ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

წუთით კოსმოსში

წუთით კოსმოსში

თავი V

-დედა, როგორ ხარ?

-შვილო!

-დედა, რა ხმა გაქვს, ინერვიულეთ?

-აბა რა ვქენით, არკადასი? ხომ კარგად ხართ? სად იყავით? ტელეფონებს რატომ არ იღებდით?

-რომ ჩამოვალ მოგიყვები. მშვიდად იყავით, ვენის ნომრიდან გირეკავ, ჩემი ტელეფონი გაფუჭდა. ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ აქ ტელეფონი თითქმის არ იჭერს. რამდენიმე საათში გამოვალთ. თი შეგიძლია, გააგებინე ბავშვების მშობლებსაც, შენც ძლივს დაგირეკეთ.

-კარგი, არკადასი, კარგი. თავს მოუფრთხილდით!

სამივე დედა ამ ერთს მისჩერებოდა. იმ ბედნიერ ერთს, რომელმაც შეძლო ამდენი ნერვიულობის შემდეგ შვილთან საუბარი.

-კარგად არიან. მალე ჩამოვლენ, - იმ წამს სხვა არაფერი იყო მნიშვნელოვანი. ოთხივე დედის გონებაში ერთადერთი ფრაზა მეორდებოდა: „კარგად არიან“.

* * *

ყოველ საინტერესო ამბავს რუტინული დღე მოყვება და ასე პირიქითაც. ყოველ რუტინულ დღეს - საინტერესო ამბავი. ხშირად ემოციებით სავსეც რომ იყო, თავი უნდა აკონტროლო და რუტინულობაში არარუტინული ბედნიერება არ შეიტანო. ასე გვიწევს, თორემ ეს არავის სურს.

დილით, მთებს შორის მზემ რომ გამოანათა, დილა იგრძნო პატარა სოფელმა. მალევე, ორი ახლოს მდებარე სახლიდან ერთდროულად გამოვიდნენ სტუმრები. ერთიდან - ჰალეი, მეორედან კი - არკადასი, ვენი და ბანბე. ორივე სახლიდან გამოსულ სტუმარს მასპინძელი აცილებდა. ვენური ახალგაზრდებს მიესალმა. ამ მხარეში მხიარულნი და სტუმართმოყვარენი იყვნენ, ანუ ნამდვილი ადამიანები, კეთილი ღიმილითა და ჭემარიტი თვალებით. ახალგაზრდების მასპინძელი მოხუცი ჰალეის უყურებდა. რაღაც გამორჩეულს ხედავდა, რაც აშინებდა, აბნევდა, თუმცა მოსწონდა. ეს ან წარსულის გრძნობა იყო, ან კიდევ, ვინ იცის რა?!

-დილა მშვიდობისა, მგონი თქვენც სტუმარი გყავთ, ხომ ასეა?

-დიახ, აგაბო პაპა, ეს ჰალეია. გუშინ მამა დაეხმარა. ამის მსგავსად პარაშუტმა დააღალატა და წუხელ ჩვენი სტუმარი გახდა, - მიუგო ვენურმა და თან ახალგაზრდებს თვალს არ აშორებდა, - დაიცადე, თქვენ გუშინ ოთხნი არ იყავით? აგაბო პაპა, ხოარ მოიტაცეთ ის ლამაზი გოგო? - იკითხა სიცილით.

-კი, ოთხნი ვიყავით. მაგრამ ლალუნას მამა წუხელ ცუდად გახდა და ამიმ წაიყვანა. ჩვენც დილით გავიგეთ, წერილი დაგვიტოვეს.

-რა სამწუხაროა. მალე გამოჯანმრთელდება იმედია.

აგაბო პაპა თვალს არ აშორებდა ჰალეის. ახალგაზრდებმა ჩანთები გამოიტანეს, წასასვლელად მოემზადნენ.

მოხუცი კვლავ დაჟინებით უყურებდა ჰალეის.

-შვილო, - გაბედა ბოლოს, - საით მიდიხარ? იქნებ ერთი გზა გქონდეთ შენ და ჩვენს სტუმრებს, - თან ისევ ეჭვის თვალით უყურებდა. საიდანღაც ძალიან ეცნობოდა, თითქოს ნანახიც კი ჰყავდა, მაგრამ, რა გასაკვირია, რომ ამ ასაკის კაცს უკვე რაღაცები ავიწყდება ხოლმე.

-კი, კი, - ჩაერთო ბანბე, - გაგიყოლებთ.

-მე ქალაქში ვბრუნდები, არ მინდა გზა გაგიმრუდოთ.

-ერთი გზა გვქონია, თანაც ადგილიც გვაქვს.

ასეთმა უცნაურმა ამბებმა შესაძლოა მეგობარი გაპოვნინოს. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ის გზა ბევრის მომცემი აღმოჩნდა. ახალგაზრდებს საერთო გემოვნება, ინტერესები და ფიქრები ჰქონდათ. ერთი ღამის ორი მოულოდნელი შემთხვევა სასიამოვნო მეგობრობაში გადაიზარდა. ყველაფერი, რაც მოხდა, რაღაცისთვის ღირდა.

