიღო. გული გამოაცალა და ისევ მთავარსარდალს მიუბრუნდა. კარავში მყოფები დიდი გაკვირვებით უცქერდნენ მკურნალის უცნაურ მეთოდებს, რომელსაც გამწარებული პერისტერი ფეხდაფეხ იგონებდა. ძალიან ფრთხილად გადაუწია დასისხლიანებული ჭრილობა, კუნთებს შორის ბუმბულები ჩააძვრინა, ღრმულებით ისრის თავის უკანა წვეტებს წამოაცვა და ხორცის ამოუგლეჯად ამოაძვრინა.

სისხლიანი ისრის ნატეხი ისევ ხელში ეჭირა, როცა კარავში ქანდაკებადქცეულმა ჰარტაგომ შემოაბიჯა. პერისტერისთვის არც შეუხედავს, ძმასთან მივიდა. გამომეტყველება ისეთი არაფრისმთქმელი და ცივი ჰქონდა, რომ პერისტერიმ უკან დაიხია. პირველად ცხოვრებაში, ჰარტაგო იყო, ვისიც ეშინოდა.

- ეს თამაშია შენთვის? - სუფეტეს ერთი შეხედვით მშვიდი სიტყვების სუსხმა პერისტერის ძვალ-რბილში გაატანა.

- უკან დავახევინეთ, - თვალი გაუსწორა ანიჰალმა.

- მტერი ჩვენს მიწაზე დააბიჯებს და შენ ცეცხლი არ გამოიყენე.

- პოზიციები დავათმობინე.

- რატომ აკეთებ ამას?

- რომ დაგიმტკიცო, გამარჯვება ცეცხლის გარეშეც შესაძლებელია!

- რის ფასად?! - ჰარტაგოს სიბრაზისაგან წაშლილი სახე ერთხანს ძმას აკვირდებოდა. მერე დაამატა, ვნახოთო, რომელმაც სისხლის მეტალის სუნით გაჯერებულ ჰაერში მუქარასავით გაიჟღერა, შეტრიალდა და კარვიდან გავიდა.

არასდროს ყოფილა ბრძოლა სახლთან ასე ახლოს...


 

თავი 24

ანიჰალის ცეცხლი

 

 

თითქოს ღმერთებმა ვედრება შეისმინესო, წლების უნახავი ძალის შტორმი ამოვარდა და მის დამშვიდებას პირი არა და არ უჩანდა. მძვინვარე აეოლუსი[36] დააქროლებდა ქარიშხლის საბურველს. მტრისა და მოყვარის გემებს,  განურჩევლად, უმოწყალოდ ახეთქებდა კლდეებს. ანგრევდა კარვებსა და ხის კედლებს. მაგრამ, ამავდროულად, სანამ მტერი ტრიალ მინდორზე ცდილობდა გადარჩენას, ასე სასიცოცხლო სულის მოთქმას აცდიდა ქალაქის ქვის კედლებს შეფარებულ მეომრებს. გამოდარებამდე, ამ მრისხანე ქარტეხილის კალთის ქვეშ, დროებითმა მშვიდობამ დაისადგურა.

პერისტერის მოსვენება მაინც არა და არ დგებოდა. პატარა ქალის სხეულში არსაიდან მოსულ, კოლოსალურ ენერგიას მოეყარა თავი. აღარც ძილი უნდოდა, ვეღარც დაღლილობას გრძნობდა. წარმოუდგენელ ფანტაზიას, გამბედაობას იჩენდა და გამოცდილ ომის მკურნალებსაც აოცებდა სახელდახელოდ მოგონილი მეთოდებით. ამავდროულად, უსაზღვრო კმაყოფილება უჩქეფდა ძარღვებში და გრძნობდა, როგორც იქნა, იმას აკეთებდა, რისთვისაც დაიბადა.

ახალი დაშავებული აღარ მოჰყავდათ მაგრამ პერისტერი ისეთივე მონდომებით უვლიდა დაჭრილებს, როგორც მანამ. ყოველ დღე უცვლიდა სახვევებს, იარებს უმოწმებდა, ნახარშებსა და ნაყენებს ასმევდა, აკონტროლებდა, რომ დაშავებულებს საუკეთესო კვება ჰქონოდათ. ყველაზე რთული სნეული, რა თქმა უნდა, ანიჰალი იყო. მისი იარა ყველა დანარჩენზე სწრაფად ხორცდებოდა, მაგრამ ურჩობით ყველაზე მეტს ურჩობდა. ერთი დღეც არ დაუსვენია. ერთი საათიც არ დაწოლილა. დღეში ათასჯერ აედევნებოდა პერისტერი, იარას გადაგიხვევო. როგორც იქნა დასთანხმდებოდა, შეხსნილი სახვევით დახვდებოდა, სულ ერთი წამით მიიკარებდა, რომ ჭრილობა ამოეწმინდა და ახალი წამლიანი ცვილით დაეხშო. მერე ისევ აჩქარებით გაუშვებდა.

ეოსი და მაგონი რომ ვერაფერს გახდნენ, ჰარტაგომ თავად აიძულა პერისტერი, ბრძოლების განახლებამდე სახლში წასულიყო. პატარა ქალმაც თავი დახარა და სუფეტეს გამოგზავნილ ეტლში ჩაჯდა, რომელიც რწევა-რწევით მიიწევდა სახლისაკენ სამხრეთის ფერდობზე. რაც უფრო შორს მიდიოდა ეტლი, მით უფრო სწრაფად ეწეოდა დღეების დაღლილობა გულანთებულ მკურნალს. ფლოქვების თქარათქური ბანგივით აწვებოდა ქუთუთოებს. აღარ აწუხებდა ზევსის ნასროლი ელვა და ქუხილი, აღარც ქარის წუილი იქცევდა ყურადღებას და სულ მალე ჩათვლიმა კიდეც.

გაჩერებულ ეტლზე ბრაგუნი გაისმა, მაგრამ ღრმა ძილში წასული პატარა ქალი, სიზმრების ბურუსს ვერ დაეხსნა. ძლიერმა მონაბერმა ისევ შეატოკა დამდგარი ეტლი და ცხენები დააფრთხო, პერისტერი კვლავ ძილს აგრძელებდა. სხვა გზა რომ არ დარჩენოდა, მეეტლე კოფოდან ჩამოხტა, კარი გამოხსნა და თავი ეტლში შეჰყო:

- მკურნალო. მკურნალო პერისტერი!

პატარა ქალმა, როგორც იქნა, წამოსწია დამძიმებული თავი. გალუმპული მამაკაცი უცქერდა, რომელსაც წვიმის პატარა ნაკადულები სახეზე ჩამოსდიოდნენ. უცებ გონს მოვიდა, მეეტლეს მოუბოდიშა, სხეული აითრია და გამოცარიელებულ სახლში შელასლასდა.

ქარმა რამდენჯერმე შემოგლიჯა პერისტერის დარაბები და ჩაძინებულ ქალს სახეზე წვიმის შხეფები დაუბკურა. როცა ხის დარაბა ბოლოჯერ მიეხეთქა კედელს, პერისტერიმ გადაწყვიტა, რომ აღარ წამოდგებოდა. უფრო ღრმად გაეხვა თბილ საფარში და შიგ სახე ჩამალა.

უეცრად, გახურებულმა ხელებმა შეანჯღრიეს. ის-ის იყო უნდა დაეკივლა, რომ ელვის შუქზე მკვეთრად გაარჩია მთავარსარდლის სახე. ელვანაკრავივით წამოვარდა ლოგინიდან, აკანკალებული ხელებით აანთო ზეთის ლამფა და თვალებგაფართოვებული, ხმაჩავარდნილი დააჩერდა შემოჭრილ სტუმარს.

მამაკაცი ორად მოკეცილი ჩამუხლულიყო, გახშირებული სუნთქვისგან ზურგი სწრაფად ადი-ჩამოდიოდა.

- მთავარსარდალო ანიჰალ...

სხვა ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა. კაცმა არეული სახე გაუსწორა და უთხრა:

- ვიწვი. დამეხმარე.

პერისტერის გული შეეკუმშა. ვაი თუ ჭრილობა დასნებოვნდა?! ვაითუ მისმა მკურალობამ არ გაჭრა და ანიჰალი იღუპება! სანამ პანიკური ფიქრები ერთი-მეორეს ცვლიდნენ, მთავარსარდალი წამოდგა, მაგრამ დაბარბაცდა. პერისტერიმ ხელი შეაშველა და იატაკის ნაცვლად, ანიჰალი საწოლზე დავარდა. მამაკაცის სხეული მართლაც საშინლად ხურდა.

ვისღა ახსოვდა ძილი, ან დაღლილობა?! პერისტერის ახალი სუნთქვა გაეხნა, სირბილით დატრიალდა ოთახში, ყველა ლამფა და კელაპტარი ააბრიალა, ჭრილობას სახვევები შემოხსნა და კარგად გასინჯა. მისდა გასაოცრად, ჭრილობა არც დასივებული, არც ფერშეცვლილი არ იყო. ისეთივე ვარდისფერი, ახალი კანით დაფარული დაუვხდა, როგორც ბოლო გადახვევისას. თითებით კარგად და ღრმად გასინჯა ქსოვილები, სადმე კანქვეშ გამონადენი არ გამომრჩესო. არაფერი!

ამჯერად ანიჰალმა გადააქნია თავი.

