ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ფოლადის ფრთები

ფოლადის ფრთები

ფოლადის ფრთებიავტორი: ელენე კუპრაშვილი ეკტი ბეკტი ბესმოერიდე ძმებს.ერთს აქვს ნათელი დიადი,მეორეს დააქვს წყვდიადი; თუ მათ გადაეყრებიგზა მიეცი, შეჩერდი!ერთი ნათლით შეგიტყუებს,ბნელი დაგწვავს, განადგურებს; წყვდიადი არ იქორწინებს,მომავალს არ იქონიებს.ასტარტე[1] თავისას მოხვეჭს,თან წაიყვანს, არ აცოცხლებს; ნათელი ხალხს გაამარჯვებს,ისტორიას დაღს დაასმევს.ბნელი ბრძოლით დაეცემაძვლის ჩხარუნის ხმად დარჩება; ერთი ქვეყანას წარმართავს.ქალღმერთი მსხვერპლს არ დაჰკარგავს!ეკტი ბეკტი ბესმოერიდე ძმებს.    თავი 1დაბადება  ჯერ კიდევ თბილი ქვის ფილაქანზე, მსუბუქი, აჩქარებული ნაბიჯი მშვიდი ზღვის ტალღების ხმას ერეოდა. გვიანი საღამოს ბინდბუნდში ორი წყვილი სანდალი მიწიდან მტვერს წევდა. ბებიაქალს ზურგზე სამშობიარო სკამი მოეკიდებინა და, პატარა ბავშვს ხელჩაჭიდებული, სასახლისაკენ მიიჩქაროდა. თიხის ჭურჭელში ძლიერი ღვინო ჩაესხა, შიგ ინსტრუმენტები ჩაელაგებინა და ისიც მძიმედ აწევდა მხარზე. ტვირთი გზას უძნელებდა და ბავშვიც ანელებდა, მაგრამ ქალი ელოდა გასაჭირში. ისიც ღონეს არ იშურებდა და სიმწარეს არ ეპუებოდა. „ეკტი ბეკტი ბეს...  ეკტი ბეკტი ბეს..." ბავშვი წკრიალა ხმით მღეროდა და ძალიან ცდილობდა, დედას არ ჩამორჩენოდა. თითებში თიხის თოჯინა მოექცია და მთელი ძალით იკრავდა ერთ ციდა გულზე. ნავსადგურიდან მობერილმა  თბილმა ჰაერმა უხვად მოიტანა ზღვის შხეფები და პატარას ოქროსფერი დალალები დაუნამა. მარილისაგან გაწებილი თმები გოგონას შუბლზე ეკვროდა და მათ გადაწევას ბავშვის ფუნჩულა თითები ამაოდ ცდილობდა. პატარა დაღლილი იყო, გვარიანადაც ეძინებოდა, მაგრამ არ წუწუნებდა. ის არასდროს წუწუნებდა.            „ეკტი ბეკტი ბეს... ეკტი ბეკტი ბეს..." ქარვისფერი ქალაქის დაღლილ, გარინდულ ქუჩებში გამეფებულ მშვიდი ზღვის მუსიკას მხოლოდ ნავსადგურში დამდგარი გემების ოხვრა, ორი წყვილი სანდლისა და ბავშვის სიმღერის ხმა ატოკებდა. გვიან მგზავრებსა და დიდი მთავარსარდლის ჰამილკარ ბარკას სასახლეს რამდენიმე შესახვევიღა აშორებდა. ბუმბერაზი შენობის ფართო შუბლიც ნელ-ნელა დაენახა დაბნეულ მგზავრებს და მათ წინაშე მთელი დიდებულებით გადაიშალა. ქალის მოძრაობაში მიზანდასახულობა იკითხებოდა, მაგრამ შეცბუნებული უხერხულობის დაუნახაობაც შეუძლებელი იყო. ბებიაქალი დაეთრგუნა მდიდრულ სასახლეს, მაშინ, როდესაც თვალებგაფართოებული ბავშვი აღტაცებული შესცქეროდა მის წინ გადაშლილ სანახაობას. სად არ ყოფილან: ქოხებსა და ხალხმრავალ სახლებში, შეძლებული ვაჭრების შენობებსა და მდიდრების ბაღებშიც, მაგრამ ეს სასახლე  ქუჩის მეზღაპრის მონაყოლიდან გადმოსულს წააგავდა. მისი კედლები ძვირფასი წითელი და ოქროსფერი საღებავით იყო შემკული. მისი სვეტები მაღალი, ბანისტრადები კი განიერი იყო. დედა-შვილს ჩირაღდნიანი, ხანშიშესული კაცი მიუახლოვდა. ჭარმაგი მამაკაცის ბამბის ტუნიკა უბრალო იყო, მაგრამ ისეთი სუფთა, რომ გაოცებულ პატარას თვალი მოსჭრა. მისი მზერა ხნიერ მამაკაცს სწავლობდა, რომელსაც ჭაღარა თმაზე კონუსისებრი ქუდი ეხურა, ფერფლისფერი წვერი კი სამ მჭიდრო კულულად დაეგრიხა. მსახურმა ჩირაღდანი მაღლა აწია, მოსულთა სახეებს ჩააცქერდა და იკითხა: - ბებიაქალი ხარ? - მისი ჩახლეჩილი, მაგრამ ძლიერი ხმა, ღამის ჩურჩულში ზარივით გავარდა. ისედაც დათრგუნულმა ქალმა, პასუხად, მხოლოდ თავი დაუქნია და უფრო ღრმად ჩაიძირა თავსაბურავში. კაცმა ანიშნა, მომყევითო და ისინიც აედევნენ. მთელი სასახლე ფორიაქობდა. დაძაბული მონები ფუსფუსებდნენ, წყალსა და სუფთა ნაჭრებს ეზიდებოდნენ, უცნაურ ქოთნებსა და ჭურჭელს დაატარებდნენ. ახლადშეღებილი კედლების სუნი მკაფიო იყო ცხელი ღამის ისედაც მდორე ჰაერში. ოთახის ცენტრში, ღია ჭერქვეშ, დიდრონი ავზი იყო, წვიმის წყალს რომ აგროვებდა. პრიალა მარმარილოს იატაკი ისე ლაპლაპებდა, რომ ბავშვი მოწიწებით დგამდა ნაბიჯს. ყველაზე მეტად რამაც პატარა მოხიბლა, ჭერს ქვემოთ, კედლებს გაყოლებული მოზაიკა იყო. ოსტატის ხელს ფერადი სადაფებით გამოეყვანა გლადიატორები და ცხოველები, საბრძოლო ორთვალები და გაქაფული ბედაურები, მოპაექრე ათლეტები და ტახტზე მჯდომი მამაკაცი, ზემოდან რომ დასცქეროდა სანახაობას. პატარას შეეძლო უსასრულოდ ეცქირა მოზაიკაში ჩაკარგული ჩირაღდნების ოქროს ანარეკლებისათვის, მაგრამ ყურადღება სასოწარკვეთილი ქალის ყვირილმა მოსტაცა. ბებიაქალი უფრო და უფრო მოუსვენარი ხდებოდა, მთელი ძალით ჩაებღუჯა თან მოტანილი ტვირთი და დაბნეულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. წამიც და სახეარეული სასახლის ბატონი დედა-შვილისაკენ გამოქანდა. მამაკაცის ტანისამოსი მდიდრულად იყო მორთული, მაგრამ აჯაჯულ-დაჯაჯული, თითქოს პატრონი კარგა ხანია ნერვულად ქაჩავსო. - ბებიაქალო! - მისმა ხმამ მთელს სასახლეში დაიჭექა და კედლებს დაეძგერა. დედა-შვილი შიშისაგან შეხტა და ნაბიჯი უკან გადადგა - არასდროს მოგცემდი უფლებას ჩემი ცოლისთვის თითი დაგედო! მაგრამ საუკეთესო მკურნალები შევყარე და მეუბნებიან, თუ მუცელში გაჭედილი შვილის გადარჩენა მინდა, ცოლი უნდა გამიფატრონ! კაცი გიჟს ჰგავდა. ქალმა ბავშვის ხელი კიდევ უფრო მძლავრად ჩაბღუჯა.  - მონებმა მითხრეს, შენთვის ხმა მომეწვდინა. ცოლ-შვილს თუ გადამირჩენ, დაგასაჩუქრებ, - აღუთქვა მთავარსარდალმა. კიდევ ერთი სასოწარკვეთილი ხმა დაიძრა სასახლეში და ბებიაქალმა სიმამაცე იპოვა: - დიდო მთავარსარდალო, რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მკურნალმა უნდა დამაცადოს. ბევრს მელოგინეს დავხმარებივარ. თუ შენი შვილი მუცელში წევს, მე შემიძლია დახმარება. თუ ზის - შემიძლია დახმარება. მაგრამ თუ დედის ძარღვი უკვე ახრჩობს, ვერაფერს გავხდები. - ყველაფერი გააკეთე! - გააწყვეტინა მთავარსარდალმა. ბებიაქალმა თავი დააქნია და აჩქარებით დაიძრა ფარდისაკენ, რომლის მიღმაც გაწამებული ქალის ხმა გაისმოდა. გოგონამ გაიგონა, როგორ ითხოვა დედამ ხელის გადაბანა და სანელებლებიანი, წითელი ღვინო ქალისათვის.  ბავშვმა ამ ქაოსში მისი ადგილი კარგად იცოდა. სანამ არ მოაკითხავდნენ, იქ დაელოდებოდა, სადაც დატოვეს. თიხის უბრალო თოჯინა უხილავ სახვევებში გაახვია, გულზე მიიკრა, დაურწია და უმღერა:  „ეკტი ბეკტი ბეს... ეკტი ბეკტი ბეს..." ***      მარმარილოს იატაკზე მჯდომ პატარას ყურადღებას არავინ აქცევდა. გაწამებული ქალის ყვირილი შემხუთველ ჰაერს ხვრეტდა. მისი ხმა უფრო და უფრო სუსტდებოდა. ნორჩმა პატარამ უკვე კარგად იცოდა, რაოდენ საშიში იყო ეს მიჩუმება, მაგრამ დედისაც სჯეროდა და როგორც უკვე არაერთხელ, ფორტუნას[2] მოწყალე ღიმილსაც იმედოვნებდა.      