 

* * *

-ექიმო, როგორია მისი მდგომარეობა? - აღელვებული მივარდა ლალუნა ექიმს, ისე, რომ გარშემო მყოფი ვერცერთი ახლობელი, მათ შორის დედა, ვერ შენიშნა.

-პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ახლა ოპერაცია უტარდება. თუმცა უნდა გითხრათ, რომ ყველაფერს უნდა ველოდოთ, - ცივი სახით მიუგო თეთრხალათიანმა ქალმა და დერეფანს გაუყვა. აშკარაა ეს ფრაზა იმდენად ბევრჯერ უთქვამს, რომ მასზე აღარც კი მოქმედებდა.

-რას ნიშნავს ყველაფერს ველოდო? რას უნდა ველოდო? - საკუთარ თავს ხმამაღლა ეკითხებოდა ლალუნა. ამი ამასობაში მანქანას აჩერებდა. სულ მალე მის გვერდით გაჩნდა და გოგონას დამშვიდებას მთელი გულით ცდილობდა. უცნაური იყო მათი ურთიერთობა, ან რა ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ ერთი დღის გაცნობილებს. ლალუნას მისი ღიმილი უკვე მერამდენე საათი იყო აღარავის ენახა. ის ძილშიც კი იღიმის ხოლმე, მაგრამ ახლა ვერანაირი ძალა მცირედითაც ვერ გააღიმებდა.

საათები გადიოდა, ყველაზე დინჯი საათები და ამბის მომტანიც კი არავინ ჩანდა. გარშემო ყველა საოპერაციო პალატიდან ექიმის გამოჩენას ელოდა. ლალუნას იმის ძალაც კი არ ჰქონდა, რომ დედასთან მისულიყო და ენუგეშებინა. ამიმ კი აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. გოგონასთვის წყლის მოტანა გადაწყვიტა. სწორედ მაშინ, როდესაც იგი დერეფანს გაუყვა, როგორც იქნა, გამოვიდა ექიმი. მაშინვე ყველა მისკენ დაიძრა, ცდილობდნენ მოსალოდნელი სიტყვები სახის მინიმალისტური მიმიკებით გამოეცნოთ. ექიმმა პირბადე მოიხსნა.

-სამწუხაროდ, - და მაშინვე სრული სიცივე მთელს სხეულში, ამის მოსმენა უკვე რთული იყო, - ბატონი მილოსტი დავკარგეთ, ვიზიარებ...

არავინ ინძრეოდა. მხოლოდ მცირედი დუმილის შემდეგ აღმოხდა ლალუნას დედას კივილი, რომელიც ყველას გულს შეეხებოდა. საოცარი სიყვარული აკავშირებდათ და იცით რა იგრძნო საწყალმა ქალმა? ეს კივილი არაფერი იყო იმასთან, რასაც იგი გრძნობდა. სულს ცეცხლი მოუკიდეს, საყვარელი ადამიანი მოულოდნელად გამოგლიჯეს. ძალიან სტკიოდა. ამაზე მეტად ვერასდროს ეტკინებოდა. ქალს ახლობლები დაეხვივნენ. განა რომელ სიტყვას შეეძლო მისი ნუგეში? განა რა სიტყვა მოიძებნებოდა მცირედი ნუგეშისთვის მაინც? ‘გაივლის’? ‘დრო ყველაფრის მკურნალია’? არაფერიც არ გაივლის, ეს ტკივილი მანამ გაჰყვება, სანამ იცოცხლებს. მაგრამ მიეჩვევა, ისწავლის საყვარელი ადამიანის გარეშე ცხოვრებას. ნეტავ ეს თავად მას ესწავლებინა საყვარელი მეუღლისთვის.

ლალუნაც კიოდა, ოღონდ მისი კივილი არავის ესმოდა. მისი ყოველი ორგანო სათითაოდ ყვიროდა და ითხოვდა დახმარებას, თუმცა ეს კივილი არავის გაუგია, არც თავად ლალუნას. თუმცა მამას? ის უსათუოდ გაიგებდა. ის ერთადერთი იქნებოდა, რომელიც ლალუნას ამ ამოძახილს გაიგონებდა.

 

* * *

-ჩამოვედი, საავადმყოფოში ხარ? .. კარგი, გამოგივლი.. მეც, ძალიან მომენატრე, - ჰალეიმ ტელეფონი გათიშა და ვენის დაუბრუნა. ახლად შეძენილ მეგობრებს დაემშვიდობა და გეზი საავადმყოფოსკენ აიღო.

საავადმყოფოს ეზოში შესვლისთანავე დაინახა იქიდან გამომავალი გოგო. მსგავსი აქამდე არაფერი ენახა. გოგონას აჩეჩილი თმა, თეთრი სახე და ცრემლიანი თვალები აშკარას ხდიდა, რომ კარგი არაფერი მომხდარა. ლალუნას საოცრად უბრალო, თუმცა მაინც გამორჩეულად ნათელი მზერა ჰალეისთვისაც დამატყვევებელი აღმოჩნდა. გოგონა წაბორძიკდა. ჰალეიმ დაიჭირა და სკამამდე ფრთხილად მიაცილა. ცდილობდა გოგონას თვალებამდე მიეგნო, თუმცა მარტივი არ იყო ამ სიღრმეში თვალების პოვნა, შემდეგ კი მათში რამის ამოკითხვა.