- არა. ჭრილობა არა. მე ვიწვი. უნდა გავგრილდე.

კაცს, მთელი სხეული მწველი სიმხურვალით გაჟღენთოდა. პერისტერის ხელიც კი ეტკინა, როცა შუბლს უსინჯავდა. მაშ, ჭრილობა არაფერ შუაში იყო. ვერ გაეგო, ჯანმრთელ მთავარსარდალს ცხელება რისგან ჰქონდა, მაგრამ ის მაინც იცოდა, როგორ ემკურნალა.

- ახლავე! ახლავე გიშველი. არაფერია. ცხელებაა. ახლავე!

ცივი ტილოები დაადო თავზე, იღიებში და საზარდულში. ვაშლის ძმრისა და ბაზილიკის ნახარში დაალევინა. ანიჰალი მაინც ცხელებისაგან იწვოდა. ის კი არა, პერისტერის მოეჩვენა, სიცხემ უფრო აუწიაო. მეტად ძლიერ ნაყენებზე გადავიდა. წამლების ორმაგი და სამმაგი წილი მისცა. სიცხე ისევ მაღლა იწევდა. ასეთი რამ ცხოვრებაში არ გადახდენოდა უკვე გამოცდილ მკურნალს. შიში და პანიკაც ნელ-ნელა, ბასრი კლანჭებით აცოცდებოდნენ კალთაზე. სირბილით დაეშვა სარდაფში, მაგონის ძვირფასი ყინულის ლოდები, უკანასკნელ ნატეხამდე, სათითაოდ ამოზიდა. ანიჰალის გაგრილებას ყველა ღონით ცდილობდა. ყინული წამში ადნებოდა მამაკაცის გავარვარებულ სხეულს, მთავარსარდალი კი ითენთებოდა.

პერისტერი ისევ ადგილს მოსწყდა. ამჯერად ყინული აღარ ჰქონდა, მაგრამ თიხის ვარცკით სარდაფიდან ცივ წყალს ეზიდებოდა. კიბეზე რომ ამორბოდა, დაეცა და ჭურჭელიც დაემსხვრა. სასოწარკვეთისაგან, ლამის ტირილი დაიწყო, მაგრამ, თიხასავით დამსხვრევის ფუფუნება არ ჰქონდა. ისევ წამოდგა, ახალი ვარცლით ხელახლა მოზიდა წყალი. მთავარსარდალს უკვე თავის დაჭერა უჭირდა. სასმისი ტუჩთან მიუტანა და შეევედრა:

- დალიე!

ანიჰალმა თავი წამოწია. ძლივს გახსნა თვალები. რამოდენიმე ყლუპი წყალი ჩაყლაპა და ისევ ჩამოჰკიდა თავი.

პერისტერი სრულმა პანიკამ აიტანა. აღარ იცოდა, რა ეღონა, რით გაეგრილებია სხეული, რომელიც შეხებისას უკვე ხელებს წვავდა.

ისევ დაიქუხა. ისევ დაუბერა ქარმა. წვიმამ ისევ შემოგლიჯა დარაბები. პატარა ქალიც ხავსს მოეჭიდა. ანიჰალის უზამაზარ სხეულს ხელი დაავლო. ტკივილი არ შეიმჩნია. რაც ძალი და ღონე ჰქონდა დაჰქაჩა და ლოგინიდან იატაკზე ჩამოაცურა. ბოლო ძალებით გაათრია აივანზე, რომ იქნებ ქარიშხალს და კოკისპირულ წვიმას მაინც გაეგრილებინა.

მამაკაცის ზურგი ბანისტრადს მიაყრდნო, რომ თავი წამოეწია. კაცის სხეული უკვე ისე გავარვარებულიყო, რომ პერისტერი ვეღარც ეხებოდა. წვიმის შხეფები კი, მის კანზე ორთქლადებოდნენ და გატანჯულ მამაკაცს ორთქლი ასდიოდა. პერისტერიმ ხელები თავში წაიშინა. ახლა რაღა უნდა ექნა?! ანიჰალმა კი ბოდვა დაიწყო.

- რაღა შენ? ... რამდენი დედის კალთა დაცარიელდა ამაღამ?.. მაინც და მაინც შენ...

პერისტერი სრულ ისტერიკაში იყო. გავარვარებულ კანზე დაეძგერა და შეანჯღრია. მამაკაცს რეაქცია არ ჰქონია. ბოდვას განაგრძობდა. პერისტერიმ რაც ძალი და ღონე შერჩენოდა, სახეში გაარტყა და იყვირა:

-        ანიჰალ!

ისევ შეანჯღია, ისევ სილა გააწნა, ისევ დაიყვირა:

- ანიჰალ! ანიჰალ შემომხედე!

ისტერიულმა ყვირილმა, წამით, სიკვდილის ბურუსი გაფანტა და ანიჰალმა თვალი გაუსწორა:

- ანიჰალ არ მოკვდე! გევედრები! არ მოკვდე! ხელში ნუ ჩამაკვდები! ვერ გადავიტან! ანიჰალ, იღონე რამე!!

მამაკაცი ქშენაზე გადავიდა. გეგონებოდა, დახველება უნდა და ვერ მოუხერხებიაო. მერე, მომაკვდავის აგონიით, რომელსაც სიცოცხლის უკანასკნელი ნაპერწკალი ასაზრდოებს, ანიჰალი ფეხზე წამოხტა, აივანს გადაევლო. ეზოში, რამოდენიმე წამს უმისამართოდ ეხლებოდა ყველაფერს. უზარმაზარ კვიპაროსს დაეჯახა, ტანი გაიმაგრა, ხელები ზროს მთელი ძალით მოუჭირა. თავი ისევ ბეჭებს ქვემოთ ჩაუვარდა. ხველება აუტყდა. ჯერ ჩვეულებრივი, მერე მჭვარტლსა და ბოლს ახველებდა, სანამ ისე არ დაიყვირა, რომ ფეხქვეშ მიწაც კი იძრა. ცას მიბჯენილი კვიპაროსი კი წამში, ცეცხლის ალში გაეხვია, მოელვარე ნაღვერდლად აბრიალდა და ნახშირის გროვად გადაიქცა.

გაოგნებული პერისტერი თვალებს ვეღარ უჯერებდა. დაფერფლილ ხესთან ანიჰალს ხედავდა, რომელიც უკვე წვიმისაგან გალუმპული, ისევ მუხლებზე იდგა და სუნთქვა ნელ-ნელა უმშვიდდებოდა. ასე განვლეს წუთებმა, იქნებ საათებმაც, სანამ ქარტეხილმა უკან არ დაიხია. მამაკაცი ძალიან ნელა ფეხზე წამოიმართა, თავი პატარა ქალისკენ მიაბრუნა, რომელიც ვერა და ვერ იჯერებდა მომხდარს. მათი მზერები გადაიკვეთნენ და პერისტერიმ გონება დაკარგა.

 

 

 

 

 

თავი 25

პატარა მკურნალის სიზმარი

 

 

მზის დაჟინებულმა სხივმა გააღვიძა ქვეშაგებში გახვეული მკურნალი ქალი. თებერვლისათვის შეუფერებლად თბილი დღე გათენებულიყო. ოთახში მიმოიხედა. თითქოს არც არაფერი იყო უადგილოდ. რა უცნაური სიზმარი იყო. მტკივანი თავი გააქნია, ცოტათი მოფხიზლდა და ოთახიდან კიბეზე გავიდა. ჰოლში მსახურები და მონები, ჩვეულებისამებრ ფუსფუსებდნენ. პერისტერი კიბესთან მივიდა, სადაც ახალგაზრდა გოგო თიხის ნამსხვრებეს კრეფდა.

- სად იყავით? - ჰკითხა მკურნალმა ქალმა.

- ბოდიში ქალბატონო პერისტერი. არავინ გელოდათ ასე გვიან. ისეთი

ქარიშხალი იყო, რომ ყველამ ვარჩიეთ ჩვენს სამყოფებში ადრიანად დაბრუნება.

მსახურმა უხერხულად დაუკრა თავი და ისევ განაგრძო ნამსხვრევების კრება. პერისტერის უცნაური სურათი დაუდგა თვალწინ, მაგრამ გონება ისევ ნახევრად დაბინდული ჰქონდა. აბანოსკენ გაეშურა, ცივი წყლით გადაბანის და სრულყოფილად გამოფხიზლების იმედად.

გეგმამ დიდად ვერ გაამართლა. განსხვავება იმაში იყო, რომ სუფთა სხეულზე ახალი ქსოვილი ჰქონდა შემორტყმული, რომელსაც არც სისხლის ლაქები და არც წამლის ნაყენების სუნი ასდიოდა. აბანოდან ისეთივე გაბრუებული გამოვიდა, როგორიც შევიდა. ამჯერად, მისი ყურადღება სხვა მსახურებმა მიიპყრეს. ერთი ქარიშხლის შემოდგებულ ფოთლებსა და წვრილ-წვრილ ტოტებს ხვეტავდა, მეორეს ავზიდან წყალი ამოჰქონდა, თან ერთმანეთში ბაასობდნენ:

- ... სად გაგონილა კაცს დასცემოდა.