თოჯინას რომ მიუბრუნდა, დარბაზში მძვინვარე ბრძოლით გადაჯაჭვული ორი სხეული შემოგორდა. ინსტინქტურად გოგონა ფეხზე წამოიჭრა და ხიფათს რამდენიმე ნაბიჯით გაეცალა. ყორნისფერთმიანმა ბიჭმა ძლიერი, კარგად გათვლილი მოძრაობით მოისროლა მეორეს სხეული. მათი ჭიდილი სულაც არ წააგავდა ბავშვურ ძიძგილაობას, რაც თანატოლებში გოგოს მრავლად ენახა. ამ ბიჭებმა მშვენივრად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ. მათი ქმედებები კარგად შესწავლილ ცეკვას ჰგავდა, მკვეთრი, ძლიერი და მკვირცხლი მოძრაობებით. - ნებდები? - ჰკითხა შავთმიანმა. - არ ვგეგმავ, - მხიარულად უპასუხა მეორემ და ფეხზე წამოდგა. მტვრიანი ხელით ოფლიანი, თეთრი თმა ფერმკრთალი სახიდან გადაიწია და შუბლზე ტალახის ნაკვალევი დატოვა.      ფეხშიშველა ბიჭებს მხოლოდ ყავისფერი ტყავის სავარჯიშო სამოსი ესხათ. ათ წელზე მეტის ვერ იქნებოდნენ. მათი სხეულები ისევ შერკინებაში გადაიჯაჭვნენ, რომელმაც ორიოდ წუთს გასტანა. პირველმა თეთრთმიანი ბიჭი მტკივნეული ბოჭვით შეკრა. მხოლოდ ამის შემდეგ დაძლეულის თვალებმა სტუმარი მონახეს. მან გოგონას გაუღიმა და თქვა: - ერთი ეს ნახე! გამარჯობა. შავთმიანი ბიჭის სახე სწრაფად მიბრუნდა მოულოდნელი სტუმრისაკენ. დამარცხებულმა დრო იხელთა, ხელიდან დაუსხლტა, ზემოდან მოექცა და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. როცა წამოდგნენ, პირველი გაურკვევლად და უკმაყოფილოდ ბუტბუტებდა, მეორე კი წარმოუდგენლად კმაყოფილი ჩანდა. - გამოდის, რომ ცოტა ხნის წინ შენ გვიმღეროდი. ვინ ხარ და აქ რამ მოგიყვანა? - მომღიმარმა ბიჭმა თეთრი წამწამებით შემორტყმული დიდრონი, თითქმის შავი თვალები შეანათა. მისი გამომეტყველება სითბოს და სიკეთეს ასხივებდა. ისე ელაპარაკებოდა, როგორც მეგობარს, რითაც საპასუხო, მორცხვი ღიმილი დაიმსახურა. - ბებიაქალის შვილი ვარ, - უპასუხა გოგონამ და პატივისცემის ნიშნად თვალები დახარა. სწორედ მაშინ კიდევ ერთი მტკივნეული ყვირილი გაისმა, ამჯერად წინაზე ძლიერი. მას თან ახლდა ბებიაქალის გამამხნევებელი შეძახილი, რომელიც გატანჯული ქალის ძალის ბოლო ნაფლეთებს უხმობდა, მოუწოდებდა, არ მორიდებოდა ტკივილს. პირიქით, მასში გაევლო და გაჭინთულიყო. - კვდება, - გაისმა შავთმიანი ბიჭის მტკიცე, ძლიერი და ცივი ხმა. - მე კი მგონია, რომ დედაჩემს შეუძლია დახმარება. მე მგონი, ყველაფერი კარგად იქნება. პირველი ბიჭის ქარვისფერი თვალები სტუმარს დააცქერდნენ და წარბშეყრილმა, თავიდან ფეხებამდე დაათვალიერა. გოგომ ენაზე იკბინა, როგორ გავბედე და სახლის ახალგაზრდა ბატონს შევეკამათეო.  - აქ რატომ ხარ? - გააგრძელა პირველმა. - დედამისს მოჰყვა. ეს ხომ აშკარაა, - ჩაიფრუტუნა მეორემ. - ხომ, მაგრამ უკვე გვიანია. და ჭუჭყიანი რატომ ხარ? უცხოელები რა, შვილებს არ ბანენ? - კარგი რა, ანიჰალ. ჩვენზე ჭუჭყიანი ნამდვილად არ არის, - გაიცინა პირველმა და გოგონას თვალი ჩაუკრა. - ხომ, მაგრამ ჩვენ ვვარჯიშობდით. ეს რატომაა ჭუჭყიანი? - საბანაოდ მივდიოდით, როცა დედას მოუხმეს. სირბილით წამოვედით, - გოგონას ხმა თითქმის გალღვა ნესტიან ღამეში და უხერხულად შეისწორა აქა-იქ დაკემსილი სამოსი. - ხედავ ანიჰალ? უცხოელებიც უვლიან შვილებს. თავი დაანებე, - მეორე ბიჭი თბილი და მზრუნველი ღიმილით მიუბრუნდა გოგონას და განაგრძო - რა გქვია? - პერისტერი, - უპასუხა პატარამ და ანიჰალის მრისხანე თვალებს განერიდა, რომლებიც ჯერ კიდევ უბღვერდნენ. - ბერძენი ყოფილხარ. ძალიან უცნაური სახელი გქონია. ძმაო! ნუ აშინებ, ისე უყურებ, გეგონება, შეჭმას უპირებდე! - ხმა ჩაიგდე ჰარტაგო და შეწყვიტე! ვიცი, რასაც აკეთებ! - ჩემს ძმას ყურადღებას ნუ მიაქცევ, - ხელი აიქნია ფერმკრთალმა ბიჭმა - არც ისე ცუდი ვინმეა, როგორიც ჩანს და ნუ გეშინია, დარწმუნებული ვარ... რაღაცამ გაიხრაშუნა და სამივემ შენიშნა გოგონას თოჯინა, იატაკზე მივიწყებული, ახლა კი, ჰარტაგოს ფეხქვეშ სანახევროდ დაფშვნილი. პატარას აკანკალებულმა ხელებმა ერთადერთი სათამაშო აიტაცეს, რომლის გამთელების იმედიც დაფშვნილ ნახევართან ერთად გაცამტვერდა. გოგონამ ტუჩები მაგრად მოკუმა და თვალები ააფახურა, ტირილი რომ არ დაეწყო. - ეს შენი უნდა იყოს. ბოდიში, ვერ დავინახე, - ჰარტაგო გულწრფელად გულდაწყვეტილი ჩანდა - შევეცდები, იქნებ ახალი გაგიკეთო.      სიტყვა ახალშობილის ჯანმრთელმა, ძლიერმა ტირილმა და ქალის ისტერიულმა სიცილმა გააწყვეტინეს. სამივე სახლის ბატონის საწოლი ოთახისაკენ შეტრიალდა. ძმებმა შვებით ამოისუნთქეს, პერისტერის კი სახეზე ბედნიერმა, სიამაყით აღსავსე, მაგრამ მაინც მორიდებულმა ღიმილმა გადაჰკრა, რადგან პირველი ძმის წარბშეკრული გამოხედვა არა და არ ტოვებდა. პატარა პერისტერი ასეთ მოპყრობას შეჩვეული იყო. ობლად დაბადებული, უცხოელი, უქონელი ბებიაქალის შვილი, პატრონისა[3] და მამის გარეშე. ისინი მარტონი იყვნენ ამ არც თუ ისე კეთილ სამყაროში. მაგრამ პატარას თავი იღბლიანად და ბედნიერად მიაჩნდა. გასაკვირი მეორე ძმის, ჰარტაგოს მოპყრობა იყო, რომელმაც რაიმე აშკარა მიზეზის გარეშე, კეთილი განწყობის ჩვენება არჩია. - დახე, ცოდნია რასაც ამბობდა, - გაიცინა ჰარტაგომ. პატარამ მორცხვად დახარა თავი. ამასობაში ბატონის საძინებელი ოთახიდან დედა გამოვიდა. - ჯანმრთელი ბიჭია, დიდო მთავარსარდალო,- ქალის გათანგულ ხმაში ღიმილიც ერია. მამაკაცმა გადაიხარხარა და გადარჩენილი ცოლ-შვილისაკენ გაექანა. - შენზე ტყუილი არ უთქვამთ ბებიაქალო! მონებო! - მისი ხმა ყველა კედლიდან აირეკლა - ჩემი მესამე ვაჟი, ჰამილკარი დაიბადა! ვზეიმობთ! ყველას გააგებინეთ, რასაც ნიშნავს ჩემი სტუმართმოყვარეობა! - ეს ყველაფერი გზად მიაძახა და ფარდის უკან გაუჩინარდა. მძიმე ტვირთაკიდებული ბებიაქალი შვილისკენ დაიძრა. სულ ერთი წამით, სახლის ახალგაზრდა ბატონები შეათვალიერა. დაიბნა, არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. შვილი თავად მიუახლოვდა და ხელიდან ფუთა გამოართვა. დედა-შვილმა უსიტყო მზერა გაცვალა და უკანა გასასვლელისკენ დაიძრა. - ერთი ეგ მითხარი, საით გაგიწევია? - მთავარსარდლის ერთდროულად მკაცრი და მხიარული ხმა დაეწიათ. ქალმა თავი დაუხარა და უპასუხა: - დიდო მთავარსარდალო, შენი ცოლი უკვე კარგადაა, მას აღარაფერი ემუქრება. შენი შვილი ჯანმრთელია. რაც მათ სჭირდებათ, მოსვენებაა. ჩემი საქმე აქ სრულდება. - მაგრამ მე არ მითქვამს წადითქო. ამის გამგონე ქალი სულ მთლად დაპატარავდა. მთავარსარდალი მიუხვდა და იქვე დაამატა: - ჩემს გულუხვობას დაგპირდი, რაც ნამდვილად დაიმსახურე. მითხარი, საფასურს რას მთხოვ? - დიდო მთავარსარდალო, მითხრეს, რომ ქალს დახმარება სჭირდებოდა. მე მაინც მოვიდოდი. საფასური საჭირო არაა. პატივია დიდი მთავარსარდლის ოჯახის სამსახური. მაგრამ თუ თხოვნის ნებას დამრთავ, მე და ჩემმა შვილმა მძიმე დღე გამოვიარეთ, დაღლილები ვართ. თუ უფლებას მოგვცემ, ჩვენს სახლს დავუბრუნდებით. ბატონი მდუმარედ ათვალიერებდა ქალს, სანამ უკნიდან სულ მთლად ჭაღარა, ხნიერი მამაკაცი არ მიუახლოვდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. მოკლე და ხმადაბალი დიალოგის შემდეგ, მთავარსარდალმა დედა-შვილს თვალი შეავლო. პერისტერიმ ყურადღება ახლადმოსულ კაცზე გადაიტანა, რომელსაც, ბავშვის აზრით, ძალიან კეთილი თვალები ჰქონდა. - კარგი. ახლა წადი. მაგრამ მაზეგ, დილის ვიზიტზე გელოდები. შენ! - ბატონმა იქვე მდგომ მონას მიმართა - ბებიაქალის ტვირთი წაიღე და სახლამდე მიაცილე.  