ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სასოწარკვეთილი არქიტექტორის დღიური

სასოწარკვეთილი არქიტექტორის დღიური

7 აპრილი. ხუთშაბათი.

 

ჩემს ძმას გიორგი ჰქვია. როგორც უმეტეს მამაკაცს ჩვენს ქვეყანაში.

შესაბამისად, რადგან მე არ მქონდა იმის ვალდებულება, რომ გიორგი მრქმოდა, ლოგიკურია რომ მე მქვია არჩილი. არჩილ ანდრონიკაშვილი.

ის ფაქტი, რომ არჩილი მქვია განპირობებულია ჩემი მშობლების სანახევრო ტრადიციულობით და ბაბუაჩემის ცალსახად მტკიცე ხასიათით. მამაჩემის მამას, ბაბუა არჩილს თურმე ისე სწყენია, პირველ შვილიშვილს მისი სახელი რომ არ დაარქვეს, საჭირო გახდა სასწრაფო წესით კიდევ ერთი მამრობითი სქესის შვილიშვილის მოვლინება ამა ქვეყნად. ჩემი მშობლების დიდი გამართლებაა, რომ ჩემი სახით კვლავ ბიჭი შეეძინათ, თორემ კიდევ მოუწევდათ გარჯა, ეს კი რაღაცნაირად ზედმეტი იქნებოდა იმ არეული 90-იანი წლებისთვის, როცა საქართველოში ორი ბავშვის გაზრდაც უკვე დიდი გამოწვევა იყო. მე კი ჩემის მხრივ უკვე იმით ვარ კმაყოფილი, რომ ანდრონიკე არ დამარქვეს! ანდრონიკე ანდრონიკაშვილი ნამეტანი იქნებოდა, ჩემი გემოვნებით...

...საბჭოთა ეპოქიდან ჩემს ოჯახში ყველა, დაწყებული ბაბუაჩემის მამით, დასრულებული ჩემი ძმით - ინჟინერია. დედაჩემიც კი ინჟინერია. ბავშვობაში გასაფერადებელი წიგნის ნაცვლად მეტალის მჭრელი ჩარხების დეტალების ძველი ნახაზები მქონდა, (რომელთაც ხან შოკოლადის ფილების ფაბრიკად, ხან წვენის საწურ-ჩამოსასხმელ კონვეიერად გადავაქცევდი ხოლმე.) შესაბამისად მე ძალიან მცირე შანსი მქონდა ავცდენოდი სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის განათლებას.

პატიოსან ინჟინერთა ღირსეული შვილის შესაფერისად კომაროვის სახელობის მათემატიკური სკოლა დავამთავრე. სხვათაშორის არც თუ ისე ცუდად, უნდა აღინიშნოს, ოლიმპიადებზე საპრიზო ადგილებსაც კი ვიღებდი. მაგრამ! ვინაიდან დანარჩენ „ტექნიკური გონების“ მქონე მოსწავლეებთან შედარებით უკეთეს თავისუფალ თემებს ვწერდი, ჩემმა მშობლებმა (მამიდის რჩევით, ცხადია) ჩათვალეს რომ კარგი მხატვრული მონაცემები მაქვს, შესაბამისად... გაიმართა რა დიდი ოჯახური კონსილიუმი ჩემი უმაღლესში ჩაბარების თაობაზე, გადაწყდა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში არა საინჟინრო-სამშენებლო, არამედ არქიტექტურის ფაკულტეტი მელოდა!..

სწორედ ასე აღმოვჩნდი ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ამ უზარმაზარ და ჩახლართულ შენობაში, რომელიც ქალაქური ლეგენდის თანახმად გეგმაში ნამგლისა და უროს მოხაზულობას იმეორებს... მე პირადად ცხადია არ შემიმოწმებია, მაგრამ ტრადიციისამებრ პირველივე დღეს სართულებს შორის დავიკარგე...