- გეუბნები, პაპაჩემი მიამბობდა, მის სოფელში კაცი ყოფილა, სახელად ბოსტარი. ხოდა, თურმე ყანიდან სახლში ბრუნდებოდა, გაზაფხული იყო, უცებ მოიქუფრა ცა და პირდაპირ დაეცა ზევსის ნატყორცნი ელვა! საცოდავი კაცი, წამში გათავებულა. პაპაჩემი ამბობდა ჩემი თვალით ვნახე, მთელს ზურგზე სულ წითლად დაეხატა ელვის რტოებიო! საბრალომ, ასეთი რა დააშავა, რომ ზევსმა თავად ინება მისი დასჯდა?! აბა მაგას ხელს ვინ მოჰკიდებდა? ზევსს მასე ვინ გააჯავრებდა? იქვე დალპა და ცხოველებმა დაინაწილეს.

- რაღაც არ მჯერა მაგ ამბის.

- შენ რისი კი გჯერა, დაფნი. მე კი გეუბნები, ჭკუა ვქენით, რომ დროულად შევეფარეთ ოთახებს. აბა წარმოიდგინე, ეგ ელვა კვიპაროსის ნაცვლად რომელიმეს რომ დაგვცემოდა!

პერისტერი გაიყინა. მერე ადგილს მოსწყდა და ისე ჩქარა, როგორ ამის საშუალებას თავს დასხმული რეტი აძლევდა, სახლიდან გავიდა და იმ ადგილს მიადგა, სადაც ჯერ კიდევ გუშინ, უზარმაზარი კვიპაროსი ხარობდა. ახლა კი, ნაცრის გროვად ქცეულ ზროს ნიჩბით იღებდნენ ნამძინარევი მსახურები. მაშინ კი, მთელმა ღამემ თვალწინ გადაურბინა. შუბლზე ხელი იტაცა და მოულოდნელი ტკივილისაგან შეჰკივლა. საკუთარ ხელებს დააცქერდა, რომლებზეც დამწვარი კანი უკვე აბუშტვოდა და ალაგ-ალაგ, დახეთქოდა კიდეც.

სად იყო ანიჰალი? გადარჩა? კარგადაა? ახლა რა მოხდებოდა? ან თვითონ რა უნდა ექნა? ეზოში უმისამართოდ დატრიალდა. არც ეტლი დახვდა მზად, არც ცხენი. მეჯინიბეც არსად ჩანდა. ლოდინის დრო არ იყო, სირბილით დაეშვა ქალაქის მთავარი ქუჩისაკენ, რომელსაც ბრძოლის ველამდე უნდა მიეყვანა, მაგრამ სულ მალე, ყიჟინის ხმა და გაგულისებული ხალხის რუზრუზი შემოესმა. შენობის კუთხიდან ცხენებზე ამხედრებული ჰარტაგო და ანიჰალი გამოჩნდნენ. უკან ჯარი მოჰყვებოდათ, ირგვლივ კი აჟივლებული ხალხი სიხარულისაგან ჭკუიდან გადადიოდა. ჰარტაგო დაიხარა, მოხდენილად აიტაცა პატარა ქალი, ცხენზე შემოისვა და მიახარა:

- გავიმარჯვეთ, პერისტერი!

 

 

 

***

 

კვლავ სიხარულის თავდავიწყებას მიეცა ქალაქი. ქუჩებში საზეიმო კოცონები აბრიალდა, ღვინო და ტკბილეული რიგდებოდა, ყოველ კუთხეში ისმოდა ძმების ქება-დიდება. ამჯერად პერისტერიმ დღესასწაულის შუაგულში, სასახლის დიდ დარბაზში ამოჰყო თავი. სენატი ჰარტაგოსა და ანიჰალის სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე ცლიდა, ქურუმების დელეგაცია, მათთვის ჩვეული სიმშვიდითა და სერიოზულობით ურთავდა, რომ გამარჯვება ღმერთების ნაწყალობები იყო. ჰარტაგო მხიარულად პასუხობდა და მადლობებს იხდიდა. ანიჰალი გრანიტის, შეუღწევადი სახით უჯდა სუფრას და აქა-იქ მოსვამდა ხოლმე სასმისიდან. საბედნიეროდ, ყველა დაღლილ-დაქანცული იყო. ბახუსიც მალე მოეკიდათ და შუაღამის დადგომასთან ერთად, სასახლე სტუმრებისაგან დაცარიელდა.

როცა ჰარტაგო ბოლო სტუმარსაც გამოემშვიდობა და კარიც დაიხურა, ეშმაკურად მომღიმარი სახე თითქოს ერთიანად ჩამოერეცხაო. მოწყვეტით დაეშვა სკამში და გათანგული მიესვენა საზურგეს. ამჯერად, ჰარტაგო ანიჰალზე დამსხვრეული ჩანდა. დარბაზში სიტყვებისთვის ადგილი აღარ დარჩენილიყო. ჰარტაგოს თვალები ერთხანს სვეტზე აღმართულ საზარლად მომღიმარ თიხის ნიღაბს უცქერდნენ. მერე თითებს მიღმა ჩამალა მზერა. ანიჰალს პირისახე მიებრუნებია და ცარიელ კედელს უცქერდა.

- გთხოვ, თქვი რამე. სულ ერთია რა, ოღონდ ეს სიჩუმე გაწყდეს. - სთხოვა ჰარტაგომ.

პერისტერიმ რამოდენიმეჯერ გააღო პირი, მაგრამ სიტყვები ეკარგებოდა. მესამე თუ მეოთხე მცდელობაზე წაიბუტბუტა.

- თქვენ დასვენება გჭირდებათ. მე კი, ალბათ დაშავებულები მელოდენიან.

- არა.

- არა?

- ახალი დაშავებულები არა გვყავს, პერისტერი, - განაგრძო ჰარტაგომ.

- ეს როგორ? - პატარა ქალი ვერ მიხვდა რას ეუბნებოდნენ.

- არც ერთი ახალი დაშავებული არა გვყავს, პერისტერი. ანიჰალის და მისი ცეცხლის დამსახურებთ.

პერისტერიმ მზერა ისევ ურეაქციო ანიჰალისკენ გააპარა, რომელიც კვლავ კედელს უცქერდა. ჰარტაგომ ამასობაში პატარა ქალის ხელი სათუთად აიღო და წარბშეკრულმა დაათვალიერა დაბუშტულ, ატყავებული გულები. პერისტერიმ ცადა ხელები ჩაემალა. თან რცხვენოდა ჰარტაგოსი, რომელიც უნაკლო ქანდაკებასავით უცქერდა ხოლმე, ახლა კი ასე დაღირძნილსა და დასახიჩრებულს ხედავდა. თანაც გული სტკიოდა. ამ წუთას ხელში პერგამენტის დაჭერაც გაუჭირდებოდა, არა თუ ვინმეს დახმარება. მურნალი იყო მისი იარაღის, ხელების გარეშე და ეს ყველაზე მწარედ ეჩვენებოდა. ასეთი იყო პერისტერის მწირი მსხვერპლი, რასაც მისგანაც ითხოვდა ეს სამყარო. ყველაზე ძვირფასი, ყველაზე ღირებული, რაც მკურნალს გააჩნდა.

ჰარტაგომ ხელები არ დაანება. დიდხანს უცქირა გადაყვლეფილ კანს. მერე ისე ახედა, რომ პერისტერიმ ყელში ბურთად მომჯდარი ცრემლები ძლივს ჩაყლაპა. ჰარტაგოს ეს გამოხედვა ყველა სიტყვაზე ხმამაღლა ლაპარაკობდა. მასში იყო უსაზღვრო მადლიერება, გულწრფელი ბოდიში, დარცხვენილი მწუხარებაც. პერისტერიმაც პასუხად თავი დაუქნია. თითქოს ანუგეშებდა, არაფერიაო. მამაკაცმა ცადა ღიმილი მიეშველებინა, მაგრამ მის გამომეტყველებას ისეთი დიდი ბზარი ჰქონდა, რომ პერისტერის გული კიდევ უფრო მოეწურა.

- ერთხელ უცნაური სიზმარი ვნახე. - წამოიწყო პერისტერიმ და ჰარტაგოს სახეზეც შვების ნისლმა გადაირბინა. - ჩვენი ქალაქი სულ მთლად შეცვლილიყო. ორჯერ უფრო მაღალი და სქელი კედლებით იყო გარშემორტყმული, ვიწრო გემების სავალი მრგვალ ნავსადგურში იშლებოდა, სადაც ასობით დიდებული გემი იყო თავმოყრილი. ლამაზი სახლები სამ, ოთხ, ხუთ და ექვს სართულსაც იტევდნენ. ფართე დაკლაკნილი ქუჩები გვერდს უვლიდნენ ფორუმსა[37] და ამფითეატრებს[38], მხიარულ, გადაჭედილ ტაბერნებსა და ანკარა წყლით მჩქეფარე ფანტანებს. ერთმანეთს ერწყმოდნენ, მთავარ მოედანთან იკრიბებოდნენ და ერთ დიდ ნაკადად, თქვენს სასახლემდე მოდიოდნენ. სასახლის წინ შავი მარმარილოს ქანდაკება იყო, ვეებერთელა სპილოზე ამხედრებული მამაცი მთავარსარდლის. სასახლის თავზე კი, მაღალ სვეტზე, თეთრი ქანდაკება ბრწყინვალე მეომრის, რომელსაც ცალ ხელში შუბი ეჭირა, მეორეში - გრაგნილი. გამჭოლი მზერით კი, ზღვას გადაჰყურებდა. მებრძოლის ქანდაკება ქალაქის ყველა კუთხიდან ჩანდა და მის მზერას არაფერი ემალებოდა.