 

* * *

ექიმის სიტყვების შემდეგ, ლალუნას ფეხებმა დამოუკიდებლად დაიწყო მოძრაობა, გონებისგან დამოუკიდებლად. ეზოში როგორ გამოვიდა თავადაც ვერ მიხვდა. წაბორძიკდა, თუმცა საბედნიეროდ ახლოს უცნობი ბიჭი აღმოჩნდა, რომელმაც სკამზე დასვა და მასთან საუბარიც სცადა. ლალუნას არაფერი ესმოდა. მხოლოდ სიტყვები: „სამწუხაროდ“.. „დავკარგეთ“.. „ვიზიარებ“ და მერე ისევ თავიდან. ლალუნას არ ესმოდა ჰალეის არცერთი სიტყვა, რადგან იმ დღეს ლალუნა საკუთარივე თავში პირველად გარდაიცვალა.

 

თავი VI

 

ხანდახან ვერაფერი დაეხმარება ადამიანს უსულო სასმელზე მეტად. რა აქვს ალკოჰოლს ჩვენზე მეტი? როდესაც ყველა სიტყვა ფასსა და აზრს კარგავს, საიდანღაც სასმლის სუნი მოვა და დაგვატყვევებს. ცოტა ხანი ამ ტყვეობით დაგვატკბობს. ცოცხლობ, სუნთქავ, მაგრამ არ ფიქრობ. არაფერზე ფიქრი არ არის საჭირო.

ალბათ ეს უფიქრობა ყველაზე მომხიბვლელია. არაფერი გახსოვს, ისიც არ გახსოვს, თუ რა უნდა გახსოვდეს. ისევ ის სუნი, ალკოჰოლის სუნი. თავსაც ვერ აღწევ. მაგრამ ფაქტია შველის, ყველაფერს შველის ალკოჰოლი. თუმცა ერთ რამეს ვივიწყებთ, ეს დროებითია. თუკი ოდესმე ამას თავს დავაღწევთ, ისევ წამოგვივლის ძველი იარები და უფრო მეტადაც კი გვეტკინება.

 

 

არ არსებობდა ლალუნასთვის ქვეყნად რაიმე მამაზე ძვირფასი. ბატონი მილოსტი არ იყო ბიოლოგიური მამა. თუმცა სისხლით კავშირი ერთადერთი იყო, რაც ნამდვილი მამისგან განარჩევდა. ლალუნა ნაშვილები იყო. წლების წინ ეს თავად მშობლებისგან გაიგო, თუმცა ამას მათდამი სიყვარული არ შეუცვლია. ხშირად საუბრობდნენ ხოლმე. მათი საუბრები ეხებოდა ყველას და ყველაფერს. ლალუნას სახელიც და გვარიც - დერმონდი ბიოლოგიური მშობლებისგან დარჩა. მილოსტიმ და მისმა მეუღლემ კი პატივი სცეს მათ ამ გადაწყვეტილებას და ბავშვის სახელიც და გვარიც უცვლელი დატოვეს. ერთ საღამოს ლალუნამ მამასთან ერთად მოინდომა გაერკვია საიდან მოდიოდა მისი სახელი და გვარი. ლალუნა - მარტივი მისახვედრი იყო, ეს იტალიელთათვის მთვარეა (la luna), რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აღმოჩნდა რომ გვარიც იმავე მნიშვნელობას ატარებდა. დერმონდი (der mond) გერმანულად მთვარეს ნიშნავს. ბევრის სცადეს, თუმცა გვარის წარმომავლობა ვერსად იპოვეს. ამიტომაც მილოსტი მას ყოველთვის კოსმოსურ საჩუქარს უწოდებდა ხოლმე. ყველა თავისი უცნაურობით ლალუნა უბრალო გოგო იყო. მრავალ სააგენტოს მოდელობაც შეუთავაზებია მისთვის, თუმცა მისი მიზნები ცაში იყო. დიახ, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ცაში.

ლალუნას საუკეთესო მოგონებები მამას უკავშირდებოდა. ახლა კი არავინ იცოდა რა ხდებოდა ლალუნას შიგნით, ამიტომაც ვერავინ დაეხმარებოდა, ვერც ის უცნობი ბიჭი, რომელიც ასე გულით ცდილობდა მის დახმარებას. ვერც ამი, რომელმაც შუაღამით გოგონა მამასთან ჩამოიყვანა. იმ ღამით ლალუნა მიხვდა, რომ აქამდე ცუდი არაფერი მომხდარა მის ცხოვრებაში. აქამდე მამა იყო, აქამდე მილოსტი იყო. აქამდე მას უდიდესი საყრდენი ჰქონდა, რომელიც ერთ დღეში გამოაცალეს. ლალუნა იმ დღეებში ბევრჯერ კვდებოდა, ყოველ დღე საწოლიდან დგებოდა და თავიდან განიცდიდა ამ საშინელ გრძნობას.