ტექნიკურ უნივერსიტეტში 2010 წელსაც კი პოსტ-საბჭოთა ატმოსფერო მეტად მკაცრი, ნაცრისფერი, ჭეშმარიტად ტექნიკური სიმძაფრით სუფევდა. ამ მაღალჭერიან, უზარმაზარ აუდიტორიებში და ფართო დერეფნებში ზაფხულშიც კი ციოდა და სიმყუდროვე არსად იგრძნობოდა. ოთახებში მძიმე, მამაკაცური სუნი იდგა და გახუნებული მწვანე კედლები მობეზრებით მოგვჩერებოდნენ, თითქოს დაცინვით: აბა, დიადო არქიტექტორ-დიზაინერებო! რისი მაქნისები ხართ? შეძლებთ აქაურობა მაინც რომ გაახალისოთ, ა?..

4 წელი ვისწავლე იქ და ამას წინად რაღაც საქმეზე რომ მივედი, აღმოვაჩინე რომ დღემდე არაფერი შეცვლილა. ტრადიციული პირქუში ატმოსფერო ამ შენობის ერთგვარი კოლორიტია.

...

პირველი, რაც ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის დაწყების შემდეგ გავიაზრეთ იყო ის, რომ ჩვენს ფაკულტეტზე უპატიებლად ცოტა გოგო გვყავს და ისინი კი ვინც გვყავს ჩვენზე მეტს სვამენ. (ალკოჰოლს!) შესაბამისად... რაღაც უნდა გვეღონა!..

პირველ რიგში მე და ჩემი ახალი მეგობრები ორგანიზებულად დავირაზმეთ, ზოოპარკს წრე დავარტყით, ვერის აღმართს ავუყევით და სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ვეახლეთ სტუმრად!..

მივედით და რას ვხედავთ? - ბაღი... მარმარილო... ქალები... ძვირიანი სუნამოები და მოკლე კაბები... გოგოები სხედან ხეების ჩრდილში, წიგნები გვერდზე გადაუდიათ და მხიარულად კისკისებენ...

თავიდან მოგვერიდა კიდევაც რომ ყველას ერთნაირად შავი მაისური, ლურჯი ჯინსები და ძველი კეტები გავცვია, მაგრამ გადავიტანეთ!.. ჩვენი შეკრული მამაკაცური გუნდიდან ყველანი ისე მოვიხიბლეთ აქაურობით, რომ რამოდენიმე კაცი იმავე წელს გამოგვეცალა ხელიდან. ზოგმა დოკუმენტები გადმოიტანა, ზოგმა შეყვარებული გაიჩინა ამ ბაღნარიდან, ზოგი კი... უბრალოდ გავიდა ქსელის დაფარვის ზონიდან და აღარავის უნახავს!..

მე იმ გამძლე ხალხს ვეკუთვნი, ვინც დარჩა! თან დარჩა ბოლომდე!..

ოჯახში, რომლის ყველა წევრსაც ტექნიკური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, ვერავის ავუხსნიდი რა არ არის რიგზე ამ პატიოსან დაწესებულებაში, ამიტომ... ვარჩიე ჩემი საქმე დინჯად მეკეთებინა, თავისუფალი დრო კი სხვა, უფრო სახალისო ადგილებში გამეტარებინა.

მაგალითად როკ-კონცერტებზე, კინოში, კაფეში „კანუდოსი“, სადაც ძირითადად სახელოვნებო სასწავლებლების სტუდენტები ლუდს სვამდნენ და მზესუმზირას აკნატუნებდნენ. (იგულისხმება გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე სამხატვრო აკადემია და კონსერვატორია, პლიუს ამას თეატრალური უნივერსიტეტი რუსთაველის გამზირზე). სწორედ კაფე „კანუდოს“-ში გაცნობილ ხალხთან ერთად გადავინაცვლე სამხატვრო აკადემიის ეზოში. (რომელთანაც სხვათაშორის ტრადიციულ იდეოლოგიურ კონტრაში ვიყავით, ამიტომ მისი ნახვა პრინციპულად მაინტერესებდა.)

...პირველად იქ კაცმა რომ თქვას შემთხვევით აღმოვჩნდი და მაშინვე მცირე კულტურული შოკი მივიღე და მოვიხიბლე.