მერე შემობრუნდა და ღმერთების ხმამაღალი დიდებით, ფარდის მიღმა გაუჩინარდა. მონამ მათი ნივთები აიღო და გასასვლელისკენ გაუძღვა. პატარა პერისტერიმ ბოლოჯერ მოასწრო ძმებისთვის თვალის შევლება. პირველი ისევ გაბრაზებული უბღვერდა, მეორე კი ხალისიან მზერას არ წყვეტდა წარბშეკრულ ძმას.   *** გზა სახლისაკენ უსაშველო და დამღლელი გამოდგა. ტვირთი მთელი გზა მონამ ზიდა და ბოლო სართულზე მათ პატარა და უფანჯრო ოთახამდეც კი მიიტანა. გადატვირთული შენობა გარინდულიყო და ღრმად გახვეულიყო შუაღამის ძილ-ბურანში. მხოლოდ ერთმა, ნახევრად მძინარე მეზობელმა გაიმეტა უხეში ფრაზა, როდესაც ბავშვს საფეხურზე ფეხი მოუცურდა.      ქალმა მონას მადლობა გადაუხადა და ზეთის ლამფის აუნთებლად მონახა გზა მათ ვიწრო საწოლამდე. - დღეს კარგი დღე იყო, - გაისმა ბავშვის პატარა ხმა. - შენ სულ მასე ამბობ. მაგრამ იყო კი? ვახშამი და ბანაობა გამოვტოვეთ. რამდენიმე საათში კი მზეც ამოვა. - კი, იყო. შენ ქალს უშველე. ჯანმრთელი პატარა დაიბადა. მე კი ნამდვილ სასახლეში ვიყავი! - ბავშვის მეოცნებე, აღტაცებული ხმა გაისმა. პატარა ისევ წარუშლელი შთაბეჭდილების ქვეშ იყო. დედას გაეცინა, შვილს მოეხვია და თქვა: - ქალღმერთი მართალი იყო. მართლაც მზის სხივი გამომიგზავნა. - როგორ გგონია, მართლა ახდება რაც ასტარტემ გითხრა? მართლა მზის სხივივით ვიქნები? - უკვე ხარ, პერისტერი და ვინ იცის, როცა გაიზრდები და ბებიაქალი გახდები, იქნებ მომავალი მთავარსარდლის ან იმპერატორის  გაჩენაშიც კი დაეხმარო ქალს. დედის ხმა უფრო და უფრო მისუსტდა, სანამ დაღლილობამ არ დაამარცხა და უსიზმრო ძილში არ ჩაითრია. ბავშვი დედის სხეულს კიდევ უფრო მიეკრა და ვიწრო საწოლი კიდევ ერთხელ იქცა დედამიწის ზურგზე ყველაზე საამო კუნჭულად.   თავი 2ლომი და ბოკვრები            მთელი ღამის ბახუსგამოვლილმა მთავარსარდალმა ალიონს მაინც მოასწრო წამოდგომა. კაცს დისციპლინა სისხლზე ღრმად ჰქონდა ძვლებში გამჯდარი. ცოტა ხანს უცქირა გადაღლილ ძილში წასულ ცოლს, ახალშობილს, შავ, ღინღლიან თავზე დაკოჟრილი თითი რბილად გადაუსვა და გაეღიმა. ბრძოლებში გამობრძმედილი მთავარსარდალი, შიშის ზარს რომ სცემდა ცივილიზაციებს, რომლის წერაც ათასობით ქალაქი და არმია გამხდარა, საიდუმლოდ გულჩვილი იყო, როცა საქმე საკუთარ ცოლ-შვილზე მიდგებოდა. ეს იყო ერთადერთი რბილი იოტი მის გრანიტის ხასიათში. პაწია შეიშმუშნა და მთავარსარდალმაც არჩია, მათთვის ძილი ეცლია. ოთახიდან გავიდა, აივნიდან შიდა ეზოს გადახედა და მისთვის ჩვეულ, ღრმა ფიქრებში წავიდა. დიდ მთავარსარდალ ჰამილკარს ორი დღეა უცნაური საფიქრალი არ ასვენებდა. სხვისი მოტივების, გეგმებისა და ნაბიჯების ამოცნობა მისი უნიკალური ნიჭი იყო. სწორედ მას უმადლოდა არაერთ წარმატებას. მოულოდნელი და აუხსნელი ქმედებები კი აფიქრებდა და აღიზიანებდა კიდეც. ადამიანი არც ისე რთული არსება იყო მთავარსარდლისთვის. თუმცა, უქონელი ბებიაქალის უარი საზღაურზე, ძალიან უცნაურად ეჩვენებოდა. იქნებ უფრო მეტის მიღება უნდოდა? ან იქნებ მონეტებზე უფრო მნიშვნელოვანი რამ სჭირდება? თუმცა, ამ გამოცანის ამოხსნამდე დიდი ლოდინი აღარ დარჩენოდა. დილიდან ელოდა ბებიაქალის ვიზიტს და ამ კითხვაზე პასუხსაც უსათუოდ მიიღებდა. ამას ფიქრობდა მთავარსარდალი, როცა კარ-მიდამოს უხმოდ მოავლო თვალი. მიჩუმებულ სასახლეში კელაპტრებიც თვლემდნენ. არ ეძინა მხოლოდ აივანზე გადმომდგარ სახლის ბატონს და, როგორც ჩანს, მის ერთ ვაჟსაც. ბიჭი უკვე მოედანზე იყო და ვარჯიშობდა. მთავარსარდალი უცქერდა ანიჰალს და პირველი ქორწინებიდან არც თუ ისე შორ, ცივ იანვრის ღამეს იხსენებდა, როცა უმაღლესმა ქურუმმა[4] თავად ინება მის კარს მოდგომოდა. ქურუმები ყოველთვის ცუდის ნიშანი იყვნენ, ყოველთვის. მაშინაც კი, როცა ამბობდნენ, კარგი ამბით მოვედითო. ,,გიხაროდეს! - განუცხადა უმაღლესმა ქურუმმა - ტანიტმა[5] და ბაალ ჰამონმა[6] ისმინეს შენი გოდება! იბადებიან შენი მხსნელები, შენი გული და გონება! ცეცხლი და მახვილი, შენი მტრების დასამხობად!" გავიდა დრო და იმ დღეს, რომელიც მთავარსარდალმა კარგა ხანს არ იცოდა დაეწყევლა თუ დაელოცა, შვილების სიხარულთან ერთად, პირველ ცოლთან გამომშვიდობებაც მოუწია. სტიქსის[7] მდინარემ მისი სულის ნაწილიც წაიღო, მაგრამ საკვირველი შვილები დაუტოვა.  ანიჰალი - რომელიც მამას ასე წააგავდა, მაგრამ არა მის ყრმობას, არამედ მოწიფულობას. ის თვისებები, რომლის გამოსამუშავებლადაც მთავარსარდალმა წლები დახარჯა, რამაც წყლის წვეთივით, ქვაზე რომ ღრმულს ტოვებს, უსასრულო დრო წაიღო, ანიჰალს დედის მუცლიდან დაჰყვა: დისციპლინა, თვითშეგნება და უსაზღვრო მოთმინება. სულ რაღაც ცხრა ზამთრის მნახველი ბიჭი ახლაც დილა უთენია წამომდგარიყო და სხეულს გამძლეობის მორიგ გამოცდას უწყობდა.  ჰარტაგო -  წარმოუდგენელი ხედვების, კრეატიულობისა და გამჭრიახი გონების ყმაწვილი, პატარაობიდან რომ აკვირვებდა ფილოსოფოსებს. მრავლისმნახველ მთავარსარდალსაც კი აოცებდა მისი გამოხედვა. რაც წლები ემატებოდა ჰარტაგოს, მისი მზერა უფრო გამჭოლი, გონება კი კიდევ უფრო ბასრი ხდებოდა. მისი სიამაყე, ლომის ბოკვრები. ანიჰალი ამჯერად დიდრონ ქვას დასჭიდებოდა, ქედზე დაედო და მოედანზე ჩამუხვლით სიარული წამოეწყო. დიდმა მთავარსარდალმა შვილს კიდევ ერთხელ შეავლო სიამაყით სავსე თვალი და სახლში შებრუნდა. დიდრონ მუხის მაგიდას მიუჯდა და პირველმა ვიზიტორმაც არ დააყოვნა.  