და მერე, ის სუნი მოვიდა, ალკოჰოლის სუნი, შვების სუნი. ლალუნაც გააბრუა ამ სუნმა. იმ დღეს, მამის გარდაცვალებიდან ერთი კვირის თავზე, სახლში მარტო მყოფმა სასმლით სავსე კარადას მიაგნო. ამ კვირის მანძილზე პირველად გაიღიმა. მაგრამ ეს არ იყო კარგი ღიმილი. სუნი. გაბრუება. უფიქრობა.

სუნი არ ქრება.

სუნი ძლიერდება.

სუნი ლალუნაში ისადგურებს, ყველაფერს იცავს მასში.

ის კი ფრთხილად დგება და უემოციოდ, კვლავ უსულო, საწოლს უბრუნდება. უკვე ყველაფერი ერთია. მთავარია ის სუნი სულ მასთან იყოს.

 

 თავი VII

 

გაზაფხული არასდროს მყვარებია. არეულ ამინდებს ერთხელაც არ აღუძრავს ჩემში მცირედი სიამოვნებაც კი. თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც პირველსავე მარტს დადებითი ემოციებით ივსებიან. სამი გაზაფხულის მოყვარული ახალგაზრდა მომწვანო პარკში შეკრებილიყო. ეს მათ სახლებს შორის არსებული მშვიდი სივრცე იყო. არკადასი, ვენი და ბანბე, ლალუნას გარეშე უკვე ხშირად იკრიბებოდნენ. იმ ტრაგიკული ამბიდან უკვე ორი თვე გასულიყო. სად იყო ლალუნა? ძალიან შორს. როგორ იყო? იყო კი?

 

შეკრებილი ახალგაზრდების სასაუბრო თემა ძირითადად სწორედ ლალუნას ეხებოდა, მის მდგომარეობას, მის მომავალს. ეს ოთხი ბავშვობიდან მეგობრობდა. ბაღიდან ერთად მოდიოდნენ, სკოლის წლებიც ერთად განლიეს. მართალია უნივერსიტეტმა მათ შორის მცირედი დაშორება გამოიწვია, თუმცა მათთვის ეს პრობლემა არასდროს გამხდარა. ლალუნა ყოველთვის ასტრონომიით იყო დაინტერესებული და მსგავსი ინტერესების ადამიანს ფაქტობრივად ვერასდროს ნახულობდა. ოთხივეს განსხვავებული ინტერესები ამოძრავებდა, თუმცა საოცარი მეგობრობა და ერთობა აკავშირებდათ. ცხოვრებაში პირველად დარჩა ეს ოთხეული რომელიმეს გარეშე. ლალუნა მათთან არ იყო, ვერ იყო და ვინ იცის, კიდევ რამდენი ხანი ვერ იქნებოდა. ბავშვები ხშირად ურეკავდნენ, თუმცა კლინიკაში ტელეფონს ყოველ წამს ხომ ვერ უპასუხებდა?!

ლალუნა დერმონდი, მთვარე გოგონა, მოცინარი გოგონა, საავადმყოფოში ალკოჰოლს ებრძოდა. ამ ორ თვეში ბევრი რამ მოხდა. თითქოს აქამდე არსებული ყოველი ადამიანი მის გარშემო თავისი გზით წავიდა. დედას ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა და გოგონასთვის ვერ იცლიდა. მეგობრები ცდილობდნენ მასთან კონტაქტს, დახმარებას, თუმცა ლალუნას არავინ სურდა. საბოლოოდ ალკოჰოლის სუნისგან დატყვევებული გერმანიაში გაუშვეს სამკურნალოდ. რაც მთავარია, ლალუნა ხვდებოდა, რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო. აანალიზებდა, რომ არსებობდა რაღაც, რასაც მიეჯაჭვა. ეს ფაქტი უკვე თავადაც აღარ მოსწონდა და ცდილობდა თავის დაღწევას. ცდილობდა კვირების მანძილზე. დიახ, პროგრესი იყო. ლალუნას თეთრი სახე ფერს იბრუნებდა. ერთადერთი, რაც მას ამ ორი თვის მანძილზე შერჩა მოციმციმე თვალები იყო. ექიმებიც ასე სცნობდნენ. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა და ხშირი ნერვული შეტევებისა, მაინც შეძლო ექიმებისთვის თავის შეყვარება. ალბათ ხედავდნენ იმ მოცინარ გოგონას, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანის უკან იმალებოდა. გერმანელთათვის ლალუნა დერმონდი მართლაც მთვარედ აღიქმებოდა და ხშირად ამ გაგებითაც მიმართავდნენ.

რთული იყო იქ ყოფნა. ლალუნას სულ გარეთ უნდოდა. გაზაფხული არც მას ჰყვარებია, ის გაზაფხული კი სძულდა კიდეც. თუმცა მაინც უნდოდა გარეთ გასვლა და ბუნების გაღვიძების ხილვა. ოდნავ შვებას ის გვრიდა, რომ იქ მეგობრებიც შეიძინა და ხშირად საუბრობდნენ კიდეც. ლალუნა საკუთარ პატარა ქვეყანაზე, ტუტტო-ტუდოზე ყველგან სიამაყით ყვებოდა. მეგობრებზეც ხშირად უყვებოდა იქაურებს. ფსიქოლოგთანაც ხშირად ჰქონია ლალუნას საინტერესო საუბრები:

- ლალუნა, ეს ჩვენი მეხუთე შეხვედრაა. თავს როგორ გრძნობ?