ისტორიული კორპუსის აზიურ დარბაზებში ადრეც ვიყავი ნამყოფი, მაგრამ პირველად ვეწვიე ე.წ. „მაღლივი“ ზედა კორპუსის მაშინ ურემონტო, ჩაბნელებულ დერეფნებს, სადაც კედლები ბენქსისეული ვირთხებით იყო მოხატული, ხოლო უცნაურად ჩაცმული ფერადთმიანი ხალხი საღებავით დასვრილი წყლის გამოსაცვლელად აუჩქარებლად მოძრაობდა აუდიტორიებსა და კარმოხატულ საპირფარეშოებს შორის...

თბილისის შუაგულში ასეთი სანახაობა, თან ასე დიდი დოზით ჩემთვის მაშინ ბოჰემურობის პიკი იყო და ძალიან დავინტერესდი.

რომ გესმოდეთ, მათემატიკური სკოლის შემდეგ სადაც კომუნისტური განათლების მქონე კონსერვატორი მასწავლებლები კლასის წინაშე იმაზე გვასწორებდნენ ხოლმე მიწასთან ბიჭებს თმა თუ გვქონდა მოშვებული, გოგოებს კი ზედმეტად დიდი საყურე ეკეთათ (არადა მაშინ რა მოდაში იყო!), აკადემია კრეატიულობის მექად მომეჩვენა. ხალხი თმა-წვერმოშვებული და არაფორმალურად ჩაცმული დადიოდა, ხატავდა, საათობით ეზოში ლაპარაკობდა რაღაც აქტუალურ თემებზე, ხმამაღლა უსმენდა მუსიკას და გამუდმებით ყველგან ეწეოდა...

სხვათაშორის, იმ დროს ტანსაცლმით შეიძლებოდა იმის ამოცნობა თუ რომელ ფაკულტეტზე სწავლობს ეს პატიოსანი ადამიანი. (ამაში განგებ საფუძვლიანად გავერკვიე.)

მაგალითად ფერწერის სტუდენტებს უფრო თავისუფალი, უპრეტენზიო და ცხადია საღებავით დასვრილი ტანსაცმელი მოსწონდათ, (აქვე აუცილებელი იყო ე.წ. „ბაწინკი“!) ქანდაკების ხალხი კიდევ უფრო ბრუტალური, დასვრილი და საყვარელი იყო ხოლმე. საპირწონედ მედიახელოვნებას კარგად გაუთოვებული „ქეჟუალი“ და კეტები (თუ კედები?) ეცვა, მაგრამ დიდი სათვალეები და ავანგარდული ვარცხნილობები მოსწონდათ. ტანსაცმლის დიზაინის ბავშვები ყველაზე „ფეშენი“იყვნენ და კაბებს, ქუსლებს და ხელჩანთებს ძირითადად მათ სართულზე თუ ნახავდით. ჩვენი კოლეგების, ანუ კენწეროს 3 სართულის მბრძანებელი არქიტექტორების დრესკოდი იყო: კუბოკრული პერანგი (ანუ „კლეჩატი საროჩკა!“) და ზოგჯერ პიჯაკი. (კიდევ იყო "ორიფლეიმის" ოდეკოლონი "არქიტექტი" ბიჭებისა და გოგოებისთვის)

სხვათაშორის, კუბოკრული პერანგების კოლექცია მეც მქონდა და დღემდე შემომრჩა. აი ერთმა ჩემმა აკადემიელმა მეგობარმა კი თავის დროზე სახლში მთელი ინსტალაცია გააკეთა - სასტუმრო ოთახში მინიმალისტურ თეატრალურ საკიდარზე გამოფინა ეს თავისი ფერად-ფერადი „კლეჩატი საროჩკები,“ რაც შეულესავი ბეტონის კედლებს ძალიანაც მოუხდა და დიზაინის ნაწილად იქცა.

კიდევ, ასეთი წესი იყო თურმე: აკადემიაში სწავლის პირველ წელს გოგოების უმეტესობა თმას რამე ეგზოტიკურ ფრად იღებავდა და მეორე კურსზე უთუოდ კარეს იჭრიდა...