პერისტერის ხმა ნელ-ნელა მიდუმდა. ჰარტაგოს სკამში მიძინებოდა. პატარა ქალმა მისი თითებიდან ფრთხილად გამოაძვრინა მტკივანი მტევანი. სანამ სახლისაკენ აიღებდა გეზს, ერთი დაუმთავრებელი საქმე ჰქონდა, რის გარეშეც ვერა და ვერ მოისვენებდა.

ფრთხილად მიუახლოვნა ანიჰალს, რომელიც ისევ არ უსწორებდა თვალს.

- მადლობა. - დაბალ ხმაზე წარმოთქვა პერისტერიმ.- ხანდახან მჯერა, რომ ჩვენსა და მტრის მახვილს შორის შენღა დარჩენილხარ.

ანიჰალი ისევ არ იძროდა. პერისტერის მოეჩვენა, რომ მამაკაცი მასზე ბრაზობდა კიდეც. ამჯერად პერისტერიმ იგრძნო წყენის მკაწრავი კლანჭები. იმ ჯოჯოხეთური ღამის შემდეგ, როცა პერისტერი მტკიცედ გრძნობდა ანიჰალთან გაბმულ ახალ, უხილავ ჯაჭვს, მთავარსარდლის მიერ უსამართლოდ აღმართულმა ცივმა კედელმა დააბნია და გული ატკინა. ვეღარ მოიმინა და პირდაპირ მიახალა:

- იარა უნდა შევამოწმო.

ანიჰალმა უხეშად მოიცილა მისკენ გაწვდილი ხელი. გაავებულმა პერისტერიმ ხელი ჰკრა მამაკაცის მტევანს და მომაკვდინებელი, მკაცრი მზერა გაუსწორა, რითაც მთავარსარდალი დააბნია. მამაკაცის გაოცებით ისარგებლა პატარა ქალმა, ტკივილს გაუმკლავდა, სწრაფად და ძლიერად გაუხსნა ტყავის ჯავშანი, ტუნიკის თასმები და როცა ძველი ქსოვილის შეხსნა დაიწყო, ფეხქვეშ მიწა გამოეცალა. ანიჰალის ტუნიკის ქვეშ, სხეულზე მჭიდროდ შემოხვეულ ქსოვილზე, პერისტერიმ ორნამენტი დაინახა, რომელიც მისივე ხელით იყო ამოქარგული. მისი ძველი თავსაბურავი, საყდარში რომ გამოართვა ახალგაზრდა ანიჰალმა. თვალებმა თავისით მონახეს მთავარსარდლის მძვინვარე სახე, რომელიც ისე უცქერდა გამშრალ პატარა ქალს, თითქოს იწვევდა, რაიმე ეთქვა.


 

თავი 26

,,აქუა ჰელია“

 

 

- ახალგაზრდა ქალბატონო, განა გაგონილა თავის ასე გამეტება? - თავს აქნევდა დაფნი.

- დაფნი, რამდენჯერ გითხრა, პერისტერი დამიძახეთქო.

პატარა ქალის გონება ისეთივე დომხალში იყო, როგორშიც დღეების ტიტანურ შრომაგამოვლილი, უძილო, დაფლეთილი სხეული. ერთ დროს კამკამა თვალებს ბზინვარება დაჰკარგოდათ, გრძელი ლოკონების სხივი სადღაც გამქრალიყო და მსახური ქალი წვალებით აძვრენდა მათში სავარცხელს. კანს ცვილისფერი მისცემოდა, ფიქრები კი ერთიმეორეს ეხლებოდნენ, ქარიშხალივით ზუზუნებდნენ, ერთმანეთის ხმას აჭარბებდნენ.

- სნეულები ზოგი ფეხზე დაგიყენებია, ზოგიც პატრონებისთვის ჩაგიბარებია და დრო აღარ მოვიდა, საკუთარი თავისთვისაც მიგეხედა?

დაფნის სილამაზის ხრიკების უთვალავ არსენალში ყველაზე საყვარელი ,,აქუა ჰელიას"[39] ცხელი წყაროები იყო. მზე ჩაიწვერა თუ არა, ლამის წინ გაიგდო ახლგაზრდა ქალბატონი და ქალაქის აღმოსავლეთისაკენ აიღო გეზი.

დაფნი იმ ახალგაზრდა ქალთა შორის იყო, რომლებსაც ყველაფრისგან შეუძლიათ რაღაც ლამაზისა და მიმზიდველის შექმნა. სწორედ ის იყო, რომელიც პერისტერის ტანისამოსს უკერავდა, თმას ჭრიდა, არომატულ ნელსაცხებლებს უზავებდა, სამკაულებს უხამებდა და, ზოგადად, ზრუნავდა ახალგაზრდა ქალის სილამაზეზე.

დაფნის გრძელი სახე, მრუდე ტერფი და დაცქვეტილი ყურები ჰქონდა, მაგრამ სულ უბრალო ტანისამოსსაც ისე კოხტად მოისხამდა, თმას ისე მოხდენილად ჩამოიშლიდა, სიარულისას ტანსაც ისე მოხერხებულად დაიყენებდა, რომ მასზე თავისუფლად ითქმოდა, მომხიბვლელი ქალიაო. მაშინ, როდესაც პერისტერის შეეძლო ლოგინიდან წამომდგარს მტევნით გადაევარცხნა თმა, უდიერად მოესხა ტანსაცმელი, მაგრამ დიდის და პატარას მზერა მაინც მისკენ ტრიალდებოდა. ახალგაზრდა ქალბატონის ეს თვისება, რომელიც შესაძლოა ბევრის შურისა და სიძულვილის მიზეზიც კი გამხდარიყო, დაფნის ყველაზე მეტად ხიბლავდა. მისთვის რომ გეკითხათ, პერისტერი მზის სხივის ნამსხვრევი იყო, რომელიც ჰელიოსს[40], დედამიწაზე დაუდევრად ჩამოუვარდა.

დაფნი ყოველთვის ბევრს და ემოციურად ლაპარაკობდა, ხშირად ეტიკეტიც ავიწყდებოდა და ამის გამო, ბევრს აღიზიანებდა კიდეც. მაგრამ პერისტერისთვის ის ყველაზე ერთგული და მხიარული მეგობარი იყო. პატარა ქალბატონის ხათრით კი, აქა-იქ თავქარიან დაფნის ბევრს პატიობდნენ.

- ჩემთვის უნდა დაგეჯერებინა და ჰარტაგოს ნაჩუქარი ყელსაბამით წამოსულიყავი, ახალგაზრდა ქალბატონო.

დაფნი ცერა თითის ფრჩხილს კბილებით აწვალებდა და დიდებული აბანოს ოხშივარასულ გუმბათებს უცქერდა. ასე იქცეოდა ხოლმე, როცა რაღაცაზე გამალებით ფიქრობდა. თვალები დაუწვრილდებოდა, შუბლს შეჭმუხნიდა, შორს რაღაცას მიაშტერდებოდა და აუცილებლად, თითს პირში იტაცებდა. პერისტერიმ ფრჩხილი პირიდან გამოაგდებინა და უპასუხა:

- დაფნი, ყელსაბამი აბანოში რად მინდა?

- ოო, იცი როგორ მოგიხდებოდა ბანაობისას?

- ოქრო სიცხეში ცხელდება. კანსაც დამიწვავდა და შეიძლება ყელსაბამიც დამეზიანებინა.

- მერე შენც რაღა ყველაზე ცხელ ავზში მიდიხარ. ოოო, მერე როგორ მოგიხდებოდა სველ სხეულზე, საბანაო ტილოს რომ მოიდებდი, მოშიშვლებულ ყელზე კი, ეგ ყელსაბამი იბრწყინებდა.

მეოცნებეს სახით თქვა დაფნიმ და თვალები ალმასებივით აუციმციმდა. პერისტერიმ თავი გადააქნია და გზა აბანოს შესასვლელ თაღში გაიკვალა. დაფნიც უკან მიჰყვებოდა და განაგრძობდა:

- ასეთი ყელსაბამი დასამალია? სულ თავსაბურავის ნაკეცით ფარავ. დაე ყველამ, გამვლელმაც და გამომვლელმაც იცოდეს, რომ თვით ჰატაგოს საბედო ხარ და მერე როგორ გაფასებს ახალგაზრდა სუფეტე!

ამასობაში გასახდელშიც შეაბიჯეს. ტანისამოსი გაიხადეს და საბანაო ტილოები ამოიღეს. ეს იყო მოზრდილი, უფერული ბამბის ქსოვილი, რომელიც უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებდა, ვიდრე პრაქტიკულს, რადგან დასველებისთანავე სხეულს მჭიდროდ ეკვროდა და დიდად ვერაფერს ფარავდა. თუმცა, სიშიშვლე არც ისე სამარცხვინო რამ იყო ზღვისპირა ქალაქში, სადაც ზვირთებში სამოსის გარეშე ბანაობდნენ, გლადიატორები ტანსაცმლის გარეშე მართავდნენ წარმოდგენებს, ხოლო აბანოებში ერთი სივრცე იყო როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. აბანო ადგილი იყო, სადაც ყველა უკან იტოვებდა რანგებსა და სიმდიდრის პედისტალებს, ყველა ერთნაირ სამოსში ეხვეოდა და არასდროს იცოდი, შენს გვერდით, წყალში მონებივრე ადამიანი, უბრალო მეთევზე იყო თუ სენატის წევრი. მათ შორის სხვაობა გასახდელშივე რჩებოდა, სადაც ძვირფას სამოსს ტოვებდნენ. ზოგი მონასაც იქვე ტოვებდა, რომ ძვირფასეულობაზე თვალი ეჭირა, თუმცა დაფნი არასდროს იყო ასეთ მსახურთა შორის.