- კარგად ვარ, - მოსასხამი შეისწორა, - კარგად ვარ.

- მოდი, რამდენიმე კითხვას დაგისვამ, იმისთვის, რომ შენი მდგომარეობა უკეთ გავიგო, კარგი?

- დიახ.

- შენი აზრით, რისთვის ვცხოვრობთ?  

- შეგრძნებებისთვის, - დაუყოვნებლივ უპასუხა ლალუნამ.

- მაინც რომელი შეგრძნებებისთვის? - ჩაეძია ფსიქოლოგი.

- წამიერი შეგრძნებებისთვის.

- შეგიძლია მითხრა ახლა, ამ წამს, რა შეგრძნება გაქვს?

- ახლა? ახლა მცივა. თუ შეიძლება ფანჯარა დაკეტეთ.

- კეთილი, - ფსიქოლოგმა ფანჯარა დაკეტა და გოგონას მიუბრუნდა.

- ახლა როგორი შეგრძნება გაქვს?

- ცოტათი დათბა.

- სხვა არაფერი?

- სხვა? - დაფიქრდა ლალუნა, - ოდნავ მაინც გრილა, თუმცა დათბა.

- კარგი. ლალუნა დაფიქრდი და ასეთ კითხვაზე მიპასუხე - შენი აზრით, რა ფერის ხარ?

თუმცა ლალუნა არ დაფიქრებულა და მაშინვე მიუგო:

- ხანდახან ძალიან მზისფერი ვარ ხოლმე, თუმცა თამბაქოსფერიც ვყოფილვარ რამდენჯერმე. ვყოფილვარ მაშინ, როდესაც სასმლისფერი გადასულა დინჯი გრადაციით ნაცრისფერში, უფროსწორად ჭუჭყიან, გათელილ თამბაქოსფერში. მაგრამ ძირითადად მაინც მზისფერი ვარ, ზაფხულის მზის ფერი.

ექიმს გაეღიმა.

- კარგია, ეს ძალიან კარგია! ლალუნა, არსებობს ცოცხალი ადამიანი, რომელიც ახლა, ამ მომენტში, გინდა შენთან იყოს?

- ცოცხალი? დიახ, ასეთიც არსებობს.

- არ მეტყვი ვინ არის? შენი მეგობარია?

- არა მას არ ვიცნობ და არც რამე ვიცი მასზე, - ექიმი დაკვირვებით უყურებდა.

- აბა რატომ გინდა შენთან იყოს?

- იცით, როდესაც მამაჩემი გარდაიცვალა, ჩემთან ერთი ბიჭი მოვიდა. მე ძალიან ცუდად ვიყავი. გარეგნულადაც კი არ მახსოვს როგორი იყო. მაგრამ შეგრძნებები მახსოვს.

- და რა იგრძენი?

- მან სკამამდე მიმაცილა და ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, - ლალუნამ თმა აიჩეჩა და მეტი დეტალის გახსენება სცადა, - მახსოვს, რომ ხელზე შემეხო, აი აქ, - თითი საჩვენებელ თითთან დაიდო, - და წამიერად თითქოს ყველაფერი.. არ ვიცი როგორ შეიძლება ითქვას. იმ წამს თითქოს შვება ვიგრძენი, ძალიან კარგად ვიგრძენი თავი. იმ ბიჭისგან მგონი ერთმა ჩემმა ნაცნობმა, ამიმ წამომიყვან. მოკლედ, ახლაც იმ უცნობს ვისურვებდი ჩემს გვერდით, - ექიმი ყურადღებდით ინიშნავდა ლალუნას სიტყვებს.

- კარგია რომ უკვე ბევრს საუბრობ. ძალიან მომწონს. ხომ არ დაგღალე? კიდევ გინდა საუბრის გაგრძელება? იქნებ შენს ნაცნობ ამიზეც გვესაუბრა? ან იქნებ სხვა მეგობრებზე?

- მე წასვლა მინდა.

- და თვლი, რომ ამისთვის მზად ხარ?

- მეგობრები დამეხმარებიან, ძალიან კარგი მეგობრები მყავს.

- მართლა? მოდი შენს მეგობრებზე მომიყევი.

- ყალბი მეგობრები ხომ გინახავთ?

- სამწუხაროდ, კი.

- დიახ, ისინი მათ არ ჰგვანან. ნამდვილები არიან. ეს იმიტომ გკითხეთ, რომ ნამდვილი შესაძლოა არ გინახავთ. ყალბი უთუოდ ნანახი გეყოლებოდათ.

- ლალუნა, ვინმე გყვარებია?

- მეკითხებით ვცოცხლობ თუ არა?

- არა, მე გეკითხები ვინმე თუ გყვარებია?

- სწორედ იმას მეკითხებით რაც მე ვთქვი, თუმცა კარგით, მაგაზეც შემიძლია პასუხი გაგცეთ. დიახ, ვცოცხლობ.

- ანუ გყვარებია?

- საუბარი მომბეზრდა, - ლალუნა ფეხზე ადგა.

- კარგი, ასე იყოს. მალე ისევ შევხვდებით.