იყვნენ კიდევ რა თქმა უნდა სუბ-კულტურების წარმომადგენელნიც, ვის ფაკულტეტსაც ასე მარტივად ვეღარ გამოიცნობდი!.. ტყავითა და ლითონით აბჯარასხმული, „ბაწინკიანი“ მეტალისტები, დახვეწილი გოთები, თმა-წვერმოშვებული როკერები და მცირედი რაოდენობით მაგრამ მაინც ჰიპ-ჰოპის და რეგის მოყვარული შორტებიანი, აუჩქარებელი ჯეელები...

2010-იან წლებში სერიოზული ხალხი ძირითადად Led Zeppelin-ის და Pink Floyd-ის მაისურებით დადიოდა. საქართველოში მოდა როკ-მუსიკაზე, ისევე როგორც ყველაფერ დასავლურზე 2-3 დეკადით უფრო გვიან მოედო ახალგაზრდობას და 70-90-იანი წლების ბენდები იმ პერიოდში სერიოზულ თემად ითვლებოდა. ცხადია იყო ისეთი ხალხიც ვინც The Beatles-საც უსმენდა, (მე უფროს კლასებში ვუსმენდი, მაგალითად. იმ დროს არსებულ ქართულ საიტებზე avoe.ge და gol.ge. თუმცა უნის პერიოდში „ბითლზი“ უკვე ზედმეტად რბილი მეჩვენებოდა.) ის ფაქტიც, რომ ჩემს ბავშვობაში მერაბ კოსტავას 25 ნომერში მდებარე „ბითლზ კლუბი“-ც დაიხურა, იმის მაუწყებელია ალბათ, რომ ტენდენცია წავიდა. დაწყებით კურსებზე 70-იანების როკს ვუსმენდით კომპიუტერებსა და ღილაკიან ტელეფონებზე, შავი გვეცვა და მეტალი გვეკიდა ყველგან. (მე პირადად ისე ხშირად მეცვა ხოლმე შავი, ზოგიერთ არაროკისმოყვარულ პიროვნებას მგლოვიარე ან „ძველი ბიჭი“ ვეგონე ხოლმე. ოღონდ არა ტექნიკურ უნივერსიტეტში. ჩვენთან შავ ფერზე შეკითხვები არავის ებადებოდა.).

კიდევ იყო მთელი პლიადა „ნირვანოიდებისა“, კურტ კობეინის მაისურებით და ყვითელსმაილიანი წარწერით Nirvana შავი ჯინსის ჩანთებზე და ქურთუკებზე. მაგალითად ერთი აკადემიელი გოგო, „პანკუშკა“, რომელიც ჩემმა მეგობრებმა გამაცნეს აკადემიის მეზობელი (გეგმაში Y-ის მოხაზულობის) სახლის ეზოში. (ეგ სახლი ცალკე ცნობილი და ლეგენდარული ადგილია, ვინაიდან მიუხედავად მისი ბინადრების ხმამაღალი პროტესტისა ამ სახლის ეზოში ლუდის დალევა სასწავლებლის კოლორიტი გახლდათ.)

მახსოვს როგორი აღფრთოვანებით და თანაგრძნობით ვლაპარაკობდით „პანკუშკასთან“ Nirvana-ზე და დოკუმენტურ ფილმზე About a son. - კურტ კობეინის უკანასკნელ სატელეფონო ინტერვიუზე და მისი ცხოვრების გასაჭირზე. როგორ შეიძლება, რომ მშობლებმა და საზოგადოებამ საკუთარი ზეწოლით დაანგრიოს ადამიანი შიგნიდან...

კიდევ, „როკ-კლუბში“ დავდიოდით ხოლმე, სადაც „პანკუშკა“ მუშაობდა მაშინ. რუსთაველის გამზირზე, ოპერის პირდაპირ. პატარა, წითელი აგურით ნაგები სარდაფი იყო, მუდამ გაჟღენთილი სიგარეტის ბოლით და ცოცხალი როკის ხმამაღალი ბგერებით. (მაშინ მოწევა ყველგან ნებადართული იყო.) სრულიად გაბრუებულები და ბედნიერები გამოვდიოდით ხოლმე ამ როკული ჯურღმულიდან... „პანკუშკა“ ყვებოდა, რომ კლუბის ინტერიერის მოსართავად ჩამოტანილი კურტ კობეინის გიტარის ასლს სიმი მოაძრო და ხელზე სამაჯურივით ეკეთა, გვაჩვენებდა ხოლმე, სისხლამდე ჰქონდა კანი ატყავებული, მაგრამ სიხარულისგან მაინც მეცხრე ცაზე იყო...