მკურნალი მაგონი თავის დაკვრით მიესალმა მთავარსარდალს და გვერდზე გადგა. მკურნალს მოჰყვა მცხობელი, ტავერნის მეპატრონე, ვაჭრები და ბევრი სხვანი, იმ ოჯახების თავები, რომლებსაც მთავარსარდალი პატრონობდა. რამდენიმემ ფულადი დახმარება ითხოვა, სხვებმა - დავის გადაწყვეტა. დანარჩენები უბრალოდ პატივისცემის გამოსახატად მოსულიყვნენ. ჩვეულებისამებრ, მთავარსარდალმა, მათთან ერთად, დემონსტრაციულად გაიარა რამდენიმე ქუჩა, რჩეულ ტავერნაში სწრაფად ისაუზმა და კვლავ სახლში დაბრუნდა. ყველა დაითხოვა მკურნალის გარდა და როცა მარტონი დარჩნენ, მაგონს მიუბრუნდა: - როგორც გითხარი, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. თუ ბებიაქალიც თანახმა იქნება, რა თქმა უნდა. მონა არაა, რომ ვუბრძანო, არც ჩემი სახლის პატრონობის ქვეშაა. მისი მხრიდან დიდი დაუდევრობა იქნება უარი, თუმცა, უცნაური ვინმე ჩანს. არაფერი გამიკვირდება. რამდენიმე წუთს ორივენი ჩუმად ისხდნენ. მერე მთავარსარდალს ბრაზი მოერია და მონას მოუხმო: - ბებიაქალთან ვინმე გაგზავნე და ახლავე აქ მომგვარე. დილის ვიზიტზე დავიბარე და ჯერაც არა ჩანს! - ბატონო, ბებიაქალი გარიჟრაჟიდან აქ არის, - თავი დახარა მონამ. - მერე, რატომ არ შემოვიდა?! - მე კი ვუთხარი, შედითქო, მაგრამ ასე მიპასუხა, ბატონები ჰყავს, ვერ შევაწუხებ,  აქ დაველოდებიო. - სად აქ? - აქვე ბატონო, რაც მოვიდა, მას მერე კართან დგას. გაკვირვებული მთავარსარდალი წამოდგა და თავად გასწია კარს მიღმა. შესასვლელის კუთხეში მიკუჭული ბებიაქალი, თავდახრილი, ისე შეუმჩნევლად ელოდა, რომ მთავარსარდალს სახლის მონა ეგონა და ყურადღება არც მიუქცევია. - ბატონს გაჰყევი, - უკარნახა მონამ და ბებიაქალიც ფეხაჩქარებით აედევნა.მთავარსარდალი საკუთარ ადგილს დაუბრუნდა და ოთახში მყოფებს გახედა. - ბებიაქალო! - მერე დაფიქრდა და განაგრძო - რა სახელი გაქვს? - ეოს, - ჩაიჩურჩულა ქალმა. - ეოს, - გაიმეორა მთავარსარდალმა და ყურადღებით დააცქერდა ქალს - თავი ასწიე. შემომხედე, როცა გესაუბრები.      ქალმა ფრთხილად წამოსწია სახე და მთავარსარდალს დიდრონი, კამკამა თვალები შეანათა. მამაკაცმა ერთხელაც გახედა მკურნალს, ტუჩის კუთხით გაიღიმა და კვლავ ქალს დაუბრუნდა. - ვისი სახლიდან?პასუხად, ქალი ყოყმანობდა. - შენ უკან გაგზავნას არ ვაპირებ, თუ ამას შიშობ. უნდა ვიცოდე, ვინ ხარ, საიდან მოსულხარ. - მკურნალი პანაგოს სახლიდან. - როგორც მითხრეს, რვა წელია, რაც გემით მარტო ჩამოხვედი. ქმარიც არ გყავს. მართალია? - მართალია, დიდო მთავარსარდალო. შვილი მყავს. - ქვრივი ხარ? - არა, მთავარსარდალო. მთავარსარდალს, რომაელებზე მეტად, მხოლოდ ქალების ჭორები ეზიზღებოდა, ამიტომაც გადაწყვიტა, მოკლედ მოეჭრა. - მკურნალი მაგონი იცი, - ბატონმა ბერიკაცს გადახედა, რომელიც მის ხსენებაზე ფეხზე წამოდგა - მაგონს სურს ცოლად შეგირთოს. ხნიერია. შვილს ვერ მოგცემს, მაგრამ მდიდარია, უშვილოა და მერამდენე წელია უკვე ქვრივი. ხასიათითაც რბილი კაცია, წყენინებით არ გაწყენინებს. როგორც მეუბნება, შენს გოგოსაც შვილივით გაზრდის. თუ დათანხმდები, ჩემი პატრონობის ქვეშ იქნები, კარგი სახლი და ადვილი ცხოვრება გექნება. თუ არ გინდა, ნება შენია. ბარკას ოჯახი ვალში არავისთან რჩება. თუ გინდა, ახალგაზრდა ქმარს მიგათხოვებ, უცოლო მეჯინიბე მიდგას. ან კიდევ მითხარი რამდენი ტალანტი[8] გინდა და დავამთავროთ. გაოგნებული ქალი ხან მთავარსარდალს უცქერდა, ხან კიდევ მოხუც მკურნალს, თბილად რომ უღიმოდა. ცოტა ხანს იფიქრა, მერე მთავარსარდალს სთხოვა: - დიდო მთავარსარდალო, შეიძლება ჯერ მკურნალს დაველაპარაკო? მთავარსარდალმა თავი დაუქნია და ხელით ანიშნა წადითო. მერე, გასასვლელისკენ წასულებს მიაძახა. - მაგონ! პასუხს ამაღამ მომახსენებ.  *** როცა დაბნეული ბებიაქალი დიდი მთავარსარდლის სახლს ტოვებდა და ცდილობდა გონებაში დაეტია წარმოუდგენელი, უცნაური სიახლე, ახალგაზრდა ქალი წამოეწია და ხელში ტილოში გახვეული ნივთი ჩაუდო. - ახალგაზრდა ბატონისაგან, შენს შვილს. მონა მიტრიალდა და მკვირცხლად გაეცალა თავგზაარეულ ბებიაქალს.  *** დღითიდღე ხალხი მატულობდა მთავარსარდლის სასახლეში. გაქრნენ ბერძენი სწავლულები, დაიკარგნენ სტუმრებიც, რომლებიც სხვადასხვა რანგის მეომრებმა, სენატის[9] წევრებმა და ქურუმებმა შეცვალეს. რამდენიმე დღის წინანდელი ზეიმი თითქოს ყველას გადაავიწყდა და ინტენსიურ სამზადისად იქცა. რუკები, წერილები, გეგმები, მარაგები, აისიდან დაისამდე დამღლელი მსჯელობები და კამათები. დაძაბული ლომი და ინტერესიანი, კონცენტრირებული ბოკვრები, ანიჰალი და ჰარტაგო, რომლებიც ღრუბელივით ისრუტავდნენ თითოეულ გაჟღერებულ ფრაზას. ანიჰალი თვალს არ აცილებდა მაგიდაზე გადაშლილ რუკებს და მათზე დალაგებულ ფიგურებს. ჰარტაგო - სენატორებსა და ქურუმებს აკვირდებოდა.  ერთხელაც, დაძაბული აურზაური ისე სწრაფად დამთავრდა, როგორც დაიწყო და მეომრების ქალამნებმა ქალაქის ქუჩები შეაზანზარეს.  სანამ მთავარსარდლის არმია ქვეყნის საზღვრებიდან მტრისაკენ მიაბიჯებდა, პატარა პერისტერის ცხოვრებაში ახალი გამოცანები ჩნდებოდა: რატომ გადაწყვიტა დედამ ერთ დღეს მთელი მათი ბარგი შეეკრა? საიდან და როგორ მოხდა, რომ ახლა მათი საცხოვრებელი ულამაზესი სახლი იყო სამხრეთის ფერდობზე? რატომ არ ეშინოდა დედას მოხუცი მკურნალი მაგონის? რატომ ეძახდა მაგონი „შვილოს"? რატომ აღარ ეძინა დედას პერისტერისთან? როგორ შეიძლებოდა, მარტოს ეცხოვრა მთელს ოთახში? როგორ მოხდა, რომ ერთდროულად რამდენიმე ტანისამოსი ჰქონდა? კითხვები სულ უფრო და უფრო მრავლდებოდნენ, მაგრამ პერისტერი იმ ასაკში იყო, როდესაც ბავშვი შეკითხვის დასმას ფრთხილობს. თან ფიქრობს, რომ ალბათ თავად უნდა ხვდებოდეს, თანაც ერიდება ისეთი კითხვის დასმა, რომელზეც პასუხს ალბათ ვერც გაიგებს. მანამ მუდამ მომღიმარი ბავშვი უფრო მეტად დუმდა და აკვირდებოდა მის ირგვლივ დატრიალებულ ახალ რეალობას. ჯერ შორიდან და დიდი სიფრთხილით, შემდეგ კი, ნელ-ნელა, სულ უფრო ახლოს მისვლას ბედავდა უცნაურ მოხუცთან, რომელმაც ერთხელაც ჰკითხა: - გიყვარს ისტორიების მოსმენა? ასე დაიწყო ამ ორის მეგობრობა. ლეგენდებით და ზღაპრებით პიგმალიონსა და გალათეაზე[10], ატალანტასა და ჰიპომენეზე[11], აფროდიტესა და ადონისზე[12]. სულ მალე, პერისტერი აჩრდილივით დასდევდა ხნიერ მკურნალს, რომელსაც არასდროს სწყინდებოდა პატარასთან საუბარი. უყვებოდა მის ბავშვობაზე, გადახდენილ თავგადასავლებზე, წიგნებზე, რომლებიც წაეკითხა, ადგილებზე, რომლებიც ენახა, ქვეყნებზე, სადაც ფეხი დაედგა. ბავშვი ყველაფრის მიმართ ინტერესს იჩენდა, მაგონიც არაფერს ამადლიდა და სულ მალე ანბანიც შეასწავლა. თვეები დანაყრებულ სიმშვიდეში გადიოდა. პერისტერი მკურნალის საქმეს ეუფლებოდა. მუდამ დაუზარელმა და უანგარომ, თავი ბევრს შეაყვარა. ყველგან სიხარულით ეგებებოდნენ მუდამ მომცინარ ახალგაზრდას და ბევრის გაჭირვების ტალკვესადაც იქცა.       ასე შეუმჩნევლად ჩაიფრინეს წლებმა პეგასებმა[13]. დავიწყებას მიეცნენ გაჭირვების დღეები და ძველი სიმღერები. ლომი ბერდებოდა, იზრდებოდნენ ბოკვრებიც, ქვეყანა კი ძალებს იკრეფდა, მხრებში იშლებოდა და გარდაუვალი შერკინებისთვის ემზადებოდა.    