ფსიქოლოგმა ლალუნა კარამდე მიაცილა, თავად კი კოლეგასთან გადაწყვიტა ლალუნასთან დაკავშირებით საუბარი. დასკვნა ერთი იყო. ლალუნა უცნაური გოგო იყო, ამას ყველა ხედავდა. მისი მდგომარეობა უმჯობესდებოდა და ალკოჰოლი უფრო და უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდებოდა მის ცხოვრებაში. ექიმების გადაწყვეტილებით ლალუნა მალე კლინიკას დატოვებდა, თუმცა გოგონამ ეს ჯერ არ იცოდა.

 

თავი VIII

 

-ამაღამ მივფრინავ... კარგი ბებო, პირველად ხომ არ მივდივარ. ალბათ ერთ კვირაში საქმეებს მოვაგვარებ და ჩამოვალ... კარგი ბებო, ახლა ბარგს ვალაგებ, დაგირეკავ კიდევ, - ყურმილი დაკიდა ჰალეიმ და კბილის ჯაგრისი ჩადო უკვე სავსე პატარა ჩემოდანში.

ჰალეიმ გერმანიაში ორწლიანი ასტრონომიული მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მაგისტრატურა გაიარა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მთავარი პროფესიისგან ეს სფერო შორს იყო, ჰალეიმ გადაწყვიტა საყვარელ საქმეში ცოდნა გაეღრმავებინა. ეს ორი წელი ბევრის მომცემი აღმოჩნდა. პერიოდულად სამშობლოში ბრუნდებოდა და დისტანციურად აგრძელებდა სწავლას. ახლა კი, იგი სერტიფიკატის გამო ჩადიოდა. ამასთან ერთად, გამოსაშვები საღამო უნდა ჰქონოდათ, ამიტომაც ჰალეის ეს ვიზიტი გერმანიაში სასიამოვნო და გასართობი იქნებოდა.

 მიუხედავად მისი დიდხნიანი გამოცდილებისა გერმანიასთან, ბებო ყოველთვის ნერვიულობდა შვილიშვილის ფრენაზე.

ფრენამდე რამდენიმე საათი რჩებოდა, ჰალეი მოემზადა და ტრადიციულად აეროპორტში ორი საათით ადრე გამოცხადდა. ყველაფერი წესისამებრ გაიარა.

ნაცნობი ბერლინი. ტეგელის აეროპორტი. უცნობი სახეები, რომლებიც თითქოს მაინც ეცნობა საიდანღაც. ნაცნობი ავტობუსი და გზა „გრიმს ჰოტელისკენ“, რომელსაც უკვე არაერთხელ სტუმრებია. მოწესრიგებული ხალხი კია. მოქალაქეობრივი შეგნებაც მაღალ დონეზე აქვთ. რაღაცნაირად მოწესრიგებული ქალაქია ბერლინი. მე თუ მკითხავთ, ევროპული ქალაქის იდეალად სწორედ ბერლინს დავასახელებდი. ეს არის ადგილი, რომელმაც ბევრი გამოიარა, საბოლოოდ კი სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებისა და გაერთიანების ქალაქად იქცა.

 ბევრი საინტერესო რამაა ბერლინში. თუმცა ყველაზე ამაღელვებელი ბრანდენბურგის კარიბჭეა, განსაკუთრებით ღამით. ჰალეიც ისე არ წავიდოდა აქედან, განათებული კარიბჭე კიდევ ერთხელ რომ არ ენახა. პირველსავე საღამოს, როცა ჩავიდა, სასეირნოდ გასვლა გადაწყვიტა. ტრადიციულად, უამრავი ხალხი ირეოდა. თვალი ერთ სილუეტს მოკრა. გამხდარი გოგონას სილუეტს, საიდანღაც ეცნო. ეს თვალები? ნუთუ შეიძლება ის იყოს?

 

* * *

-ლალუნა, დღეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრაა, ძალიან მიხარია, რომ უკეთესად ხარ!

-მადლობთ.

-ვესაუბრე ექიმებს და გადავწყვიტეთ, რომ გაგწერთ, თუმცა გთხოვთ, რომ ერთი კვირით გერმანიაში იყო, თუ რაიმე პრობლემა იქნება და თავს არაკომფორტულად იგრძნობთ, მალევე რომ შეგვეხმიანოთ.

-კარგით, თქვენი სულიერი სიმშვიდისთვის, ერთი კვირა კიდევ გავძლებ საყვარელი ადამიანების გარეშე.

ლალუნა ფსიქოლოგის კაბინეტიდან გამოვიდა და საკუთარი ოთახის, უფროსწორად პალატის კარი შეაღო. ბედნიერი იყო. ნელ-ნელა ბარგის ჩალაგებაც დაიწყო. მან უკვე იცოდა, რომ ერთ საათში ექიმი შემოვიდოდა და ეტყოდა სანატრელ ფრაზას: „ La Luna Der Mond, du kannst nach Hause gehen, ich wünsche dir Gesundheit“. ეს ფრაზა პირველად მაშინ გაიგო, როდესაც მის პალატაში მყოფი ახალგაზრდა გოგო ხუთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გაუშვეს. მას ნაკლები დრო დასჭირდა და ეს ფაქტი საოცარი სიამაყით ავსებდა.