სწორედ ამ დახუთულ და ხმამაღალ „როკ კლუბში“ გავიცანი ანა... ჩემი ანა.

 

 

 

N3. One of these days…

 8 აპრილი. პარასკევი.

 

პარასკევი საღამო ტრადიციულად გართობის დროა გრაფიკით მომუშავე ხალხისთვის, მაგრამ მე, ვინაიდან 9-ე თვეა უგრაფიკოდ ვცხოვრობ, დალევის ხასიათზე არ ვიყავი.

ბავშვთან გატარებულმა ხუთმა დღემ ცხადია დამღალა, თანაც ძლიერ. ბავშვს იმდენი ყურადღება სჭირდება, ბევრად ნაკლებად შრომატევადი იქნებოდა ოფისში რომ მემუშავა დილიდან საღამომდე, მაგრამ რაც არის არის!.. ჩემი ძმის ბინიდან რომ გამოვედი, ერთი სული მქონდა სადმე მივწოლილიყავი და დამეძინა, მაგრამ მშობლებთან წასვლის სურვილი არ მქონდა, ამიტომ ქურთუკი შევიკარი და ფეხით ჩავუყევი ყაზბეგის გამზირს პეკინის გამზირამდე. ვნახოთ რა მოხდება!..

აპრილის კვალობაზე გრილოდა და ხელები ჯიბეებში ჩავიწყე. აშკარად სიგარეტი მაკლდა ხელში. ჰაერში ისეთი ნესტი ტრიალებდა, აუცილებლად იწვიმებდა, მაგრამ ჯერ არა. უაზროდ მივყვებოდი პეკინის გამზირს და ვიტრინებს ვათვალიერებდი. ადრე აქ ამდენი მაღაზია არ ყოფილა, ამ ბოლო წლებში კი „ოქსფორდ სთრითად“ აქციეს, სადაც არ გაიხედავ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების და საოჯახო ნივთების მაღაზიებია. ოდრი ჰეფბერნივით მივუყვებოდი ქუჩას „ტიფანის“ ვიტრინის ძიებაში, მაგრამ „ტიფანი“ არა და არ ჩანდა. რატომღაც!..

 როცა პეკინის გამზირი დასრულდა და მერაბ კოსტავას ქუჩა დაიწყო, შემოვბრუნდი და უკან წამოვედი. იმიტომ არა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის დანახვამ არ გამახარა, არა, სულაც არა!.. უბრალოდ გამიკვირდა, რომ როგორც კი გონება და სხეული თავის ნებაზე მივუშვი, ისევ აქ მომიყვანა. ჰმ, ფესვებთან?.. შესაძლოა. მთელი ჩემი ოჯახის რამოდენიმე თაობა ხომ აქაურია. ფროიდი იტყოდა რომ აქ რაღაც ამბავია!..

საერთოდ, ეს უბანი, საბურთალო სწორედ რომ ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების დასასახლებლად აშენდა გასული საუკუნის 70-იან წლებში. საბჭოთა კავშირში ხომ ყველა მოქალაქეზე ზრუნავდნენ, განსაკუთრებით კი ინტელიგენციაზე. პროფესურას, რომელიც (მაშინ) ГПИ-ში, ანუ „სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში“ ასწავლიდა, უთუოდ იმავე უბანის ახალმშენში ეკუთვნოდა ბინა, რომელსაც წლების განმავლობაში ელოდნენ ხოლმე. ბახტრიონის ქუჩაზე, მაგალითად სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობენ, თითქმის ყველა ან „გე-პე-ი“-ელი იყო ან რამენაირად დაკავშირებული მშენებლობასთან. ანალოგიურად სახელმწიფო უნივერსიტეტის ხალხი ვაკეში სახლდებოდა ხოლმე და ა.შ... ყველაფერი ლოგიკურად და ფუნქციურად იყო განაწილებული, როგორც კარგად გამართულ, გეგმიურად მომუშავე ინკუბატორში.