ახალგაზრდა ქალმა პერისტერის სამოსი კოხტად დაკეცა, თაროში მიმალა და ზედ საკუთარი ტუნიკა დაადო. დაფნი ყოველთვის ასე იქცეოდა, რომ ,,ვინმეს ქალბატონის ტანსაცმელზე ხელი არ წასცდენოდა", მიუხედავად იმისა, რომ პერისტერი, მით უმეტეს აბანოში, უბრალო სამოსით მიდიოდა. დაფნიმ კარგად მოქექა სახლიდან წამოღებული შეკვრა, დარწმუნდა, ყველაფერი თან მაქვსო, კმაყოფილმა შეათვალიერა მისი ქალბატონი და აბანოს სიღრმისაკენ დაიძრნენ.

პერისტერიმ გულგრილად ჩაუარა სავარჯიშო სივრცეს, სადაც ბურთის გამალებული თამაში იყო გამართული, ბიბლიოთეკისაკენ თვალი გააპარა, თუმცა დაფნიმ რბილად უბიძგა საბანაო არეალისაკენ. როგორც წესი, აბანოს სტუმრები სამიდან ყველაზე ცხელი ოთახით იწყებდნენ. სხეულს ზეთით დაიზელდნენ, ოფლთან ერთად, საფხეკი ფირფიტით აიცლიდნენ, ჯერ ცხელში, მერე თბილში, ბოლოს კი, ცივ ავზში შეცურავდნენ. წასვლისას კი, ისევ ზეთით გაიპოხავდნენ კანსა და თმას. პერისტერი მხოლოდ ცხელ ავზს წყალობდა, მწველი წყალი სიამოვნებდა და ყოველთვის გულგრილად უვლიდა გვერდს დანარჩენ ორს. დაფნი ამ არჩევანს ვერ უწონებდა, თუმცა საკუთარი რუტინა მოიფიქრა, რომელსაც პერისტერი, იძულებით, ბოლომდე მიჰყვებოდა. ირგვლივ მყოფები მათ დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ და ცდილობდნენ მიებაძათ კიდეც. ალბათ ფიქრობდნენ, მკურნალზე კარგად თავის მოვლა ვის ეცოდინეობაო.

პერისტერი ცხელი წყლით სავსე, ვეებერთელა მარმარილოს ავზში ჩაეშვა და ზამბარასავით მოჭიმული, გაქვავებული სხეულიც მოეშვა. ცოტა ხანს გაუნძრევლად ლივლივებდა ოხშივარასული წლის ზედაპირზე, სადაც გუმბათის ღია ნაწილიდან, ორთქლის ფრთხილი წვეთები ეშვებოდნენ. ირგვლივ კი, მაღალი კედლებიდან, ნიმფების მოხდენილი, შიშველი სხეულები უცქერდნენ. გახურებული მარმარილოდან წამომდგარ ორთქლში ჩაკარგული, კელაპტრებიდან არეკლილი შუქის ათინათები ისე დასთამაშებდნენ ბუნების წიაღში მოცეკვავე ნიმფებს, რომ გეგონებოდა: წყარო მართლაც მოწანწკარებს ხავსიან ქვებზეო, ხის ტოტები ნაზად ირწევიან უხილავი ნიავითო, მომცინარი ნიმფა კი, სადაცაა შემომხედავს და მაცდურ ღიმილს მაჩუქებსო.

როგორც ჩანს, დაფნის უკვე მოსწყენოდა ლოდინი. მისი ქალბატონის წყალზე მოლივლივე სხეულს რბილად მოჰკიდა ხელი და ნელ-ნელა, ავზის კიდესთან მიაცურა, სადაც უკვე გაეშალა შეკვრის მრავალრიცხოვანი შიგთავსი. სანამ პერისტერის თავისთვის უფლება მიეცა არაფერზე ეფიქრა და სხეული მოესვენებინა, დაფნიმ მისი ქალბატონის თმებით დაიწყო პატარა ქალზე ზრუნვა. კვერცხის გულით ჩამობანა გრძელი, ოქროსფერი ლოკონები. დიდი მოთმინების ფასად, ისე ნაზად გაათავისუფლა დღეების დაგროვილი ხლართებისგან, რომ ერთხელაც არ მოუქაჩავს. სანამ სხვები წყლიდან ამოდიოდნენ, რომ აბანოს მცოდნე მსახურებს მათთვის სხეული დაეზილათ, დაფნი წყალში მოლივლივე პერისტერის ისე ოსტატურად უმასაჟებდა კიდურებს, რომ პატარა ქალის ყველა კუნთმა და უკლებლივ ყველა სახსარმა იგრძნო შვება.

ახალგაზრდა მკურნალს გაურჩებული ბავშვივით არ უყვარდა ცხელი წყლიდან ამოსვლა. დაფნიმ ეს კარგად იცოდა, ამიტომაც მისი მოგონილი პროცედურების უმეტესობა სწორედ აქ, ცხელი წყლის ავზში სრულდებოდა. შეუმჩნევლად შემოატრიალა პერისტერის სხეული. თვითონ ავზის კიდეზე ჩამოჯდა, პატარა მკურნალის თავი მუხლებზე დაიდო და ნელსაცხებელს თავი მოხსნა. მისივე ხელით შეზავებული ნემსიწვერასა და ციტრუსის ზეთმა ისეთი არომატი დაატრიალა, რომ უნებურად, ყველამ ღრმად შეისუნთქა და მზერა ლამის მიძინებული პერისტერის სხეულს მიაპრყო. დაფნის მიაჩნდა, რომ სწორედ ეს არომატი, ყველაზე მეტად შეშვენოდა მის ახალგაზრდა ქალბატონს და მისი პროცედურების მერე, პატარა მკურნალი მართლაც იფურჩნებოდა.

არომატული ზეთი უხვად წაუსვა პერისტერის დალალებს და დიდხანს, ძალიან დიდხანს ვარცხნა, სანამ დაფნის აზრით, ბოლომდე არ დაუბრუნა პირვანდელი სირბილე და ბზინვარება. თანაც თავისთვის ფიქრობდა, მხატვრებს და მოქანდაკეებს ჭკუა რომ ჰქონდეთ, ყველა ფრესკით და ქანდაკებით ჩემს ქალბატონს გამოსახავდნენო.

პერისტერი თვალდახუჭული და ბოლომდე მოდუნებული ტკბებოდა შვების და სიამოვნების ხანმოკლე წუთებით, რომლებიც ძირითადად ამ კედლებშივე მთავრდებოდა. აქ ყველაფერი მშვიდი, უშფოთველი და საამო იყო, გარდა ექოსი, რომელიც ერთი-ათად გაიძახოდა ყველა ჩქამს, დაწყებული წყლის რაკრაკისა, დამთავრებული მომსვლელების ხმაურით. მაგრამ ამაშიც იყო რაღაც საამური. თუნდაც ის, რომ თუ კარგად მიაყურადებდი, აქაური ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი ფილოსოფოსების მონოლოგებიც ისმინებოდა.

დაფნიმ პერისტერის გრძელი ლოკონები გვერდზე გადასწია. ნელსაცხებელი ზურგზე დააწვეთა და გამოცდილი ხელებით დაუწყო მის მუხლებზე მიწოლილ ქალბატონს, ლამის უწონო მოძრაობით ზურგის დაზელა. პეპელასავით მსუბუქი თითები ნელა დასრიალებდნენ სურნელოვანი ზეთით გაპოხილ კანზე და პერისტერიც მისი საბანაო ტილოსავით მოეშვა, წყალში მოლივლივე ქვედატანს ძლივსღა რომ უფარავდა.

პატარა ქალმა სიამოვნებისგან ამოიკვნესა. იქვე რატომღაც, დაფნიმ ხელის მოძრაობა შეაჩერა და აქაურობისთვის შეუფერებელი სიჩუმე ჩამოწვა. სანამ პერისტერი ამ სასიამოვნო გარდატეხას ყურადღებას მიაქცევდა, უკეთ მოესმა გვერდით ოთახში მოსაუბრე ახალგაზრდა ფილოსოფოსის ხმა:

- ... მაშ თუ პარკა წყვეტს ჩვენს ბედსა და უბედობას, თუ ჩვენს მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი კარგა ხნის წინ დახვეული, მჭიდრო გორგალის ნაწილია, ვინ არის ადამიანი? ბედის მონა! მონა, რომლის ფეხქვეშაც ყველა კენჭი დათვლილია, რომლის ყველა ნაბიჯი დიდი ხნის წინ დართულა. მაშ მითხარით, ვინღაა კეთილი? ვინ კიდევ ბოროტი? თუ ჩემი არჩევანი სინამდვილეში მოჩვენებაა, თუ მახვილი, რომელიც მონას ხელში მიჭირავს, დიდი ხნის წინ აილესა ბატონის მიერ, ჩემს გვერდით მყოფზე დასაცემად, ვისი ბრალია ჩემი მარჯვენას მრუდე ქმედება? ჩემი? თუ, ჩემი ბატონის? რჩება ერთადერთი. ის, თუ რასა ვგრძნობ! მონა, რომლისთვისაც ბატონს კაცისთვის მახვილის დაცემა უბრძანებია, ბოროტია, თუ კეთილი? ზოგი იტყვით ბოროტიო, ზოგიც კეთილიო. ყველანი ცდებით! თუ მონას გაეხარდება, რომ ბატონის ავი ზრახვა აასრულა, ბოროტზე ბოტორია მისი არსებობა. თუ გული ეტკინება, თავში ხელს დაიცემს: ეს რა დაგმართეო! კეთილია მისი სული...