ამ ფრაზის გაგონებისთანავე მოჰკიდებდა ჩემოდანს ხელს და იქაურობას მოსცილდებოდა. ეს დრო კი უსაზღვროდ იწელებოდა. თეთრხალათიანი მაღალი გერმანელი ქალბატონი კარის ზღურბლზე სულ რაღაც ერთ საათში გამოჩნდა და ლალუნამაც მოისმინა ნანატრი სიტყვები. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ლალუნა გამოჯანმრთელდა, ლალუნა კარგად იყო, უფრო სწორად უკეთ იყო. ყოველ შემთხვევაში, ის მდგომარეობა ჰქონდა, რომ სასტუმროში მარტო დარჩენის ნება მიეცათ. ბერლინში საასტუმროების მრავალფეროვანი არჩევანი იყო, თუმცა ლალუნასთვის სასტუმროს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მისი ბიუჯეტი საშუალო პირობების სასტუმროს უდავოდ გასწვდებოდა. საბედნიეროდ მამის გარდაცვალებამდე ოჯახს ფინანსურად არასდროს გასჭირვებიათ. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ საახლობლოში ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული ოჯახი იყო ყოველთვის. ამიტომაც, მილოსტის სიცოცხლეში გამომუშავებული ფული ლალუნას საშუალებას აძლევდა ფეხზე დადგომამდე მშვიდად ეცხოვრა.

ჩემოდნით ხელში ქუჩა-ქუჩა მიაბიჯებდა და დიდი ხნის სეირნობის შემდეგ სასტუმრო „გრიმს ჰოტელი“ შენიშნა. სასიამოვნო შესახედაობის იყო. ლალუნას ახლა მშვიდი გარემო სჭირდებოდა, რისთვისაც ეს სასტუმრო წესით გამოდგებოდა.

მომსახურე პერსონალი გოგონას ღიმილით ესალმებოდა. ფასიც მისაღები აღმოჩნდა ერთი კვირისთვის, ამიტომაც გადაწყვიტა, რომ გამოჯანმრთლების პირველი კვირა ამ სასტუმროში გაეტარებინა.

ნომერში შესვლისთანავე დარწმუნდა, რომ სწორი არჩევანი გააკეთა. შესვლისას პირველი დიდი თეთრი საწოლი შენიშნა. ერთ-ერთ კედელს შავ-თეთრი ორნამენტები ამშვენებდა. მეორე მხარეს, მაგიდა იყო, თეთრი სარკით, რომელიც კითხვაზე: „ვინ არის ქვეყნად ყველაზე ლამაზი?“ უდავოდ „ლალუნას“ ამოიძახებდა. მასთან ახლოსვე კი საინტერესო წარწერა: „Du hast wunderschöne Augen“ („შენ ლამაზი თვალები გაქვს“). სინამდვილეში ეს ფრაზა ლალუნას ბევრჯერ გაუგია, თუმცა კედლისგან პირველად. სარკეში ჩაიხედა და საკუთარი თვალების შეცნობა კიდევ ერთხელ სცადა, თუმცა ეს ჯერ არავის გამოსვლია. მისი თვალები საშუალოზე ოდნავ დიდი ზომის იყო და თითქოს შიგნიდან პატარა ლალუნა ანათებდა. მალევე მოეშვა საკუთარი თვალების კითხვის მცდელობას და სააბაზანო შეამოწმა. იქაც წესრიგი იყო, გერმანული წესრიგი.

აივნის ჯერიც მალე დადგა. ოჰ, ღმერთო, მგონი ბერლინის კათედრალიდანაც არ იშლება ასეთი ხედი! ნაზად მოქანავე რკინის რბილ საქანელაში ფრთხილად ჩაესვენა და გარემოთი ტკბებოდა. კარგა ხანს ასეც იყო, თუმცა შიმშილმა და სიცივემ საღამოს ერთიანად შეაწუხა. ამიტომაც თბილად ჩაცმა და სავახშმოდ გასვლა გადაწყვიტა. ისე უნდა ევახშმა, რომ ალკოჰოლი არ დაეყოლებინა, წითელი ღვინოც კი!

სხეულში საკმარის სითბოს გრძნობდა, ამიტომაც მხოლოდ თბილი ჯემპრის ამარად ნომერი დატოვა. მარტის 15 იყო. სხვათაშორის, ბერლინში ადრეც ყოფილა, მაშინ თორმეტი წლის იყო და მამას გამოჰყვა საქმეზე. იმ მოგზაურობიდან ბევრი არაფერი ახსოვდა, თუმცა ახსოვდა როგორი აღტაცებული იყო ბრანდენბურგის კარიბჭით. ისიც ახსოვდა, რომ კარიბჭე ‘პარიზერ პლაცზე’ მდებარეობდა. სასტუმროდან დაახლოებით 1.5 კილომეტრის მოშორებით. ფეხით გასეირნება გადაწყვიტა. სასიამოვნო ამინდი იყო. უჩვეულოდ სუფთა ნიავი სახეზე სასიამოვნოდ ელამუნებოდა. ეს კი ხმაურიან ქუჩებში გასეირნებას ხიბლს მატებდა.