თავი 3დიდი საყდრის სამსახური  როგორც შორეულ წარსულში, უშფოთველი ცხოვრება მოულოდნელად შეირყა, როცა ბებიაქალის კარზე ქურუმის ნიღაბს ამოფარებულმა განსაცდელმა დააკაკუნა. - მაგონ, გევედრები! იღონე რამე! არ დაუშვა, რომ ჩვენი გოგო მათ კლანჭებში ჩავარდეს. იმდენს უყვარხარ, რამდენისთვის გიშველია, უამრავი პატივს გცემს. ვიღაცა უნდა მოგვეშველოს! - ეოს, გაუგონარს ითხოვ! ვიცი, საყვარელო, რა დღეც გამოგივლია, მაგრამ მერწმუნე, რაც შენ თავს გადაგხდა, უიშვიათესი გამონაკლისია. მსგავსი ამ მხარეში არაფერი მსმენია! კარგად იქნება. - შენ კაცი ხარ! არ გესმის რას ნიშნავს ტკივილი! სხეულისა და სულის ტანჯვა! - ქალი ტირილით, საძინებელ ოთახში უმისამართოდ დაეხეტებოდა და ადგილს ვერ პოულობდა. - ჩემო ძვირფასო, დავუშვათ შევევედრე უმაღლეს ქურუმს. რა ვუთხრა? თავი გაგვანებონ? ჩვენი ოჯახი არ აღასრულებს ქალღმერთის სადიდებელსთქო? მე კარგად ვხედავ მოტივებს, მაგრამ ეს ყველაფერი დიდ პატივად და წყალობადაა მიჩნეული. გესმის რას მოვითხოვთ? უღმერთო მოღალატეებად შეგვრაცხავენ და ვინ იცის, რას მოგვისჯიან?! - არ მაინტერესებს! სახლი და დედ-მამა იმისთვის მივატოვე, რომ ჩემი შვილისთვის ეს ბედი ამეცილებინა. ყველაფერი, რაც მიყვარდა, უკან მოვიტოვე, რომ ის გადამერჩინა! - ეოს, უგუნურივით იქცევი. ვწუხვარ, მაგრამ ჩვენს შვილს ამის გადალახვა მოუწევს. ორივემ ვიცით, რომ ეს გარდაუვალია. - დიდ მთავარსარდალს შევევედრები! ჩვენს შვილს კეთილი თვალით უცქერს, აქამდეც დაგვხმარებია. ახლაც გვიშველის! და თუ უარს მეტყვის, ვთხოვ, მონად გამყიდოს, ოღონდ ჩვენი გოგო შეიბრალოს! - ეოს! უსმენ საკუთარ თავს?! დიდი მთავარსარდალიც კი უძლურია ქურუმთა წილ. მისი ქალიშვილი დაგავიწყდა? მაგ საბრალოს ბედი ბევრად უფრო მწარეა, ვიდრე ერთი ღამის წვალება უცნობის მკლავებში! ბებიაქალი კიდევ უფრო გულსაკლავად აქვითინდა. ვეღარც კამათობდა, მხოლოდ თრთოდა. - დამშვიდდი. გადაიტანს. კარგად იქნება, - ანუგეშებდა მაგონი.  *** ღამის მძიმე, ბნელ ბინდბუნდში გახვეული ბებიაქალი დიდი მთავარსარდლის სასახლეს მიადგა. გაკვირვებულმა გუშაგებმა და მონებმა გზა მისცეს, რადგან სასახლე ისედაც სავსე იყო მეომრებით, ფილოსოფოსებით და ქურუმებითაც კი. ქალმა მაინც მოახერხა და მთავარსარდლის კართან მანამ იდგა, სანამ მარტო არ დაიგულა და ბატონის ოთახში აკანკალებული ნაბიჯი არ შედგა. დიდი მთავარსარდლის გონება მაგიდაზე გადაშლილ რუკებზე დაქროდა და თავიდან ვერც კი შეამჩნია დაუპატიჟებელი სტუმარი. როცა მისი მზერა ქალს გადააწყდა, ჰკითხა: - აქ რამ მოგიყვანა ბებიაქალო? შენთვის არ მომიხმია. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?! გაკვირვებული და ქალის ურცხვი საქციელით გაღიზიანებული მთავარსარდალი, პასუხის მოლოდინში, სკამის საზურგეს მიეყრდნო: - დიდო მთავარსარდალო, ჩვენმა ოჯახმა შენგან სიკეთის მეტი არაფერი იცის. გევედრები, კიდევ ერთხელ გადმოგვხედო წყალობის თვალით. მზად ვარ ნებისმიერი სასჯელი მივიღო ჩემი სითავხედის გამო. მაგრამ გთხოვ, ჩემი ქმარი შეიბრალე, რომელმაც არაფერი იცის ჩემი აქ ყოფნის და ჩემი შვილი დაიხსენი დიდ საყდარს სამსახურისგან! - გესმის რასა მთხოვ?! - სიბრაზისგან ერთიანად წამოენთო მთავარსარდალი. ბებიაქალმა მუხლი მოიყარა და საბრალობლად აქვითინდა. აღარც ერთი სიტყვა შერჩენოდა ვედრების გარდა. როცა ეგონა მის ბედს გახევებული მთავარსარდალი იქვე და იმ წამს აღასრულებდა, გასაკვირად დაბალი და მშვიდი ხმა მოესმა: - ქვეყანაზე ყველაფერს ვერ დაიპყრობ. არსებობენ ძალები, რომლის წინაშეც ყველაზე დიდი არმიაც უძლურია და შენ ეს უნდა გესმოდეს. შენი ქალიშვილი ჩემი სახლის პატრონობის ქვეშაა. ვერავინ გაბედავს რამე ავნოს. მაგრამ! შენი შვილი ვალს მოიხდის! ახლა კი, აქედან გამეცალე და მომდევნო ჯერზე ასეთი კეთილი აღარ ვიქნები.  *** - წინააღმდეგობა არ გაუწიო. თვითონ ეცოდინება, რაც უნდა გააკეთოს. უბრალოდ იწექი, მშვიდად. ეს ყველაფერი მალე დამთავრდება. ბებიაქალის ხმა თრთოდა. თავისი ფეხით მიჰყავდა შვილი საყდარში. ქვის ვეება შენობა უახლოვდებოდათ, რომელიც თითქოს ზემოდან დასცქეროდა ქარვის გულივით მოელვარე ქალაქს. ყელში მობჯენილი ძარღვიც უფრო და უფრო სწრაფად უძგერდა დაბნეულ ქალს. მრისხანე ხახასავით დაფჩენილ დიდ, რუხ თაღს რომ მიადგნენ, დედამ შვილი მოატრიალა და უთხრა: - ხომ იცი, რომ ყველაფერი ვიღონეთ რაც შეგვეძლო? - არაფერია, დედა. მესმის, - ახალგაზრდა ქალის ხმა თითქმის არარსებული იყო. ეოსმა შვილის ნიკაპს მყარი, თუმცა ფრთხილი ხელი სწრაფად დაავლო და დახრილი სახე წამოუწია. - არასდროს უჩვენო ვინმეს შენი ცრემლი! ქალებად დავიბადეთ და უცხოელები ვართ. ბედმა უკვე დაგვფლითა. არავინ გამოიჩენს მოწყალებას მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ცრემლს ნახავს. პირიქით! სუსტად ჩაგთვლიან, ადვილ ლუკმად. სიმტკიცე გამოიჩინე! პერისტერიმ გადმოუღვრელი ცრემლები ჩაყლაპა და დედას მშვიდი, უემოციო სახით შეხედა. ქალმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. ის-ის იყო პერისტერიმ საყდარში შეაბიჯა, რომ დედამ ისევ შეაჩერა. - გამომართვი.ახალგაზრდა ქალის ხელში პატარა მინის ბოთლი აღმოჩნდა. - ეს რა არის? - ნელსაცხებელი. წაისვამ. ნაკლებ გეტკინება.ქალმა შვილის შეფაკლულ სახეს თვალი აარიდა. - დააგვიანეთ! ქურუმის მჭექარე ხმამ დედა-შვილი მდუმარე ტრანსს გამოსწიწკნა. ქალებმა თვალები დახარეს მორჩილებისა და პატივისცემის ნიშნად, ქურუმმა კი განაგრძო: - ბებიაქალო, ხომ არ გადაგიფიქრებია? თუ შენს შვილს დატოვებ, ასეთი გარეგნობით, სულ რაღაც წელიწადში დიდ მზითევს მოხვეჭს. სახელს და წყალობასაც ოჯახისთვის.- არა! - სწრაფად მიუგო ქალმა. ქურუმმა უკმაყოფილო სახით შეხედა და თქვა: - კარგი. ამას მე წავიყვან. დარწმუნებული ვარ, ხვალ თუ არა ზეგ უკვე სახლში იქნება.   *** რიტუალებმა შუა ღამემდე გასტანა. დაღლილობისა და ნერვიულობისგან სულ მთლად გათანგული პერისტერი ერთ-ერთ ოთახში შეიყვანეს და მიატოვეს. პატარა ქალმა თვალი მოავლო სისხლისფრად შეღებილ დიდრონ ოთახს, რომლის კელაპტრები და სანთლები ნიავთან ერთად ბრიალებდნენ და ისედაც ავისმომასწავებელ სამყოფს საზარლად ატოკებდნენ. მის დაკვირვებულ თვალს არ გამორჩენია კედლებზე ამოფხაჭნილი წარწერები. ერთ-ერთი მათგანი იწერებოდა: „აქ იყო ფამეასი. ბევრი ოქროს მონეტა გადავიხადე, მაგრამ საყდარი დავტოვე ტანიტის წყალობითა და ლამაზი ქალწულის სისხლით ასოზე." პერისტერიმ წარმოიდგინა, თუ როგორ კაწრავდნენ მასზეც ანალოგიურ ფრაზებს და ტანში გასცრა. დედის სიტყვები გაიხსენა და სხვა ბევრ მსგავს წარწერას თვალი აარიდა. ამჯერად მზერა კედელს ზემოთ გაყოლებულ ნახატებზე შეეყინა. ქალებისა და მამაკაცების გამომწვევმა სურათებმა თვალები გაუფართოეს. შიშველი სხეული მანამაც ენახა: ამფითეატრში, გლადიატორები რომ იბრძოდნენ, უთვალავ ქანდაკებებზე და ქალაქის ქუჩებშიც კი. მაგრამ ეს სხეულები... განსხვავებულები იყვნენ. ქალებს ურცხვად მოეხარათ კიდურები და არაფერს ტოვებდნენ თვალისთვის უხილავს. ნუთუ მისგანაც ამას მოელოდნენ?! შიშის კიდევ ერთმა ტალღამ დაუარა ტანში. უნდოდა თვალი მოეწყვიტა სანახაობისთვის, მაგრამ სხეული აღარ ემორჩილებოდა. - ამის დამხატი თავს ხელოვანს ეძახის, მის ქმნილებაზე კი ხელოვნების თქმას ბედავს. პერისტერი მოულოდნელ ხმაზე შეხტა და კარისაკენ სწრაფად შეტრიალდა, რომ უცნობ მამაკაცს გადაწყდომოდა.     