ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

დასაწყისის დასასრული

დასაწყისის დასასრული

ვიცი, ტვინი წავიღე ჩემი შიშებით, მაგრამ ესეც უნდა გაგიზიაროთ. სულ მეშინოდა მარტოობის. აი, წარმოიდგინეთ, ერთ დღეს იღვიძებთ და ყველა გაქრა, მხოლოდ შენ დარჩი ქვეყანაზე. ვერავის ესაუბრები, ვერავის უზიარებ ტკივილს, სევდას, სიხარულს. ჩემთვის სიკვდილზე უარესი მარტოობა იყო, არის და იქნება. მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე მარტოსულ არსებად დავრჩე ამ ქვეყანაზე. შეიძლება ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაც კია და თქვენ სულ ფეხებზედაც კი გეკიდოთ მარტოობა. საერთოდაც, პირიქით, ყველაზე კომფორტულიც კი იყოს მარტოსულობა, მაგრამ რა ვქნა, რომ ამას ვერ დავიჯერებ ვერაფრით. როგორ შეიძლება ადამიანი ბედნიერი იყოს, როდესაც გვერდით არავინ ჰყავს. ხშირად მომისმენია მსგავსი თავის მართლება, თითქოს მარტოობა კარგია, იმიტომ, რომ იმედს ვეღარავინ გიცრუებს, აღარავის ენდობი და შესაბამისად გულსაც ვერავინ გატკენს, მაგრამ, განა ეს გულის ტკენები არ ღირს იმ სიხარულად, რასაც სხვა ადამიანები, ახლობლები გვანიჭებენ? კი, შეიძლება მარტოსულობის ჟამს სხვამ ტკივილი ვერ მოგაყენოს, მაგრამ ამ დროს ხომ თავადვე აყენებ თავს ტკივილს. მოკლედ ეს შიში მუდამ თან დამსდევს. გული მისკდება ისე არ მინდა მეგობრების, ახლობლების, ოჯახის წევრების დაკარგვა. მიუხედავად ჩემი კომუნიკაბელურობისა, მაინც მგონია, რომ ვერავინ ვეღარ შემივსებს სიცარიელეს და დავრჩები სამუდამოდ მარტო. ახლა, ალბათ, უკეთ გამიგებ, მკითხველო, თუ რატომ გადმოვხტი სახურავიდან. სიცოცხლე აღარ მინდა, მე მარტო ვარ. არა ვიტყუები. მარტო აღარ ვარ. ჩემს გვერდით ჰაჩია და მადლობა ღმერთს, ის მაინც მეყოლება ამ ქვეყანაზე "ხმის გამცემი". მოკლედ, ეგაა და ეგ. მე და ჩემი შიშები. ვიბრძვით ყოველდღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს. გარდამავალი უპირატესობით მიდის შერკინება, თუ ვინ გაიმარჯვებს, ამას ბოლოს გავიგებთ, იმედია. ახლა კი დავუბრუნდეთ რეალობას, თორემ ძალიან გაგვეფანტება გონება.

           მოკლედ, ეს ამბავი გავაგრძელოთ. მე და ჰაჩი ქუჩაში მივდივართ. მე, რა თქმა უნდა, ისევ ვფიქრობ ბოლოდროინდელ ამბებზე. ჩემდა უნებურად გამახსენდა რაღაც, რაც ამ გასაოცარ ამბებში კიდევ უფრო უცნაური და ამოუცნობი იყო ჩემთვის. ზემოთ აღვნიშნე, ალბათ, გახსოვთ. როდესაც ადამიანები ჩემს "სულში", თუ რაცაა, ვერ გამიგია, გაივლიან, რაღაც უცნაური გრძნობა მრჩება. ცოტა ძნელიც კია ასახსნელად, მაგრამ შევეცდები ავხსნა. აი, წარმოიდგინეთ, თქვენთვის "მიტასაობთ" ქუჩაში, ვიღაცამ თქვენში გაიარა და უცებ გრძნობთ ყველა იმ ფიქრს, ტკივილსა და გრძნობას, რაც ამ პიროვნებას ჰქონდა დაგროვილი. გრძნობ, თუ როგორ ნერვიულობს თუნდაც სამსახურში დაგვიანებაზე ან სულაც, როგორ შია და ერთი სული აქვს საყვარელ საცხობს როდის მიადგება. რომ არ მოგატყუოთ ეს ჩემს ოცნებასაც კი ჰგავს. სულ მინდოდა უცხო ადამიანების უსიტყვოდ გამეგო და მათი სიხარული თუ ბედნიერება გამეზიარებინა, მართალია, არა ჩემი გაქრობის ხარჯზე, თუმცა მაინც უცნაუროდ სასიამოვნოა ეს ყველაფერი. რომ არ მოგატყუოთ, წარმოდგენაც კი არ მაქვს ამ "უნარის" გამოყენებას როგორ ვაპირებ ან საერთოდ, გავუძლებ თუ არა. საერთოდ წაწრმოდგენა არ მაქვს არაფერზე. ეს თქვენ არ გაგიკვირდებათ, ერთადერთი რაც ზუსტია ამ ამბავში, სწორედ ეგაა, არაფრის აზრზე არ ვარ რაც ხდება ჩემ გარშემო, მაგრამ ნელ-ნელა იქნებ გავაანალიზო კიდეც ყველაფერი, ცოტა კი მეეჭვება, მაგრამ მაინც. ისე, რომ გავგიჟდე, მერე სადღა მივდივარ? კაი ხო, მეყო პანიკა. ეს სულ სხვა თემაა. მოკლედ ეს ფიქრები არ მომასვენებს, კარგად ვიცნობ ჩემს თავს, ამიტომ მეტროსკენ გავემართები და იქ მოვიმოქმედებ რამეს.