სანამ ლალუნა ბრანდენბურგის კარიბჭემდე მივიდა, მოსაღამოვდა კიდეც. განათებული კარიბჭე აქამდე არ ენახა. ვინ იცის რამდენი ათასი ადამიანი ირეოდა, თუმცა საიდანღაც ერთმა წერტილმა მისი ყურადღება მიიპყრო. ნეტავ ვინ იყო ეს ბიჭი? თუმცა რომელი ბიჭი? თვალთახედვიდან მალევე დაკარგა. ეს შეგრძნება ეცნობოდა, თითქოს საავადმყოფოს ეზოში მომხდარი წამები იღვიძებდა მის სხეულში. თუმცა ბიჭი კვლავ გაქრა, ან იყო კი იქ ვინმე კონკრეტული?

 

* * *

ხალხის მასების ცვლამ წამშივე დაუკარგა ჰალეის ლალუნა თვალთახედვიდან. თუმცა ფიქრი, რომ ეს შეიძლება ის გოგო ყოფილიყო, არ ასვენებდა. ახლოს იყო ჰალეის საყვარელი ყავის მაღაზია „სტარბაქსი“. ტრადიციულად ფრაპუჩინო კარამელით და შვრიის ორცხობილა შეუკვეთა. ამ მაღაზიაში ყველაზე მეტად სახელის დაწერის ტრადიცია მოსწონდა. შეკვეთის მოლოდინში მყოფს უცნაურად ნაცნობი სახელი მოესმა ბარისტასგან - „la luna”. სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. მაშინ, როდესაც მთელი ყურადღების მიპყრობა ბარისტასკენ სურდა, მხარზე ხელის შეხება იგრძნო. ეს მისი იქაური მეგობარი გახლდათ, კერძოდ უნივერსიტეტში გაცნობილი ახალგაზრდა ბიჭი. მეგობარმა სულ რამოდენიმე წამი წაართვა, როგორც ხდება ხოლმე. თუმცა როდესაც ბარისტასკენ გაიხედა, იქ აღარავინ იყო. მალევე მოესმა საკუთარი სახელიც, დახლთან შეკვეთა აიღო და ფანჯარასთან მარტო მოკალათდა. განათებულ კარიბჭეს უყურებდა. საოცრად ლამაზად ირეოდა ბრბო გარშემო, ადამიანებს ჰგავდნენ. ჰალეი კი ჩაფიქრებულიყო. ახსენდებოდა დღე, როდესაც პარაპლანით ჩამოვარდა, დღე, როდესაც სახელი ‘ლალუნა’ პირველად გაიგო. ნეტავ სულ რამდენი ლალუნა არსებობს? ასე ფიქრობდა ჰალეი, უცნობი გოგოს ილუზიურ სილუეტზე.

 

* * *

მთვარის მოსახელე გოგონამ საყვარელი სასმელი, ანუ ფრაპუჩინო კარამელით აიღო და გარეთ გამოვიდა. წელიწადის ნებისმიერ სეზონზე ეს ცივი სასმელი მაინც ათბობდა. გამორჩეულ გრძნობებს უტოვებდა. თუმცა უდავოდ განსხვავებული გრძნობები დარჩა მას „სტარბაქსში“ ყოფნისას. თითქოს მთელს ქალაქში ჩრდილად უცნობი ადამიანი დაჰყვებოდა დიდი ენერგიით. ენერგიით, რომელიც მის ცარიელ ნაწილს ავსებდა. ლალუნა კი ვერ ხედავდა, როგორც არ უნდა მოენდომებინა ვერ ხედავდა. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროდან წამოსულს ძალიან შიოდა, თითქოს ფიქრებმა ეს გრძნობა სრულად დაუკმაყოფილა. ყავაც საკმარისი აღმოჩნდა და ნელ-ნელა სასტუმროსკენ დაბრუნება გადაწყვიტა. ასეთი იყო მისი პირველი დღე გამოჯანმრთელებიდან. იმ ღამეს მან ალკოჰოლის მიღების გარეშე, მშვიდად დაიძინა.

 

თავი IX

 

-ქალბატონო ჟენტილეცია, გთხოვთ აქ დაბრძანდით.

ქალი ფერკმთალი სახით დაჯდა ცივ, უფრო სწორად გაყინულ სკამზე. ნეტავ ვინმე თუ ღელავდა იმაზე თუ რამდენად ცივი იყო ჟენტილეციას სკამი? მგონი არავინ. ქალი დაჯდა და მას ძალიან სციოდა.

-ქალბატონო ჟენტილეცია, აქ ვარ, - თბილი ხმით მიუგო ფსიქიატრმა, - შემომხედეთ და მიპასუხეთ, თავს როგორ გრძნობთ?

-მცივა, შეგიძლიათ ფანჯარა დახუროთ?

-რა თქმა უნდა, - ფსიქიატრი პაციენტს დაემორჩილა და ადგილს დაუბრუნდა.

-ისევ ცივა.

-გინდათ პლედი მოგცეთ?

-არა, მე ჩემს ქმართან წავალ, - ქალმა გაიღიმა, - მასთან როცა ვარ არასდროს მცივა, ამიტომაც წავალ, თანაც მელოდება.