ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მანიტუ

0 ხმა

ოლანი ბიწაძე

ბიოგრაფია

ოლანი ბიწაძე, 22 წლის

დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ჭიათურაში. წერასთან ჩემი ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა დღიურს ცხოვრებისეულ ამბებს ვუყვებოდი და რადგან ხშირად წაკითხვის შემდეგ ეს ამბები არ მომწონდა, გადავწყვიტე, თავად გამომეგონა საინტერესო ისტორიები. გამოგონილ ისტორიებთან ერთად ჩემს ნაწერებში თანდათან ის ამბებიც გაჩნდა, რომლებიც თავს მართლა გადამხდა, რომლებიც მოვისმინე, ან რომლებიც უბრალოდ შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო. ლიტერატურა ხომ უმეტესად სწორედ იმ იდეით საზრდოობს, რა შეიძლებოდა ყოფილიყო და არა - იმით, რაც მართლა არის.

სკოლის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ფილოლოგიის მიმართულებაზე ჩავაბარე და პროფესიულადაც იმ საქმიანობებს დავუკავშირდი, რაც მანამდე ჩემთვის სამყაროს თუ საკუთარი თავის შეცნობის, თვითგამოხატვის და რაიმე ღირებულის შექმნის მცდელობის საშუალება იყო. დღეს, როცა უკვე მაგისტრატურის სტუდენტი ვარ, ვხვდები, რომ სწორი გზა ავირჩიე და შეუძლებელია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც მეცნიერების, ლიტერატურის სამყაროში შედის, თავგადასავლებით სავსე არ იყოს. ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის შეგიძლიათ იფანტაზიოროთ.

ხშირად ვმონაწილეობ ხოლმე კონკურსებში, რაც ჩემი შემოქმედების სხვებისთვის გაზიარებაში და განვითარებაში მეხმარება. ლიტერატურულ ჟურნალებსა და გაზეთებში ბეჭდავენ ჩემს მოთხრობებს, თუმცა, ბუნებრივია, ჩემთვის, როგორც წერით გატაცებული ადამიანისთვის, დიდი სურვილია საკუთარი წიგნის ცოცხლად ხილვა. წიგნები კი სიცოცხლეს მაშინ იწყებენ, როცა მკითხველს მათი გადაშლის და წაკითხვის შესაძლებლობა აქვთ.

 

 

 გამოქვეყნებული ნამუშევრები:

1.      სტუდენტურ - ლიტერატურული კრებული ,,დებიუტი“ (მოთხრობა - 2019წ.);

2.      ჟურნალი ,,ცისკარი“ (მოთხრობები - 2019-20წწ.);

3.      ,,ლიტერატურული გაზეთი“ (მოთხრობები - 2020წ.);

4.      ,,ლიტერატურული საქართველო“ (მოთხრობები - 2021წ.);

5.      ჟურნალი ,,ანეული“ (მოთხრობა - 2021წ.);

6.      სტუდენტური ჟურნალი ,,ანდამატი“ (მოთხრობა - 2021წ.);

7.      ,,იმოგზაურე, რომ მოჰყვე“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2019წ.);

8.      პიროვნების დაბადება იზოლაციაში (ესსეები თავისუფლებაზე - 2020წ.)


სინოპსისი


მანიტუ მფარველი სულია, საიდუმლო ჯადოსნური ძალა, რომლის არსებობისაც ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებს სჯერათ. თუმცა ამ ნაწარმოების ერთ-ერთი გმირი ასევე თვლის, რომ მანიტუდ შეიძლება გარდაცვლილი, ჩვენთვის საყვარელი ადამიანებიც იქცნენ, ან უბრალოდ ისინი, ვინც ფიქრებით ყოველთვის ჩვენთან არიან. ეს წიგნი დაკარგული მანიტუს ძიებაზეა, რომლის გზაც სინამდვილის და გამონაგონის, ცხადის და სიზმრის საზღვარზე გადის.

წიგნში სამი დროა: წარსული, აწმყო და სიზმარი (და არა მომავალი). თხრობა სწორედ ამ სამ განზომილებაში მომხდარ ამბებში მონაცვლეობს და მკითხველი ავტორისეული მინიშნებებითა თუ პერსონაჟთა რეპლიკებით ხვდება, რომელი წარსულია, რომელი - აწმყო და რომელი - სიზმარი. მოვლენების შუაგულში კი ახალგაზრდა ქალია ცხოვრებისეული ტრამვით - ბავშვობაში შემთხვევით მშობლებისგან მოსმენილი საიდუმლოს ტვირთით.

მთავარი პერსონაჟი (დორა) ამ ტვირთისგან განთავისუფლებას ცდილობს. თუმცა მის ქვეცნობიერსა თუ ცნობიერში დალექილი შიშები, წარმოდგენები, მოლოდინები ხელს უშლის. ყველაზე მეტად ხელს უშლის ის, რომ აღარ ჰყავს ადამიანი, ვინც ამ ყველაფრის გაკეთებისკენ უბიძგებდა. მაგრამ იქნებ, ასეთი ადამიანი მომავალში ეყოლოს?

წიგნში სამი დროა: წარსული, აწმყო, სიზმარი. წიგნის წაკითხვის შემდეგ გაიგებს მკითხველი, არსებობს თუ არა მომავალი და იპოვა თუ არა გმირმა თავისი მანიტუ.


მიმდინარე ტური არ არის აქტიური