ამასობაში დაფნის ხელმა მოძრაობა გააგრძელა, მაგრამ არემარე ისევ უცნაურად იყო გარინდული. პერისტერიმ თვალი გაახილა და სხეული წამოსწია. ავზის თავში მრისხანე ანიჰალი იდგა და მისთვის ჩვეული, უკმაყოფილო გამომეტყველებით უცქერდა პატარა მკურნალს. უსამართლოდ გულნატკენი, ბრაზობდა პერისტერი, რა თამაშს ეთამაშებოდა მთავარსარდალი? რას ერჩოდა? ბოლოსა და ბოლოს, მისი ძმის საცოლე იყო პერისტერი, რომელმაც თავი გადასდო მის დასახმარებლად! პასუხად კი რა მიიღო? რაღატომ უბრაზდებოდა? რაღატომ იყო მასზე ნაწყენი? ასეთი რა დააშავა, როცა მისი სამსახურის მეტი არაფერი გაუკეთებია?!

ჰარტაგოს უხილავი ჩრდილით გაგულისებულმა პატარა ქალმა პირი იბრუნა და ისევ დაფნის მუხლებზე დაეშვა. ამჯერად ისე, რომ ძლევამოსილ მთავარსარდალს ზურგი აქცია.


 

თავი 27

ფრთამოკეცილი იმედი

 

 

მრისხანე ქარტეხილის შემდეგ ისევ სიმშვიდე გამეფდა ქარვის ქალაქის კედლებში. თითქოს ყველას დასცალდა ფილტვების გაშლა და ასე ნანატრი ამოსუნთქვა. ის დრო დადგა, როცა გულ-მკერდი აღარ ადი-ჩამოდის არც სიხარულითა და ნეტარებით, არც შიშითა და ძრწოლით, არამედ უბრალო სუნთქვით, რომელშიც არაფერია აღტაცებისა და შთაგონების აღმძვერელი.

ტაბერნებში დაეხეტებოდა მუსიკოსი ზენო და შუაღამით შემთვრალ მოქეიფეებს უგემოვნო და უწმაწური სიმღერებით ართობდა. ისევ დაიპარებოდა ლამაზი ქალების აივნებსა და საწოლ ოთახებში, მაგრამ მისი სისხლი აღარ დუღდა სიამის აღტაცებით. მუზის აჩრდილმა მიატოვა ახალგაზრდა მუსიკოსი და დაობლებული ხელოვანიც სულის მკურნალის საძებნელად წავიდა. ბევრი იხეტიალა, ბევრგან გაიკითხა და როგორც იქნა, ყველაზე მივარდნილ ადგილას, სამხრეთის დამშრალ ჭასთან იპოვა მისი სალბუნი.

პერისტერის დანახვაზე ზენოს იმედის ღიმილმა გადაჰკრა. ახალგაზრდა მუსიკოსი ავად არასდროს ყოფილა, მაგრამ ვერ აეხსნა, რატომ იყო მისთვის მკურნალი ქალი ყველაზე დიდი სასოების კელაპტარი. რატომღაც ეჯერა, რომ სანამ ქალაქში ეს პატარა ქალი დააბიჯებდა, ყველა ავბედობის წამალსაც თან დაატარებდა.

პერისტერი ჭის ქვის კედელზე ჩამომჯდარიყო და მის ჩამშრალ წიაღში იცქირებოდა. ვერც კი შენიშნა უკაცურ ბილიკზე კაცის გამოჩენა. ზენომაც ახლოს მისვლა და მის გვერდით, ოდნავ მოშორებით ჩამოჯდომა გადაწყვიტა. პატარა ქალი ისევ არ იძროდა, ამიტომაც ზენომ მისი ყურადღების მოგება ნაცადი მეთოდით სცადა. კალთაზე მოხერხებულად დაიდო ლირა და თხელი, გამოცდილი თითებით სიმები დაარწია. თანაც, მკურნალი ქალის სახეს ჩასჩერებოდა, მისი მოკიაფე თვალების, გაბრწყინებული ღიმილის დანახვის იმედად. სწორედ ამ წყალობისთვის მოსულიყო აქ ზენო. იმ აღტაცების გამოხედვისთვის, ისეთ ფრთებს რომ ასხამდა, რომლისაც თვით დედალოსსაც[41] შეშურდებოდა.

მაგრამ სად იყო ღიმილი? ან გულწრფელი ბედნიერების სხივები, ასე გულუხვად რომ არიგებდა პატარა ქალი? სად იყო ცვილივით რბილი და ბავშვური სახე? რასაც ხედავდა, ყინულის ლოდივით მყიფე და უკიდეგანო სევდა იყო. ცარიელი თვალები, მშრალი ჭის ფსკერზე რომ ეძებდნენ არარაობიდან ხსნას.

გამშრალ ჭაზე მეტად გამოცარიელდა ახალგაზრდა კაცი. სიმებზე თითები შეეყინა. ვეღარ გაუძლო სიჩუმის წონას და ფრთხილად დაუძახა:

- პერისტერი.

პატარა ქალმა მხოლოდ მეორე დაძახილზე იბრუნა პირი.

- რა გჭირს, პერისტერი? - ამჯერად ზენო იყო გულწრფელი და დარდიანი.

- ცუდად ვარ ზენო.

- ავად ხარ?

- არა. სული მტკივა, ზენო. სული.

- რატომ?

- არ ვიცი. მეც ვერ გამიგია და აბა როგორ ვუწამლო, ზენო?

რაღა უნდა ეთქვა ბეჩავ მუსიკოსს? რა უნდა ქნას სნეულმა, რომელსაც მკურნალი ავად გაუხდა? ის ვერ იპოვა, რისთვისაც დაეძებდა. ვერ შეიგრძნო აღტაცება, სულის მღელვარება, სიცოცხლის წყურვილი. მაგრამ, პერისტერის ხელცარიელი არ გაუშვია ახალგაზრდა მუსიკოსი. ხარკი სევდით გადაუხადა. ზენომ იარა, იარა უმისამართოდ, მერე ქუჩის კუთხეში მიჯდა და ლირა დააკვნესა:

 

,,უცრემლოდ ტირის ჩემი მუზა რომ სევდიანი,

ტკივილი აწევს მძიმე ლოდად მას სათნო გულზე

მწარე გოდებამ მოუკვეცა ფერადი ფრთები

ვეღარც იღიმის და მიმატოვა ბნელ სააქაოს..."

 

მღეროდა ზენო და ვერ ამჩნევდა, როგორ იყრიდნენ მის ირგვლივ თავს გამვლელები. რა გადამდები იყო ის სევდა, სიმღერით რომ აფრქვევდა. როგორ ნამავდნენ მისი ცრემლები მოჭიმულ სიმებს. როგორ ჩააქროლეს პერისტერი ძვირფასი ეტლით.


 

თავი 28

სიჩუმე სასახლის კედლებში

 

 

მიწის ზურგზე არაფერი აწუხებდა ჰამილკარს ისე, როგორც სიჩუმე მშობლიურ კედლებში. სასახლე მხოლოდ განსაცდელის ჟამს დუმდებოდა და ამ უხმო აურას წყვდიადი და სუსხი მოჰქონდა. ისედაც ცოტა სიტყვის კაცი ჰამილკარი, მთლად უენო გამხდარიყო და ჩუმი სევდით ქცეულიყო დარბაზის ჩრდილად. მაგრამ სწორედ ასეთ ჟამს, გონებაში ხმამაღლა ქუხდა მისი არსის მთავარი ექო, რომლის შინაარსსაც ბოლომდე ვერც კი წვდებოდა:

ის ახალგაზრდა იყო, რომელსაც კარგი განათლება ჰქონდა, არც ჭკუა აკლდა, არც მის მკლავს ძალა, არც პირისახეს სილამაზე და არც მის გულს შემართება. მაგრამ, ჭეშმარიტება ბევრად უფრო ლაკონური და მწარე იყო:

ჰამილკარი ვერასდროს იქნებოდა საკმარისი.

ის ვერასდროს იქნებოდა ანიჰალზე ძლიერი და თავგანწირული, ჰარტაგოზე ბრძენი და მშვენიერი, მამამისზე დიდებული და ხალხისთვის საყვარელი. ვერც ჩრდილი იქნებოდა დიდი მთავარსარდლის, ვის სახელსაც ატარებდა და რომელსაც მთელი ქვეყანა დასტიროდა, ვერც ძმების, თვით ტანიტს რომ ეწყალობა ქვეყნიერებისთვის. არც ისტორიის გვერდებზე დაიწერებოდა მისი სახელი. ის კი არა, თავ-თავიანთი მძიმე ჭაპანით გადაქანცულ ძმებსაც კი ავიწყდებოდათ მისი არსებობა. რომ გამქრალიყო, მოიძებნიდნენ კი? გაახსენდებოდათ კი, რომ მათი გვარისა კიდევ ერთი კაცი დააბოტებდა დედამიწაზე?