*   *   *

           საღამო ხანია. გზად ნელ-ნელა იმატებს ხალხის ნაკადი, რომელთა სახეებიც წაშლილია, ცარიელია, დაცლილია. აი, წარმოიდგინეთ ფანარი, ელემენტი როცა უჯდება, დაკვირვებული ხართ, როგორ ბჟუტავს ხოლმე სინათლე? აი, ასე არიან ისინიც. სამუშაო დღის ბოლოს, ღონე გამოცლილი, ნატანჯები ბრუნდებიან სახლში, იმის იმედით რომ სახლის საქმეების კეთებით ცოტას დაისვენებენ და იმავე სამსახურს დაუბრუნდებიან. გზა მტვრიანია. ქარის დაბერვის შემდეგ ქვიშა თუ რაღაც თვალებში მეყრება, საშინლად გამაღიზიანებელიც კი იყო თავიდან მაგრამ ახლა მივეჩვიე. წერტილებიც კი დავამუღამე. მეტროსკენ როდესაც მივდივარ ხოლმე, ამ მონაკვეთზე, სადაც ქარი ხშირია, ავტომატურად ვბრუნდები ხოლმე და ზურგით "ვეკვეთები" მტვრიან ქარს. გზადაგზა ტროტუარს ვათვალიერებ. არა, საოცარი არსებები ვართ ადამიანები. მიდიხარ, მიაბიჯებ ქუჩაში და რამდენიმე მეტრს ვერ გაივლი ისე, რომ ნაგავი არ იყოს დაგდებული. თითქოს ეს ფესვებგადგმული წესიც კია და უკვე სირცხვილია ნარჩენის ურნაში ჩაგდება. ისე, სპორტის მოყვარულებიც კი ვართ. აი, მაგალითად, ურნა 2 ან 3 მეტრის მანძილზე როდესაცაა, ნარჩენს აუცილებლად აქედან ვესვრით, თან კობიიიიი, წამოვიძახებთ, თუ ჩავაგდეთ, სიამაყით ვიჩეჩავთ მხრებს და გულში ვფიქროთ:"აბა რაა, როდის იყო ამიცდენია" და თუ სასწაული მოხდა და ავაცილეთ, მაშინ ვამბობთ, რომ ქარის ბრალი იყო, ვენერა სატურნის ეტლში იყო შესული და მაგან შეგვიშალა ხელი, გამვლელმა მხარი გაგვკრა, არ გაგვიმართლა, ბედი რომ არ გექნება რა, ზედიზედ 20 მქონდა ჩაგდებული და რაღა ეს ავაცილე, ძალით ავაცილე, პუტინის გეგმა იყო, რომ ვერ ჩამეგდო და მრავალი სხვა. ამ ყველაფრის მერე საინტერესო იცით რა არის? ამ აცილებულ ნარჩენს კი არ ვიღებთ და ადამიანურად ვაგდებთ ურნაში, არა, არც კი ვუყურებთ, რადგანაც ის საშინელი იმედგაცრუება გვახსენდება, რომელიც მისმა ურნაში ვერჩაგდებამ დაგვიტოვა და ასე გულგატეხილები ვაგრძელებთ გზას. მოკლედ, ქუჩაში ნაგავი რომ არ შემხვდეს, დავიბნევი, ვიფიქრებ, რომ სხვაგან აღმოვჩნდი, მგონი, შემიყვარდა კიდეც ასეთი ქუჩები. ტროტუარიც