ქვეცნობიერმა ბახტრიონისკენ რომ წამომიყვანა, ვიფიქრე „წიგნის სახლში“ შევალ, რამე ლექცია იქნება მეთქი, პარასკევი საღამოა, მაგრამ გზაჯვარედინზე ისევ შემეცვალა გუნება და კუტუზოვის ქუჩით (ახლა მგონი გამრეკელი ჰქვია) საბურთალოს ქუჩისკენ ავიღე გეზი. (რომელსაც ახლა სულხან ცინცაძის ქუჩა ჰქვია. ბატონი ცინცაძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ცხადია, უბრალოდ მეხამუშება, რომ საბურთალოს უბანში საბურთალოს ქუჩა აღარ გვაქვს, არადა მიჩვეული ვიყავი რომ გვქონდა!.. ზნე რჯულზე უმტკიცესიაო, ნათქვამია.)

წვიმას იწყებდა, ამიტომ საბურთალოს (ცინცაძის) ქუჩაზე ჩაყოლებული რესტორნებიდან ერთ-ერთში შევედი და პირდაპირ ბარისკენ ავიღე გეზი. არც თუ ისე ბევრი ხალხი იყო, ძირითადად უცხოელები. მაგიდებთან ისხდნენ. ბართან მხოლოდ ორი ტიპი იჯდა, მეც შემოვჯექი მაღალ სკამზე და მობილური დახლზე დავდე. ადრე ამ უბანში ტურისტს იშვიათად შეხვდებოდი, ახლა კი აქაურობა სავსეა დროებით თუ გაურკვეველი ხნით ემიგრირებული სხვადასხვა მოქალაქეობის მქონე სლავებით. „დიდი სლავური მიგრაცია“ ასე ვთქვათ...სწორედამ ფონზე თბილისში მყისიერად გაძვირდა ბინის ქირა და დეფიციტში მოექცა მეომარიქვეყნებიდან იმპორტირებული საქონელი. ლოგიკურია. ვერაფერს გააწყობ!..

ბარის სასმელებით სავსე თაროებს გადავხედე. არაუშავს დიზაინი იყო, მაგრამ რატომღაც არც ერთი ბოთლი არ მეძახდა მოდი მე დამლიეო!..

- ე, შენ აქ რა გინდა, ბიჭო?!.. - გავიგონე უცებ გოგოს ნაცნობი ხმა დახლის მიღმა. დოინჯშემორტყმული ბარმენი ჩემსკენ გამოემართა ღიმილით. ისედაც მაღალი გოგო კიდევ პლატფორმიან ფეხსაცმელზე იდგა. გამხდარი იყო, ლაკირებული შავი შარვალი და შავი კორსეტი ეცვა. ორივე მკლავი, მუცელი და კისერი ძალიან ნატიფი შავი სვირინგებით ჰქონდა მოხატული. დავინახე თუ არა, გამეღიმა.

- ვა, ჰოლი?!.. შენ სადღაც ცენტრში არ მუშაობდი? - ვკითხე. მახსოვდა რომ ჰოლის ეძახდნენ ხოლმე, როცა სამსახურიდან დავდიოდით ხოლმე იმ ბარში დასალევად, მაგრამ სინამდვილეში რა ჰქვია წარმოდგენა არ მაქვს.

- ე, ერთი *ლე არაა სად ვიმუშავებ?! ახლა აქ ვარ! - გაიცინა ჰოლიმ, მერე ბარის დახლზეე წამოიწია, გადმოიხარა ჩემსკენ და წვერიან ლოყაზე მაკოცა. - გამოიყურები მილიონ დოლარზე, ბიჭო! - მეუბნება. - აქ რამ მოგიყვანა?

- აქ ვცხოვრობ.

- მაგარია! მაგარი! ნეტა მეც აქ ვცხოვრობდე. საათნახევარი მივემგზავრები ხოლმე სახლამდე.

- მეტროთი?

- აბა მანქანით კიდევ უფრო დიდხანს მომიწევდა ამ საცობებში! - გაეცინა. - რა დაგისხა?