ის ფიქრები ჭამდნენ ახალგაზრდა ჰამილკარს, რაც ყველაზე ხშირად აბოროტებს ადამიანს. მაგრამ ისიც იმ კეთილშობილი კლდის ნამსხვრევი იყო, რომელსაც დიდ მთავარსარდლად იხსენიებდა მთელი ქვეყანა. ჰამილკარიც ალბათ თავდაღუნული, უხმო მონდომებითა და მწველი ერთგულებით  შეებმებოდა ყველა იმ საქმეს, რასაც ძმები დაავალებდნენ. თუნდაც ვერასდროს გაემეტებინათ მისთვის სიტყვა - ძმაო. ალბათ მაშინაც კი, როცა კარგად ხედავდა, მისთვის დავალებული საქმე თითქმის ამაო იყო. მხოლოდ აუცილებელი როლი, რომელიც მისი გვარის კაცს უნდა ეთამაშა, თუმცა ფუჭი, უსარგებლო და მასსავით უმნიშვნელო. 

ალბათ მაინც ეყვარებოდა ჰამილკარს ძმები. ალბათ მაინც ეტკინებოდა მათი სატკივარი და სწორედ ასეთი, აუტანელი სიჩუმის გუგუნისას, ისიც იმედად შეჰყურებდა პატარა მკურნალს, რომელიც, როგორც ყოველთვის, ვერც კი ამჩნევდა დარბაზში მიყუჟულ, ჰაერივით უხილავ ჰამილკარს. მაინც ექნებოდა იმედი პერისტერის, რომლის მოსვლის მერე, ყოველთვის იცვლებოდა რაღაც. ყოველთვის ეკარგებოდა ფერი სასოწარკვეთას. ყოველთვის ფართოვდებოდა ღრიჭო სინათლისათვის. ყოველთვის ხმას იღებდნენ ავად მიჩუმებული მშობლიური კედლები.

 

 

 

***

 

პერისტერის ტერფქვეშ ექოც კი დადუმებულიყო. მხეცის ქვაბულივით ხმაჩაკმენდილ სასახლეში, ჩაჟამებული მუხის კარის წინ იდგა და ვეღარც ირყეოდა. მას მერე, რაც აბანოში ანიჰალს აშკარად და თუ თავს გამოუტყდებოდა, საკმაოდ თავხედურადაც აჩვენა, რასაც ფიქრობდა, პერისტერი გორგონას გამოხედვასავით გაურბოდა მთავარსარდალთან გადაყრას. ექვსი დღე იყო, ამავე მიზეზით არ ენახა ჰარტაგოც. ახლა კი, როცა სუფეტეს პირადმა მეეტლემ ქალაქი ამოატრიალა მის მოსანახად და სასახლეში მიიყვანა, სირცხვილთან, უსაზღვრო მღელვარებასთან და სინდისის ქენჯნასთან ერთად, უცნაურ შვებასაც გრძნობდა. როგორც იქნა, ,,ჭის ფსკერის" კარიც შეაღო. მძიმე კარმა ისე დაიჭრიალა, რომ მისი ხმა მთელს სასახლეში გაისმა.

დარცხვენილმა პატარა ქალმა თვალების წამოწევა გაბედა და ლამის მუხლი მოეკვეცა. ჰარტაგო მისივე გოდების ანარეკლად ქცეულიყო.

- შენც მიმატოვე, პერისტერი?

სინდისის ქენჯნის სილა მოხვდა პატარა ქალს. სწრაფად გააქნია თავი არაო და მამაკაცისკენ დაიძრა. უნდოდა გაქცეულიყო, მაგრამ უხილავი ძალა ისევ კარებთან იჭერდა და უკან ექაჩებოდა. მაინც უჩქარა ნაბიჯს. სწრაფად წამოდგა ჰარტაგოც. პატარა ქალი ზუსტად მის წინ აისვეტა და დაიჩურჩულა მაპატიეო. კაცმა გაყინული ხელები მოჰხვია და თავზე აკოცა.

- რა ხდება, ჰარტაგო?

პერისტერიმ ფრთხილად დაიხია უკან და მამაკაცს სისხლისფერ თვალებში ჩააჩერდა. ჰარტაგომ თავი გადააქნია და ისევ სკამს დაუბრუნდა. მაგიდაზე დალაგებულ რუქებს გახედა, ზედ დაწყობილი ფიგურები ხელის ერთი აქნევით წააქცია და თქვა:

- მოკავშირეები კვირაზე მეტია ქალაქს ირგვლივ დაბანაკებულან და ჩვენ ნიშანს ელიან. შეტევაზე გადასვლის დროა.

- მიდიხართ?

- საქმეც მაგაშია, რომ პასუხს ვერ ვაძლევ.

თითქოს დარცხვენით თქვა ჰარტაგომ და მუჭით ტუჩები მოიჟღლიმა.

- ანიჰალი? არ იბრძოლებს?

- არც მელაპარაკება, პერისტერი. რა პასუხი უნდა ვუთხრა სენატს, მოკავშირეებს, ხალხს, როცა საკუთარი ძმა და ქვეყნის მთავარსარდალი ხმას არ იღებს?

პერისტერის სუნთქვა შეეკრა. ჰარტაგომ კი თვალები დახუჭა და დაიჩურჩულა:

- მეშინია პერისტერი. მეშინია იმის, რისი გაკეთება მომიწევს. იმის უფრო მეტად, თუ რა შედეგი დადგება, თუ ამას არ გავაკეთებ.

ამჯერად პერისტერის გაცრა ტანში. მერე ისეთი ენერგიის მოზღვავება იგრძნო, რომ ადგილიდან წამოხტა, ჰარტაგოს ზურგი აქცია და გაავებული გავარდა კარისაკენ.

- სად მიდიხარ, პერისტერი?

ჰარტაგოც წამოდგა და პატარა ქალს აედევნა.

- ეს უკვე მეტისმეტია! ანიჰალთან.

- კი მაგრამ, ახლა მთვრალია.

- როდის არ არის?!

პერისტერი უკვე კარს იქით იყო და ხან აქეთ ატრიალებდა თავს, ხან იქით.

- მისი ოთახი მარჯვნივაა, - ზურგს უკან გაისმა ჰარტაგოს ხმა.

პერისტერიმ დასრულება არ დააცადა და სირბილით დაიძრა მარჯვენა მხარეს. არც დაუყოვნებია, პირდაპირ შეაღო კარი.


 

თავი 29

წაქცეული მთავარსარდალი

 

 

როგორც კი პერისტერის უკან კარი დაიხურა, პატარა ქალი სრულიად უცხო სამყაროში აღმოჩნდა, რომელზეც ვერაფრით იტყოდი, დიდებული სასახლის ნაწილიაო. დაბნეულობამ, წამით, შემართება გადაავიწყა და პატარა ოთახს გაკვირვებით მოავლო თვალი. ჯერ იფიქრა, სასახლის ეს ნაწილი ალბათ დაუსრულებელიაო. მაგრამ, როგორც კი თვალი ჩამუქებულ ოთახს შეაჩვია, მიხვდა, რომ აქაურობისთვის, დიდი ხანია ხელოსანს ხელი არ შეევლო. კედლებზე არც ფრესკები იყო, არც მოზაიკა, მხოლოდ ფორთოხლისფერში გადასული, მოწითალო, გახუნებული და ალაგ-ალაგ დაბზარული საღებავი. არც მაგიდა ჩანდა სადმე, არც სკამი. ოთახში ერთადერთი ტახტი იდგა, რომელსაც პატრონი საწოლადაც იყენებდა. იქვე იარაღები, აბჯარი, სხვადასხვა ქსოვილები იყო უდიერად მიმოფანტული. ოთახი, სამყოფზე მეტად, საბრძოლო კარავს წააგავდა. არც ბუხარი, არც ჩირაღდნები, მხოლოდ და მხოლოდ აივანზე გამავალი ფართოდ შეღებული კარი სინათლისთვის, რომელშიც ანიჰალის ვეება სხეული იდგა.

მთავარსარდალს ხელში დიდრონი სასმისი ეჭირა და პერისტერის ისე აკვირდებოდა, თითქოს ვერ გადაეწყვიტა, მეჩვენება თუ მართლა აქ დგასო. თვალები დააწვრილა, სასმისში ღვინოს ჩახედა და დაყნოსა, მერე თვალწინ ხელიც გაიქნია, თითქოს აჩრდილს ედენებაო.

ისევ წამოენთო სიბრაზისგან პატარა ქალი. უშიშრად მიეჭრა მთავარსარდალს და ხელიდან სასმისი გამოსტაცა.

- საკმარისია! - დაიძახა და შიგთავსი აივანზე გადაასხა.

ანიჰალმა როგორც იქნა დაიჯერა, არ მეჩვენებაო და ჩვეულზე უფრო მრისხანე გამომეტყველებით მიაჩერდა.

- ნუ მიყურებ მასე! ასეთი რა დაგიშავე? რატომ ამომიჩემე?

მთავარსარდალმა რამოდენიმეჯერ დააპირა რაღაცის თქმა, მაგრამ მხოლოდ ჩაახველა. 

- განა რასა ვითხოვ? არც დაფასებას, არც პატივისცემას, მხოლოდ იმას, რომ როცა დამინახავ, ისე ნუ შემომხედავ, ვითომ ჩემი არსებობა გულს გირევს!

მთავარსარდლის თვალები უფრო მეტად წამოენთნენ და ისეთ ჩახლეჩილ ხმაზე დაილაპარაკა, თითქოს კვირები სიტყვა არ ეთქვას:

- საიდან მოიტანე?

- მესმის, რომ შენს ძმას ჩემზე ათასჯერ წარჩინებულის შერთვა შეშვენის, მაგრამ არც უკანასკნელთაგანი ვარ, ამ ქვეყანაზე ვინც დააბიჯებს!

- შენი აზრით, ვინ უთხრა ჰარტაგოს რომ შენ იყავი მისი ბედი?! - დაიღრიალა მთავარსარდალმა.

- მაშინ, რაღატო გეჯავრები?!

- ვინ გითხრა რომ მეჯავრები?!!

ორთავემ, თითქოს ყვირილს რაღაც დაგუბებული, მძიმე და შხამიანი ამოატანაო, უეცარი სიმსუბუქე შეიგრძო. პერისტერიმ რამოდენიმეჯერ ღრმად ამოიხვნეშა და, როგორც იქნა, ბოლომდე გაეხსნა ფილტვები. ანიჰალმა კი სახე მოიჟღლიმა და კეფაზე ხელები მოიჭირა.

- როგორ ამსუბუქდა..

გულზე ხელი ედო პერისტერის, როცა ამ სიტყვებს ამბობდა. წარბშეკრულმა ანიჰალმა მხოლოდ თანხმობის ნიშნად დააქნია თავი. ძალაგამოცლილი პატარა ქალი ჩამოჯდა, სახე ხელებში დამალა და სიცოცხლეში ყველაზე საამო სიჩუმეს უფლება მისცა ოთახში ემეფა. მერე ჰკითხა:

- ორივე ჰარტაგოს ბედს მიწოდებთ.

- მისი ბედის საჩუქარი, - კვლავ დაუქნია თავი ანიჰალმა, - მისი იმედი, სიმშვიდე და დილის სხივი.

- თავი გტკივა? - ჰკითხა მკურნალმა, რომელსაც არ გამორჩენია მთავარსარდლის ხელის მოძრაობა.

- აღარ.

- შველის თხოვნა სათაკილო არაა, ანიჰალ. როგორი ტიტანურიც არ უნდა იყოს შენი მოთმინება, რაოდენ სწრაფი შენი სხეულის გაჯანსაღება, მე მაინც ვამჩნევ, რომ მარჯვენა ტერფი ნაღრძობი გქონდა და მხოლოდ ახლახან დაიწყო მორჩენა. არ ხარ ვადებული ის ტკივილი ატარო, რომლის გაყუჩებაც შემიძლია. ნუ ურჩობ ბოლო წუთამდე. რომ დაგჭირდები, დამიძახე, ან ჩემამდე მოდი.

ის, რაც ჩხუბითა და ყვირილით დაიწყო, ახლა მშვიდ და თანაგრძნობით სავსე დიალოგად იქცა. ანიჰალის მრისხანე მზერაც ნელ-ნელა დაიბზარა და ისეთივე გათანგულ გამომეტყველებად ჩამოლღვა, როგორიც ჰარტაგოს ჰქონდა. ამაზე პერისტერის გონებაში მეხი გავარდა. რისთვის იყო აქ მოსული და რაზე ლაპარაკობდა?! ტუჩზე იკბინა, უხერხულად მიმოიხედა და რბილად წამოიწყო:

- ანიჰალ, ჰარტაგომ მითხრა, რომ ჯარი მხოლოდ შენ გელოდება.

მთავარსარდლის წარბებს შორის ისევ გაღრმავდა ნაოჭი. ქალს ზურგი აქვია და ჩქარი ნაბიჯით წავიდა აივნისაკენ.

- მოიცა! გთხოვ!

ანიჰალი შეჩერდა, მაგრამ არ მობრუნებულა.

- ვიცი რასაცა ფიქრობ, როგორაც აგცრუებია ამ ქვეყანაზე გული.

განერალი მოტრიალდა და ის მზერა სტყორცნა, რომელიც ნათლად ამბობდა, წარმოდგენა არ გაქ, რას ლაპარაკობო. პერისტერიმ კი, განაგრძო:

- შენგან მხოლოდ მოითხოვენ. მოითხოვენ, მოითხოვენ და უკან არაფერს გაძლევენ. მოითხოვენ, რომ თავი გადადო, ყველაზე ძვირფასი შესწირო, როცა სანაცვლოდ არაფრის მოცემა არ უნდათ, მჭახე სიტყვების გარდა. იმ ქვეყნის გადარჩენასა გთხოვ, რომელმაც სამ ძმას ერთადერთი და წაგართვათ, მისი ხელით ბინძური საქმე აკეთა, მერე დაამცირა, დააკნინა და სანახაობად აქცია.

პერისტერის მოეჩვენა, რომ ანიჰალს სიბრაზისგან ზედა ტუჩი და ნესტოები უთრთოდა. პატარა ქალი კი განაგრძობდა:

- განა არ მესმის ბრაზი იმ უსუსურობისა, რაც ყოვლისშემძლე ოჯახს დაუდგა, როცა ქვეყანაზე ყველა ძალაუფლების მიუხედავად, ხელმოცარული შესცქერის ამ სიმწარეს. ამის მერეც გეუბნება, კიდევ შესწირე, მეტი და მეტიო. მესმის, რა ტკივილის გავლასაცა გთხოვ. მაგ თასიდან წვეთი მეც შემისვია.

ამის თქმაზე პერისტერიმ დაიარებული, თეთრი და მუქი ვარდისფერი ნაწიბურებით დაკუჭული ხელისგულები უჩვენა. ამაზე ანიჰალი მთლად წამოენთო:

- გგონია ტკივილის გამო..

- არა! - გააწყვეტია პერისტერიმ. - ერთი ლოდი მთავარსარდალს ვერ წააქცევდა. ლოდი ლოდს ედება, სანამ ტვირთი დაუძლეველი ხდება. ახლა კი ჩემი მთავარსარდალი წაქცეულია და მე მაინც მას უნდა ვევედრო, დამიცავითქო. მაგრამ, ნუთუ ასეთი შესაზარვი ვარ, რომ იმ ყველაფრის მერე, რაც მინახავს და შენთან ერთად განმიცდია, მზად ვარ თუნდაც ასი ასეთი წყეული ღამე გამოგატარო და მაინც გთხოვო?! იმიტომ, რომ ჩემსა და დაღუპვას შორის შენღა დარჩენილხარ. ასეთი საძაგელი ვარ, რომ გთხოვ ტკივილი იტვირთეთქო, ოღონდ ნუღა იქნებიან დაჭრილ-დასახიჩრებულები, რომლებიც მევედრებიან - რამე მიშველეო?! მკურნალო, იღონე რამე, ოღონდ კიდურს ნუ მომაჭრიო! რომ ყოველ დღე, აღარ ვუცქირო თვალებში ასობით მეომარს, ვამშვიდო, ვანუგეშო, როცა ვიცი, რომ მათი წამები დათვლილია. ასეთი არაადამიანი ვარ, როცა ვიცი, რა იქნება შედეგი, მაგრამ მაინც გთხოვ, დამიცავი, იმიტომ, რომ სიცოცხლე მინდა-მეთქი?!

მთავარსარდლის ნაცვლად დაქანცული, ნატანჯი და დამარცხებული კაცი უცქერდა პერისტერის. დამძიმებული თვალები დახარა ანიჰალმა, მერე კარისკენ წავიდა და რომ გამოაღო, პირისპირ შეხვდა იქვე ასვეტილ, წარბშეყრილ ჰარტაგოს. ხმა არ ამოუღია მთავარსარდალს, თავით აჩვენა წამოდიო და ძმები ,,ჭის ფსკერისაკენ" დაიძრნენ.

ოთახში დარჩენილი პერისტერის მოჭიმული სხეული ერთიანად მოიღვენთა. მთელი ტანით აცახცახდა. სახე ხელებში ჩამალა და ნელ-ნელა ისევ დაიმორჩილა სხეული. თვალი რომ გაახილა, ფეხზე წამოვარდა, რადგან მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ანიჰალის საწოლზე იჯდა. სირცხვილისაგან აწითლებული აჩქარებით გაეცალა იქაურობას და თავი შიდა ბაღს შეაფარა. იქ იცდიდა, სანამ ღამის გუშაგებმა კელაპტრები არ ააბრიალეს, ხოლო სასახლიდან აბჯარასხმულმა, მიზანდასახულმა და მრისხანე ანიჰალმა არ გადმოაბიჯა. ახალგაზრდა მთავარსარდალმა ისე მოიტოვა უკან ალაყაფი, რომ პერისტერისკენ პირი არ უბრუნებია. 

- ამ ომში გავიმარჯვებთ, პერისტერი.

პატარა ქალი, მოულოდნელობისაგან შეხტა. ჰარტაგო გვერდით ედგა და მის თვალებში იმედის ნაპერწკლები კიაფობდნენ. სიამაყის ღიმილით უცქერდა ძმის მუქ სილუეტს, რომელიც სულ მალე შთანთქა ღამის წყვდიადმა. ჰარტაგო განაგრძობდა:

- ჩვენ გავიმარჯვებთ და ამაში შენი წვლილი ისეთივე იქნება, როგორიც ჩემი, პერისტერი.