გავიარე ასე ნელ-ნელა. სანამ მეტრომდე მივალ, გზაც უნდა გადავჭრა. ახლოს ზებრა არსადაა, ასე რომ, ალალბედსა და მძღოლების სიკეთეზე დამოკიდებულმა, უნდა გადავკვეთო გზა. ახლა კი სულ ერთია, თუნდაც დამეტაკონ, არაფერი მომივა, მაგრამ ზოგადად, სანამ გავქრებოდი, სულ ექსტრემალური მდგომარეობა იყო. აი, საერთოდ ცარიელი რომც ყოფილიყო გზა და გადასვლა დამეწყო, მაინც გამოჩნდებოდა ერთი მანქანა, რომელიც რაღაც სასწაული მოძრაობით შემოვიდოდა მოსახვევში. ცოდვა რად მინდა, ზოგი კარგი ადამიანიც კია. დაგინახავენ, პატიოსნად გაგიშვებენ, თავის დაკვრის შემდეგ გაგიღიმებენ და გზას გააგრძელებენ, მაგრამ მათ უკან სულ დგას ხოლმე ადამიანი, რომელიც მოუსვენრად უსიგნალებს და ალბათ, აგინებს კიდეც, აქ რამ გაგაჩერებინა, შენი ასე და ისეო. რას გავიგებთ, შეიძლება ძალიანაც კი ეჩქარებათ ხოლმე, მაგრამ ეს უცნობია ჯერჯერობით ჩემთვის. აი, ზოგ მძღოლს კი ვერ ვიტან, ალბათ, თქვენც გექნებათ ნანახი ასეთი სახე, მე მანქანა მყავს, შენ ქვეითი ხარ, შენ არარაობა ხარ ჩემთან შედარებით. აი, რამდენიც გინდათ, იმდენი ადამიანი მინახავს მსგავსი სახით და სულ მიკვირს, რატომ. ან ვისღა უკვირს მანქანა ასე ძალიან რომ ბლატაობენ, ან, კაი შეიძლება ძვირიანი მანქანა გყავს, მაგრამ რას გვამადლი, მოკლედ, გზის გადაჭრა ჩვენთან ცალკე ამბავია. აი, მივუახლოვდი მეტროს, მაგრამ მანამდე ავტობუსების გაჩერება უნდა გადავლახო, სადაც უამრავი ადამიანია, როგორც ყოველთვის. მათ სახეებს აღარ აღვწერ, ზუსტად ისეთია, როგორიც ზემოთ აღვწერე, გათიშული და იმედდაკარგული, მაგრამ ზოგჯერ მარტის მზესავით გამოანათებს ვიღაცის ღიმილი, რომელიც შვილს ან შვილიშვილს უყურებს და სიხარულის მხოლოდ ამ წყაროს დამსახურებით, უკანასკნელი ენერგიით ახერხებს ღიმილს. მეტროსთანაც მივედი, იქვე ერთი მოხუცი ბაბუ იჯდა, აშკარად შემწეობას ითხოვდა. ცოტა გამიკვირდა, აქამდე არ დამინახავს, მაგრამ რაღაცნაირი სათნო იყო. გვერდით მივუჯექი, თავი მუხლებზე დავდე და ხალხის დაკვირვება დავიწყე. ჰაჩიც, რა თქმა უნდა, ჩემს გვერდითაა და ლეკვური გულუბრყვილობით, თავგადახრილი მიყურებს.