თავი 4ანიჰალი  ქვის თაღს მამაკაცის ბრგე, მუქი სილუეტი მიყრდნობოდა. უცნობი თვრამეტი წლისა თუ იქნებოდა, მაგრამ შუბლს ღრმა ნაოჭი უღარავდა. მისი კანი - ზეთისხილისფერი, გიშრისფერი თმა - ტალღოვანი, ცხვირი - სწორი, ტანი ხმელი და ახოვანი იყო. წითელი ფერის ტუნიკა ემოსა, რომელზეც ათასგვარი, ჩახლართული ნაქარგით დამშვენებული მოსასხამი მოესხა. ყველაზე მეტად კი უცნობ მამაკაცს სიმდიდრისა და ძალაუფლების აურა ამძიმებდა. კედლებს გაყოლებული ნახატებისთვის მიბჯენილი, მობეზრებული მზერა პატარა ქალს დაუბრუნდა. ქარვისფერ თვალებში ელვამ გაიკიაფა და მამაკაცმა წარბი შეკრა. - საიდან მოხვედი? - მოულოდნელი შეკითხვა დასვა უცნობმა. - მკურნალი მაგონის სახლიდან ვარ, - პერისტერის ხმა, მისი სიმამაცესავით, იოტისოდენა იყო. - ეგ არ მიკითხავს. მაგრამ, ალბათ ესეც პასუხია. რამდენიმე წუთს მამაკაცის მრისხანე თვალები პატარა ქალს სწავლობნენ, მერე პირი იბრუნა და ტახტზე წამოწვა. იქვე მდგომი პატარა მაგიდიდან ყურძნის ლებანი აიღო და განაგრძო: - აქ რატომ ხარ? - ქალღმერთი ტანიტის სადიდებლად, - ამოიხვნეშა პერისტერიმ. - ეს ოფიციალური ბოდვა გვერდზე გადადე. მართლა გჯერა, რომ ასტარტეს ანაღვლებს აქ დაკარგავ ქალწულობას თუ ქუჩის კუთხეში? მიპასუხე. აქ რატომ ხარ? მზითევის მოსაგროვებლად? თუ ოჯახის პატივისთვის? ან იქნებ, ეს საქმე გიზიდავს კიდეც? პატარა ქალმა არ იცოდა საიდან მოვიდა სიმამაცე. ალბათ უცნობის ზიზღნარევმა ვარაუდმა შეურაცხყოფილს ხმა დაუბრუნა და მტკიცედ, მაგრამ მშვიდად მიუგო: - აქ მოსვლა ჩემი არჩევანი არ ყოფილა. არც ჩემი ოჯახის. როგორც ჩანს, ამან უცნაური მამაკაცის ყურადღება მიიპყრო, რადგან პირისახე პატარა ქალისკენ მოაბრუნა. თუმცა, მისმა ქვისებრმა გამომეტყველებამ არაფერი გასცა. მამაკაცი კარგა ხანს სწავლობდა დაბნეულ პერისტერის, მერე განაცხადა: - ჩემი გეშინია. ჩემი რატომ გეშინია? - არ უნდა მეშინოდეს? - ნელ-ნელა ქალს ჯერ კიდევ აუხსნელი სიმამაცე ეუფლებოდა. რაღაც ამ უცნაურ მამაკაცში მის სულს ცეცხლს უნთებდა. - მე არ მითქვამს არ უნდა გეშინოდესმეთქი. მე გკითხე: რატომ?პატარა ქალმა, ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ გულახდილად უპასუხა: - შენი არ მეშინია. უფრო მეტად იმის, რაც მომელის. - მახინჯი ვარ? დასახიჩრებული? უქონელი? - არა. ჩემი აზრით, ძალიან მომხიბვლელი. პერისტერიმ ენაზე იკბინა, როგორც კი ეს სიტყვა დასცდა. რა თამაშს თამაშობდა? ან ვის ეთამაშებოდა? მამაკაცს ყურადღება არც მიუქცევია, ისე განაგრძო: - მაშინ რატომ გგონია, რომ ისეთს მოვისურვებ, ვისაც მე არ ვუნდივარ?პერისტერის ვერ გაეგო, როგორ ეპასუხა, ამიტომაც ჩუმად იდგა. - ახლახან გითხარი შენზე არ ვიძალადებთქო და ისევ დამფრთხალი მიყურებ! - გაღიზიანდა მამაკაცი. - შენ არა და ვინმე სხვა. - ჩურჩულით მიუგო პერისტერიმ. - ამ მახინჯი რეალობის პატარა ნაწილს გაგიზიარებ: არავის არაფერში ადარდებს რა მოგივა, სანამ ქურუმი თავის ფულს მიიღებს, შენ კი აქედან ცოცხალი გახვალ, - მამაკაცმა თავმობეზრებულად აიჩეჩა მხრები და საკუთარ ფრჩხილებს დახედა - ასე რომ, დამშვიდდი, შენი ფორიაქი თავს მატკივებს. სიტყვაგამშრალი პატარა ქალი, თვალებგაფართოებული უცქერდა მამაკაცს, რომელსაც თითებს შორის პატარა ალის ენები ეჭირა. უცნობის თვალებმა კედელზე ჩამქრალი კელაპტარი მონახეს, რომელიც იმ წამსვე აბრიალდა და ოდიოზური ოთახი ახალი შუქით გაანათა. მერე, ვითომც არაფერი მომხდარაო, საკუთარ თითებს მიუბრუნდა. პატარა ქალს წამით ყველაფერი გადაავიწყდა. შორიდან, ზღვით მოსული ცეცხლის ოსტატები გაახსენდა, წლის წინ, ქალაქის ქუჩებში წარმოდგენებს რომ მართავდნენ. შიშველი ფეხით ნაღვერდლებზე რომ დადიოდნენ, პირიდან ცეცხლს აფრქვევდნენ და ალის ენებს ხელის გულებით დაატარებდნენ. ალბათ ამ კაცმაც მათი საიდუმლო ხელობა იცისო, გაიფიქრა. მის სახეზე პატარა ღიმილმაც გაიკიაფა. მერე გონს მოეგო. ხელახლა ჩაუფიქრდა უცნობის სიტყვებს, თავს ვერ მოერია და ჰკითხა: - მაპატიე, მაგრამ უნდა ვიკითხო: იმას არ ითხოვ, რაც შეისყიდე? სიბრაზის გარდა, ყველა ემოციისაგან დაცლილმა, მოელვარე თვალებმა ქალი მონახეს. პერისტერიმ განაგრძო: - რისთვისაც მოხვედი, იმას არ აღასრულებ? - ქალებს არ ვართმევ, რისი დათმობაც არ უნდათ, - ჩაიბურდღუნა მამაკაცმა. ამას მოჰყვა უსაშველო სიჩუმე. უცნობის თვალები სადღაც შორს, გამჭვირვალე წერტილში იცქირებოდნენ. მამაკაცი ღრმად იყო ფიქრებში წასული, სადაც პატარა ქალს ადგილი არ ჰქონდა. როცა დუმილი აუტანელი გახდა, ისევ პერისტერიმ დაილაპარაკა: - რით შემიძლია სიკეთის სამაგიერო გადაგიხადო? - თავსაფარი მომეცი. - რა? - პატარა ქალი სულ მთლად დაიბნა. მისი თავსაფარი უბრალო იყო. სპილოსძვლისფერი ქსოვილი სულ მთლად სადა იყო. ზედ ხელისგულისოდენა წითლად მოქარგული, ერთადერთ ორნამენტი იყო, რომელიც პატარა ქალის ხელებმა იღბლისათვის გამოიყვანეს. - მაგრამ... რატომ? - იმიტომ, რომ მინდა. უცნობის ხმას გაღიზიანება შეეპარა. პერისტერიმაც უხმოდ მოიხსნა თავსაფარი და მიაწოდა. მამაკაცმა ქსოვილი ბალიშივით დაახვია, თავქვეშ ამოიდო და უფრო მოხერხებულად წამოწვა. ამოიოხრა და უთხრა: - ვერ ვიძინებ. ღამე არასდროსაა საკმარისად ბნელი და ჩუმი. დღეები ერთმანეთში იხლართებიან და ერთ უსაშველო, გრძელ და დამღლელ ღამედ იქცევიან. მაშინაც კი, როცა მგონია, როგორც იქნა გონს დავკარგავ და ჩავთვლემ, საკუთარი ფიქრები იმაღლებენ ხმას. უცნობის თითებს მიღმა დამალულმა თვალებმა ისევ შეანათეს პატარა ქალს. მამაკაცმა განაგრძო: - შეგიძლია ყურადღება გადამატანინო. პერისტერიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. ბოლომდე მაინც არ ენდობოდა ამოუცნობი სტუმრის სიტყვებს, თუმცა ამჯობინა დინებას მიჰყოლოდა. ისევ, როგორც არაერთხელ მის მოკლე ცხოვრებაში, იმ ძალებს დანებდა, რასთან ჭიდილიც არ შეეძლო. - შენი სულისთვის რა არის საამო? - ჰკითხა პატარა ქალმა. - ალბათ ყველაზე რთული კითხვა დასვი, რაც შეგეძლო მოგეფიქრებინა. საქმე იმაში არაა, ჩემი სულისთვის რა არის საამო. მთავარია, რას აქვს მნიშვნელობა? - და ეს რა იქნება? - მხოლოდ ორ რამეს აქვს მნიშვნელობა: ჭეშმარიტებას და ცდუნებას. - საფიქრალი მომეცი, ახალგაზრდა ბატონო, - მოიქუფრა პერისტერი. - ახალგაზრდა ბატონი რატომ დამიძახე? - თავი წამოწია მამაკაცმა. - არ ვიცი. - არ იცი, თუ არ გახსოვს? ამ ორს შორის უფსკრულია ღრმა. პატარა ქალი ცოტა ხანს მდუმარედ ატრიალებდა მეხსიერების მივიწყებულ ბელთებს. მერე გონებაში წლების წინ, მთავარსარდლის მესამე ვაჟის დაბადების ღამე ამოუტივტივდა. ორი ყმაწვილი, ბრძოლით გადაჯაჭვულნი რომ შემოეფეთნენ, ერთმა კი თოჯინა დაუმსხვრია. მისი მორიდებულად მიწაზე დახრილი მზერა ბავშვობის მოგონებებმა გაანათეს და იმედით მამაკაცს ახედა, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე თვალს არ აცილებდა. - შეიძლება შენც ... იმ ღამით, როცა დიდი მთავარსარდლის მესამე ვაჟი დაიბადა, დედაჩემი ეხმარებოდა მელოგინეს. მეც ვიყავი სასახლეში. შენმა ძმამ, შემთხვევით, ჩემი ერთადერთი თოჯინა გათელა. ამან ძალიან დამაღონა, მაგრამ რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ახალი გამიკეთა. ბევრად უკეთესი. მისი საჩუქარი ჩემთვის იმდენად ძვირფასია, რომ ახლაც ვუფრთხილდები. პატარა ქალის სახეს მორცხვი ღიმილი დასთამაშებდა. ნუთუ მთავარსარდლის ვაჟმაც იცნო?! - ჩემს ძმას ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია. მით უმეტეს თოჯინა. დიდი მთავარსარდლის ვაჟის სიტყვებში გულწრფელობა იკითხებოდა, თუმცა მისმა ცივმა გამოხედვამ პატარა ქალს უკარნახა, რა გულუბრყვილოც იყო. მეტი სირცხვილისგან თავი რომ დაეხსნა, პერისტერი წამოდგა და მამაკაცს სასმისი ტკბილი ღვინით შეუვსო. - რა თქმა უნდა, ჭეშმარიტების ძიება ყოველთვის ღირს ძალისხმევად, მაგრამ, ნუთუ ცდუნებას ამხელა წონა აქვს? განა ბავშვობიდან არ გვასწავლიან, ცდუნებებს გავუმკლავდეთ, ან მათთან დანებების შედეგები ვიწვნიოთ? მთავარსარდლის ვაჟმა ოთახს თვალი მოავლო. ცოტა ხანს რაღაცას ეძებდა. მერე სანთლისაკენ თითი გაიშვირა და უთხრა: - აი, ხედავ ფარვანას? პატარა ქალმა თავი დაუკრა. - როგორ ეტანება სანთელს. უგონოდ იფარფატებს მის ირგვლივ, ზედ დაეხლება. ფრთებს დაიწვავს, ალბათ მის სათაყვანებელ შუქსაც გააქრობს და ზედ დააკვდება. მის პრიმიტიულ მდგომარეობაშიც კი ესმის, რომ ეს შუქი მისი დაღუპვაა, მაგრამ ვერაფერს ხდება. სიჩუმეში უცქერდნენ ფარვანას სასიკვდილო ცეკვას, რომელმაც წუთიც ვერ გასტანა და სანთელთან ერთად დაიფერფლა. პირველად ცხოვრებაში, პერისტერის ეს ყოველდღიური რეალობა სევდიანი ეჩვენა. ამოიხვნეშა და წამოიწყო: - ადამიანის გონება ფარვანაზე ბევრად დიდია. ადამიანს მეტი გონი მართებს, რომ თავს და მისთვის საყვარელს გაუფრთხილდეს. - რაც უფრო ნათელია გონება, მით უფრო რთული და ძლიერი ხდება ცდუნებაც. პირველად ამ ხნის მანძილზე მამაკაცის ხმაში სიბრაზის გარდა სხვა ემოციაც იკითხებოდა - სევდა. - გამოდის, რომ ორად ორიდან, რასაც ცხოვრებაში აზრი აქვს, ერთს არაფერი მოაქვს, დაღუპვის გარდა? - ყველა, ვინც რამეს ერთი მხრიდან უცქერს, ცდება. ცდუნებას ბევრად უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე დაღუპვა. უკეთესი ცხოვრების ცდუნებამ ააშენა ქალაქები, ძალაუფლების ცდუნებამ აღმართა იმპერიები. რაც გინდა თქვი, დასაბამი ცდუნებაა. - ცდუნება თუ მიზანი? - დიდია სხვაობა? არ აქვს მნიშვნელობა რა უანგაროდაც არ უნდა ჟღერდეს, საბოლოო ჯამში, ყველაფერი საკუთარი თავისთვის კეთდება. მსხვერპლიც კი, რასაც ადამიანი გაიღებს, საბოლოოდ იმისთვისაა, რომ თავი უკეთ აგრძნობინოს. ასე რომ - ცდუნება. - სხვა რამეც უნდა არსებობდეს, რაც სიამესა გგვრის, - მორცხვი ხმით განაგრძო პატარა ქალმა - იქნებ, მუსიკა? - ზედმეტად ხმამაღალი! - წამოიყეფა მამაკაცმა. - მაპატიე, - ჩაიჩურჩულა პერისტერიმ.კაცმა ამოიხვნეშა და განმარტა: - მუსიკა ძალიან ხმაურიანია. - ო... მაშ, იქნებ ცეკვა? - ბრძოლის პათეტიკური განსახიერება. ბრძოლა მიწისთვის, გამარჯვებისთვის, საყვარულისთვის... - მაშ, იქნებ სიყვარული. - ღმერთების კიდევ ერთი ხერხი, ადამიანის გასატანჯად. - კი მაგრამ, მაშ რაღა ფასი აქვს ადამიანის ცხოვრებას? - პატარა ქალი ერთიანად დასევდიანდა. - მე არ მითქვამს აზრი არა აქვს, ან ადგილი არ უნდა ჰქონდეს-მეთქი. მე ვთქვი, რომ სიყვარული კიდევ ერთი თოკია, რომელსაც ღმერთები ქაჩავენ სასეიროდ. მთავარსარდლის ვაჟმა ღვინო მოსვა და განაგრძო: - რა იცი სიყვარულზე, ასეთი შთაგონებული რომ ხარ? კაცი გყვარებია? დავასკვნი, რომ - არა, თორემ გეცოდინებოდა: სიყვარულს ტანჯვა მოაქვს. ყოველთვის მოაქვს. - არა, ჯერ არ მყვარებია. მაგრამ, იმედი მაქვს, რომ ვიპოვი. ვინ იცის, იქნებ მეც გადავეყარო ჩემს ოდისევსს.[14] პერისტერის მეოცნებე, მორცხვ ღიმილს მამაკაცის მოქუფრულმა სახემ უპასუხა, რომელიც ინტერესითა და ეჭვით უქცერდა. თითქოს მისი გულუბრყვილობა წყინსო. - ყოველ ოდისევსსა და პენელოპეზე[15], ათი ჰერო და ლეანდრე[16] მოდის. მაშინაც კი, თუ ვინმეს გაუმართლებს და ბედისწერა მისთვის პენელოპეს ბედნიერ დასასრულს გაიმეტებს, ოცი წლის უბედობის გადალახვა მოუწევს, მარტოობაში, ბრძოლა ყოველი დღისთვის, რომ საბოლოოდ ერთად ყოფნას ეღირსონ. მესმის, რომ ლამაზად ჟღერს, შთამაგონებლადაც კი, მაგრამ, ვინაა ამ მსხვერპლზე წამსვლელი?! პერისტერიმ დაიცადა, მერე მზერა მამაკაცს გაუსწორა და ის პასუხი მისცა, რომელიც პირობასავით ჟღერდა: - ერთი შეხედვით, ბევრი უსამართლობაა ამ ქვეყანაზე. ხშირად მსმენია გოდება: რატომ? როცა არ ესმით, რით დაიმსახურეს ტანჯვა-წამება. მე კი მგონია, რომ ცხოვრება სამართლიანია და აი, ამიტომ: სამყაროს ჩვენი არაფერი მართებს მხოლოდ იმიტომ, რომ დავიბადეთ. თითოეული სიცოცხლე სუფთა გრაგნილია. იმით, თუ როგორ იცხოვრებ, უნდა დაიმსახურო სიკეთეც და კეთილი ბედიც. მხოლოდ უბედობაზე გამკლავებითა და დაბრკოლებების გადალახვით დაიმსახურებ სიკეთეს. დედა ყოველთვის მეუბნება: თუ დახმარება გჭირდება, სხვების ხელის გამართვით დაიწყეო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც სიკეთეს გასცემ, იგივეს მიიღებ უკან. პენელოპე ბედნიერი იყო, რადგან ბედნიერება დაიმსახურა. მაშინაც კი, თუ ბედისწერას ჰეროს და ლეანდროს ბოლო მოაქვს, განა საყვარლის მკლავებში სიკვდილი არა სჯობს ხანგრძლივ მარტოობაში ტანჯვას? მთავარსარდლის ვაჟი უნდობლად უცქერდა. მერე ჩაიფრუტუნა: - წარმოდგენა არა გაქვს რას ამბობ, კმარა.   