მე ლუდი ავიღე მოკრძალებულად და სანამ ბარში ტრიალებდა და სხვა კლიენტებს უმზადებდა კოქტეილს, კარგად შევათვალიერე.

- ახალი ტატუები გაქვს, ჰოლი?

- რავი, მთლად ახალი არა. - მეუბნებოდა, თან შეიკერს ანჯღრევდა. - აი ეს სამი თვისწინდელია, ის ზურგზე ხუთის!.. - შემომიბრუნდა. - რამდენი ხანია არ მინახიხარ, ტო?

- სადღაც ეგრე იქნება რა. - ვუთხარი და სამი თვისწინდელი ტატუ შევათვალიერე, მუცელზე, მენჯის ძვლის პარალელურად რომ დაესვა. როგორც ჩანს კომპოზიცია საბოლოოდ არ იყო დასრულებული, რადგან ჭიპის ქვეშ სხვა, უფრო ძველი, ირმის რქებიანი თავისქალის ამსახველი სვირინგი ერთგვარ სამკუთხედს ქმნიდა მენჯის ძვლებს შორის და ახლა, მარჯვნიდან ჩამატებული ობიეტი სიმეტრიისთვის მარცხნიდანაც ითხოვდა ანალოგიური მასშტაბის ლაქას.

- ეს რა არის? - ვკითხე.

- არაქნეა. იცი?

- მითოლოგიური არაქნე? ქალღმერთი ათენა ქსოვის პაექრობაში რომ გამოიწვია და ამის გამო დაისაჯა და ობობად გადაიქცა?..

- აჰა, ეგაა! „ღვთაებრივი კომედიის“ ძველი გრავიურიდან ავიღე დიზაინი, სადაც დანტე ჯოჯოხეთში ჩადის და არაქნეს ხვდება. აი, ნახე!.. - მობილურის ეკრანზე მაჩვენა გრავიურა.

- ძალიან ლამაზია. კარგი გემოვნება გაქვს.

- მარტო შენნაირი კაცი თუ მიხვდება და დააფასებს რა! - გამიცინა და სამუშაოდ შებრუნდა.

გაუფილტრავ ჩამოსასხმელ ლუდს ვსვამდი, გარშემო მობეზრებით ვიყურებოდი და მეღიმებოდა. გამახსენდა დედაჩემმა როგორ თქვა ერთხელ: ჩემს ახალგაზრდობაში კორსეტი თეთრეული იყოო და ახლა გამოსასვლელი ზედა გამხდარაო!.. ჰეჰ!.. ჰოლის ლამაზ ტატუებს შორიდან კიდევ შევავლე თვალი და გავიფიქრე, ნეტა დედა რას იტყოდა ასეთი მოხატული გოგო რომ მიმეყვანა რძლად? ალბათ კარგს არაფერს. არადა საიდან იცის როგორი ადამიანია? ჰოლის სხვათაშორის ოქროს გული აქვს და მასზე ცუდი ცხოვრებაში არასოდეს გამიგია. პირიქით. ყველა იმას ამბობდა რომ ძალიან კარგი გოგოაო.

რაც უფრო ღამდებოდა მით მეტი ხალხი ემატებოდა და ჰოლის ჩემთან საჭორაოდ აღარ ეცალა. კიდევ ერთი კათხა ჩამოვასხმევინე და ორადგილიან მაგიდასთან გადავჯექი, კუთხეში. მზრუნველ დიზაინერს მაგიდის თავზე პატარა, ინტიმურად მკრთალად მბჟუტავი ბრა ჩამოეკიდა. ჩემთვის საკმარისი იყო. ჯიბიდან უბის წიგნაკი და კალამი ამოვიღე და მაგიდაზე მივაგდე. არც კი ვიცოდი რაზე უნდა დამეწერა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ საჭიროა. გარეთ მაინც წვიმს და სასეირნოდ ვერ წავალ, მოწევას თავი დავანებე, ყველა ჩემი მეგობარი სამსახურიდან დაღლილი ცოლ-შვილთან ზის სახლში ან სადმე მაგრად სვამს, ასე რომ... საჭირო იყო რამე დამეწერა. ჯანმრთელობისთვის!..