*   *   *

           დრო გადის. ადამიანები მიდიან, მოდიან, ერთმანეთს ესალმებიან, უყვირიან, თვალს აყოლებენ. მე კიდე ბაბუს გვერდით ვარ და თქვენ წარმოიდგინეთ, არაფერზე ვფიქრობ. წამით გავხედე და გავიყინე. მისი სველი თვალები სადღაც უსასრულობაში იცქირებოდა, სიცივისაგან გაყინულ ხელებს სათითაოდ ორთქლით ითბობდა, თან ცალი ხელით შემწეობასაც ითხოვდა. ჩემთვის, ალბათ, ყველაზე რთულია თვალცრემლიანი ადამიანის ხილვა. ვერანაირი ნერვი და რკინის ფსიქოლოგია ვერ უძლებს მათ. ხოდა უნებურად ბაბუს გადავეხვიე. სულაც არ მახსოვდა, რომ ვერც კი იგრძნობდა ჩემს იქ ყოფნას. გავშალე ხელები და როგორც ჩემს საკუთარ ბაბუს, ისე შემოვეხვიე და გულში ჩავიკარი. რაღაც ვიგრძენი, უცნაურია. ასეთი რამ ჯერ არ გამომიცდია. რომ არ მოგატყუოთ, არ ვიცი, სად ვარ ან აქ რა მინდა, ან ლამპიონები რატომაა გარშემო. გვიანი შემოდგომა კია, მაგრამ თოვლი მაინც არ უნდა მოდიოდეს. მოკლედ, მგონი, დავიკარგე. ამ გაურკვევლობაში ვაკვირდები ყველაფერს, რაც ჩემ გარშემოა. იქვე, საიდანღაც ჭადრის ხე იყო წამოზრდილი და ზედ ორი სიცივისაგან მობუზული ბეღურა ერთმანეთს ეფერებოდა, მთვარე საოცრად ანათებდა. თოვლის ფიფქები სწორედ რომ მთვარის შუქს ირეკლავდა და ვერცხლის წვიმას ემსგავსებოდა. ამ დროს ხმა მომესმა, მაგრამ ვერ გავარჩიე, რა იყო. ნელ-ნელა დავიძარი იმ მიმართულებით, საიდანაც ეს უჩვეულო ხმები ისმოდა. იქ ბაბუ იყო, რომელიც კვლავ ვერ მხედავდა. უბრალოდ იჯდა, მთვარეს უყურებდა და საუბრობდა:

„ეხ, საცოდაო ბერიკაცო. ხომ აღარ გეღირსა მთვარესთან ერთად ფრენა. ყველა ახლობელს მიაკითხა ჩვენმა მიქელამ და რაღა შენ ამოუვარდი სიიდან, განა რა დააშავე ასეთი, რომ ამდენ ხანს მარტოდ-მარტო დახეტიალობ. არადა, თითქოს შიმშილით დღეს თუ ხვალ უნდა მოკვდე, აი, სანატრელი წამიც და ვიღაც ღვთისნიერი რაღაც კაპიკებს გადმოგიგდებს, ლუკმა პურს მოგცემს, ხოლო შენ კიდევ გემატება უბადრუკი დღეები ამ ქვეყანაზე. მეცოდები, ბერიკაცო, ძალიან მეცოდები. არასდროს გაგმართლებია ცხოვრებაში. ვინ აღარ მიაბარე მიწას, შვილი, მეორე შვილი, ცოლი, ძმა, შენი და, მშობლები, დაგრჩა ვინმე? ერთი შენ დაჩანჩალობ ამ ქვეყანაზე და ისიც არიცი, რატომ. ეხ, რა აღარ გამოიარე, შე საცოდაო, რა არ ნახე. ომი იყო და მეგობრები შენ თვალწინ იღუპებოდნენ, სამჯერ დაგჭრა მტერმა, მაგრამ ვერაფრით ვერ დააღწიე ამ ქვეყანას თავი. ტყვედაც კი ჩავარდნილხარ, მაგრამ იქაც გადარჩი. სიკვდილს მუდამ ვალსს ეცეკვებოდი და რაღა ახლა მიგივიწყა მანაც. ამხელა ისტორია გაქვს, მიწისთვის იომე, რომელიც ბანკმა წაგართვა, ახალი თაობისთვის იომე, რომელიც მხოლოდ ბინძურ არსებად გხედავს, რომელიც პარაზიტულად სულ ფულს ითხოვს, ქვეყნისთვის იომე და სულ ფეხებზე დაგიკიდეს, განა ახსოვხარ ვინმეს? განა დარდობს ვინმე შენზე? ა რ ა! შენ დაგივიწყეს, სიკვდილმაც კი. ყველაზე დიდი უბედურება იცი რა არის, ბერიკაცო? რომ მოკვდები, შეიძლება, არც კი დაგასაფლაონ, მოგონებაზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც არაა. არავინ იქნება ამ ქვეყნად, ვინც იმ საწყალ ბერიკაცს მოიგონებს და მის სახელზე წინაპრების სისხლით შეზავებულ ღვინოს დაცლის. მაწანწალა ბებერო, ვაი, რომ ასე უსუსურად დასრულდება ცხოვრება, მოკვდები და შენი შტოც აქ დამთავრდება. ღმერთო, ვიცი, რომ გესმის ჩემი. უშველე შენს შვილს, შენს ბერიკაცს და წაიყვანე ამ ქვეყნიდან, მიეცი საშუალება, რომ დაასრულოს ტანჯვა. მთელი გულით გევედრები ამას და ნუ მიწყენ, გთხოვ. ვიცი, საოცარი სამყარო შექმენი, ვიცი, რომ ტკბილია ცხოვრება, მაგრამ დავიღლე, გთხოვ, წამიყვანე.“