თავი 5იარას სიმღერა  ღამე დილისკენ იხრებოდა. სანთლები დარჩენილ საათებს ტიროდნენ. - თქვი რამე. გაისმა მამაკაცის მოულოდნელი, ჩუმი თხოვნა. მისი ხმა ალბათ პატარა ქალზე უფრო გათანგული იყო. იმ წუთას, პერისტერის გადაავიწყდა მთავარსარდლის ვაჟის საშიში მხარე და ყოველგვარი ლოგიკისაგან გაშიშვლებულად, წმინდა ინტუიციურად უთანაგრძნობდა კიდეც უცნაურ სტუმარს. ღრმად ჩაისუნთქა და ერთადერთი ისტორიის მოყოლა დაიწყო, რომელიც თავში მოუვიდა: - როცა პატარა ვიყავი, ძილის წინ დედა ამ ისტორიას მიმღეროდა. რამდენი წელია, აღარც მიფიქრია მასზე. უცნაურია, რატომ მიყვებოდა სწორედ ამას? ალბათ ცდილობდა, მისი თავგადასავალი ჩემთვის უფრო ზღაპრული, ნაკლებ საზარელი ფერებით გაეზიარებია. ახლა რომ ვიხსენებ, მიკვირს, რატომ მომწონდა ასე მისი მოსმენა? ალბათ იმიტომ, რომ თავს განსაკუთრებლად მაგრძნობინებდა - სევდიანად ჩაიღიმა პერისტერიმ - ასე იყო თუ ისე, ეს არის ისტორია: ზღვის გაღმა, შორს, სადაც ცხოვრობენ ბერძენნიგემით რომ მიადგე დაგჭირდეს დღეები,ცხოვრობდა მკურნალი, კეთილი, ჭკვიანიარც დიდად ცნობილი, არც ისე მდიდარი. სათნო და მცინარი, გულით მომღიმარი,ბევრ ღარიბს საჭივრის ტალკვესად მდინარი.უშვილოდ ცხოვრობდა, არვისთან ომობდასიმშვიდით გაჰქონდა სიბერის დღეები. ერთხელაც ქალღმერთმა წყალობა იმეტა,ბებერი ცოლ-ქმრისთვის შვილი გაიმეტა.სათნო და მცინარი, გულით მომღიმარიმშობლების იმედი, ჯანმრთელი შვილი. ბავშვი იზრდებოდა, ნორჩად მშვენდებოდა,ხნიერი, კეთილი მშობლების სარკედ.სხეულით დედისგან, გონებით მამისგან,წყალობდა ურჩევლად მდიდარს და ღარიბს. ერთხელაც, ფორტუნამ იბრუნა ღიმილი,კარს მოსდგათ ქურუმი მკაცრი, უღიმარი.ითხოვა ქალწული დიდ საყდრის მსახურად,მკურნალი დაობდა, ამაო პასუხად. დიდ საყდარს წაასხეს ნორჩი, უღიმარი,იქ, სადაც ქურუმებს ეახლა სტუმარი,უცნობი მოვიდა, ვაი, რომ ატირა,ნორჩი, უცოდველი პატარა ქალი. მტირალი, მტკივანი, აღარც მომღიმარი,ტანი რომ ეგონა ბინძურის ბუდე.სახლში რომ დაბრუნდა, ტანჯვა არ დასრულდა,თვალი ვერ უსწორა დათრგუნულ მშობლებს. უცნობის დაღი აქ როდიღა დასრულდა,დღეები გავიდნენ, იჩინა თავი.მუცელი დამრგვალდა და ფერი დაკარგაუქმრომ განსაცდელი მალა, ვერ დამალა. კვლავ მოსდგა ქურუმი, მკაცრი, უღიმარითითი გაიშვირა, დაასვა დაღი:"ასტარტეს წყალობა უხვია ფაქტად,თვალის არიდება ბრუნდება ავად! დიდ საყდარს წამოხვალ, ბავშვს როგორც გააჩენ,ორთავე მიუძღვნით ცხოვრებას ტანიტს.სამოთხის დედოფალს მადლი დაუფასე!წყალობა დიდია და გაწევს ვალად." სასოწარკვეთილი, ვაი, რომ მშიშარი,ხნიერი, უძლური მშობლების ამარა.უკან დაბრუნებას სიკვდილი არჩია,წყვიადი საფარად, მიადგა სალ კლდეს. ასე გადაწყვიტა, გზა უკან მოიჭრა,მისით ჩაბარდება მრისხანე ნეპტუნს[17].ზღვას რომ გადახედა, ხელი რომ გაშალაასტარტემ უკრძალა ნაცადი ფრენა. ქალღმერთმა იცინა ქალს რომ გადახედა,დასცინა: ,,სულელო!". აქნია თავი."აქ რაღას მოსულხარ, პატარა მოკვდავო,განა არ გიბოძე წყალობად შვილი? ლაღი და ჭკვიანი, კეთილის მოქმედი,აღსავსე სინათლით ვით დილის სხივი.იმედი, სიმშვიდე იმ ჩემი რჩეულისამ მიწებს ბატონად რომ მოვუვლინე!" ახედა, დახედა, მერე დაამატა:,,მაშ არ გსურს დაბრუნდე? და იყოს მასე.დაეშვი ნავსადგურს, იპოვე ყველაზეთეთრწვერა, ხნიერი გემს მართავს ახლა. გაჰყევი უსიტყვოდ სადაცა მიცურავს,ნუღაცა დაადგამ ამ მიწას შენს ფეხს.ჰმ, ერთი დახედე პატარა მოკვდავო,შენი ახირება ადვილებს საქმეს." ეს თქვა, დაიკარგა, გაქრა და გალღვა,დატოვა ფიქრებში პატარა ქალი.ვერ მიხვდა, რა ექნა, ნუთუ მოეჩვენასამოთხის დედოფლის მირაჟი ღამით?! და სანამ ფიქრებში წამები სდიოდამუცელში პატარამ დაიწყო კრთომა,მიეცა ნიშანი, სიცოცხლის ნიშანი,ვეღარა დაიხრჩოს ზვირთებში თავი. წელში გაიმართა, ნავსადგურს მიადგა,მონახა ხნიერი. ევედრა, სთხოვა.კაცმა შეიცოდა ნორჩი, უციარნიგემზე აიყვანა, ეკვეთნენ ზვირთებს. ეს არის ამბავი ჩემი დაბადებისხიზნულის შორეულ, უცხოელ ტომში,სათნოს და მცინარის, გულით მომღიმარისბნელეთს რომ განდევნის კაშკაშა სხივით."            სიმღერას რომ მორჩა, პატარა ქალმა თავი წამოწია, რომ მამაკაცის გახევებულ, ჩასისხლიანებულ თვალებს გადაჰყროდა. კაცს მუშტები გათეთრებამდე შეეკრა და გამალებით ქშენდა..  [1]   ასტარტე, იგივე ტანიტი - ქალღმერთი, რომელსაც დასავლეთ ხმელთაშუა ქვეყნებსა და სიცილიაში ეთაყვანებოდნენ. მოიხსენიებენ, როგორც სამოთხის დედოფალს.[2] ფორტუნა - ბედ-იღბლის ღვთაება რომაულ მითოლოგიაში.[3] ძველ დროში, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ოჯახებს წარჩინებული პირი, ძირითადად რომელიმე მდიდარი ოჯახის თავი პატრონობდა. მას მიმართავდნენ სხვადასხვა სახის დახმარებისათვის. სამაგიეროდ, რაც მეტ ოჯახს უწევდა პატრონობას, მით უფრო პრესტიჟული იყო პატრონის სტატუსი.[4] ქურუმი - წარმართული რელიგიური კულტურების სასულიერო პირი, რომელიც საკულტო-სარიტუალო საქმიანობას ეწეოდა და ტაძარში მსახურობდა.[5] ტანიტი - იგივე ასტარტე, ქალღმერთი, რომელსაც დასავლეთ ხმელთაშუა ქვეყნებსა და სიცილიაში ეთაყვანებოდნენ. მოიხსენიებენ, როგორც სამოთხის დედოფალს.[6] ბაალ ჰამონი - წარმართული ღვთაება, კართაგენის მთავარი ღმერთი. მას განადიდებდნენ, როგორც სამოთხის მეფეს და ღმერთების ღმერთს. მის ქალ პარტნიორად მოიაზრება ტანიტი.[7] მდინარე სტიქსი - მდინარე მიცვალებულთა სამეფოში, რომლის მეშვეობითაც, ლეგენდის თანახმად, სულები ნავით გადაჰყავთ. [8] ტალანტი - ფულის ერთეული.[9] სენატი - თანამედროვე პარლამენტის ანალოგი, ქვეყანას სენატი მართავდა, რომლის წევრებიც დიდგვაროვანთა სახლის გამორჩეული წარმომადგენლები იყვნენ. სენატი გადაწყვეტილებებს დემოკრატიული პრინციპით იღებდა.[10] პიგმალიონი და გალათეა - რომაელი პოეტი ოვიდის ნაწარმოებ მეტამორფოზის გმირები. პიგმალიონი იყო მოქანდაკე, რომელმაც სპილოს ძვლის ქალის ქანდაკება შექმნა, სახელად გალათეა, რომელიც შეუყვარდა.[11] ატალანტა და ჰიპომენე - ბერძნული მითოლოგიის გმირები, რომლებიც დაისაჯნენ ღვთაება ციბელეს მიერ.[12] აფროდიტე და ადონისი - აფროდიტე სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი, რომელსაც მოკვდავი ადონისი შეუყვარდა.[13] პეგასი - ფრთოსანი რაში ძველ ბერძნულ მითოლოგიაში.[14] ოდისევსი - ჰომეროსის ,,ოდისეას“ გმირი, ლეგენდარული ბერძენი გმირი მეფე.[15] პენელოპე - ჰომეროსის ,,ოდისეის“ გმირი. ოდისევსის ცოლი, რომელიც ქმარს წლები ერთგულად ელოდა და აბეზარ საქმროებს სხვადასხვა ხრიკით იგერიებდა.[16] ჰერო და ლეანდრე - ბერძნული მითოლოგიის გმირები. ლეანდრეს შეუყვარდა ჰერო და მის სანახავად ყოველ ღამით დარდანელის სრუტეს გადაცურვა უწევდა. ერთხელაც, შტორმში ლეანდრე დაიხრჩო. [17] ნეპტუნი - რომაული მითოლოგიით წყლის და ზღვის ღმერთი.