მეც ბლოკნოტი გადავშალე და დავწერე:

...იმ საღამოს, 2013 წელს, როკ-კლუბში Mogwai-ს დღე იყო. რატომღაც...

მენეჯერმა გადაწყვიტა რომ მეტალის და ჰარდ-როკის საღამოები ცოტა განეტვირთა და ამჯერად ამ გლაზგოური ბენდის რბილი, ატმოსფერული ალტერნატიული როკი შემოგვთავაზა.

მე, ისევე როგორც ჩემი მეგობრების უმეტესომა მაშინ აზრზე არ ვიყავი რა არის Mogwai. უბრალოდ ჩვეულებრივი პარასკევი საღამო იყო და ოდნავ ნასვამები და დაღლილები ინერტულად მივეხეტეთ როკ-კლუბში. ხალხი იქ უკვე იატაკზე ისხდა და პროექტორზე გაშვებულ ლამაზ, „არტ-ჰაუსურ“ კლიპებს უყურებდა და ნიკოტინის, ალკოჰოლისა და მუსიკალური ეიფორიისგან ნელ-ნელა ტრანსში გადიოდა... (ინტერნეტი და საკუთრივ Youtube იმ დროს ჯერ კიდევ ძალიან ნელი იყო, ამიტომ ასეთი საჯარო ვიდეოჩვენებები კაი თემა იყო. სამაგეროდ მაშინ ინტერიერში მოწევა ჯერ კიდევ არ იკრძალებოდა და ყველანი ვაბოლებდით.)

ზოგიერთ ჩემს მეგობარს ასეთი „მუდო ვაიბი“ არ მოეწონა და წავიდა, მაგრამ რამოდენიმე დავრჩით. Mogwai-მ მაშინვე მომაჯადოვა და სულზე მომეფერა. მათ რიტმში საკუთარი გულის ძგერას ისე ჰარმონიულად ვგრძნობდი, რომ არაფერი მინდოდა, მხოლოდ იქ ყოფნა და მათი მოსმენა, მაგრამ... ეს არ იყო ყველაფერი. საიდან უნდა მცოდნოდა მაშინ რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღე უნდა გამხდარიყო ჩემს ცხოვრებაში?.. წინასწარ ვერ მეცოდინებოდა რომ ანას შევხვდებოდი და ალბათ... ალბათ ამიტომაც შევხვდი. წინასწარ რომ მცოდნოდა ის რაც ვიცი ახლა... ალბათ მასთან შეხვედრას არ მოვისურვებდი. თუმცა... ვიცი რა ჩემი ხასიათი, უარს მაინც ვერ ვიტყოდი. მასთან გატარებულ ვერც ერთ წამზე ვერ ვიტყოდი უარს. ის ნაწილი იყო ჩემი, დავიწყებული, რომელიც იმ ჯადოსნურ წამს აღმოვაჩინე, როდესაც მან პირველად შემომხედა...

კლუბის აგურის იატაკზე ჩემს წინ იჯდა ამ ფერებით და ბგერებით სავსე სივიწროვეში...

ყველანი სრულ ექსტაზში ვიყავით, გასულები ამ ყოფიერებიდან, სადღაც შორს, სადღაც მაღლა, სადღაც მშვენიერ სამყაროში... სიბნელეში მოთამაშე პროექტორის ფერად შუქში ბუნდოვნად გავარჩიე მისი სწორი ქერა თმა და ერთი თხელი ნაწნავი მარცხენა მხარეს, როცა მან ჩემსკენ მოიხედა და პირდაპირ თვალებში შემომხედა. ისეთი ბედნიერი მზერა ჰქონდა!.. ისეთი ლაღი, ისეთი კმაყოფილი, ისეთი თავისუფალი... ცხოვრებაში არ მინახავს არავინ ამდენად ლამაზი. ეჭვიც კი შემეპარა რომ ეს ჩემს თავს ხდება. არა, შეუძლებელია!..

როცა შემდეგ ვეკითხებოდი, რას ფიქრობდი იმ წამებში, როცა შემომხედე მეთქი, მან მითხრა: ვფიქრობდი, რა კარგი იქნებოდა რომ ჩამხუტებოდიო.