           ვგრძნობდი, როგორ მისრიალებდა ჩემს ღაწვებზე ცრემლი, ვიგრძენი, როგორ გასცდა ტუჩებს და წვერს ჩამოეკიდა. ვიგრძენი ტკივილი, რომელიც ნემსივით მერჭობოდა გულში, გეგონებოდა, ვუდუს თოჯინა ვიყავი, რომელსაც ყველა მხრიდან ნემსებს არსობდნენ. ჩავიკეცე, ხველა ამიტყდა. ყელში ხელები წავიჭირე და ვცდილობდი, ნორმალურად ამომესუნთქა. არ გამომივიდა. ნელ-ნელა თვალში სიბნელე ისადგურებდა, საბოლოოდ გავხედე ბაბუს. მასთან ვიღაც შევნიშნე. სამწუხაროდ, ვერ გავარჩიე ვინ იყო, უბრალოდ ნაცნობ „მეგობარს“ წელზე ხელი შემოხვია და ასე გაუჩინარდნენ სადღაც. როცა თვალები გავახილე, გარშემო უამრავი ხალხი იყო შეკრებილი და დაჟინებით შემომცქეროდა. უეცრად მეგონა, რომ ისევ მხედავდნენ, მაგრამ შევცდი. ჩემს გვერდით სწორედ ის ბაბუ იყო, გაღიმებული, მშვიდი. აუსრულდა ბაბუს ამდენი ხნის ოცნება და როგორც იქნა, გაფრინდა. გილოცავ, მოხუცო, დაიმსახურე დასვენება.

*  *  *

           დავმძიმდი. მარტო სული ვარ, ვერავინ მხედავს, ვერავინ მამჩნევს, ვერავინ მგრძნობს, უკვე მარტოსულივარ და ასე რამ დამამძიმა, უცნობი ბაბუს სიკვდილმა? თითქოს პირველი ადამიანი იყოს, რომელიც ჩემ თვალწინ დაიღუპა ან მასზე ახალგაზრდა მიცვალებული არ მყავდეს ნანახი. არა, აქ საქმე სხვა რამეშია. მეშინია... მეშინია... არა, საშინლად მეშინია, მაკანკალებს, რომ ეს მოხუცი მე ვიქნები, მეც სიცოცხლის ბოლო ჟამს სიკვდილი გამიხდება სანატრელი.

           ძლივს წამოვჯექი, თითქოს ნასვამი ვიყო და ვერ ვახერხებდე სიარულს. ჩემი და მოხუცის გარშემო მოგროვილ ხალხში გავიარე. აქა-იქ სინანული ვიგრძენი, ერთი იმასაც კი ფიქრობდა, რომ ძლივს არ მოკვდაო? დაისვენებსო, მაგრამ ამ სიტყვებში ბევრი ცინიზმი იყო, თუმცა აზრი არ აქვს ამაზე დიდად ყურადღების გამახვილებას. მეტროში ჩასვლა დავაპირე. დამკვირვებელ ქალს „უნამუსოდ“ ავუარე გვერდი. ამჯერად ფული არ გადამიხდია და არც გასასვლელზე გადახტომა დამჭირვებია, ასე უბრალოდ დავდექი ესკალატორზე. მშვიდად ჩავყევი მეტროს, ჩავჯექი პირველივე ვაგონში და კუთხეში ჩემი სკამი დავიკავე. მეორე გაჩერებაზე ვიღაც დამაჯდა, მაგრამ რა მისი ბრალია, ვერ მხედავს და რა ქნას, თან დაღლილი იყო. მესამე გაჩერებაზე ვიღაც ბიჭი შემოვიდა, მთელი გულით ყვიროდა, დამეხმარეთ, ფული მინდა, დედას ვეხმარებიო. დედა... მომენატრე დედა, მაგრამ შეიძლება ვეღარც კი გნახო, მე ხომ აღარ ვარსებობ, თუ ნახევრად აღარ ვარსებობ, რაღაც მასეთი. ამ ბიჭში გავიარე და ვცადე ჩემი ენერგიის ნაწილი მიმეცა, მაგრამ გავიარე თუარა, ჩავიკეცე. სული შემეხუთა, თვალები ამეწვა, კუნთები ამტკივდა, თავი გამისკდა. ნუთუ, ასე იტანჯება ის, ნუთუ ამას უძლებს ყოველდღე და მაინც დედაზე ზრუნავს. სანამ სასურველ გაჩერებამდე მივიდოდი, მეტროს ვაგონის იატაკზე ვიყავი გაშხლართული, ასე შვიდი თუ რვა ადამიანი კი იდგა ჩემზე, მაგრამ ეგ არაფერი, არც კი მიმიქცევია ყურადღება. მეტროდან გამოვედი, ავტობუსში ჩავჯექი და მთაწმინდაზე გავეშურე. იქნებ მგოსნები მაინც დამეხმარონ ან ის საოცრება დავიჭირო, რასაც მთვარესთან პაემანი ჰქვია. მოკლედ, მთაწმინდაზე ავედი. ულამაზესია ჩვენი თბილისი ღამით. მშვიდი, ნატიფი, ლამაზი. ყველას სძინავს, აქა-იქ ერთი ორი მანქანა თუ გაიმოძრავებს სადმე და ეგაა. ხედით ვტკბები და გულში ჯანსუღ კახიძის სიმღერა ჩაირთო. „ოღონდ შენთან მამყოფინა, თოვლის ფიფქი ვიყო მინდა, რირავორერა“.... ოღონდ შენთან მამყოფინა. ოღონდ შენთან მამყოფინა. ვიქნები კი ოდესმე შენთან ახლოს? თუ კვლავ სანატრელად მექნება, ისე მოვკვდები, რომ ვერც ვერავინ გაიგებს ამაზე.

მთაწმინდის მთვარე, მესაფლავე, მე და ღამე, მე და მთვარე, მე და ღამე. იქვე მერი იწერს ჯვარს, ბარათაშვილი კი რითმებს ეცეკვება, ჯანსუღი მუსიკას უკრავს, ოტია ისტორიებს ყვება, აკაკი წვერს ისწორებს, ილია იღიმება, ვაჟა კი ჩაფიქრებული, წარბშეკრული გასცქეროდა შემაღლებული ადგილიდან ყველას. მგონი, სამოთხეში ვარ, ჰარმონია, სინაზე, სიმშვიდე, სილაღე. მიყვარხართ ყველა! ვგიჟდები თქვენზე! იქვე გალაკტიონი შევნიშნე, ჩაფიქრებული მიაბიჯებდა მთაწმინდის მთის ნაპირისკენ. ნაბიჯი ავუწყვე და მას გავყევი. როგორ მინდოდა გამეგო, რაზე ფიქრობდა, ორი სიტყვა მაინც ეთქვა. უცებ ნაპირს მიუახლოვდა, ღრმად ჩაისუნთქა და... და... დავასწარი, გადავხტი, ტყვიის სისწრაფით დავეშვი ქვემოთ, გალაკტიონი კი ანგელოზივით აიჭრა ცაში და ვარსკვლავთა ჯგუფს შეუერთდა. რას ვიზავთ, მგოსნების სამოთხიდან ისევ მიწიერ ჯოჯოხეთში უნდა დავბრუნდე. იმედია, ისევ დამპატიჟებენ თავიანთ „მეჯლისზე“.

*  *  *

თავი მისკდება. თითქოს „პახმელია“ მაქვს. არა, ისე კი შევთვერი სიყვარულით მგოსნების ყურებაში, მაგრამ თავი მაინც არ უნდა მტკიოდეს. თვალების გახელა ვცადე, ცოტა გამიჭირდა. ორივე ხელით მოვიფშვნიტე და ვაიძულე ქუთუთოებს გაღება. ვაჰ, ხო მშვიდობაა. მე ახლა მთაწმინდის ქვემოთ არ უნდა ვეგდო? აშკარად, ჩემს ლოგინში ვწევარ. ჭერი ჩემი სახლისაა, ავეჯიც, ოთახიც. მგონი, ახლა გავიღვიძე. იმდენად მტკიოდა, ვერაფერი გავიფიქრე, ფეხზე წამოვხტი და ოთახიდან გასვლა დავაპირე, მაგრამ თავბრუ დამეხვა და ისევ საწოლზე დავვარდი. ვითომ სიზმარი იყო ეს ყველაფერი? არა, არა. სჯობს თავს უაზრო იმედები არ ჩავუსახო. ალბათ, გუშინ იმდენად გავითიშე, რომ აღარც მახსოვს, სახლში როგორ მოვედი. ოთახიდან გასულს, სარკისკენ მაინც გამეპარა თვალი. გულის სიღრმეში საოცრად მინდოდა, რომ ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო. სარკეში კვლავ არაფერი არ ჩანდა ისეთი, რაც სიხარულს მომგვრიდა. ჩაი ავიდუღე, აივანზე გავედი და ხედით ტკბობა დავიწყე. განაცრისფერებული იყო ჩემ გარშემო ქალაქი. მძიმე აურა ტრიალებდა, აქა-იქ კვამლი ამოდიოდა, ალბათ, ისევ შეშით თბებოდენ კაკაბაძეები. იცით, რა საყვარელი ოჯახია? რაც თავი მახსოვს, სულ უჭირთ, ზოგჯერ მშიერიც კი იძინებენ, მაგრამ მაგათ სახეზე სევდას ვერ დაინახავდით, სულ ღიმილი დასთამაშებდათ და სულ სხვა ცხოვრების ხალისით აგრძელედნენ სიცოცხლეს. კაკაბაძეებს ხუთი შვილი ჰყავდათ. ყველაზე პატარა მათე იყო, ყველაზე უფროსი კიდე იოანე. ხუთი წლის მათე არასდროს შორდებოდა უფროს ძმას და სულ ცდილობდა, მისთვის მიებაძა. როცა იოანე შეშას ჩეხავდა, მათე პატარა ფიჩხებს აგროვებდა და სახლში შეჰქონდათ. მამა ხეიბარი იყო, მარჯვენა ხელი მოაჭრეს და მის მერე ვეღარ დაუბრუნდა სამუშაოს, არადა ოქროს ხელები ჰქონდა, საუცხოო დურგალი იყო ნიკა ბიძია, მაგრამ უბედურ შემთხვევას შეეწირა მისი ცხოვრება. ციცო დეიდა 24 საათი გასული იყო სახლიდან, დამლაგებლად მუშაობდა და ცდილობდა, ასე ერჩინა ოჯახი. ერთი-ორჯერ ჩვენთანაც მოვიდა დასალაგებლად. ისეთი მშრომელი და პატიოსანი ქალია, რომ გაოცდებით. ერთ მოსვლაზე ცოტა მეტი მივეცი, ბავშვებს რამე წაუღე-მეთქი და ისე შერცხვა, აწითლდა, რაც ასაღები ჰქონდა, ისიც არ გამომართვა და გაიქცა. საშინლად შემრცხვა, მაგრამ ვერაფერი ვქენი. მეორე დღეს იოანეს მივაწოდე ეზოში ფული, დედას მიუტანე-მეთქი. როცა ციცო დეიდა სახლში არ იყო, ბავშვებს ყურადღებას 16 წლის ნინო აქცევდა. ტანად პატარა გოგო იყო, მაგრამ რომ შეგეხედათ, ზრდასრული ქალივით უძღვებოდა ოჯახს. ბიჭი იყო და რომელიმე ძმას არ დაეჯერებინა მისთვის, გრძელტარიანი ცოცხით გამოეკიდებოდა და ვაი იმის ტყავს, ვისაც დაეწეოდა. ძალიან უყვარდათ ყველას ერთმანეთი და სწორედ ერთმანეთის ბედნიერებით ცოცხლობდნენ ამდენხანს. იოანე ხშირად მტვირთავად მუშაობდა კაპიკებზე და რასაც შოულობდა, ნაწილით საჭმელს ყიდულობდა, ნაწილით კიდე მათესთვის მიჰქონდა პატარა საჩუქარი. არადა თვითონ მე-3 წელია ძირგახვრეტილი ბოტასით დადის. ჩემი ფეხსაცმელი ვაჩუქე, მაგრამ არაფრის დიდებით არ იცვამს, ეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაშიო. მათ ოჯახს რომ ვუყურებ, ერთბაშად ბედნიერებისგან და მწუხარებისგან ვივსები. ჩაი რომ დავასრულე, გავიფიქრე, გავუვლი, დავხედავ-მეთქი. ეზოში შევედი, მარჯვნივ დასაჩეხი შეშა ეყარა, მარცხნივ, ჭიშკართან, ცალბორბალმოძრობილი ველოსიპედი ეგდო და პატარა ძაღლი ღრღნიდა მოძრობილ ბორბალს. ეზო ულამაზო, მაგრამ მოწესრიგებული, სუფთა ჰქონდათ, რაც შეეძლოთ მაქსიმალურად ცდილობდნენ, გაეკოპწიავებინათ საკუთარი სახლი. შიგნით შევედი, ხის კარები ჩამოვარდნაზე იყო. ერთი დიდი ოთახი ფარდებით ჰქონდათ გატიხრული და შიგნით თითო-თითო საწოლი ედგათ. ზოგან „ლეჟანკა“ იყო, ზოგან ჩვეულებრივი საწოლები, ერთი ორგან კიდე ხის ყუთები ელაგათ, ზედ კარდონები დაელაგებინათ და ისე მოეწყოთ საწოლი. აქამდე აქ არასდროს შემოვსულვარ და ამ სურათზე კიდე უფრო დავძიმდი. უცებ ერთი ფარდიდან მათე გამოვარდა, ერთ ხელში წყალი ეჭირა, მეორე კი მუჭად ჰქონდა შეკრული და ასე მიდიოდა. უკან გავყევი და დავინახე იოანე, რომელსაც მკვდრის ფერი ედო და ძლივსძლივობით გაღიმებული შეეგება უმცროს ძმას. როგორც ჩანს, პატარა მათეს მეორე ხელში წამალი ჰქონდა და იოანეს დაალევინა. გამოსვლის წინ მივარდა, შუბლზე აკოცა, მალე გამოჯანმრთელდი, ძამიკოო და კარებიდან გავარდა. როგორც ჩანს, იოანე ავად გამხდარა, ზუსტად არ ვიცი, რა დაემართა, მაგრამ კარგ დღეში ნამდვილად არ იყო. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, უბრალოდ საწოლის კუთხეზე ჩამოვჯექი და გარინდულმა დავუწყე ცქერა. ცოტახანში ჩამთვლიმა და რომ გავიღვიძე, უკვე ღამე იყო. ყველას ეძინა სახლში, მე გარეთ გამოვედი, ხის კიბეზე ჩამოვჯექი და მთვარეს ავხედე. სავსე მთვარე თავისი სინალთით მინათებდა მოლასლასე სულს, თითქოს რაღაც მანიშნა. ამ მომენტში ეზოს მოვავლე თვალი და დასაჩეხი შეშა დავინახე. სახლის უკან ნაჯახი ვიპოვე და შეშის დაპობას შევუდექი. დამღლელი საქმე ყოფილა, აქამდე არასდროს გამიკეთებია, მაგრამ ვცდილობდი, გამეხსენებინა ყველა ჩემი თეორიული გამოცდილება და ისე გამეგრძლებინა საქმე. როგორც იქნა, დავჩეხე მთლიანად, განა რამდენი ჰქონდათ. საიდანღაც ათამდე მორი ჰქონოდათ შეგროვილი და ის დავჩეხე. შემდეგ კუთხეში მივალაგე, ნაჯახი შევინახე და სახლში შევედი. იოანეს წამლებს ვეძებდი, მაგრამ ვერსად ვიპოვე. იქვე ნაგავში რაღაცას მოვკარი თვალი. ამოვქექე და წამლის ყუთი იყო. ბოლო ტაბლედიღა მიუტანია მათეს იოანესთვის. გამოვედი ოთახიდან, გზაში ყუთზე ვკითხულობ, რის წამალი იყო. დიდად სამედიცინო ცოდნით არ გამოვირჩევი, მაგრამ, მგონი, ფილტვების ანთება უნდა ჰქონოდა იოანეს. მოკლედ, შევედი აფთიაქში, მაინც ვერავინ მხედავდა, იგივე წამალი მოვძებნე და ორი შეკვრა წამოვუღე მათ, ფული კიდე იქვე დავტოვე. გზაში სახლში შევიარე, მაცივარში რაც საჭმელი მქონდა გამოვალაგე და თან გავიყოლე. კაკაბაძეებთან დაბრუნების შემდეგ, ცალფეხმორყეულ მაგიდაზე დავულაგე ყველაფერი და წამოვედი. იმედია, არ შეეშინდებათ. ამის შემდეგ სახლში დავბრუნდი, აშკარად ძალიან დავიღალე, შხაპი გადავივლე და მივეგდე. იმ დღეს ტკბილად დამეძინა.